თბილისის კინოფესტივალი “რეკომენდაციები”
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
26 ნოემბერს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს. რომელი ფილმები ვნახოთ? იხილეთ ნესტან ნენე კვინიკაძისა და თეო ხატიაშვილის რეკომენდაციები.
ნესტან კვინიკაძე, მწერალი, კინომცოდნე
ჩამოცვენილი ფოთლები – აკი კაურისმიაკი
ე.წ. შეუმჩნეველი ადამიანების შესახებ შედევრებს აკი კაურისმიაკი იღებს; სიყვარულის, მოთმენის, მოწყენილობის და სიხარულის ამბებს ყველაზე ოსტატურად სწორედ ის გვიჩვენებს.
კომედიად განსაზღვრულ „ჩამოცვენილ ფოთლებში“, ერთი შეხედვით, ისევ ის გვხდება, რის გამოც ეს ფინელი რეჟისორი გვიყვარს: პროტაგონისტების, ანსას და ჰოლაპას სახლებში ისევ მხოლოდ ძალიან საჭირო ნივთები – მაგიდა, სკამები და ტახტია; ალკოჰოლით გაჯერებულ ბარებში კაურისმიაკის საყვარელი ნეონები მკრთალად სტაბილურად ანათებს; მეგობარ ქალებს კაფეში ისევ სხვადასხვა ფერის წვენი შეუკვეთიათ; კვლავინდებურად, სამსახურის და შემოსავლის გარეშე რჩებიან უიღბლო პერსონაჟები (თუმცა, ყვავილების საყიდლად ფული ყოველთვის მოიძებნება), მაგრამ კაურისმიაკის კომედიაში დროა მძაფრად გამოკვეთილი.
ფილმში კინოდარბაზში მსხდომი ანსა და ჰოლაპა ჯიმ ჯარმუშის „მკვდრები არ კვდებიანს“ უყურებენ, რადიო კი უკრაინაში ომის ქრონიკას გადმოსცემს.
და იქნებ იმიტომ, რომ დღეს ყველაფერი ზუსტად ისე ცუდადაა, როგორც “ჩამოცვენილი ფოთლების” კინოთეატრში ნაჩვენებ ფილმსა და რადიოგამოშვებებშია; იქნებ სწორედ ამის საწინააღმდეგოდ გადიდდა კაურისმიაკის გმირების გულები, გადიდდა მეტად, ვიდრე ეს ასანთის ქარხნის თანამშრომელი გოგონას, „ჰავრის“ ან სამოთხის ჩრდილების შემთხვევაში იყო.
ჩვენს ამღვრეულ, ძნელად მოსახელთებელ ყოფაში ანსას და ჰოლაპას სიყვარული, თუ სიყვარულის მოთმენა, ნაღვლიანი მზერა და ძაღლისთვის დარქმეული სახელი იმდენად დიდი შთაბეჭდილებაა, რომ გულზე ხელდადებული ტირი; როცა სიცოცხლის ჰიმნი ისმის, სხვაგვარად შეუძლებელია.
„იდეალური დღეები“ – ვიმ ვენდერსი
2023 წლის კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ჯილდო კოჯი იაკუშომ მიიღო. ვიმ ვენდერსის „იდეალურ დღეებში“ მსახიობმა ტოკიოს ტუალეტების დამლაგებლის როლი შეასრულა.
ჰირაიმას რუტინა დილით ადრე ადგომას, თავის მოწესრიგებას, ოთახის მცენარეების მორწყვას, საჭირო ინსტრუმენტებით აღჭურვილი ავტომობილით მისამართზე მისვლას და ტუალეტების დასუფთავებას გულისხმობს.
გულმოდგინე მუშაობისას ჰირაიმა პატარა სარკესაც იყენებს იმისთვის, რომ უნიტაზის მიუდგომელი ადგილებიც სათანადოდ გაწმინდოს. ყოველი დღე ასეთია. თუმცა, ამ მოსაწყენ საქმეში ჰირაიმა მაინც ბედნიერია, რადგან შეუძლია ხეებს დააკვირდეს, ფოტოები გადაიღოს, წიგნები იკითხოს და აუდიოკასეტების მდიდარი კოლექციიდან სასურველი მუსიკა შეარჩიოს. მას შეუძლია უმიზეზო სიხარულით გაირთოს თავი.
ამ ფილმით ვენდერსმა თითქოს ოცნებები აისრულა – „იდეალურ დღეებში“ ყველაფერია, რაც რეჟისორს ასე ძალიან უყვარს: ტოკიო, ფოტოები, წიგნები და მუსიკა. მის განსაკუთრებულ წიგნში, სახელწოდებით „წამიერი ისტორიები“, სადაც ვენდერსი, რეალურად, ახალგაზრდობას ემშვიდობება, წერს, რომ უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, კინოს ისტორია ძალიან მოკლეაო.
ვენდერსმა იმუშავა ისეთ ადამიანებთან, ვინც მოღვაწეობა მუნჯ კინოში დაიწყო. დღეს კი იმავე ვენდერსს შეუძლია 3D ფილმიც გადაიღოს. ვიმ ვენდერსმა პოლაროიდებით დაიწყო და დღეს საჭირო მასალას აიქლაუდზე ინახავს. 77 წლის ლეგენდა ფიქრობს, რომ ტექნიკურმა წინსვლამ ჩვენს ქცევასა და კულტურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
„ესაა კულტურული ცუნამი, რომელსაც მძლავრად მიაქვს და მოაქვს რაღაცები. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და ყველგან, გვყავს მეგობრები, რომლებიც არასოდეს თვალით არ გვინახავს, ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვადგება, ვიღებთ მეილებს, რომელიც საერთოდ არ გვჭირდება“.
„ერთი რამ ზუსტად ვიცი, – წერს ვენდერსი, – ადამიანი 2017 წლიდან 30 წლის შემდეგ არ იქნება ისეთი ბედნიერი, როგორი ბედნიერებიც ჩვენ პოლაროიდით სავსე ყუთების დროს ვიყავით.“
„ხმელი ბალახის შესახებ” – ნური ბილგე ჯეილანი
„ხმელი ბალახის“ შესახებ მოსაყოლად თურქ რეჟისორს – ნური ბილგე ჯეილანს 3 საათი და 17 წუთი დასჭირდა. გრძელი ქრონომეტრაჟი ჯეილანისაგან არავის გაჰკვირვებია, მით უფრო, რომ „ხმელ ბალახში“ რეჟისორმა გაამართლა მისეული დინამიკა, მანძილები, ლოკაციის აკვიატება (მოქმედება აქაც ანატოლიაში ხდება).
თოვლიანი სოფელი, სკოლა და ამ სკოლაში მივლინებული ხელოვნების მასწავლებელი, 40 წლამდე სამეტი (დენის ჩელილოღლუ), თავისი მრავალგვაროვნებით, კინოს ისტორიაში ნამდვილად დარჩება გამორჩეულ და, შესაძლოა, საკამათო პერსონაჟადაც. დასაწყისში ის ანტიგმირისთვის საჭირო ყველა თვისებითაა აღჭურვილი. სამეტი შეყვარებულთან, რომელიც სკოლის ინგლისურის მასწავლებელი (მერვე დიზდარი) და, იმავდროულად, პოლიტიკური აქტივისტია, ახალი დაშორებულია (თუმცა, შეყვარებული ბრუნდება). ქალმა ერთი ფეხი დემონსტრაციაზე აფეთქებისას დაკარგა. ამის მიუხედავად, მაინც იმედიანია და ახალ რეალობაში საკუთარი თავის ძებნას აგრძელებს.
სამეტი სოფლის ბინას კოლეგასთან იყოფს. ფრუსტრირებული და პესიმისტი მასწავლებელი მოსწავლეებსაც უიმედობას უნერგავს. სკოლაში მისი ფავორიტი მოსწავლე სევიმია. სწორედ არასრულწლოვანი გოგონას გამორჩეული დამოკიდებულება იქცევა პრობლემად ხელოვნების მასწავლებლისთვის, რომლისთვისაც ერთადერთი სიხარული საკუთარი ფოტოსამყაროა.
ჯეილანი კინოკადრებში ფოტოსურათების შერწყმით საუცხოო ექსპოზიციას ქმნის. და თუ ვიზუალურად ასეთი გამომწვევია რეჟისორის ეს ნამუშევარი, ყველა არსებულ პრობლემაზე სასაუბროდ ის მოკრძალებულ ინტონაციას ირჩევს; ფილმში ქურთების თემაც ჟღერს, პროვინციის სოციალური მდგომარეობაც გაშიშვლებულია და აშკარაა, რომ ბავშვების უფლებები ირღვევა.
„ხმელი ბალახის შესახებ“ სამეტის წერილით სრულდება. ესაა მიმართვა პატარა გოგოს, სევიმისადმი, რაც შეგვიძლია, ზოგადად, თურქი ახალგაზრდებისადმი მიმართვად მოვიაზროთ.
მსახიობმა მერვე დიზდარიმ წლევანდელ ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ჯილდო.
“დაცემის ანატომია” – ჟუსტინ ტრიე
ჯეინ კემპიონის (პიანინოს) და ჯულია დიუკორნოს (ტიტანის) შემდეგ, ჟუსტინ ტრიე კანის კინოფესტივალის ისტორიაში მესამე რეჟისორი ქალია, რომელმაც ოქროს პალმა მოიგო.
ტრიე ამბობს, რომ სურდა გაეკეთებინა რაღაც “très homemade”, ასევე ძალიან ფრანგული… სურდა ღრმად ჩაეყვინთა წყვილის ურთიერთობის საკითხში, ოღონდ სასამართლოს სისტემის პერსპექტივიდან.
“დაცემის ანატომია” საფრანგეთის ალპებში გათამაშებული ოჯახური დრამაა. წარმატებულ კომპოზიტორს დღისით საკუთარი სახლის ეზოში მკვდარს პოულობენ.
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ამის გამოსარკვევად ორ საათზე მეტს გასტანს ტრიეს ტრილერი, სადაც ორი მთავარი სამოქმედო სცენაა: საკუთარი სახლი და სასამართლო დარბაზი. (ჩემთვის ყველაზე საინტერესო კი მანქანის სცენა – მამა-შვილის დუბლირებული დიალოგია.)
სიცივისაგან დაცულ კომფორტულ სახლში შვილით გამყარებული, პროფესიულად წარმატებული ცოლ-ქმრის მრავალწლიანი ურთიერთობის მიღმა, პირადი ჩანაწერებით, საგამოძიებო მასალით, მიმალული ისტორიების და გამოცდილებების გამოაშკარავებით, წყვილის რთული, ბურუსით მოცული თანაცხოვრების სივრცეში ვინაცვლებთ.
ცივი და ემოციებისაგან დაცლილი ატმოსფერო, სწრაფი დიალოგები და დინამიკა, ერთი შეხედვით, მოდუნების საშუალებას არ აძლევს მაყურებელს. როგორც ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ აღნიშნა რეჟისორმა, სამწუხაროდ, ბევრი მაყურებელი ქალი პირადად უმხელს, რომ “დაცემის ანატომიაში” საკუთარი ისტორიები ამოიკითხა.
ჟუსტინ ტრიეს “დაცემის ანატომიაში” მუსიკოსი ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანელი მწერლის როლს სანდრა ჰიულერი გერმანულად, ინგლისურად და ფრანგულად ასრულებს.
წელს მსახიობი სანდრა ჰიულერი კანში ორი როლით იყო წარმოდგენილი;
ჯონათან გლეიზერის ფილ „ინტერესის ზონაში“, რომელიც მარტინ ემისის რომანის მიხედვითაა გადაღებული, ჰიულერმა აუშვიცის კომანდორის ცოლი განასახიერა.
„ოლდ ოუქი“ – კენ ლოუჩი
კანის ფესტივალზე იმედგაცრუება ახლდა 87 წლის დიდი რეჟისორის, კენ ლოუჩის „ოლდ ოუქის“ ჩვენებას. 2016 წელს მისი „დენიელ ბლეიკის“ ჩვენება ჭექა-ქუხილს ჰგავდა. ფილმის ჩვენებები მთელ მსოფლიოში ანშლაგით მიდიოდა, მეტიც, პოლიტიკოსები „დენიელ ბლეიკს“ მნიშვნელოვან გამოსვლებში ციტირებდნენ.
მსოფლიო კინოს დიდოსტატმა წელს კვლავინდებურად სოციალური დრამა გვიჩვენა. თუმცა, სირიელი ლტოლვილების და კეთილი და ბოროტი ბრიტანელების სწორხაზოვანმა წარმოჩენამ ფინალამდე მაყურებლის გულამდე ვერ მიაღწია. მართალია, ჩვენების ბოლოს, დებიუსის კინოდარბაზში, ჩემ გვერდით მსხდომი კრიტიკოსები ერთმანეთს ცხვირსახოცებს სთხოვდნენ, მაგრამ ცრემლიანი აუდიტორიისთვის „ოლდ ოუქი“ მაინც იმედგაცრუებად დარჩა. პრემიერაზე კენ ლოუჩს ტაშს კინოში შეტანილი წვლილისთვის უკრავდნენ. 87 წლის კენ ლოუჩის ”ოლდ ოუქის” ნახვას მაინც გირჩევთ.
“ავტოპორტრეტი ზღვარზე” – ანნა ძიაპშიპა
პირადი ტრავმული მოგონებებით, ძლიერი მეტაფორებით, არქივებითა და ფრაგმენტებით რეჟისორი ანნა ძიაპშიპა საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის პერსონალურ და პოლიტიკურ ბიოგრაფიას წარმოგვიდგენს.
“ავტოპორტრეტი ზღვარზე” ფაქიზი კვლევაცაა და ველური საველე სამუშაოც. რთულ მოგზაურობაში ნარატორი აღჭურვილია ყველა იმ ინსტრუმენტით თუ თვისებით, რაც ზღაპრებში ასე მკაფიოდ იჩენს თავს. სითამამე, მარტოობა, საშიში ზმანებები, გზაჯვარედინები, საზღვრები, ძველი სიმღერები და მეხსიერებაში დალექილი აკვიატებები.
ავტორი მარტოა. მარტოა ბაღის ზეიმზე, სკოლაში, ქორწილში, გზაში, საზღვარზე. მაგრამ, როგორც ზღაპრის მოხერხებულ პერსონაჟს, ამ გამოწვევებში პროტაგონისტს ყოველთვის თან აქვს ის, რაც გამარჯვების თუ გათავისუფლების საშუალებას მისცემს. ამ შემთხვევაში ესაა კამერა (თვალი) და არქივი (მეხსიერება). თვალი და მეხსიერება, როგორც დაკვირვების და საკუთარ თავში მოგზაურობის ინსტრუმენტები.
ტრავმული მოგონებებისაგან გათავისუფლებისთვის ნარატორს კონკრეტული და მძაფრი მიზანი აქვს. ავტორი არავის არაფერს უთანხმებს. მიდის. გადის ზღვარზე.
მდიდარი წარმოსახვით, გამორჩეული და ბრწყინვალე კინოენით ვიზუალური და ხმოვანი ატმოსფერო მაყურებელს იპყრობს. ავტორისეულ მედიტაციაში ესთეტიკა იმარჯვებს, შეიძლება ითქვას, ეთიკაზეც კი. ესაა ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია. ესაა რეჟისორის ავტოპორტრეტი. თანამედროვე ქართული დოკუმენტური კინოს მნიშვნელოვან და გამორჩეულ ნამუშევარს ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი გადაეცა.
“ჯადოსნური მთა” – მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი
(ტექსტი შეიცავს სპოილერს)
დოკუმენტური ფილმი აბასთუმანში მდებარე ცნობილი ტუბერკულოზის დისპანსერის შესახებ იღბლიანი აღმოჩნდა; კინოსურათმა DOK.fest Munich-ზე საერთაშორისო პრემიერის შემდეგ, ბარსელონას, მაკედონიის, სომხეთის კინოფესტივალებზე მთავარი პრიზები დაიმსახურა. IDFA-ს პრესტიჟულ საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე კი “ჯადოსნური მთა” Best of Fests სექციისთვის შეარჩიეს.
რეჟისორი მარიამ ჭაჭია ამბობს, რომ აბასთუმნის ტუბერკულოზის დისპანსერში გადაღებების შესაძლებლობა თავად მისი, როგორც ყოფილი ტუბ-პაციენტის სტატუსის დამსახურებაა.
წლების განმავლობაში ღამის კოშმარში აკვიატებული სივრცე, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ეძახდა.
მარიამ ჭაჭია ამ გამოწვევას იღებს და ჯადოსნურ მთასთან მიდის. პირველივე კადრებიდან მაყურებელიც, ავტორის მსგავსად, აღელვებული მიჰყვება მაცდურ თავგადასავალს.
რეჟისორი, ნარატორი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, მარიამ ჭაჭია ისტორიულ დოკუმენტს საოცარი პოეტური კამერტონით განსაზღვრავს.
ის შეძლებს საბჭოთა წარსულის ისტორიულ შენობაში, ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების იზოლაცია გაარღვიოს და ბანქოს და ნარდის თამაშის ყოველდღიური რუტინის – წამლების მიღების, გადასხმების შუალედებში, სანატორიუმის პაციენტების პირად სივრცეებში მათივე აღსარებების საშუალებით გვამოგზაუროს.
მარიამ ჭაჭია დამკვირვებელიცაა და მონაწილეც; მოჩვენებასავით და იმავდროულად, ორგანულად ის იქ ჩნდება, სადაც უნდა იყოს, რადგან პაციენტები მას ანდობენ ყველაზე ძვირფასს – მოგონებებს.
მოულოდნელობა ”ჯადოსნური მთის” ერთგვარი ბედისწერაა. მოულოდნელია, ისმაილის სიყვარულის ამბავი; სასულიერო პირის მძიმე წარსულის ისტორია; ახალგაზრდა ბიჭის დამძიმებული მდგომარეობა; მოულოდნელია ტუბდისპანსერში თამბაქოს ალი; ექიმების თავდადებული მზრუნველობა; შეუსაბამო პირობების მიუხედავად, მოულოდნელია წამიერი სიხარულები, რაც ზოგ შემთხვევაში უიმედო, ზოგჯერ კი გამოჯანმრთელებას დაქვემდებარებული პაციენტების სახეზე გამოკრთება ხოლმე. მოულოდნელია ფინალი.
ფილმში გარდატეხა მას შემდეგ ხდება, რაც შენობის გაყიდვის შესახებ გაცხადდება.
თხრობა დინამიკას ინარჩუნებს, მაგრამ ზაფრა იმატებს. სცენა, სადაც ხელმძღვანელობა პერსონალს გაგებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ყველაზე ზუსტად ასახავს 50-60-წლიანი სტაჟის, ოდესღაც გოგო-ბიჭების, ახლა კი ასაკში მყოფი პერსონალის ტრაგიზმს და იმედგაცრუებას.
ოლიგარქის სურვილით უნდა დაინგრეს უკანასკნელი დისპანსერი; ასწლოვანი ისტორია; რომანოვებისთვის საბედისწერო, მომსახურე პერსონალისთვის ძვირფასი სამსახური, ათიათასობით პაციენტისთვის კი მყუდრო და საიმედო სახლი.
თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე
აკი კაურისმიაკის „ჩამოცვენილი ფოთლები“/Kuolleet lehdet/Fallen Leaves
აკი კაურისმიაკის „ჩამოცვენილი ფოთლები“/Kuolleet lehdet/Fallen Leaves – ცოცხალი კლასიკოსის გულისამაჩუყებლად სინეფილური ფილმი (თანაც ზედმეტი ინტელექტუალური პრანჭვის გარეშე) უმარტივესი სიუჟეტით, სხვა რეჟისორთან უკმაყოფილოდ რომ აიმრიზები – რა ბანალურია! – ეს სიუჟეტი კაურისმიაკის შეუძლია აქციოს ყველაზე ადამიანურ, გულისამაჩქარებელ, თან არარეალისტურ/სიზმრისეულ, თან სისასტიკემდე რეალურ ფილმ-ზღაპრად, სადაც სინათლე და იმედი იბადება იქ და იმ დროს, სადაც არანაირი ლოგიკით ისინი არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ კაურისმიაკის ლოგიკა ხომ “კარდიოგრამაზე” გადის?!
ვიმ ვენდერსის „იდეალური დღეები“/Perfect Days
თითქოს რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მოსაწყენი და „არაკინემატოგრაფიული“, ვიდრე შუა ხნის ასაკს გადაცილებული მარტოხელა კაცის ცხოვრება, რომელიც საჯარო ტუალეტების დამლაგებელია. პოლ შრეიდერი „ჩამოცვენილი ფოთლებისადმი“ მიძღვნილ პატარა კომენტარში, სადაც იხსენებს ზომბი-ფილმიდან გამოსული პერსონაჟების ეპიზოდს, როცა კამათობენ, რას უფრო ჰგავდა – „სოფლის მღვდლის დღიურს“ თუ „აუტსაიდერებს“? – წერს: ვინ წარმოიდგენდა 60-იან წლებში, რომ ბრესონის აჩრდილი უფრო გრძელი იქნებოდა, ვიდრე გოდარის, რომელიც ახალი დეკონსტრუქციული კინო იყო, ბრესონი კი უცნაური აუტსაიდერი. ბრესონის აჩრდილი თანამედროვე კინოში სულ უფრო გრძელდებაო. არ ვიცი, კაურისმიაკისთან რამდენად გაგახსენდებათ ბრესონი, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია დღეს უკიდურესი მინიმალიზმითა და რუტინული განმეორებადობით ნამდვილი პოეზია დაბადოს ეკრანზე (და ცხადია, აქ ოძუს აჩრდილიც წაიფარფატებს), ეს ვიმ ვენდერსი და მისი „შესანიშნავი დღეა“.
ნური ბილგე ჯეილანის „ხმელი ბალახის შესახებ“/Kuru Otlar Üstüne/About Dry Grasses –
არავის ისე სევდიანად და მომნუსხველი სილამაზით არ გამოსდის თურქეთის პროვინციის ჩვენება, როგორც ნური ჯეილანს. ანატოლიის პატარა სოფელში ჩასული და პედოფილიაში დადანაშაულებული მასწავლებლის გარშემო განვითარებული ინტრიგა ეგზისტენციალური, სოციალური და პატრიარქალურ-კულტურული კრიზისის ფონზე იშლება, რომელში ჩაკარგული ადამიანები გადამხმარ, უსიცოცხლო ბალახებს ემსგავსებიან.
ლავ დიასის „როცა ტალღები დაცხრება“/When the Waves Are Gone
ნარკოტიკებთან ბრძოლის მასშტაბური კამპანიის მონაწილე ლეიტენანტის ისტორიაა, რომელიც წარმატებით იძიებს მძიმე დანაშაულებს, თუმცა ამ პროცესში უამრავ სისასტიკესთან, სიღატაკესთან, ტყუილთან და კორუფციასთან შეჯახება მას საკუთარი თავის გამოძიებისკენაც, მასში ჩაღრმავებისკენ უბიძგებს, როგორც ლავ დიასი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ლეიტენანტ ჰერმესს „დიალოგი აქვს სინამდვილესთან“. ფილმი, რომელიც ჰიუგოს „გრაფი მონტე კრისტოს“ ამბიციურ და შთამბეჭდავ ადაპტაციასაც შეადარეს, აჩვენებს კორუმპირებულ და დიქტატორულ ქვეყანაში ბოროტებასა და სიკეთეს შორის მოშლილ ზღვარს, ფიზიკურად შესაგრძნობ შიშს, რომლითაც გაჟღენთილია საზოგადოება, ლავ დიასისეული „ზანტი“, მოვერცხლისფრო შავ-თეთრი გამოსახულებით, რომელიც კოშმარულ ზმანებასავით იქცევა, მაგრამ რომლის მომნუსხველ ეფემერულობაში არასდროს იკარგება ლავ დიასის მკვეთრი სოციალურ-პოლიტიკური ინტონაციები.
რიუსუკე ჰამაგუჩის „ბოროტება არ არსებობს“/Evil Does Not Exist
თანამედროვე იაპონური კინოს გამორჩეულად საინტერესო ავტორის, რიუსუკე ჰამაგუჩის ახალი ფილმი მოდერნისტული ცივილიზაციის ბუნებასთან შეჯახების სულ უფრო მზარდ და მწვავე პროცესს ეხება. „ტყის სიღრმეში მდებარე პატარა სოფელში ცხოვრობს მარტოხელა მამა პატარა ქალიშვილთან ერთად…“ – როგორც ზღაპარი, ასე იწყება ფილმის ანოტაცია და იმის მიუხედავად, რომ გლობალური პრობლემის სიმძაფრე თანდათან იზრდება და სიმკვეთრეს იძენს, ჰამაგუჩისთვის დამახასიათებელი ეს მშვიდი ინტონაცია ბოლომდე მიგყვება, როგორც განადგურების პირას მდგარი ბუნების ხმა.
საქართველოში, როდესაც ტყვეების, ხეობების, დაცული ტერიტორიების ველური განადგურება მანკიერ პრაქტიკად იქცა, რომლის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს სახელმწიფო ძალით და ცინიკურად უპასუხებს, ეს ფილმი განსაკუთრებით აქტუალურია.
კლერ სიმონის „ჩვენი სხეული“/ Notre corps/Our Body
ფრანგი ფემინისტი ავტორის დოკუმენტური ფილმი პარიზის ერთ-ერთი კლინიკის გინეკოლოგიურ განყოფილებაში განსხვავებული ქალების – ორსული თინეიჯერი, ონკოპაციენტი, ჰორმონალურ მკურნალობაზე მყოფი ტრანსგენდერი ქალი და ა.შ. – ისტორიებს კრებს, რომელიც ძალზე პერსონალურია, მაგრამ აერთიანებთ ქალის სხეული, ქალად ყოფნის გამოცდილება, დაკავშირებული ბრძოლასთან, მარტოობასთან, ტკივილთან და იმ სოციალურ განზომილებებთან, რაც „პირადს პოლიტიკურად აქცევს“.
ვისაც უყვარს კინო, როგორც ნოსტალგიაშეპარული მეხსიერების ადგილი, ვურჩევ პროგრამას – Apollo: Memories of Cinema – თბილისში დაბადებული ჰოლივუდის კლასიკოსის, რუბენ მამულიანის რეტროსპექტივითა და შესანიშნავი სენეგალელი რეჟისორის, ოსმან სემბენეს ფილმით.
ვისაც სურს, უფრო მეტი გაიგოს ჩვენს სამეზობლოზე, მათ კინოზე, რომელიც, წესით, ჩვენთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს, ვურჩევ სომხური კინოს რეტროსპექტივას, რომელიც სომხური კინოს 100 წლისთავს ეძღვნება.