fbpx

ვარდისფერი  გზავნილი – კავკასიის მედიცინის ცენტრში ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიება გაიმართა


გააზიარე სტატია

„რწმენით ყველაფერს დაძლევ“, „ცხოვრება მშვენიერია“, „გქონდეს იმედი, მე კი დიდ სიყვარულს გიგზავნი“ – კიდევ არაერთი თბილი გზავნილი დატოვეს დამსწრეებმა ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, მათთვის ვისაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლისას მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

“ვარდისფერი ოქტომბერი” –  ყოველწლიური საერთაშორისო კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ არის დასახელებული. კამპანია მსოფლიო მასშტაბით უკვე რამდენიმე ათწლეულია ტარდება და არაერთ შემეცნებით,  პრევენციულ და სამედიცინო სერვისებზე ორიენტირებულ აქტივობას აერთიანებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრი მსოფლიო ტენდენციას ყოველწლიურად უერთდება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ოქტომბრის თვეში ღონისძიებებს მართავს. გამონაკლისი არც 2023 წლის ოქტომბერი იყო – მასშტაბური ღონისძიება „ვარდისფერი გზავნილი“ 200-მდე ქალბატონისთვის ჩატარდა.

კავკასიის მედიცინის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე ლექცია-სემინარი და პანელური დისკუსიები მოეწყო. ფორუმზე ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა და კლინიკური დარგის წარმომადგენლებმა  ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და დიაგნოზის შიშის დაძლევის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გარდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისა, ამ ღონისძიების არსი პაციენტების გამხნევება და მათზე ზრუნვის გამოხატვაა.

სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი:

“წელს  “ვარდისფერი ოქტომბერი” განსაკუთრებულად აღვნიშნეთ და ღონისძიებას “ვარდისფერი გზავნილი” ვუწოდეთ. ამით გვინდა ჩვენს პაციენტებს მამოტივირებელი და გამამხნევებელი გზავნილი გადავცეთ. დიდ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ყველაფერი მხოლოდ მკურნალობით არ შემოიფარგლება და გამოჯანმრთელების გზაზე მნიშვნელოვანია პაციენტების ემოციური მხარდაჭერა.  რიგ შემთხვევებში სწორედ განწყობა და დადებითი ემოციები უწყობს ხელს იმ შედეგს, რომლის მიღებასაც მთელი გუნდი ვცდილობთ.”

ღონისძიების ფარგლებში კავკასიის მედიცინის ცენტრი ვარდისფრად განათდა, რაც “ვარდისფერი ოქტომბრის” მსოფლიო კამპანიის მხარდაჭერის კიდევ ერთი  გამოხატულებაა.

ქალბატონების მიერ დატოვებული გზავნილები სპეციალურ სტენდზე განთავსდა. სტენდი კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის დეპარტამენტში დაიდგმება და ყველა იქ მყოფ პაციენტს,  მამოტივირებელი გზავნილებით გაამხნევებს.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი აქტიურადაა ჩართული ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და პაციენტებს დაავადების პრევენციისა თუ მისი მკურნალობის კომპლექსურ მეთოდებს სთავაზობს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.