fbpx

ნატა ბუაჩიძის ფერწერული ტილოები ფლორენციის XIV ბიენალეზე


გააზიარე სტატია

 

ფლორენციის ბიენალე სახელოვნებო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა, რომელიც ხელოვანების ნამუშევრებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს. თუკი ამ ბიენალეს ისტორიას და მონაწილეთა ჩამონათვალს გადავხედავთ, უამრავ ცნობილ არტისტს აღმოვაჩენთ. მათ შორის არიან მარინა აბრამოვიჩი, დევიდ ჰოკნი და სხვადასხვა მედიუმის მრავალი სახელგანთქმული ფიგურა. 

წელს  ფლორენციის XIV ბიენალეზე ქართველი ხელოვანის, ნატა ბუაჩიძის ოთხი ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი. 14-იდან 22 ოქტომბრის ჩათვლით არტისტის შემოქმედებას დამთვალიერებელი ისეთი თანამედროვე არტისტების, დიზაინერებისა და არქიტექტორების გვერდით გაეცნო, როგორებიც არიან დევიდ ლაშაპელი, სანტიაგო კალატრავა და ა.შ.

ფლორენციის ბიენალეზე მოხვედრა ხანგრძლივ პროცესს და არაერთი ეტაპის გავლას მოიცავს. მასში მონაწილეობა მხოლოდ ინდივიდუალურ არტისტებს ან კოლაბორაციულ ჯგუფებს შეუძლიათ. ამ კონკრეტული ბიენალეს ფორმატი არ გულისხმობს იმის შესაძლებლობას, რომ გალერეებმა თუ სხვა ორგანიზაციებმა თავიანთი არტისტები წარადგინონ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოფენებსა თუ ბიენალეებში მონაწილეობა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, მათ შორის არის ნამუშევრების ტრანსპორტირებისა თუ სხვადასხვა საორგანიზაციო ხარჯები. ეს გარემოება ინდივიდუალური ხელოვანებისათვის დიდი გამოწვევაა,  დაფინანსების მოპოვება კი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. წელს ნატა ბუაჩიძის მხარდამჭერები “ჯიპიაი ჰოლდინგი”, Collect Art და არტისტის პირადი კოლექციონერები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ “ჯიპიაი ჰოლდინგი” ერთადერთი კომპანია იყო, რომლის ფინანსურმა ხელშეწყობამ განაპირობა ის, რომ ხელოვანის ნამუშევრებმა  ფლორენციის ბიენალეზე შემოქმედებითი ბინა დაიდო. 

სახელოვნებო პროექტების მხარდაჭერა კომპანიებისათვის სოციალური პასუხისმგებლობის ის ნაწილია, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული არტისტის წარმატებას უწყობს ხელს, არამედ ზოგადად ქართული ხელოვნების საერთაშორისო ცნობადობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. 

რაც შეეხება ნატა ბუაჩიძის შემოქმედებას, კითხვაზე, თუ თავად როგორ აღიქვამს ხელოვანი თავის ნამუშევრებს, მხატვარი გვიპასუხებს, რომ მას ერთგვარი არტისტულ-კონცეპტუალური მცნებები აქვს, რომლებსაც  თავის შემოქმედების კვალდაკვალ იზიარებს.

 

ნატა ბუაჩიძე, მხატვარი: 

ცხოვრება ხელოვნებაა;

  ხელოვნება ყველასთვისაა;

  ხელოვნება უწონადია;

  ხელოვნებას არ აქვს სქესი;

  მხატვარს არ ეშინია “სიშიშვლის”;

  მხატვარი იტოვებს უფლებას, იყოს     თავისუფალი მორალისა და რელიგიისგან;

  საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის უფლება ხელშეუხებელია;

  ადამიანი თავისუფალი ხდება შიშის დაძლევისას;

  სიზმარი რეალობაა, და სიზმრების ხარისხი – აზრის თავისუფლების ხარისხის ტოლია;

  სიჩუმეს ქარი მოსდევს…” 

როგორც უკვე აღინიშნა,  ფლორენციის XIV ბიენალეზე ნატა ბუაჩიძის ოთხი ფერწერული ნამუშევარი იყო გამოფენილი, თითოეული მათგანი სხვადასხვა ხასიათისაა,  თუმცა შეკრულია ერთი იდეით –  “მე ვარ შენ”,  რაც ბიენალეს წლევანდელი თემა იყო.

თამარ ხელაშვილი, არტ-მენეჯერი და Collect Art-ის დამფუძნებელი:

“ერთ-ერთი ტილო, სახელწოდებით  Wild Asparagus,  ხელოვანის  ის ნამუშევარია, რომელსაც საერთაშორისო გამოფენების ისტორია აქვს. ტილო გამოფენილი იყო როგორც პარიზის არტ-კვირეულზე, ასევე სამხრეთ კორეის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – CICA. მეორე ტილო, სახელწოდებით Yes #2, ერთგვარი მოტოა, რომელიც გვახსენებს, რომ საკუთარი თავის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. Is Joe Dreaming? – მესამე ნამუშევარია, რომლის კონცეფციაა სიზმრები, როგორც გონებისა და მეხსიერების ყველაზე საკრალური მდგომარეობა. Take a Look ფლორენციის ბიენალეს ფარგლებში წარმოდგენილი კიდევ  ერთი ტილოა. ნამუშევარი საკუთარი თავის შემეცნების ანარეკლია, რომელიც მხოლოდ სიჩუმის მოსმენისას აღიქმება.”

ბიენალეზე მონაწილეობა ხელოვანებისათვის დიდ შემოქმედებით პერსპექტივებს აჩენს. მხატვრებისათვის ეს პლატფორმა საერთაშორისო კოლექციონერებთან და გალერეების მფლობელებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. ნატა ბუაჩიძის შემთხვევაში ამ ურთიერთობებმა ახალი შეთავაზებები  და სამომავლო პროექტების შესაძლებლობები გააჩინა. დაწყებულია მოლაპარაკება იტალიაში სხვადასხვა გალერეაში გამოფენასა  და კოლაბორაციულ პროექტებზე.  

ამჟამად ნატა ბუაჩიძე კიდევ ორი ბიენალესთვის ემზადება, რომლებიც 2024-2025 წლებში ჩატარდება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.