fbpx

ნინო ძანძავას „ლურჯი დღიური“ – გალერეა 4710-ში


გააზიარე სტატია

გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ნინო ძანძავას გამოფენასლურჯი დღიური“, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ EU4Dialogue პროექტის ფარგლებში. წარმოდგენილი ნამუშევრების სერიას სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა. ნამუშევრები შესრულებულია შერეულ მედიაში (ციანოტიპია, აკრილის მარკერი, ტუში ქაღალდზე) უკამერო ფოტოგრაფიული პროცესის, ხატვისა და ბეჭდვის ტექნიკის გამოყენებით.

მოსამზადებელ და კვლევის პროცესში ნინო ძანძავასთან ითანამშრომლეს იულია ხარაშვილმა, თინა ჩალიგავამ, ლია ვოზბამ, ნარა კუჩბამ, არხიპ (სიპა) ლაბახუამ, ლანა ლაბახუამ, ლალი მინჯიამ, ოლენა კანდიბაკრაიბელმა, ხათუნა შაკაიამ, ლუიზა კობახიძემ, ეკა ქირიამ, მანანა ურუშაძემ, ოლგა იახიოპულომ, ოლგა ხორასანოვამ, ლიუდმილა ქეცბაიადონჩენკომ.

სერია ინსპირირებულია აფხაზეთში ომამდე გადაღებული სამოყვარულო ფოტოებით, რომლებიც ნინომ სოხუმში, თბილისში, ლიმბურგში, თესალონიკსა და სხვა ადგილებში მოიძია. ომის დასრულებიდან 30 წლის თავზე ის წარსულის ვიზუალურ სახეხატებს თანამედროვე კონტექსტში ათავსებს და ისტორიული მასალის არტისტულ ინტერპრეტაციას მიმართავს. საოჯახო ფოტოებიდან ნამუშევრებზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იმ მიღმიერი სამყაროდან იმზირებიან, რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა. მათ მზერაში და სხეულებში კვლავაც იკითხება სიხარული თუ დარდი, ფოტოს გადაღების მომენტში რომ განიცდიდნენ. მაგრამ აჩრდილებს დროის კვალიც ეტყობათარტისტი უარს ამბობს დაკონსერვებული დროის ილუზიის შექმნაზე. წარსულს ის ომის შემდეგ ცხოვრებაზე რეფლექსიას ამატებს და, დროის შრეებში გახვეული საზიარო მეხსიერების გამოხმობით, სვამს კითხვას მომავლის შესაძლებლობაზე.

გამოფენაზე ასევე მოისმენთ ხმოვან ჩანაწერებს. ეს არის არტისტის მიერ გამოყენებულ საარქივო ფოტოებზე ასახული ადამიანების ან მათი მეგობრებისა და ნათესავების ხმები. ხუთი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი (გერმანელი, ქართველი, აფხაზი, უკრაინელი, ბერძენი) საუბრობს შერჩეულ ფოტოებზე, იხსენებს გადაღების მომენტს, ფოტოზე ასახულ ადამიანებს ან საკუთარ თავს და აღწერს შთაბეჭდილებას, რომელიც ათეულობით წლის გასვლის შემდეგ ფოტოს თვალიერებისას უჩნდებათ. ისტორიის ანასხლეტად ქცეულ ფოტოსთან ადამიანების ხელახალი შეხვედრისას წარმოშობილი რეაქცია, თავის მხრივ, ახალი დოკუმენტი და კომენტარია.

გამოფენის ყურადღების ცენტრშია ფოტომემკვიდრეობა, რომელიც ისტორიის განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზებს და გვანახებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, კამერულ სიტუაციასა და ავთენტურ გარემოს. ამ ფოტომემკვიდრეობის მაგალითის სახით, გამოფენაზე წარმოდგენილია სოხუმელი მოყვარული ფოტოგრაფის, კონსტანტინე ბრინცევის სამი ფოტო. ომის დაწყებამდე ბრინცევი გულრიფშის რაიონ სოფელი მაჭარაში მდებარე დაწესებულებასოფტექნიკაშიმუშაობდა სატვირთო სასწორების შემკეთებლად. იყო წიგნებით მოვაჭრეცსერგო ორჯონიკიძის სახელობის პარკში კვირაში ერთხელ ყიდდა წიგნებს და ყიდულობდა კიდეც, რადგან კითხვა მისი საყვარელი საქმე იყო. ფოტოებს მეტწილად ხალხს უღებდა, მათ შორის მეზობლებს. შემდეგ მშვიდობის გამზირზე არსებულ ფოტოატელიეში ბეჭდავდა მათ და მეზობლებს ურიგებდა. ასე მოხვდა მისი ათამდე ფოტო მედეა მამფორიას და რეზო ძანძავას ოჯახში. გამოფენაზე წარმოდგენილ ერთერთ სურათზე თავად კონსტანტინეც ჩანს (ბავშვით ხელში). კონსტანტინე ბრინცევი ომის დროს უგზოუკვლოდ დაიკარგა. სოხუმში დარჩენილი დედა მას ოცზე მეტი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.

 

1993 წელს, აფხაზურქართული კონფლიქტის შედეგად, ტკივილი და აუნაზღაურებელი დანაკარგი კონფლიქტის ორივე მხარეს აღმოჩენილმა ადამიანებმა თანაბრად იწვნიეს. ომის შემდეგ აფხაზეთში დარჩენილი და აფხაზეთიდან ადგილნაცვალი მოსახლეობა განსხვავებულ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ემოციურ ვითარებაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს სრულიად ახალ გარემოში მოუწიათ სწრაფად ადაპტირება, აუცილებელი რესურსების გარეშე. მეორე მხრივ, აფხაზეთში დარჩენილებმა დიდწილად განადგურებულ, მაგრამ შინაურ ჰაბიტატში განაგრძეს ცხოვრება. თუმცა, ახლადშეძენილი ტრავმული გამოცდილებების გარდა, კიდევ ერთი რამ, რასაც ქართველები, აფხაზები და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ხალხები იზიარებენ, რეგიონის კოლექტიური მეხსიერებაა.

გამოფენის ძირითადი ღერძი სწორედ ამ საზიარო მოგონებების გაცოცხლებაა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და თანადაფინანსებულია გოეთეს ინსტიტუტის მიერ EU4Dialogue პროგრამის ფარგლებში.

 გამოფენა გაგრძელდება 5 ნოემბრის ჩათვლით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.