fbpx

ოქროს ბურთიდან კოპა ლიბერტადორესამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

„ოქროს ბურთის“ ნებისმიერი გამოკითხვის მსგავსად, წლევანდელმა დაჯილდოების ცერემონიალმაც დიდი აჟიოტაჟის თანხლებით ჩაიარა და უკვე მერვედ, ლიონელ მესის ტრიუმფით აღინიშნა.

ადრინდელ გამარჯვებებთან შედარებით კი ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ეს პრესტიჟული ჯილდო ამჯერად უკვე მსოფლიო ჩემპიონის რანგში მოიპოვა და ამით რეაბილიტაცია მოახდინა ფეხბურთის იმ ფსევდო ექსპერტთა თვალში, ვინც მას მარადონაზე დაბლა მთავარი სანაკრებო ტიტულის არქონის გამო აყენებდა.  

მაგრამ ეს ადამიანები რატომღაც არ დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა მოხდებოდა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის და ინგლისის ნაკრებების მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, მსაჯს მარადონაზე „ღვთის ხელი“ რომ შეენიშნა. 

ამ შემთხვევაში იქნებ ვეღარც შემდგარიყო რამდენიმე წუთში ლეგენდარული არგენტინელის დაუვიწყარი მეორე გოლი და თამაშის სცენარიც სხვაგვარად განვითარებულიყო? 

დაჯილდოების ცერემონიალის დარბაზში მყოფი მესამე ადგილოსანი კილიან მბაპე კი, რა თქმა უნდა, იმაზე ფიქრობდა, თუ ვის მიანიჭებდნენ „ოქროს ბურთს“, თუკი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფრანგები არგენტინელებს თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხებდნენ.

სევდანარევ ვარსკვლავს ალბათ ისიც ვერ გაეგო, თუ რატომ აღმოჩნდა გასული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებს, მას და მესის შორის მეორე ადგილზე ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდი, რომელიც შეუჩერებელი კი იყო ჩემპიონთა ლიგაზე და პრემიერლიგაში, მაგრამ საკუთარ ნაკრებს ბევრი ვერაფრით დაეხმარა…

რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამაფიქრებელია, მაგრამ ელემენტარული მსჯელობაც საკმარისია იმისათვის, რომ ზოგადად „ოქროს ბურთის“ აბსურდულობაში დავრწმუნდეთ, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია და სრულიად განსხვავებულია ჩოგბურთისგან, სადაც წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობის დადგენას არანაირი ცერემონიალის ჩატარება არ სჭირდება და მას წლიური შედეგი აჩვენებს.

ჩვენ კი გულში სიამაყის გრძნობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 42-წლიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სახით კვლავ გამოჩნდა ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის.

აქამდე ბოლოს ეს ამბავი იმ დაუვიწყარ 1981 წელს მოხდა, როდესაც თბილისის „დინამომ“ ევროპის თასის მფლობელთა თასი მოიგო.

მაშინ ნომინანტთა შორის ერთბაშად სამი ქართველი აღმოჩნდა! მე-7 და მე-8 პოზიციები შესაბამისად, რამაზ შენგელიას და ალექსანდრე ჩივაძეს ერგოთ, ხოლო მე-11 პოზიცია კი დავით ყიფიანმა ოთხ სხვა ფეხბურთელთან გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ 1957 წელს, „ოქროს ბურთის“ ნომინაციის დაარსების დღიდან, მის ლაურეატთა სიაში ასევე შევიდნენ მიხეილ მესხი (1961 წელი), სლავა მეტრეველი (1961, 1965 წლები) და მურთაზ ხურცილავა (1968, 1972 წლები).

თუმცა, ერთგვარი სუბიექტურობის მიუხედავად, „ოქროს ბურთი“ შესანიშნავად წარმოაჩენს უკანასკნელი ოთხი ათწლეულის მანძილზე ფეხბურთის მეტამორფოზს, რაც სანაკრებოსთან შედარებით, საკლუბო მიმართულების აშკარა დომინირებაზე მიგვანიშნებს.

მაგალითად, აქ ნახსენებ 1981 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის პირველ სამ ადგილზე იმ პერიოდის მოქმედ ევროპის ჩემპიონ გერმანიის ნაკრების სამ ფეხბურთელს – კარლ-ჰაინც რუმენიგეს, პაულ ბრაიტნერს და ბერნდ შუსტერს ვხედავთ. 

წლევანდელ გამოკითხვაში კი საუკეთესო ათეულში 5 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „მანჩესტერ სიტიდანაა“, სადაც მსოფლიო ჩემპიონ არგენტინის ნაკრებს მესის გარდა ერთადერთი მოთამაშე, ხულიან ალვარესი წარმოადგენს, რომელიც იმავდროულად, „მანჩესტერ სიტის“ ღირსებასაც იცავს…

აი საკუთარ ქვეყანაში მოთამაშე ბრაზილიელები კი ნომინანტთა შორის ვერ ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს ბურთის“ ცერემონიალის პარალელურად ბრაზილიის სერია A-ს გათამაშებაში უნიკალური ცენტრალური მატჩი ჩატარდა, რომელშიც ლიდერმა „ბოტაფოგომ“ მოქმედ ჩემპიონ „პალმეირასს“ უმასპინძლა.

ამ საოცარი მატჩის შესვენებაზე „ბოტაფოგოს“ ფეხბურთელები სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში „პალმეირასმა“ საოცრება მოახდინა, მატჩი შემოაბრუნა და საბოლოოდ ანგარიშით 4:3 მოიგო.

ამ გამარჯვებით მოქმედმა ჩემპიონმა გათამაშების ლიდერთან სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა, ოღონდ მასთან შედარებით ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. 

საყურადღებო სტატისტიკის ფონზე, ამ შეხვედრაში 17 წლის ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა ენდრიკმა გამოანათა, რომელმაც ორი სრულიად განსხვავებული ყაიდის გოლი თვით ლეგენდარული პელეს სტილში გაიტანა!

„პალმეირასის“ აღზრდილი ენდრიკი ბრაზილიის U17 ნაკრების წევრია და მის შემადგენლობაში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში უკვე ხუთი ბურთი აქვს გატანილი, „პალმეირასის“ მაისურით გამართულ ოთხ ათეულ მატჩში კი მას 10 გოლი დაუგროვდა და ალბათ შორს არაა ის დღე, როდესაც მას როგორც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, ისე ევროპის რომელიმე წამყვან კლუბში ვიხილავთ.

ბრაზილიის სერია A-ს ცენტრალური მატჩისგან განსხვავებით ვერ გაამართლა გერმანიის ბუნდესლიგის გასული ტურის მთავარმა დაპირისპირებამ „დორტმუნდსა“ და „ბაიერნს“ შორის, რომელშიც „რეკორდმაისტერმა“ ოთხი უპასუხო ბურთით მიწასთან გაასწორა მის წინაშე მუდმივად დამფრთხალი ძირითადი მდევარი. 

ამ შეხვედრაში თავი ჰეთთრიკით გამოიჩინა ჰარი კეინმა, მაგრამ მთავარი მოვლენა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერის დაბრუნება იყო, რომელსაც მთელი 90 წუთის მანძილზე სერიოზულად თამაშში ჩართვა მხოლოდ ერთხელ მოუწია.

სამაგიეროდ დაძაბული გამოდგა ესპანეთის ლა ლიგის ცენტრალური შეხვედრა „სოსიედადსა“ და „ბარსელონას“ შორის, რომელიც სტუმრებმა არაუხოს მიერ მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გატანილი თავური გოლით მოიგეს.

„ბარსელონა“ შინ „რეალთან“ წაგების შემდეგ ვალდებული იყო, რომ ამ მატჩში სამი ქულა აეღო, მაგრამ თამაშის სცენარის მიხედვით მას შეიძლებოდა წაეგო კიდეც იგი. კატალონიელები მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოცოცხლდნენ და მიზნის მიღწევაში მათ იღბალიც დაეხმარათ, რადგან გოლის ავტორს რამდენიმე მილიმეტრი დააკლდა თამაშგარე მდგომარეობაში მოხვედრამდე.

მსგავსი ანგარიშით – 1:0 გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ შინ „გრანადა“ დაამარცხა და მადრიდის „რეალთან“ გასვლითი მატჩის წინ მე-8 ადგილზე განთავსდა ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, რომლის სათავეშიც  „რეალის“ და „რაიო ვალეკანოს“ მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, კვლავ „ჟირონა“ მოექცა.

„სალერნიტანასთან“ სტუმრად ანგარიშით 2:0 მოიგო ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ და ამ გამარჯვებით ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა მესამე ადგილზე მყოფ „მილანთან“, რომელიც მოულოდნელად შინ „უდინეზესთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ასევე ერთმა ბურთმა გადაწყვიტა „ნიუკასლისა“ და „არსენალის“ შეხვედრის ბედი, რომელიც მასპინძელთა ფორვარდმა გორდონმა მეორე ტაიმის 64-ე წუთზე გაიტანა.

მთელი მატჩის განმავლობაში „ნიუკასლი“ დომინირებდა, „არსენალი“ კი გამარჯვებისათვის უფრო მეტად მოწადინებული მეტოქის თამაშის ჩაშლას ზოგჯერ აკრძალული ხერხებითაც ცდილობდა. 

ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა კიდეც, როდესაც აშკარა უხეშობისათვის მსაჯს შეეძლო კაი ჰავერცის გაძევება, მაგრამ რატომღაც დაინდო იგი და ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

სამაგიეროდ კაცნაკლული შემადგენლობებით დაასრულეს შეხვედრა „კოპა ლიბერტადორესის“ ფინალისტებმა „ფლუმინენსემ“ და „ბოკა ხუნიორსმა“. 

რიო დე ჟანეიროს „მარაკანას“ სტადიონზე შეკრებილი 70 000 მაყურებლის წინაშე ჩატარებული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში კი მასპინძლებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს და თავიანთ 121-წლიან ისტორიაში პირველად დაისაკუთრეს სამხრეთამერიკული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო.

სტადიონზე მყოფ ბრაზილიელ გულშემატკივართა შორის ძველი „ფლუმინენსელი“ და მადრიდის „რეალში“ გავარსკვლავებული მარსელოც იმყოფებოდა, რომელმაც სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა თავისი პირველი გუნდის გამარჯვების შემდეგ…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.