11 ნოემბერს თბილისში ილუსტრაციის ფესტივალი იმართება
11 ნოემბერს სახელოვნებო რეზიდენციაში ილუსტრაციების ფესტივალი – “კურორტი” იმართება. ილუსტრაციის ფესტივალი ამ სახელწოდებით მეორედ ტარდება და 15-მდე თანამედროვე ადგილობრივ ილუსტრატორს მასპინძლობს. ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, რომელზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ილუსტრატორების შემოქმედებას და შეიძინოთ მათი ორიგინალური ნამუშევრები, ხელმოწერილი პრინტები თუ უნიკალური გამოცემები.
ფესტივალში მონაწილეობენ: თაკო ბაქრაძე, ია გაბუნია, ანა ჯანელიძე, ნაილი ვახანია, სონია ელიაშვილი, გიორგი ჯინჭარაძე, ხატია ჩიტორელიძე, თეა ქობალია, მარიამ ბარდაძე, მარიამ საკანელაშვილი, ნინო ჯიჯავაძე, სოფო კირთაძე და ანა ჩუბინიძე.
ნიკი თარხან-მოურავი, ფესტივალის ორგანიზატორი:
“ილუსტრაციის ფესტივალი ამ სახელწოდებით პირველად 2021 წელს ჩავატარეთ, როცა თბილისი წიგნის დედაქალაქის სტატუსს ატარებდა. მაშინ ეს ღონისძიება ბევრად მასშტაბური იყო. ამჯერად ფესტივალი ფაქტობრივად მონაწილეების ენთუზიაზმით იმართება. ჩვენი მხარდამჭერები არიან “ქალთა ფონდი საქართველოში” და თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა “ობსკურა”. მასშტაბების სიმცირის გამო წელს კონკურსი არ გამოგვიცხადებია. რამდენადაც მე თავად ვხელმძღვანელობ გამომცემლობას (“ზოლიანი კატა”), რომელიც ილუსტრირებულ წიგნებს გამოსცემს, პირადად ვთანამშრომლობ ილუსტრატორებთან, რომლებიც დღეს აქტიურად მუშაობენ და მონაწილეები სწორედ მათგან შეირჩა“.
თანამედროვე თხრობის ხელოვნებაში ილუსტრაციას ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია.
სწორედ ამიტომ, ხელოვნების ამ მიმართულების განვითარება ფესტივალის ორგანიზატორებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. როგორც ნიკი თარხან-მოურავი აღნიშნავს, საქართველოში დღეს ბევრი ნიჭიერი ილუსტრატორია და აუცილებელია, რომ საზოგადოებამ მათ შესახებ მეტი შეიტყოს და ამ ხელოვანების შემოქმედებას უკეთ გაეცნოს.
“იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო განვითარდეს, მნიშვნელოვანია, რომ ილუსტრირებული წიგნები მეტი სიხშირით გამოიცემოდეს. ჯერჯერობით საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით გამოიცემა ჩვენი ილუსტრატორების დასურათებული წიგნები, ამიტომაც, მათი უმრავლესობა სარეკლამო ინდუსტრიაშია დასაქმებული. დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართველი ილუსტრატორების საქმიანობა მეტად იყოს დაკავშირებული საგამომცემლო სფეროსთან”.
როგორც ნიკი თარხან-მოურავი ამბობს, ილუსტრაციის ფესტივალის ორგანიზატორების დიდი სურვილია, რომ ეს ღონისძიება გაგრძელდეს და მომავალში კიდევ უფრო მეტ ხელოვანს დაუთმოს პლატფორმა.
ილუსტრაციების ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.