Circus Mircus სადებიუტო ალბომს გამოსცემს
20 ნოემბერს ჯგუფი Circus Mircus-ის სადებიუტო ალბომი – Furrore/Fiasco გამოვა. მასში 11 სიმღერაა შესული. როგორც ჯგუფის ფრონტმენი, ნიკა კოჩაროვი ამბობს, ალბომის სახელწოდება ბენდის მუსიკის პოლარულობას ასახავს. ალბომზე მუშაობის პროცესი საინტერესო და განსხვავებულ გარემოში მიმდინარეობდა.
ნიკა კოჩაროვი: “ჩვენმა მეგობარმა, გიორგი შარვაშიძემ თავისი ხელით აშენებული სამსართულიანი სახლი დაგვითმო, რომელიც ქალაქგარეთ, კოტორაანთკარში მდებარეობს. ავიტანეთ მთელი ჩვენი აპარატურა და ორი კვირით იქ გადავედით საცხოვრებლად. ყოველდღე, საუზმის შემდეგ ვიწყებდით მუსიკაზე მუშაობას და ეს პროცესი დაღამებამდე გრძელდებოდა. მთელი ჩვენი ცხოვრების ოცნება იყო, რომ ალბომი სწორედ მსგავს გარემოში ჩაგვეწერა.”
Furrore/Fiasco მუსიკალურად საკმაოდ ეკლექტურია და მოიცავს ყველა ჟანრს რეგეის გარდა. ალბომში გაერთიანებულ რამდენიმე სიმღერაზე ბენდმა მუსიკალური ვიდეოებიც გადაიღო, რომლებსაც ბენდი მსმენელს ეტაპობრივად წარუდგენს.
“გადავწყვიტეთ, მეგობრებისთვის გვეთხოვა, ჩვენს სიმღერებზე 15-20-წამიანი ვიდეოები გადაეღოთ. ჩვენდა გასაოცრად, რამდენიმე ადამიანმა სრულმეტრაჟიანი ვიდეო გადაიღო. (ნიკა მაჩაიძე – Now, გიორგი დადიანი – “საქართველო”, დათო მესხი/მირიან შენგელაია – “ამერიკის ხმა”). გარდა ამისა, გადავიღეთ ორი ვიდეო სიმღერებზე – Domestique და Up is Down. ბოლო ვიდეოს გადაღების დროს ჩვენმა ბასისტმა მხარი ამოიგდო, რის გამოც მოგვიწია სასწრაფოს გამოძახება და ვიდეოს დასასრულებლად იმპროვიზება”. – ნიკა კოჩაროვი.
როგორც უკვე აღინიშნა, ალბომი 20 ნოემბერს გამოვა. ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე და ამასთან ერთად, გამოიცემა ფირფიტის სახითაც. ბენდი Furrore/Fiasco-ს პრეზენტაციასაც გეგმავს.
Circus Mircus 2021 წლის დეკემბერში დაარსდა. ჯგუფის წევრები არიან: ნიკა კოჩაროვი (გიტარა, ვოკალი), არჩილ სულაქველიძე (გიტარა, კლავიში, ვოკალი), შოთა დარახველიძე (ბასი, ვოკალი) და სანდრო სულაქველიძე (დრამი, ვოკალი).