fbpx

ურუგვაის ბენეფისი გრძელდება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2023 წლის 17 ნოემბერი სამუდამოდ შევა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, როგორც მოულოდნელობებით აღსავსე ერთ-ერთი გამორჩეული დღე, რადგან სამხრეთამერიკულ დაპირისპირებებში ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებები ერთსა და იმავე სათამაშო ტურში დამარცხდნენ.

მაგრამ, თუკი 22 ნოემბერს ბრაზილია შინ წააგებს შეხვედრას მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ეს „სალესაოს“ ზედიზედ მესამე მარცხი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, რაც შესაძლოა 21-ე საუკუნის პირველი ნახევრის ფეხბურთის უდიდეს საოცრებადაც შეირაცხოს…

22 ნოემბერს ბრაზილიელებთან მარცხი არგენტინელებისთვისაც მეტად არასასურველი იქნება, რადგან ურუგვაელებამდე „ალბისელესტემ“ უკანასკნელად სწორედ 22 ნოემბერს, გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთის ნაკრების წინააღმდეგ დათმო შეხვედრა.

ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებების მოახლოებულ დაპირისპირებას ჩრდილი სამმილიონიანი ქვეყნის წარმომადგენელმა – ურუგვაის ნაკრებმა მიაყენა, რომელმაც ამ გუნდების ზედიზედ ერთი და იმავე ანგარიშით 2:0 დამარცხებით დაამტკიცა, რომ დღესდღეობით უფრო ძლიერია როგორც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონზე, ისე მსოფლიოს ყველაზე მეტგზის ჩემპიონზე.   

ანგარიში 2:0 კი განსაკუთრებით დამაჯერებლად ჟღერს, რადგან ასეთ გუნდებთან ზედიზედ ორ მატჩში და თანაც, არგენტინელებთან სტუმრად საკუთარი კარის მშრალად შენახვა, მოგების ყოველგვარი შემთხვევითობის ფაქტორს გამორიცხავს.

ურუგვაის ნაკრები ტალანტებითაა აღსავსე, რომელთა სათავეშიც სამი ახალგაზრდა ვარსკვლავია – „რეალიდან“ ფედერიკო ვალვერდე, „ბარსელონადან“ რონალდ არაუხო და „ლივერპულიდან“ დარვინ ნუნიესი. 

სწორედ ამ ორმა უკანასკნელმა გაიტანეს ბურთები არგენტინელთა კარში, რომელთაც მთელი მატჩის განმავლობაში ორად ორი საგოლე მომენტი შექმნეს „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ მატიას ოლივერათი გამაგრებულ თითქმის გაუვალი დაცვის ხაზის წინააღმდეგ ჭიდილში.

ერთ-ერთ ეპიზოდში ლიონელ მესიმ სტანდარტული სიტუაციის შესრულებისას ხარიხას მოახვედრა ბურთი, მაგრამ დარვინ ნუნიესის მეორე ბურთი არგენტინელთა კარში სწორედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მიერ მეტოქის ნახევარზე ბურთის დაკარგვას და ურუგვაელთა ელვისებრ კონტრიერიშს მოჰყვა.

ამრიგად, მსოფლიოს 1930 და 1950 წლის ჩემპიონ ურუგვაის ნაკრებთან წაგების შემდეგ, არგენტინის და ბრაზილიის ნაკრებები ამ კვირაში რიო დე ჟანეიროს ცნობილ „მარაკანას“ სტადიონზე საკმაოდ დათრგუნულნი შეხვდებიან ერთმანეთს და ამ მატჩში თითოეული მათგანი წაგებისადმი განსაკუთრებულმა შიშმა დაპირისპირების მეტისმეტი სიფრთხილის ჩარჩოებში მოხვედრა და აქედან გამომდინარე, ფრის სცენარი შეიძლება განაპირობოს…   

ურუგვაელთა ბოლოდროინდელი წარმატების შემოქმედი, ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი მარსელო ბიელსაა, რომელიც საკუთარი ქვეყნის გუნდს 1998-2004 წლებში წვრთნიდა და იქიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს. 

ურუგვაიში კი მან სულ რაღაც 5 თვე მოანდომა უმაღლესი დონის ნაკრების ჩამოყალიბებას, რომელსაც ბრაზილიის და არგენტინის მძვინვარე გუნდებთან დამაჯერებლად მოგება ძალუძს.

ბრაზილიის ნაკრების ზედიზედ ორი მარცხი 1966 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზეა დაფიქსირებული. 

ოღონდ, თუკი პირველ შემთხვევაში მსოფლიოს მაშინდელი ორგზის ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის მატჩებში მოწინააღმდეგე ფეხბურთელთა მხრიდან განსაკუთრებულად უხეშ თამაშს შეეწირა, რასაც პელეს ტრავმაც მოჰყვა, მეორე შემთხვევა მსოფლიოს იმ დროისათვის უკვე ხუთგზის ჩემპიონის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელია, მიუხედავად იმისა, რომ პელეს ხვედრი მაშინ ნეიმარმა გაიზიარა.    

ბოლო მატჩში ბრაზილიელთა კოლუმბიის ნაკრებთან მარცხს „პენტაკამპეონთა“ შემადგენლობაში ნეიმარის შემდეგ უკვე ვინისიუს ჟუნიორის ტრავმაც დაერთო, რომლის დანაკლისიც არგენტინელებთან შეხვედრაში დამატებით პრობლემებს შეუქმნის მასპინძლებს.

კოლუმბიისა და ბრაზილიის ნაკრებების დაპირისპირება „ლივერპულის“ მარცხენა გარემარბ ლუის დიასის ბენეფისად იქცა, რომელმაც ამ მატჩში შესრულებული  ისტორიული დუბლი ბოროტმოქმედების ხელთაგან მამის გათავისუფლებას მიუძღვნა…

გასულ კვირას მარცხის მიუხედავად, არგენტინის ნაკრები კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია და მეორე ადგილოსან ურუგვაის ორი ქულით უსწრებს. 

ბრაზილია კი, ფრის და ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, მისთვის უჩვეულო მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მას ნამდვილად არ ემუქრება, რადგან გუნდების რაოდენობის გაზრდის შემდეგ მუნდიალზე სამხრეთ ამერიკას სულ მცირე 6, ან უფრო დიდი ალბათობით 7 გუნდი ეყოლება.

აი ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა კი ამ კვირაში და საბოლოოდ მომავალი წლის ერთა ლიგის დარჩენილ მატჩებში გაირკვევა, სადაც საქართველოს ნაკრებიც ცდის თავის შანსს.  

ზოგადად შესარჩევ ციკლში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის შესაფასებლად კი საკმარისია მისი მეზობელი ქვეყნების – სომხეთის და აზერბაიჯანის ნაკრებების ასპარეზობასთან შედარება, რომელთაგან პირველი, უელსის დამარცხების შემთხვევაში, ბოლო ტურში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსსაც კი ინარჩუნებდა, ხოლო მეორემ კი შვედეთის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ამით მაინც დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს.

ჩვენ კი შემადგენლობაში იტალიის შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც პარტნიორებიც შესანიშნავად უბამენ მხარს, როგორც ეს შოტლანდიელებთან გასული კვირის მატჩის ორივე საგოლე შეტევამ გამოავლინა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯგუფში მხოლოდ აუტსაიდერ კვიპროსის ნაკრებს ვაჯობეთ.

შოტლანდიელებთან მატჩში საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა კვარაცხელიამ ესპანეთთან განმეორებით შეხვედრაშიც გაიტანა გოლი, მაგრამ საქართველოს ნაკრები კვლავ დამარცხდა ერთა ლიგის ტურნირის მოქმედ გამარჯვებულთან, რომელმაც სუსტი სტარტის მიუხედავად, საბოლოოდ მაინც მოახერხა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება.

შესარჩევი ციკლი თითქოს სუსტად დაიწყო ნიდერლანდების ნაკრებმაც, მაგრამ შვიდი ტურის შემდეგ გაირკვა, რომ თურმე გუნდი შესანიშნავადაა მომზადებული, ოღონდ ვერ ახერხებს საფრანგეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას…

ფრანგებმა კი ბოლო ტურის წინ ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხეს და თანაც გიბრალტარის ნაკრები უხერხული ანგარიშით 14:0.

უელსის ნაკრებს სომხეთთან გასვლით შეხვედრაში დაკარგული ორი ქულა, სავარაუდოდ, ჯგუფში მეორე ადგილის დაკარგვად დაუჯდება, რადგან ხორვატიის ნაკრებმა ლატვიელები დაამარცხა და უკანასკნელ ტურში ძნელად დასაჯერებელია, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ხელიდან გაუშვას.

E ჯგუფის სენსაციად უნდა შეირაცხოს ალბანეთის ნაკრების გამარჯვება, რომელსაც ევრო 2024-ზე ჩეხეთთან ერთად ვიხილავთ. 

G ჯგუფში კი დამაჯერებლად იასპარეზეს უნგრეთის და სერბეთის ნაკრებებმა, რომელთა პროგრესიც აშკარაა უკანასკნელი წლების განმავლობაში.

საფრანგეთის მსგავსად, ყველა თამაში მოიგო პორტუგალიის ნაკრებმაც, F ჯგუფიდან კი ბელგიამ და ავსტრიამ პრაქტიკულად უკვე ოთხი ტურის შემდეგ მოიპოვეს ევრო 2024-ის საგზური. ტურნირზე მონაწილეობის უფლება ასევე კარგა ხანია მოიპოვა წინა გათამაშების ფინალისტმა ინგლისის ნაკრებმა.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.