Let’s get ready to RRUBBLE!
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, გიორგი ნაზღაიძე
„RRRUBBLE“ Space Saloon-ისა (იტალია) და The MAAK-ის (სამხ. აფრიკა) ერთობლივი, კვლევითი პროექტია, რომლის მიზანიც არქიტექტურული წარმოების პროცესში გამოყენებული რესურსებისა და გავლენების გადააზრებაა. ჩართული პრაქტიკითა და ადგილსპეციფიკური მიდგომის საშუალებით, პროექტი ერთგვარ საცდელ სივრცეს ქმნის ჰიპერკონტექსტუალური ესთეტიკის განვითარებისთვის; დიზაინისა და კონსტრუქციის სხვადასხვა ახლებური, დამაფიქრებელი სტრატეგიებით კი ცდილობს დღის წესრიგში რესურსების სიმწირის საკითხი დააყენოს.
თბილისის არქიტექტურის ბიენალესთან კოლაბორაციაში, „RRRUBBLE“ -ის კოლექტივი Mutant Radio-ს დაგეგმილ სივრცის ტრანსფორმაციას შეუერთდა. ყოფილ თბოელექტროსადგურში არსებული მიტოვებული შენობა Mutant Radio-ს მომავალი შეკრების სივრცე უნდა გახდეს. ადგილობრივ სტუდენტებთან და ახალგაზრდა პროფესიონალებთან ერთად, გუნდმა ამ სივრცეზე მორგებული დიზაინის ავეჯი და სხვა არქიტექტურული კომპონენტები შექმნა. თითოეული ობიექტი დიღმის ჭალებში ნაპოვნი ნარჩენებისგანაა შექმნილი, არეალში, რომელიც მწვანე ზონაა და ამჟამად სამშენებლო ნარჩენების მასიური დაგროვებით ნადგურდება.
ღონისძიება ახალი ევროპული პლატფორმის, LINA-ს ნაწილია. LINA ინსტიტუციების საერთაშორისო ერთიანობაა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურულ პრაქტიკასა და ცოდნებს გარემოსდაცვით კონტექსტში მოიაზრებს და კლიმატური კრიზისების მიმართულებით მუშაობს. LINA ევროკავშირის “ევროპული მწვანე შეთანხმების” ერთ-ერთი ინიციატივაა და სივრცის წარმოების მდგრად, ცირკულარულ და გამჭვირვალე პრინციპზე მუშაობს. პროექტს ლიუბლიანას ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი უძღვება.








