თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნება
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალს წელსაც კინოთეატრი “ამირანი” მასპინძლობს. ფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნება ნანა ჯორჯაძის ფილმით “პეპლების იძულებითი მიგრაცია” (Forced Migration of Butterflies, 2023). ფესტივალზე რეჟისორს საპატიო პრიზით – “ოქროს პრომეთეთი” დააჯილდოებენ.
წელს სექციაში “რეჟისორი ფოკუსში” წარმოდგენილი იქნება პორტუგალიელი რეჟისორი და ვიზუალური არტისტი – პედრუ კოშტა. მასვე გადასცემენ ფესტივალის პრიზს – საპატიო პრომეთეს.
კინოფესტივალის საზეიმო დახურვა-დაჯილდოება შედგება 2 დეკემბერს. დახურვაზე უჩვენებენ რეჟისორ ვეიტ ჰელმერის გერმანულ-ქართულ ფილმს “გონდოლა” (Gondola,2023). დახურვის ცერემონიას დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
წელს კინოფესტივალს ეწვევიან კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნიდან: ბენუა ვოლნე (საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი (გერმანია), დოვერ ქოსაშვილი (ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ. ფესტივალის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში – „ქვეყანა ფოკუსში“ წარმოდგენილი იქნება სომხეთი. კინოფესტივალზე უჩვენებენ საბჭოთა პერიოდში გადაღებულ სომხურ ფილმებს და ასევე, თანამედროვე სომხური კინოს. თბილისის კინოფესტივალს ეწვევა სომეხი კინემატოგრაფისტების დელეგაცია რეჟისორების, პროდიუსერების, სომხეთის კინემატოგრაფთა კავშირის და სომხეთის ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლების შემადგენლობით. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ამო ბეკ-ნაზაროვის 2 ფილმი – „სახლი ვულკანზე“ და „ქვეყანა ნაირი“. აღსანიშნავია, რომ ამო ბაკ-ნაზაროვი არის საქართველოში გადაღებული ფილმის, „მამის მკვლელის“ ავტორი (1923 წ). Მომავალ წელს კი ფესტივალზე მოსალოდნელია სერგო ფარაჯანოვის ფილმების რეტროსპექტივა და მისი ასისტენტის მოწვევა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე.
საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.
მხატვრული ფილმების ჟიური: მარი ამაშუკელი (საფრანგეთი), კატრიელ შორი (ისრაელი), ევა ბლონდიაუ (გერმანია)
დოკუმენტური ფილმების ჟიური: ლუკას დ’ინტრო (იტალია), თომას ჰაიზე (გერმანია), ჯად სალფიტი (ბრიტანეთი)
ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 4 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ასევე 9 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:
- ევროპული ფორუმი
- ევროპული კინოს თვე
- ჰორიზონტები
- დამზადებულია გერმანიაში
- ქვეყანა ფოკუსში – სომხეთი
- ბრიტანული კინო
- რეჟისორი ფოკუსში – პედრუ კოშტა
- სამყარო დოკუმენტურ კინოში
- აპოლო: კინოს მეხსიერება
- განსაკუთრებული სეანსები
- ქართული პანორამა
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე. ინდუსტრიულ პლატფორმაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროდიუსერებს და რეჟისორებს საქართველოდან და სომხეთიდან, რომელთაც აქვთ პროექტები განვითარების საწყის ეტაპზე. თითოეული კატეგორიისთვის (მხატვრული და დოკუმენტური) შერჩეული პროექტების მაქსიმალური რაოდენობა იქნება 10. პროექტები შეირჩევა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ. შერჩეული პროექტების პრეზენტაციის (ფიჩინგის) შემდეგ საერთაშორისო ჟიური გამოავლენს პროექტს, რომელიც მიიღებს შპს “ტერმინალის” მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს 5 ათასი ლარის ოდენობით.
ინდუსტრიული დღეების ფარგლებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება მოწვეული კინოპროფესიონალების ლექციები და პანელ დისკუსიები. ინდუსტრიული დღეების ძირითადი დამფინანსებელია ფრანგული ინსტიტუტის რეგიონული განყოფილება.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ჯილდოს აწესებს. კატეგორიაში “ადამიანის უფლებები კინოში” ჯილდო გადაეცემა დოკუმენტური და მხატვრული მიმართულების გამორჩეულ ფილმებს, რომლებიც წარმოაჩენენ ადამიანის უფლებების თემატიკას.
ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღის აღსანიშნავად ნაჩვენები იქნება ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ლინდსეი ანდერსონის „იღბლიანის“ (O Lucky Man!)
ახლად აღდგენილი, ციფრული ვერსია ქართული სუბტიტრებით.
ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე წელს მერვედ აღინიშნება. ის ინიციირებულია არტ-ჰაუს კინოთეატრების საერთაშორისო კონფედერაციის (CICAE) მიერ და თანადაფინანსებულია „შემოქმედებითი ევროპის“, „ევრიმაჟის“, „ევროპა სინემას“ და გერმანიის ფედერალური კინოცენტრის მიერ.
12 ნოემბერს ევროპის 40 ქვეყნის 700-მდე კინოთეატრში მოეწყობა არტ-ჰაუს ფილმების სეანსები, გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები კინემატოგრაფისტებთან და ბევრი სხვა ღონისძიება.
კინოთეატრი „ამირანიც“ უერთდება კინოს ამ ზეიმს და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით მაყურებელს სთავაზობს ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ლინდსეი ანდერსონის (1923-1984) გახმაურებულ ფილმს „იღბლიანი“.
2023 წელი საიუბილეოა როგორც რეჟისორისთვის, ისე ფილმისთვის. რეჟისორის 100 წლისთავთან ერთად ასევე აღინიშნება 50 წელი ეკრანებზე მისი ფილმის გამოსვლიდან.
ფესტივალი დაიხურება 2023 წლის 2 დეკემბერს.
სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები გამოავლენენ გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე“.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ევროპული კინოს თვეს უერთდება. კინოფესტივალის ინიციატივით ნაჩვენები იქნება ახალგაზრდულ თემატიკაზე შექმნილი შვიდი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. კინოსეანსები, გაიმართება როგორც კინოთეატრ “ამირანში”, ასევე “კავეა გალერეაში”. ძირითადი სექციებისთვის ბილეთები გაიყიდება 24 ნოემბრიდან კინოთეატრ „ამირანის“ სალაროში. სექცია „ევროპული კინოს თვის“ ბილეთები გაიყიდება კავეა გალერეას სალაროში. ბილეთების ყიდვა ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ.
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ევროკავშირი საქართველოსთვის, შემოქმედებითი ევროპა, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ესპანეთის საელჩო, ავსტრიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, პოლონეთის საელჩო, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, ლიტვის საელჩო, ესტონეთის საელჩო, სომხეთის საელჩო, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ რუბენ მამულიანის რეტროსპექტივა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსპორია – თიბისი კონცეპტი და მასტერქარდი. სპონსორები არიან: ტერმინალი, ანფაუნდ დორი, ფექტორი, სასტუმრო “რუმსი”, ბადაგონი.