fbpx

მშვიდობის არქიტექტურა თბილისში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი

ფოტოები: Rowan Twine

ისინი ისეთი განსხვავებულები არიან…

გაოცებისაგან, სიხარულისა და რაღაც, ჯერ კიდევ გაურკვეველი გრძნობისაგან გული შეუთრთოლდა ქალს.

ნოე ქრისტიანი და ატიუ წარმართი, ისმაილი მუსულმანი, ჯუმა კი ორი რელიგიის საკუთარ თავში დამტევი.

ერთად არიან ქანაანის შვილები და ერთად აპირებენ ახალი ქანაანის პოვნას.

გაბრიელ ტანიე, ქანაანის შვილები

 

ყველა მშვიდობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ზოგი – მოჩვენებითად. თანამედროვე სეკულარული ეპოქის პირობებშიც დადასტურდა, რომ რელიგია ხალხთა შორის ისევ იწვევს დაპირისპირებას, ომს, მსხვერპლს. ვწერ ამ სტატიას და მსოფლიოს მეორე ბოლოში, წმინდა მიწაზე, ხალხი იღუპება… როგორც ჩანს, აბრაამი მართლაც მოკლავდა თავის შვილს, ისააკს, რომ არა ანგელოზის ძალისხმევა. მაგრამ სად არის ეს ანგელოზი დღეს? რატომ აღარ ჩანს?

ისტორიამ აჩვენა, რომ ხელოვნური განრიდება მხოლოდ სიმპტომთან ბრძოლაა. საჭიროა ჰარმონიული გაერთიანება, და, ვინ იფიქრებდა, რომ ერთობაზე დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი არქიტექტორული ექსპერიმენტი სწორედ თბილისში განხორციელდებოდა?!

სპირიდონ კედიას 6 ნომერში მრავალი ათწლეულია, რაც ერთი შენობა დგას. „შენობას“ იმიტომ ვამბობ, რომ პანდემიამდე გამვლელს თვალის და გონების დაძაბვა უწევდა, რომ აივნის პლატფორმაზე მცირე ზომის ჯვარი დაენახა და მიმხვდარიყო, რომ აქ მშვიდობის კათედრალია. ბოლო რამდენიმე წელია, რაც კათედრალის ფასადზე ნეონის მუდმივმოქმედი ინსტალაციაა. ბელგიელმა ხელოვანმა, დორუს დანილსმა ქრისტიანულ, ისლამურ და იუდეურ სახვით ტრადიციებზე დაფუძნებით, ფერად-ფერადი ფრთები დაამზადა. ეს არტისტული გადაწყვეტა „მშვიდობის პროექტის“ მოპასუხეა, რომლის ავტორიც მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილია (შინაურებისთვის, ალბუს დამბლდორი). 

„მშვიდობის პროექტი“ შენობის სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელს და მასაც, ვინც საკუთარ თავს არცერთ რელიგიურ მიმდინარეობასთან არ აიგივებს. შესასვლელშივე პატარა სადა ნიშაა. უნივერსალური ინტერიერი მიანიშნებს, რომ ამ სივრცის გამოყენება ყველას შეუძლია სურვილისამებრ, იქნება ეს რაიმე ტიპის რელიგიური პრაქტიკა თუ უბრალოდ მოსვენება. მთავარი დარბაზი ქრისტიანული ეკლესიაა: აქ შეგიძლიათ ყოველკვირეულ ლოცვებს დაესწროთ, გალობებს მოუსმინოთ, ზოგჯერ გამოფენებიც გააკეთოთ ან, საერთოდაც, თეატრალური წარმოდგენები დადგათ. ამას წინათ დიჯეიც გვყავდა. ძლივს დავატიეთ საკურთხეველზე აპარატურა… საკურთხეველზე, რომელზეც 2013 წლის 17 მაისს ცისარტყელას დროშა იყო გადაფარებული. 2021 წელს ღამის გამოფენაც გავაკეთეთ. ასე ერქვა – „სამოსელი I”. ექსპოზიციის წამყვანი ვიზუალური კონცეფცია შავი კაბა იყო; კურატორული კვლევის საგანი – ქალთა, მათ შორის, ტრანსგენდერ ქალთა უფლებები… 

გავაგრძელეთ: აფსიდის უკან ორი ნიშაა. მარცხნივ ორსართულიანი „მშვიდობის სინაგოგაა“. სინაგოგის კარი ისპაანიდან არის ჩამოტანილი და შემოწირულია მუსლიმი სასულიერო პირის მიერ. მის ცენტრალურ ნაწილში დიაბაზის მწვანე სვეტებით გამშვენებული წმინდა კიდობანია მოთავსებული, რომელიც ცნობილი დურა ეუროპოსის სინაგოგის კიდობნის ინსპირაციით არის შექმნილი; კარი კაკლის ხეშია გათლილი და სიცოცხლის ხის (ყეც ხაიმ) სიმბოლოთია მოჭედილი.  სიცოცხლის ხეზე 12 ბროწეულია,  რაც ისრაელის თორმეტ ტომს განასახიერებს.

არონ კოდეშის (იგივე კიდობნის) საპირისპირო მხარეს დგას ქვის კვარცხლბეკი, რომელზეც ასევე ქვაში გათლილი, სარდის სინაგოგის ინსპირაციით შექმნილი ბიმა, ანუ კათედრაა აშენებული. აქ კითხულობენ თორას. საერთო ჯამში, სივრცე პატარაა, თუმცა, ამ ეტაპზე, სრულად საკმარისია „ახალი ტალღის“ ებრაელთათვის (თუ რატომ ეს ტერმინი, არ გეტყვით… ისტორია აჩვენებს). 

„მშვიდობის სინაგოგის“ მოპირდაპირე მხარეს კი მეჩეთია, რომლის შესასვლელი კარის თაღზე არაბულად წერია: „მოწყალე და მწყალობელი ღმერთის სახელით – მშვიდობის მეჩეთი.“ მის კარიბჭეს ორი მინარეთი და მათ შუაში მოქცეული გუმბათი აგვირგვინებს: რომელიც სალოცავად ხელებაპყრობილ მლოცველს განასახიერებს.  შესვლამდე ფეხზე უნდა გაიხადო, არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც წესია ასეთი, უფრო იმიტომ, რომ შიგნით, მთელ სივრცეში ხალიჩაა და რა ძალა გადგას, რომ დასვარო?! შესვლისთანავე, რაც თვალში გხვდება, სადა ინტერიერია… აქა-იქ რელიეფის აღმოსავლური მოტივებითა და არა მაინცდამაინც მუსლიმური სამყაროსათვის დამახასიათებელი ფერადოვანი  ფილების წყობით. კუთხეში მოთავსებულია ისრული თაღით დამშვენებული მიჰრაბი, რომელიც მექას მიმართულებით არის აშენებული. 

მეჩეთის ძველი ქვის კედელი დაუმთავრებლად არის დატოვებული – მსგავსად სინაგოგისა და მშვიდობის კათედრალის აფსიდის კედლებისა – იმის ნიშნად, რომ თითოეულმა თაობამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს მშვიდობისა და შერიგების საქმეში… თავისი ქვა უნდა დადოს მშვენიერების საშენებლად. 

მეჩეთში განსაკუთრებით გრილა და ზაფხულში აქ ფეხშიშველა სიარული და შემდეგ წამოწოლა, მართლაც ნეტარებაა… სულ აღარ გაგახსენდება საიქიო თაფლის და რძის მდინარეები. 

მშვიდობის სინაგოგა აშენებულია მუსლიმი  და ქრისტიანი სასულიერო პირების (შეიხების, იმამების, მღვდლების, ეპისკოპოსების) და საეროების შემოწირულებით,  მშვიდობის მეჩეთი კი   ებრაელი და ქრისტიანი სასულიერო პირების (რაბინების, მღვდლების, ეპისკოპოსების) და საეროების შემოწირულებით.

თბილისში რომ დავრჩენილიყავი, მშვიდობის კათედრალი ჩემი სამუშაო სივრცე იქნებოდა, ან, როგორც დღეს არის პოპულარული – coworking space (თან შესვლა უფასოა). ასეთ გარემოში წიგნსაც მართლა უკეთესად კითხულობ და, თითქოს სხვასთან საუბრისასაც იმ უნარს იძლიერებ, რასაც მოსმენა და თანაგანცდა ჰქვია.

დინამიკის მხრივ, ეს პროექტი იერუსალიმის აღდგომის ტაძარსაც მახსენებს. იქაც (თუმცა გაცილებით დიდ მასშტაბზე და ტერასულად), ერთმანეთის მონაცვლეობით, და ზოგჯერ პარალელურადაც, ხედავ ან გესმის, თუ როგორ ეწევა ღვთისმსახურებას მართლმადიდებელი, კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის  სამღვდელოება. თავად ვარ შემსწრე ამ მოვლენის და მინდა გითხრათ, რომ მართლაც სასწაულია ის სინქრონი და შესაბამისი ჰარმონია (ისე, რა უცნაურია, რომ სასწაულად კაცობრიობა მარტო იმას მიიჩნევს, რასაც ვერ ხსნის?!). ამ შემთხვევაში ხომ ყველაფერი მარტივადაა: ამ სასწაულის ახსნა მრავალფეროვნებაა. და, ახლა წარმოიდგინეთ, თბილისის მშვიდობის პროექტში, შესასვლელის ნიშაში ინდუისტი მლოცველი რომ ჰარე კრიშნას ღიღინებდეს, ტაძრის მთავარ ნაწილში წირვა იმართებოდეს, „მშვიდობის სინაგოგაში“ ახლად მოწვეული რაბინი თორას წაკითხვამდე ლოცვას წარმოთქვამდეს და „მშვიდობის მეჩეთში“, მეხუთეჯერ ლოცვის ნაცვლად, ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზიას კითხულობდნენ, პიტნის ჩაის თანხლებით:

მე დღე და ღამე სიყვარულის ზღაპრები მესმის და მეც ზღაპრად ან ამ ზღაპრების მთქმელად ვიქეცი.

ამ დროს შენ შედიხარ: ყველა გიღიმის, ყველგან შეგიძლია შენი თავი მოსინჯო და თუ მაინცდამაინც შენთვის საერთოს ვერაფერს გადააწყდი, ყველა რომ წავა, მეჩეთის ხალიჩაზე წამოგორდე და ტომ სოიერი იკითხო. 

ასეთია მომავლის ის დიზაინი, რომელმაც რელიგიას სიყვარული უნდა დააჯეროს. თუკი ეს ამ არქიტექტურულ კომპლექსში, ესოდენ პოლარიზებულ თბილისურ კონტექსტში გამოვა, მაშინ გამოვა ყველგან. 

ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, მთელ სამყაროდ ქცეულ ინდოეთის ოკეანის სილურჯეს  ძლიერად გააპობს თეთრი KOMANDANTE და მგზავრებიანად უსასრულობაში შეცურდება.

გაბრიელ ტანიე, ქანაანის შვილები

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.