fbpx

ანუკი კონიაშვილი — ტექნიკა და გრაფიკული დიზაინი


გააზიარე სტატია

ქავერი ანუკის ფოტოს გამოყენებით

 

გრაფიკული დიზაინერი და ჩვენი კამპანიის ამბასადორი,  ანუკი კონიაშვილი დიზაინერული პროგრამებით ადრეული ბავშვობიდან,  დაახლოებით, 10 წლის ასაკიდან  დაინტერესდა. თუმცა, ზრდასრულობამდე და ერთ შემთხვევითობამდე ვერც კი წარმოედგინა, რომ გრაფიკული დიზაინი მისი ცხოვრების მთავარ ამბად იქცეოდა. დღეს მისი პორტფოლიო მრავალი მსხვილი კომპანიის, პროექტისა თუ სტარტაპისთვის შექმნილ ნამუშევრებს – 40-ზე მეტ ტიპოგრაფიას, 50-ზე მეტ ბრენდინგსა და შეფუთვის დიზაინს აერთიანებს. 

 

ტექნიკა და ადრეული ბავშვობა

„ჩემს ოჯახში ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, ფაქტობრივად, ყველას ჰქონდა კავშირი. რაც თავი მახსოვს, სახლში სულ გვქონდა კომპიუტერი. დაახლოებით, 10 წლის ასაკიდან ბიძაჩემმა ფოტოშოპის, ვორდის, ექსელის გამოყენება და ინტერნეტში ნავიგაცია მასწავლა. თუმცა, მაშინ ფოტოშოპს, ძირითადად, პირადი მიზნებისთვის – ფოტოების დამუშავებისთვის, კოლაჟების აწყობისთვის ვიყენებდი და ზრდასრულ ასაკამდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ არსებობდა პროფესია – გრაფიკული დიზაინერი”.

პროფესიის არჩევისას კითხვის ნიშნები თითქმის არ ჰქონია – ტექნიკური საგნების, განსაკუთრებით, მათემატიკის სიყვარულმა ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაბარება გადააწყვეტინა. მე-2 კურსზე კი ერთ-ერთი ვებგვერდის გაყიდვების აგენტად დაიწყო მუშაობა. როგორც იხსენებს, რომ არა ეს სამსახური და ერთი შემთხვევითობა,  შესაძლოა, დღეს მისი პერსონა თქვენთვის არა წარმატებულ გრაფიკულ დიზაინერად, არამედ ეკონომისტად გაგვეცნო.

 

„სად ხარ? დიზაინერი მოვიდა”

„ჩემი საქმიანობა სხვადასხვა კომპანიისთვის ვებგვერდზე სარეკლამო სივრცის შეთავაზება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს პროფესიასთან – ეკონომისტობასთან კავშირში არ იყო, სამუშაო პროცესი ძალიან მსიამოვნებდა და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. ვაცნობიერებდი, რომ მნიშვნელოვან გამოცდილებას ვიღებდი და ფინანსურად დამოუკიდებელი ვხდებოდი. ერთ დღესაც ერთ-ერთ კომპანიას ვებგვერდზე განსათავსებელი ფოტოების გადაღება და ატვირთვა დასჭირდა. არც მიფიქრია, ისე შევუდექი ფოტოების გადაღებას, შემდეგ კი ფოტოშოპში დამუშავებას. ახლაც მახსოვს ჩემი ხელმძღვანელის გაკვირვებული სახე, როცა ეს ნამუშევრები ნახა და იკითხა, ვინ გააკეთაო? ვუპასუხე, რომ მე გავაკეთე. მცირე პაუზის შემდეგ მკითხა – საიდან იცი? ამაზე პასუხი არ მქონდა. მაშინ გულწრფელად მეგონა, რომ ფოტოშოპი ისეთივე პროგრამა იყო, როგორიც, მაგალითად, ვორდი. და იმაშიც თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ფოტოშოპის საბაზისო ფუნქციების გამოყენება ისეთივე პროცესი იყო, როგორიც  ინტერნეტში ნავიგაცია. რაკი ბავშვობიდან მასწავლეს და გარკვეულად   სულ ვიყენებდი,  მეგონა, ყველა ასე იყო და ყველამ იცოდა”.

ამის შემდეგ ანუკის გაყიდვების მიმართულებით წუთითაც აღარ უმუშავია. ხელმძღვანელმა იმავე კომპანიაში დიზაინერის პოზიცია შესთავაზა. 

„ჩემმა ხელმძღვანელმა – გია კაშიამ იმ დღესვე შემიცვალა პოზიცია. დავიწყე კოლაჟების კეთება, ფოტოების დამუშავება, მოკლედ, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც დიზაინთან კავშირში იყო და რაც იმ მომენტში კომპანიას სჭირდებოდა. თუ ისეთ დავალებას მაძლევდნენ, რისი გაკეთებაც არ ვიცოდი, ამას არასდროს ვამბობდი. ტუტორიალებს ვუყურებდი, ღამეს ვათენებდი, ვსწავლობდი და დავალებას დათქმულ დროში ვასრულებდი. უბედნიერესი ვიყავი – ჩემი ანაზღაურებადი სამსახური გახდა ის, რითაც მანამდე, თავისუფალ დროს, უბრალოდ, ვერთობოდი. მახსოვს, მე და ჩემს ხელმძღვანელს ერთ-ერთ დამკვეთთან შეხვედრა გვქონდა. დამკვეთი აგვიანებდა და დაურეკა, სად ხარ, დიზაინერი მოვიდაო. ეს სიტყვა ჩემთან მიმართებაში პირველად რომ გამოიყენეს, ჩემთვის შოკი იყო. აი, იმ დროს მივხვდი, რომ მორჩა ჩემი ეკონომისტობა. ეგ იყო გარდამტეხი მომენტი, როცა მართლა დიზაინერი გავხდი – სულით, გულით, ყველაფრით. ჩემს ხელმძღვანელს ამის გამო დღემდე ძალიან დიდ პატივს ვცემ და მისი ძალიან მადლიერი ვარ”.

 

ანუკი კონიაშვილი, როგორც გრაფიკული დიზაინერი

როგორც კი გადაწყვიტა და თავადაც დაიჯერა, რომ მართლა დიზაინერი იყო, კიდევ უფრო მეტის სწავლის და გამოცდის სურვილი გაუჩნდა. სამეგობროს გაუზიარა, რომ დიზაინერულ ნამუშევრებს ქმნიდა, შემდეგ დამკვეთებიც გამოჩნდნენ, იღებდა შეკვეთებს და ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა, როცა მოულოდნელად მეგობრებმა კრეატიული სააგენტო  ლივინგსტონის მიერ განთავსებული ვაკანსიის კომენტარების სექციაში მონიშნეს. 

„ეიფორიაში ვიყავი, გამუდმებით ვმუშაობდი. ნელ-ნელა ამ პროფესიის შესახებ მეტი გავიგე – ქართველი გრაფიკული დიზაინერების, დიზაინის სტუდიების შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე. ამ პერიოდში მეგობრებმა ერთ-ერთი ვაკანსიის კომენტარების გრაფაში მომნიშნეს. ლივინგსტონის ვაკანსია იყო. ჩემი ნამუშევრები გავგზავნე, გასაუბრება გავიარე, დავალება შევასრულე და ამიყვანეს. კარგად ისიც არ ვიცოდი, სად მივდიოდი. მახსოვს, მეგობარმა მითხრა, გილოცავ, საუკეთესო კომპანიაში იწყებ მუშაობასო და მივხვდი, რომ ჩემს თავს რაღაც კარგი ხდებოდა. დაახლოებით, 8 თვის განმავლობაში სოციალური მედიის დეპარტამენტში ვიზუალურ კონტენტს ვამზადებდი. ის ნამუშევრები დღემდე ძალიან მიყვარს”. 

 

Black Room 

შემდეგ ისევ ლივინგსტონში, ნიკა კუმბარის ვიზუალური ბრენდინგის დეპარტამენტში გადავინაცვლე. ლივინგსტონში ამ ოთახს Black Room-ს ეძახდნენ. კუბოს (ნიკა კუმბარის) გუნდი და Black Room ცალკე ამბავი, ცალკე კულტურა იყო. საოცარ ნამუშევრებს ქმნიდნენ, სულ სხვა საქმე, სხვა სპეციფიკა ჰქონდათ. ძალიან ამაღელვებელი ცვლილება იყო და ცოტა მეშინოდა კიდეც. ჯერ არ ვიცოდი, ბრენდინგის კეთება ჩემი საქმე იყო თუ არა. არ ვიცოდი, რამდენად გამომივიდოდა. განცდა მქონდა, რომ სხვებს დიდი გამოცდილება ჰქონდათ, ჩემზე ბევრად წინ იყვნენ და არ მინდოდა, ჩემს ნამუშევრებს ეს შესტყობოდა, ამიტომ ძალიან ბევრს ვშრომობდი. ვისწავლე ბრენდინგის სპეციფიკა, მუდბორდის აწყობა, ჩანახატების შექმნა, პრეზენტაციის შეკვრა, კლიენტისთვის წარდგენა… საყვარელი ნამუშევარი არც მაშინ და არც ახლა არ მქონია. ყველასთვის თანაბრად ვმუშაობდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა მცირე ზომის სტარტაპი იქნებოდა თუ უზარმაზარი კორპორაცია. უფრო საყვარელი მიმართულებები შემიძლია გამოვყო – ფონტები და შეფუთვის დიზაინი”. 

ფონტებით  პირველად  მაშინ დაინტერესდა,  როცა ნიკა კუმბარმა და ლივინგსტონის თანადამფუძნებელმა, ვახო ვახტანგიშვილმა ჯეოლაბის ფონტების კურსის გავლა შესთავაზეს. 

„მაშინ იწყებოდა პროექტი – #წერექართულად და დასასრულს თითოეულ კურსდამთავრებულს 2 ქართული ფონტი უნდა შეექმნა. პროცესში მივხვდი, რომ ფონტების შექმნა საკმაოდ მარტივად გამომდიოდა და ამის გამო ზოგჯერ ეჭვიც მეპარებოდა, რამდენად სწორად ვაკეთებდი. თანდათან უფრო დავხვეწე და დღეს ფონტების შექმნა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა”.

შეფუთვის დიზაინის სიყვარული კი ღვინის ეტიკეტებიდან დაიწყო – აღმოაჩინა, რომ როცა შეფუთვას ამზადებ, შენი ხელით რეალური, ხელშესახები პროდუქტი იქმნება. 

„როდესაც ბრენდინგზე მუშაობ, რა თქმა უნდა, შენს ნამუშევარს – ლოგოს, ბრენდინგის ელემენტებს, სხვადასხვა არხში იყენებენ. თუმცა, ზოგჯერ ბრენდინგი მაინც, უფრო მეტად, ციფრულ სივრცეში რჩება და ბრენდბუქს სრულად არ ითვისებენ ხოლმე. შეფუთვის დიზაინი კი ხელშესახებია. პირველად ღვინის ეტიკეტის დიზაინი გავაკეთე. მაშინ მივხვდი, რომ რეალურ პროდუქტს ვქმნიდი და ამან დიდი სიამოვნება მომანიჭა. ძალიან მომეწონა ტესტირებაც – ბეჭდვის, ეტიკეტის პროდუქტზე დატანის პროცესი და შექმნილი ნამუშევრის რეალურ ცხოვრებაში აღქმა. ამას დაემატა ისიც, რომ აღმოვაჩინე დიზაინის სტუდია – Stranger & Stranger, რომელსაც პროდუქტის დიზაინი ხელოვნების დონეზე აჰყავს, სიგიჟეებს ქმნიან. ასე შემიყვარდა შეფუთვის დიზაინი და დღემდე ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ საქმიანობად რჩება”. 

 

2 ოქრო კანის ფესტივალზე 

განსაკუთრებული უნარები არა მხოლოდ საკუთარ ნამუშევრებში, არამედ საკონკურსო ციებ-ცხელებაშიც არაერთხელ გამოავლინა. ანუკის ანგარიშზე შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის 3 ჯილდოა – ზედიზედ ორჯერ Young Lions Georgia-ს კონკურსში ოქროს მედლები მიიღო. ერთხელ ციფრული კამპანიის, მეორედ კი  დიზაინის კატეგორიაში და ორივეჯერ კანის გლობალურ ფესტივალზე საქართველოს სახელით იასპარეზა. ამავდროულად, მიღებული აქვს Young Lions Georgia-ს ბრინჯაოს ჯილდოც ისევ დიზაინის კატეგორიაში. 

„ციფრული კამპანიის კატეგორიაში ოქროს მედალი პავლე გაბრიჭიძესთან ერთად მოვიგე. ამ კატეგორიაში ასპარეზობა ჩემთვის საინტერესო გამოწვევა ჩანდა. დავალება დიზაინის შექმნა არ იყო. ისეთი სპეციფიკა ჰქონდა, რომ ესთეტიკურად ლამაზი ნამუშევრის შექმნით ვერ „გაძვრებოდი”, შემოქმედებითი და სტრატეგიული აზროვნება გჭირდებოდა. ერთი მხრივ, ამ კუთხით საკუთარი თავის გამოცდის სურვილი მქონდა, მეორე მხრივ კი, კონკურსზე პავლესთან ერთად გასვლა მინდოდა – ერთად ყოველთვის იდეალურად ვმუშაობდით. მეორე წელს ოქროს მედალი  დიზაინის კატეგორიაში მივიღე გიორგი ბრეგვაძესთან ერთად. აქ უკვე დიზაინის ბრიფი გვქონდა, გუნდის ორივე წევრი დიზაინერი ვიყავით. ბოლომდე მოვინდომეთ, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დაგვედო. ოქროს მედალზე მეტად მაშინ ჟიურის პრეზიდენტის შეფასებამ გაგვახარა. კონკურსის სპეციფიკა ასეთია, რომ დავალების საპასუხოდ, 24 საათში უნდა შექმნა სრული ბრენდინგი. ჟიურის პრეზიდენტს კი ჩვენს ნამუშევარზე უთქვამს, საქართველოში ერთ  დღეში თუ ასეთ ნამუშევრებს ქმნით, უნდა ჩამოვიდე და ეს ქვეყანა გავიცნოო”. 

ანუკი ჰოლი მოტორსში

„ლივინგსტონში 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. მე-4 წლიდან ჩვენს გუნდს კახა კახაძე ხელმძღვანელობდა. კახა იდეალური ადამიანი და პროფესიონალია, რომელთან მუშაობაც ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ გარემოს ცვლილება და სიახლეები მჭირდებოდა. სწორედ ამ დროს კუბო დიზაინის სტუდიას ქმნიდა. ასე აღმოვჩნდი ჰოლი მოტორსში. ეს ჩემი კარიერის კიდევ ერთი ახალი და საინტერესო ეტაპი იყო. გავხდი წამყვანი დიზაინერი (Lead Designer) და ბრენდინგზე, შეფუთვებსა თუ ფონტებზე მუშაობასთან ერთად, გუნდს ვმართავდი. ზოგადად, მარტო მუშაობას იმდენად მიჩვეული ვიყავი, რომ ცოტა ვღელავდი – რამდენად შევძლებდი დელეგირებას, სხვების ნდობას, რომ ზუსტად ის შედეგი მიმეღო, რაც წარმომედგინა. დიდი გამოწვევაა, როცა სხვისი პასუხისმგებლობა შენი პასუხისმგებლობა ხდება. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ როცა სხვას ენდობი და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას აძლევ, საინტერესო შედეგს იღებ. ამავდროულად, შენც იაზრებ, როცა მათ ადგილას იყავი და სხვა გასწავლიდა, როგორ მოქმედებდი, როგორი რეაქცია გქონდა შეფასებებზე, მოკლედ, საკუთარი თავის აღმოჩენაში გეხმარება. სწავლების დროს რომ ზოგჯერ მასწავლებელი მეტს სწავლობს, დაახლოებით, ეგ ამბავია”. 

 

პირადი ნამუშევრები

სამსახურებრივ საქმიანობასთან ერთად თავისუფალ დროს პირად ნამუშევრებსაც ქმნიდა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია Garden of Letters, რომელიც 36 Days of Type Challenge-ის ფარგლებში შექმნა. ნამუშევარი საზღვრებს გასცდა და  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი წამყვანი დიზაინერის თუ დიზაინის პლატფორმის სოციალური მედიის არხებში გამოქვეყნდა. ასევე, განთავსდა სტატიები სხვადასხვა მედიასაშუალებაში, მათ შორის – იტალიურ ონლაინ ჟურნალში. 

36 Days of Type დიზაინის მიმართულებით ერთ-ერთი გავლენიანი პლატფორმის გამოწვევაა  36 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, თითო ნამუშევარს (ასოს, ციფრს) ქმნი და შესაბამისი ჰეშთეგით სოციალურ ქსელში ტვირთავ. როცა Garden of Letters-ზე მუშაობა დავიწყე, კონცეფცია მოფიქრებული არ მქონდა. ერთადერთი ვიცოდი, რომ მინდოდა, თითოეული სიმბოლო მხოლოდ ცალკეული ნამუშევარი არ ყოფილიყო და ერთიანობაში შეკრულიყო. ფიქრის გარეშე, პირდაპირ დავჯექი და დავიწყე. სამსახურის შემდეგ, საღამოობით ვაკეთებდი. თითოეულს, დაახლოებით, 4 საათს ვუთმობდი, რადგან ყოველდღე, ღამის 12 საათამდე ატვირთვა უნდა მომესწრო. „ბაღის” პირველი ასო – A მინიმალისტური მცენარეა, B-ს უკვე ფოთოლი აქვს, C-ს კვირტი და ნელ-ნელა უფრო და უფრო ყვავდება. ძალიან საინტერესო იყო პროცესი, პირველ რიგში იმიტომ, რომ გარკვეული ლოგიკა, შესაბამისობა, პრობლემის გადაჭრის გზა უნდა მეპოვა – თითოეული ასო რომ ცალკეულადაც საინტერესო, დასრულებული ნამუშევარი ყოფილიყო და ერთიანობაშიც ერთმანეთს ლოგიკურად დაჰკავშირებოდა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემმა ფავორიტმა დიზაინერებმა და პლატფორმებმა საკუთარ არხებში განათავსეს. დოფამინის უდიდესი წყაროა, როცა შენს ნამუშევარს ასობით გავლენიანი დიზაინერი იწონებს. მითუმეტეს, ისინი, ვისაც შენ თვითონ ძალიან აფასებ”.  

 

ანუკი კონიაშვილი დღეს

დღეს ანუკი დამოუკიდებელი დიზაინერია და საკუთარი დიზაინის სტუდიის შექმნაზე მუშაობს. ფიქრობს, რომ უკვე ბევრი რამ გამოცადა და მზადაა, საკუთარი წესებით თავისუფალ ცურვაში გადაეშვას. 

„ახლა ჩემი მთავარი გეგმა დიზაინის სტუდიის შექმნაა – ჩემი ხედვების, წარმოდგენებისა და სურვილების გათვალისწინებით. ზოგადად, დიზაინი ჩემთვის ლოგიკაზე დაფუძნებული ფუნქციური საქმიანობაა.  მართალია, დიზაინიც ხელოვნებაა, თუმცა, მე მაინც ერთმანეთისგან ვმიჯნავ. ხელოვნება უფრო აბსტრაქტულია, დიზაინი კი, ამოცანის გადაჭრა, ოპტიმალური, ჭკვიანური გზების პოვნაა. ამ ჭრილში ვხედავ ჩემს სტუდიასაც, რომელზეც ახლა ვმუშაობ”. 

 

სტერეოტიპები და დიზაინი

„ჩემს ოჯახში ძალიან კარგად შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ ეკონომისტობიდან დიზაინში  გადავინაცვლე. სჯერათ ჩემი, მენდობიან და თავიდანვე გაუხარდათ, რომ საინტერესო საქმიანობა წამოვიწყე. თუმცა, გარშემომყოფებისგან დიზაინის შესახებ გარკვეული სტერეოტიპები მსმენია. მაგალითად, რატომღაც, გავრცელებულია აზრი, რომ დიზაინერი ნაკლებად აზროვნებს, თითქოს არავინ  ელის, რომ სტრატეგიულად ან ტექნიკურად დიზაინერმა რაღაც გათვალოს, მოიფიქროს. არადა, ჭკუა-გონება დიზაინში ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ესაა საქმიანობა, სადაც ყოველდღიურად უნდა გადაჭრა რთული ამოცანები – განსხვავებულად, შემოქმედებითად და სწორად. ასევე, ჰგონიათ ხოლმე, რომ მარტივი, გასართობი პროფესიაა. რეალურად კი ძალიან შრომატევადია. არც ისეთი შემოქმედებითი და საინტერესოა ყოველთვის, როგორც გარედან ჩანს. უდიდესი ნებისყოფა გჭირდება – უამრავი ტექნიკური საქმის კეთება გიწევს, საშინლად  ორიენტირებულია დეტალებზე და ხშირად – რუტინულიც. თანაც, საჯაროდ შენი გაკეთებული საქმის მხოლოდ 5% ჩანს. დანარჩენი კი –  არარჩეული კონცეფციები, ჩანახატები ყურადღების მიღმა რჩება, მაგრამ ისევ შენს განვითარებას ემსახურება. ისიც შემიმჩნევია, რომ ზოგჯერ კომპანიები ვიზუალურ ბრენდინგს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, თითქოს სათანადოდ ვერ აფასებენ. ფიქრობენ, რომ ისეთი არაფერია, ამ რესურსის და ძალისხმევის გაღებად რომ ღირდეს. რეალურად კი ბრენდინგი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის შენებისკენ. ბრენდინგის მეშვეობით შენს აუდიტორიას ეუბნები იმას, რაც გინდა, შენმა პროდუქტმა გადმოსცეს. ამიტომ ვისურვებდი, ბრენდები ენდონ დიზაინერებს, ბრენდინგის მნიშვნელობა და გაწეული შრომა კი უფრო დააფასონ”. 

 

ტექნიკა, როგორც შესაძლებლობა

„ბავშვობიდან, 13-14 წლის განმავლობაში ვინდოუსს ვიყენებდი, მაგრამ Apple-ზე ზუსტად ერთ  კვირაში ძალიან მარტივად გადავედი. პირველი, რამაც გამაოცა ის იყო, თუ როგორ შეიძლებოდა, სისტემა ყოფილიყო ასეთი მარტივი და ჩემს პროფესიაზე, ჩემს მოთხოვნებზე მორგებული. ძალიან ინტუიციურია, რეალურ ფერებს და ზუსტ გამოსახულებას გაჩვენებს, არ ჭედავს და სამუშაო პროცესში არც ხელს გიშლის, არც ნერვებს. ყველაზე ხშირად ვიყენებ Macbook-ს და iPhone-ს. ყველა პროგრამა, რითაც Macbook-ში ვმუშაობ, ტელეფონშიც  მაქვს ჩაწერილი და თუ უცებ ნამუშევარში რამის შეცვლა, ჩამატება დამჭირდა, iPhone-ითვე, მარტივად ვაკეთებ. ჩანახატებისთვის ვიყენებ iPad-საც. შემოქმედებით ადამიანებთან ერთად მუშაობისას, ბუნებრივია, ხშირად ხმაურში ყოფნა გიწევს. კონცენტრაციისთვის კი Airpods-ს ვიყენებ. ზოგჯერ შეიძლება მუსიკა არც ჩავრთო და უბრალოდ, ხმის ჩახშობის ფუნქციით ვისარგებლო. რომ შევაჯამო, Apple-ის ტექნიკა ჩემი შეუცვლელი პარტნიორია. მის გარეშე ვერც საქმიანობა წარმომიდგენია და ვერც ყოველდღიურობა”. 

 

 

კრედიტები

  • ბრენდი: iTechnics
  • მარკეტინგის მენეჯერი: ნანა ფრიდონაშვილი
  • ბრენდის სტრატეგი: ნინო კუპრაშვილი, ვატო ნინუა
  • კრეატიული დირექტორი: პავლე გაბრიჭიძე
  • კრეატივ სტრატეგი და კოპირაიტერი: ელენე დანელია
  • წარმოების კომპანია: ენკენი ფილმს
  • აღმასრულებელი პროდიუსერი: ბაჩო მებურიშვილი
  • ლაინ პროდიუსერი: სოფო ბენდიაშვილი
  • წარმოების მენეჯერები: ბექა კირტავა, სოფო ორჯონიკიძე
  • წარმოების ასისტენტი: სანდრო მებურიშვილი
  • წარმოების სტაჟიორი: ლიზა წოწორია
  • წარმოების ოფისის მენეჯერი: მარიამ ხიდირბეგიშვილი
  • წარმოების ოფისის ასისტენტი: ინგა დოლიძე
  • წარმოების ფინანსური მენეჯერი: ელენე სადუნიშვილი
  • წარმოების იურისტი: ნანუკა ჭკუასელი
  • რეჟისორი/დამდგმელი ოპერატორი: მახო ყიფშიძე
  • რეჟისორის ასისტენტი: ქეთი ისაკაძე
  • კამერის ასისტენტი: ლევანი ბახტურიძე
  • კამერის მეორე ასისტენტი: ნიკა ბერაძე
  • ფლეიბექ ოპერატორი: ლაშა გულაშვილი 
  • განათების ასისტენტები: ედუარდ შახნაზაროვი, ბექა აფაქიძე
  • დამდგმელი მხატვარი: ნატო ბაგრატიონი
  • დამდგმელი მხატვრის ასისტენტები: ილია მახარაძე, ივანე იაკობიძე
  • კოსტუმების მხატვარი/სტილისტი: ელენე ბახტაძე
  • გრიმიორი: თეონა ღლონტი
  • თმის სტილისტი: ნინო დაშნიანი
  • მონაწილეობენ: მარიამ სიჭინავა, ბაიკო ფირცხალაიშვილი, ანუკი კონიაშვილი, დიმიტრი რჩეულიშვილი, ანუშკა ჩხეიძე, ლევან გიორგაძე
  • სეტი და ქეითერინგი: ფიესტა
  • მძღოლები: კახა გუგუშვილი, გიორგი არეშიძე
  • კადრირების მხატვარი: ირაკლი თოიძე
  • ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
  • ლეთერინგი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
  • მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე
  • ხმის დიზაინი: გვაჯი (ლენო რექორდს)
  • V.O. ჩაწერა: არტურ სტეპანიან (voices.ge)
  • V.O. არტისტი: ქეთა შათირიშვილი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.