fbpx

ტოკიო – წითელი ხალიჩა და სხვა მოულოდნელი ამბები…


გააზიარე სტატია

ავტორი: Keti Ka

 

თბილისისკენ მიმავალ თვითმფრინავში ვზივარ, თვალები მეხუჭება, თან უაზროდ ვათვალიერებ კატარის ავიახაზების ბევრჯერ ნანახ ვიდეოთეკას. გულში მეფიქრება, აი, ახლა თუ არ აიღებ ლეპტოპს და წერას არ შეუდგები, ხომ იცი, აღარასდროს დაწერ, არადა არ გინდა ეს მოგზაურობაც სხვა დანარჩენების მსგავსად, მხოლოდ ფოტოებსა და შენს მოგონებებში დარჩეს

იაპონია რაღაცით განსაკუთრებულია, ამიტომაც დავიწყე პირველივე დღიდან ჩანაწერების გაკეთება, რომ არცერთი დეტალი არ დამვიწყებოდაწვრილმანები აქცევს ტოკიოს ასე გამორჩეულად. ან კი მე რა ვიცი ტოკიო, სულ ერთი კვირა დავყავი, აქედან სამი დღე სულ კინოფესტივალის ღონისძიებებზე დავდიოდი,  დარჩენილ   ოთხ დღეში კი რა უნდა მომესწრო –  ჩქაროსნული მატარებელივით შემოვირბინე ქალაქის უბნები. ასე რომ, მე ჩემს ზედაპირულ შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ, დანარჩენი კი მკითხველის ფანტაზიისთვის მიმინდვია

არასდროს მიფიქრია, რომ იაპონიაში მოვხვდებოდი. ეს კულტურა ჩემთვის ალბათ მსოფლიოში ყველაზე უცხოა. სულ რამდენიმე ანიმე მაქვს ნანახი და მურაკამის 1-2 წიგნი წაკითხული. ჩემი ყველაზე დიდი კავშირი იაპონიასთან ყოველთვის ამელი ნოტომი იყო, ბელგიელი ავტორი, რომელიც ტოკიოში გაიზარდა და რომლის წიგნებიც თინეიჯერობაში ძალიან მიყვარდა. მისგან მახსოვს ნაცუკაშიი, იაპონური კონცეფცია, რომელიც ტკბილ ნოსტალგიას ნიშნავს და მას მერე სულ მახსოვს. ამელის, ევროპელი გოგოს თვალით აღქმული ტოკიო ჩემთვის ყოველთვის უფრო მეტად გასაგები იყო და მაგის იქით სიღრმეში აღარც შევსულვარ და ამელის წიგნებიც დიდი ხანია, ხელში აღარ ამიღია. შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ჩვენი ფილმის მსოფლიო პრემიერა ტოკიოში იგეგმებოდა და მეც ნინისთან ერთად უნდა წავსულიყავი

ნინი ჩემი ბავშვობის მსახიობი-მეგობარია და ამ ფილმზე რაღაც უცნაური შემთხვევითობის წყალობით ერთად აღმოვჩნდით. „გონდოლაზე“ მუშაობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამაღელვებელი პროცესი იყო, რადგან თავიდანვე ვიცოდით, რომ რაღაც განსაკუთრებულში  ვმონაწილეობდით. ფილმის რეჟისორი გერმანელი ფაიტ ჰელმერია, ამიტომ ვფიქრობდით, პრემიერაც გერმანიაში გაიმართებოდა, თუმცა ბოლოს პოსტ პროდაქშენის პროცესი იმდენად გაიწელა, რომ საერთოდ შევწყვიტეთ ამაზე ფიქრი და უცბად ტოკიოში გავხდით წასასვლელები.

მინდოდა, გამგზავრებამდე ცოტა მეტი ინფორმაცია მომეგროვებინა იაპონიაზე, 1-2 ანიმეთი მეტი მაინც  მენახა, მაგრამ წასვლამდე იმდენად დატვირთული პერიოდი მქონდა, რომ წითელ ხალიჩაზე ჩასაცმელი კაბის ძიებაც კი ბოლო 3 დღეში დავიწყე და ასე, ფაქტობრივად ყველანაირი წინასწარი განწყობის გარეშე შევეგებე ტოკიოს. ჩასვლისთანავე მივხვდი, რომ იაპონიაზე ბევრი მითი არსებობს. არ ვიცი, თვითონ იაპონელებმა მოინდომეს ასეთი იმიჯის შექმნა თუ იქიდან ჩამოსულმა ტურისტებმა ითამაშეს გაფუჭებული ტელეფონი

წასვლამდე თბილისში რამდენიმე ადამიანმა მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ იაპონიაში მოქცევის წესები აუცილებლად გადაგვემოწმებინა, თორემ უზრდელებად ჩაგვთვლიდნენ და წასული იყო ჩვენი საქმე. How to be polite in Japan? გამალებით დავიწყეთ გუგლვა მე და ნინიმ – 1. ნუ გააწყვეტინებთ იაპონელს შუა ლაპარაკში. 2. დადექით ესკალატორის მარცხენა მხარეს. 3. არ ისაუბროთ ტრანსპორტში ტელეფონზე ხმამაღლა. 4. მოსწიეთ მოწევისთვის განკუთვნილ ადგილებში…ვკითხულობდით და ვიზეპირებდით მე და ნინი

როცა დავფრინდით, აეროპორტის თანამშრომელი დაგვხვდა, რომელსაც ჩვენს სასტუმროში მიმავალ მანქანამდე უნდა მივეცილებინეთ. იუსუკიასე ერქვა 20 წლის ღიმილიან იაპონელ ბიჭს, რომელსაც 11-საათიანი ფრენის შემდეგ პირველი ის ვთხოვეთ, მოსაწევად წავეყვანეთ. გარეთ შანსი არ არისო და პატარა მოსაწევ ოთახში შეგვიყვანა. შენც ხო არ გინდამეთქი, ვკითხე. უი, არა, რას ამბობ, სამსახურის დროს არ შეიძლებაო. მაგაზე გადავირიეთ მე და ნინიკაი, რა უჭირს, ჩვენ არავის ვეტყვითმეთქი და შევთავაზეთ ორნაირი სიგარეტი. ნინის სქელი პარლამენტი ჰქონდა და მეწვრილი კენტი. წვრილი სიგარეტის დანახვაზე სულ მთლად გადაირია, ეგეთი არასოდეს მინახავსო და ვეღარ გაუძლო გულმა, მოიხსნა აეროპორტის ბეიჯი და შემოგვყვა მოსაწევად. საქართველოზე ვუყვებოდით დასიგარეტს ჰევენოგაიძახდა, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდით, რა დღეში არიან მწეველები იაპონიაში და რატომ არის საქართველო მართლაცსიგარეტს ჰევენ”.  

პირველი მითი დაიმსხვრა, ჯერ ხო წესი დაარღვია თვითონ იუსუკიმ და თან ჩვენს გამალებულ შეკითხვებზე, როგორ ვყოფილიყავით ზრდილობიანები იაპონიაში, ეცინებოდა და გვეუბნებოდათქვენ თუ ეცდებით, პატივისცემით იყოთ განწყობილები, ამას ყველა იგრძნობს და რამე თუ შეგეშლებათ, არავინ მაგას არც გაგრძნობინებთ და თქვენც არ ინერვიულოთო. მართალი იყო იუსუკი, ერთ დღეს დამავიწყდა ესკალატორის მარცხენა მხარეს დადგომა, ვიდექი ჩემთვის მარჯვენა მხარეს და უცბად ვიყურები უკან და მიდგას კოლონა, არც იმას მეუბნებიან, გაიწიე და გაგვატარეო, საერთოდ ხმას არ იღებენ, ასე მოთმინებით ელოდებიან, ჩემით როდის გავიწევი. ვიხადე ბოდიშები, ამათმა კიდე არიგატოები და დამტოვეს ასე გულაჩუყებული.

ამ ერთი კვირის განმავლობაში ბევრჯერ ამიჩუყა გული იაპონელების მოთმინების უნარმა, სიმშვიდემ და სისაყვარლემ. პირველად ვნახე ასეთი შეგნებული, დაკვირვებული და მომთმენი აუდიტორია. ცოტა სხვანაირი ფილმიაგონდოლა“, დიალოგები არ აქვს და შესაბამისად, სხვანაირი მაყურებელი სჭირდება. აი ისეთი, რომელსაც ნამდვილად უყვარს კინო, როგორც ხელოვნება და როგორც კადრებით მოყოლილი ამბავი. ასეთები აღმოჩნდნენ იაპონელები. ის, რომ ფილმი ძალიან მოეწონათ, რთული მისახვედრი არ იყოგაუჩერებელი ტაში (ოღონდ მხოლოდ ტიტრების ბოლომდე დასრულების მერე), ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე დროის ამოწურვის შემდეგაც კი კითხვის დასმის მსურველების აწეული ხელები, უგრძესი რიგი ავტოგრაფების და ფოტოსგადაღების მსურველების. თავი ჰოლივუდში გვეგონა და ვიყავით კიდეც აზიაში ყველაზე მნიშვნელოვან კინოფესტივალზე

მეორე მითი, რომელიც  იაპონელებზე დამემსხვრა, მათი ორგანიზებულობა და შეუცდომლობა იყო. ჩვენი ფილმის მსოფლიო პრემიერაზე ფაილი აერიათ და ჩვენებამდე 10 წუთით ადრე, სანამ ჯერ კიდევ ხალხი დარბაზში შედიოდა, „გონდოლასტრეილერის ნაცვლად, თვითონ ფილმი გაუშვეს. გაბრაზებასთან ერთად გულის სიღრმეში ცოტა მიხაროდა და მეცინებოდა, რომ ასეთი რამეები მხოლოდ ჩვენთან კი არა, იაპონიაშიც კი ხდება.

ზოგადად, ჩემი დაკვირვებით, ტოკიო უკიდურესობების ქალაქიასაოცარია თავმდაბლობისა და სითამამის, კონსერვატიულობისა დაჰაიტეკისამგვარი შერწყმა. ეს არის ქალაქი, სადაც ერთ უბანში კიმონოში ტრადიციულად გამოწყობილი, მეორე უბანში კი გამაშებიანი მანგა გოგოები დადიან. ქალაქში, სადაც ერთი ნაგვის ურნაც კი არ დგას, ყველაზე ხალხმრავალი ადგილებიც კი უსუფთავესია. მხოლოდ ტოკიოში შეიძლება ქუჩაში მოწევა აკრძალული იყოს და  სადმე 2 კვადრატულ უფანჯრო ბარში შეხვიდეთ 12 კაცი და ყველას ერთდროულად მოწევის უფლება დაგრთონ

აქ ინგლისური არავინ იცის, თავს იკატუნებენ, ვითომ იციან, მაგრამ არ მოტყუვდეთ, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც ტუალეტშიც კი გუგლ თრანსლეითი დაგჭირდებათ მრავალი ფუნქციის მქონე ღილაკებს შორის ჩარეცხვის ღილაკის საპოვნელად

წინასწარ განეწყვეთ, რომ ყველაზე გამოცდილი მოგზაურებიც კი ტოკიოს მეტროში დაიკარგებით, თუმცა მსოფლიოში ეს ერთერთი ყველაზე კომპლექსური მეტროს სისტემა, ყველაზე ზედმიწევნით არის დაგეგმილი. აქვე ერთ საინტერესო ფაქტს მოგიყვებით ტოკიოს მეტროზე:  2010 წელს მეცნიერებმა ტოკიოს  მინიმაკეტი გააკეთესმეტროს სადგურების ადგილას ნუტრიენტები დადეს, მთების და სხვა მსგავსი ბარიერების ადგილას კი პატარა ნათურები, შემდეგ სოკო slime mold გაუშვეს, რომელსაც საკვების მოპოვების მიზნით ყველაზე მოკლე და ეფექტური გზების გაყვანა ახასიათებს, სინათლის კი ეშინია და გვერდს უვლის. გასაოცარი იყო, რომ სოკომ უკვე არსებული სისტემის თითქმის ზუსტი რეპლიკა შექმნა. მე მგონი, ცუდი არ იქნებოდა, თუ იაპონელი ინჟინრების დაქირავების საშუალება არ გვაქვს, ამიერიდან სოკოს მაინც დავაგეგმვინოთ ჩვენი სისტემები, ფაქტია, რომ უკეთესად შეასრულებს თავის საქმეს

ბევრ ასეთ განსხვავებას იპოვით, ამიტომ ჩემი რჩევა იქნებასაქართველოსთან შედარება არაფრის არ დაიწყოთ, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ სამაგიეროდ იმათ ღვინო არ უვარგათ. თუ მაინცდამაინც ღვინის დალევა გენდომებათ, საკე მოიკითხეთ ნებისმიერ მაღაზიაში და როგორც ჩემმა იქაურმა მეგობრებმა მირჩიეს, ნიიგატას საკე საუკეთესოა

და ბოლოს, იმის ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, რასაც გუგლში უჩემოდაც მარტივად იპოვით. საბოლოო ჯამში იაპონიაზე არსებული ყველა მითი მაინც თქვენი დასამსხვრევია. ერთს გეტყვით, რომ მეტროს სისტემაში როცა გაერკვევით, yurikamome- ხაზზე დასხედით. ამ ხაზის მატარებელი სულ მიწის ზემოთ დადის და მოკლე დროში აღმოსავლეთ ტოკიოს დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალებაა, თან ტოკიოს უშველებელ უბნებში ბევრი სიარულით გადაღლილებს, ცოტა ხანი დაჯდომა და ხედების ამგვარად თვალიერება ნამდვილად გესიამოვნებათ. მე კი სულ ცოტა ხანია, რაც დავბრუნდი, მაგრამ ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, რას ნიშნავს ნაცუკაშიი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.