fbpx

ქართველები ევროპაში სანაკრებო დაპირისპირებებამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სანაკრებო პაუზამდე კლუბებმა შინაურ და საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეს. მომდევნო ერთი კვირის მანძილზე კი ფეხბურთელები უკვე თავ-თავიანთი ეროვნული გუნდების მაისურებით ეცდებიან წარმატების მიღწევას.

სამწუხაროდ წარმატებული მდგომარეობიდან შორსაა საქართველოს ნაკრები, რომლის ფეხბურთელებმაც განვლილ უიკენდზე განსხვავებულ დონეზე ჩაატარეს მატჩები ჩემპიონატებსა თუ ევროთასებზე.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირზე ესპანეთის ჩემპიონ „ბარსელონას“ ორადორი გოლი აქვს გაშვებული საკუთარ კარში და ორივე მათგანი „შახტარის“ შემადგენლობაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელების მიერ შესრულებულ იუველირულ საგოლე გადაცემებს მოჰყვა!

თუკი ორი კვირის წინათ უკრაინის ჩემპიონის შემადგენლობაში საგოლე პასით თავი ირაკლი აზაროვმა ისახელა, ამჯერად მისგან მაგალითი გიორგი გოჩოლეიშვილმა გადაიღო და მძვინვარე მეტოქესთან მატჩის მე-40 წუთზე სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა „შახტარმა“ სამი ქულის მომტანი გოლი.

ცნობილ მიზეზთა გამო ჰამბურგში ჩატარებული დაპირისპირების შედეგი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეოთხე ტურის უდიდეს სენსაციად იქცა. 

გოჩოლეიშვილი კი, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლაში ერთ-ერთ ეპიზოდში თვით რობერტ ლევანდოვსკიმ დაარღვია თამაშის წესი, ტურის სიმბოლურ ნაკრებში აღმოჩნდა.

მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მიუხედავად, დონეცკელებს მერვედფინალში გასვლის შანსი გასვლაზე „პორტოსთან“ რევანშის აღების შემთხვევაში თუ გამოუჩნდებათ.  

„შახტარის“ ბრწყინვალე გამარჯვების ფონზე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა „ნაპოლიმ“, რომელიც შეიძლებოდა საერთოდ დამარცხებულიყო იქამდე ზედიზედ 12 მატჩის წამგებ ბერლინის „უნიონთან“.

წარუმატებელი ფრის მიუხედავად, „ნაპოლი“ ჯგუფის მესამე ადგილოსანი პორტუგალიური „ბრაგას“ სათამაშო დონის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით  მაინც უკვე მერვედფინალშია. 

თუმცა, იტალიის შარშანდელი ჩემპიონი ვერსად გაექცევა აშკარა რეგრესის ფაქტს, რაც „უნიონის“ შემდეგ, უკვე „ემპოლის“ წინააღმდეგ იტალიის სერია A-ს მატჩის ჩაგდებაში გამოიხატა.

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში უკვე მესამე შინაური მარცხის შემდეგ ხელიდან გაუშვა სანაკრებო პაუზის წინ სატურნირო ცხრილში „მილანის“ გადასწრების და მესამე ადგილზე აღზევების შანსი. გულშემატკივრებმა კი გუნდი სტვენით გააცილეს მოედნიდან. 

ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა მოედანზე და შეხვედრის მიწურულს ახლოს იყო გამარჯვების გოლის გატანასთან, მაგრამ მისი დარტყმული „ემპოლის“ მეკარე ბერიშამ სასწაულებრივ მოიგერია.

აი „ნაპოლის“ გოლკიპერმა კი სასწაულის ჩადენა ვერ მოახერხა და გადამწყვეტი ბურთი სტუმართა უკრაინელმა ლეგიონერმა კოვალენკომ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა. 

მაგრამ ნამდვილი გამოცდა „ნაპოლის“ სანაკრებო პაუზის შემდეგ ელის, როდესაც მასზე ძლიერ გუნდებთან – ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ და იტალიის ჩემპიონატში მილანის „ინტერთან“ შერკინება მოუწევს.

„ინტერი“ ამჟამად არამცთუ იტალიის უძლიერესი გუნდია, სათამაშო დონით იგი შესაძლოა თვით „რეალს“, „მანჩესტერ სიტის“ და მიუნხენის „ბაიერნსაც“არ ჩამოუვარდებოდეს.

თვალში საცემია „ნერაძურის“ მიერ მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის თანდათანობითი „მოხრჩობის“ ტენდენცია, რისი შედეგიც მეორე ტაიმში მის კარში თუნდაც ერთადერთი და გამარჯვების გოლის გატანაა.

გამონაკლისი არც „ზალცბურგთან“ დაპირისპირება ყოფილა, რომელშიც სიმონე ინძაგის გუნდმა მოწინააღმდეგე მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე დაამწუხრა.

„ინტერმა“ მატჩის პირველი წუთებიდანვე მხოლოდ „მილანი“ გაასწორა მიწასთან, რომელიც სეზონის დასაწყისში ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

აი დღევანდელი „მილანი“ კი ქების ღირსია „პარი სენ-ჟერმენთან“ ბრწყინვალე მოგებისთვის, რომელმაც პიოლის გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე განათავსა და მას „სიკვდილის ჯგუფიდან“ გასვლის რეალური შანსი შეუნარჩუნა.

საინტერესო კი ისაა, რომ ეს შანსი ბოლო ადგილოსან „ნიუკასლსაც“ არ დაუკარგავს, რომელიც პირველი ორი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებოდა. 

სამაგიეროდ საწყალობელ მდგომარეობაშია ინგლისის პრემიერლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც გასვლაზე, დრამატულ შეხვედრაში დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენთან“ ანგარიშით 3:4 დამარცხდა. 

ტურის უდავოდ ყველაზე სანახაობრივ მატჩში მანჩესტერელები თავდაპირველად ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმის 69-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშის მიერ გატანილი პენალტის წყალობით უკვე 3:2-ს იგებდნენ.

მაგრამ დაპირისპირების დასკვნით ნაწილში თავი იჩინა როგორც პირველი ტაიმის მიწურულს რაშფორდის გაძევებამ, ისე მასპინძელთა დაუოკებელმა სურვილმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავებთან ტოლსწორობის მტკიცებისა.

„კოპენჰაგენის“ ფეხბურთელებმა ამ მიზანს ნამდვილად მიაღწიეს, გულშემატკივრები პირველ მატჩში მანჩესტერელებთან მარცხის უსამართლობაში დაარწმუნეს და რაც მთავარია, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. 

„მანჩესტერ იუნაიტედს“ კი ჯგუფიდან გასვლისთვის ჯერ „გალათასარაისთან“ გასვლაზე, შემდეგ კი „ბაიერნთან“ შინ მოგება მართებს, რაც დღევანდელი გადასახედით თითქოს წარმოუდგენელია.

„ბაიერნის“, „რეალის“ და „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ განვლილ ტურში მერვედფინალის საგზური კიდევ სამმა გუნდმა – „ლაიპციგმა“, „ინტერმა“ და „სოსიედადმა“ მოიპოვა. 

მადრიდის „ატლეტიკო“, ლონდონის „არსენალი“, „ბარსელონა“, „პორტო“ და „ნაპოლი“ კი ამ მიზანთან ახლოს არიან.

კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს ბრატისლავას „სლოვანი“, რომელიც შინ ფრეს დასჯერდა ჯგუფის ლიდერ „ლილთან“ შეხვედრაში. 

მატჩი სრულად ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ, რაც შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან ჩვენი გუნდის შეხვედრების წინ მის სასურველ სათამაშო ფორმაზე მეტყველებს.

განვლილ უიკენდზე კი ჩვენ „უცხოელ“ თანამემამულეთაგან ყველაზე რთული გამოცდა გიორგი მამარდაშვილს ელოდა, რომლის „ვალენსიაც“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალს“ ეწვია.

სამწუხაროდ ნაკრების მატჩების წინ გიორგიმ მიმდინარე სეზონის ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა და თავისი წვლილიც შეიტანა მადრიდელთა მიერ „ვალენსიას“ ანგარიშით 5:1 განადგურებაში.

წინა ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ ნათამაშევი ფრის შემდეგ, „რეალი“ ვალდებული იყო, რომ სამი ქულა მოეპოვებინა, მაგრამ ამ მიზნის შესრულების მიუხედავად, ლიდერის პოზიციის დაბრუნებაში მას ისევ „რაიო ვალეკანომ“ შეუშალა ხელი, რომელიც შინ „ჟირონასთან“ დამარცხდა და აქედან გამომდინარე, წლევანდელი სეზონის აღმოჩენამ, სულ მცირე, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კვლავ შეინარჩუნა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი.

საოცარი მატჩი ჩაატარეს „რეალის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელებმა – როდრიგომ ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ვინისიუსი კი დუბლით შემოიფარგლა. შთამბეჭდავი იყო მატჩის დებიუტში კარვახალის მიერ მოულოდნელად მარცხენა ფეხით შესრულებული დარტყმა, რომელზეც მამარდაშვილმა რეაგირება ვერ მოასწრო და ანგარიშიც ამგვარად გაიხსნა.

„ვალენსიას“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლი გაიტანა. 

უიკენდის მშვენებად კი „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგური შეხვედრა იქცა, რომელიც „ლივერპულის“ და „არსენალის“ 2009 წლის ცნობილი დაპირისპირების მსგავსად, ფრედ 4:4 დასრულდა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.