fbpx

კვლავ არგენტინა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება ტრადიციულად მსოფლიო ფეხბურთის მთავარი მოვლენაა და გულშემატკივრები უსაზღვრო მოლოდინით ელიან მას.

გამონაკლისი არც უძველეს მეტოქეებს შორის უკანასკნელი შეხვედრა ყოფილა, რომელიც „მარაკანას“ სტადიონზე, პოლიციელებსა და არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების გამო, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო.

„ალბისელესტე“ გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ გასახდელშიც კი გაიყვანა და თამაში წინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი დაპირისპირების მსგავსად, ჩაშლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა და მასპინძლები მატჩის პირველი წუთებიდანვე შეეცადნენ სათამაშო ინიციატივის ხელში ჩაგდებას მეტოქის ნახევარზე, სადაც ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მაღალ პრესინგს და განზრახ უხეშობასაც მიმართავდნენ.

ყველაზე მეტი სტუმართა საყრდენ ნახევარმცველ დე პაულის ხვდებოდა, რომელიც მაისურზე ჩამოქაჩვით ბრაზილიელი ფეხბურთელების პროვოცირებას ცდილობდა, ეს უკანასკნელნი კი მას ხან სახეში და ხანაც ფერდში ურტყამდნენ, ჯარიმდებოდნენ და წითელ ბარათსაც იღებდნენ, როგორც ეს მატჩის 81-ე წუთზე მოხდა…

არგენტინელებმა მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი დარტყმა გოლად  64=ე წუთზე აქციეს, როდესაც ლო ჩელსოს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ბრაზილიელთა საჯარიმო მოედანში შეჭრილმა ცენტრალურმა მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ აუღებელი თავური დარტყმით მეკარე ალისონისაგან მარჯვენა კუთხის ცხრიანში გაახვია.

ამ ეპიზოდში პირამდე გავსებულ „მარაკანას“ სტადიონზე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ცოტა ხანში გახარებულმა არგენტინელმა ქომაგებმა ეპიზოდური „ოლე ოლეს“ ძახილით ჩაანაცვლეს.

აი სანაქებო „ტორსიდამ“ კი სტადიონის დატოვება მატჩის მე-80 წუთიდან დაიწყო, როდესაც ბრაზილიის ნაკრები მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით დარჩა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მხოლოდ ორჯერ იყო ახლოს მეტოქის კარის აღებასთან, როდესაც პირველი ტაიმის მიწურულს რომერომ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი და 57-ე წუთზე, როდესაც არგენტინის ნაკრების მეკარე გაბრიელ მარტინესმა მოიგერია მასთან პირისპირ დარჩენილი მარტინელის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი.

აღსანიშნავია ჩილელ არბიტრ პიერო მასა გომესის შესანიშნავი მსაჯობა, რომელმაც უდიდესი პროფესიონალიზმით გაართვა თავი მოთამაშეთა გაუთავებელ არასპორტულ საქციელს, რასაც მატჩის დაწყებამდე ტრიბუნებზე ამტყდარმა ცემა-ტყეპამაც შეუწყო ხელი.

არგენტინელებმა ბრაზილიის ნაკრები ბოლო ოთხ მატჩში ანგარიშით 1:0 უკვე მესამეჯერ დაამარცხეს, ერთხელაც გუნდებმა ფრედ 0:0 ითამაშეს. ბრაზილიელებმა კი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს უკანასკნელად 2019 წლის 2 ივლისს კოპა ამერიკის ტურნირზე ანგარიშით 2:0 მოუგეს. 

მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და შესარჩევი ციკლის სატურნირო ცხრილის სათავეში მომავალი წლის სექტემბრამდე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – არგენტინის ნაკრები, ხოლო მეორე ადგილზე კი ურუგვაის ეროვნული გუნდი იქნება. 

მსოფლიოს 1930 და 1950 წლების ჩემპიონმა ურუგვაის ნაკრებმა ბრაზილიის და არგენტინის დამარცხების შემდეგ, შინ იოლი გასეირნება მოაწყო ბოლივიასთან, რომელსაც ანგარიშით 3:0 დარვინ ნუნიესის დუბლით და სტუმართა ავტოგოლით მოუგო.

უჩვეულოა ბრაზილიის ნაკრების მდგომარეობა, რომელიც ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში მისთვის გაუგონარ მეექვსე ადგილზე იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელთა მწვრთნელმა სკალონიმ „მარაკანაზე“ მორიგი ტრიუმფით დაასრულა სეზონი, მან ნაკრებში მუშაობის სათანადო ენერგიის ამოწურვის მიზეზით გუნდიდან წასვლაზე დაიწყო საუბარი, რაც დიდი მწვრთნელის უმაღლესი დონის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. 

აი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს კი გუნდიდან წასვლის სურვილი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, ორი წლის მანძილზე ერთხელაც არ გამოუხატავს.

სამაგიეროდ მწვრთნელი „ნაპოლიმ“ შეცვალა და წლების შემდეგ ამ კლუბში დაბრუნებული ვალტერ მაცარისთვის „ატალანტასთან“ წინააღმდეგ შემდგარი პირველივე დაპირისპირება წარმატებული გამოდგა. 

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ტაიმის მიწურულს თავური დარტყმით გახსნა ანგარიში და ამ გოლით უკანასკნელ სამ შეხვედრაში მეოთხეჯერ ისახელა თავი შოტლანდიის და ესპანეთის ნაკრებებთან გატანილი ბურთების შემდეგ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა მდგომარეობა გამოასწორეს, ანგარიში გაათანაბრეს და სათამაშო ინიციატივაც ხელთ იგდეს, მაგრამ საბოლოოდ მათი მეკარის მიერ ბურთის შეტანისას დაშვებული შეცდომით სტუმართა შემადგენლობაში მოედანზე ცოტა ხნით ადრე გამოსულმა ფეხბურთელებმა – ვიქტორ ოსიმენმა და ელმაზმა ისარგებლეს, როდესაც ნიგერიელმა ფორვარდმა ვარდნაში შესრულებული შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა მაკედონიელი ნახევარმცველი და ამ უკანასკნელსაც გადამწყვეტი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

ხვიჩამ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არც მას და არც მის გუნდს მოედანზე არ შეუქმნია. 

შარშან კი სწორედ „ატალანტასთან“ დაპირისპირების დროს დაფიქსირდა  ისტორიული კადრი, რომელზეც აღბეჭდილია კვარაცხელიას მიერ შვიდი ბერგამოელის გარემოცვაში შესრულებული ცრუმოძრაობა და გატანილი გოლი…

ვალტერ მაცარის სწორედ იმ დონის გუნდის ჩამოყალიბება მართებს, თუკი სურს, რომ იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ღირსეულად ჩააბაროს გამოცდა უახლოეს ორ მატჩში – ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ და სერია A-ს მომდევნო ტურში „ინტერის“ წინააღმდეგ.

„ატალანტასთან“  მოგების შემდეგ „ნაპოლის“ ცოტა დააკლდა სატურნირო ცხრილში „მილანთან“ გათანაბრებამდე, რომელმაც შინ გაჭირვებით, მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია „ფიორენტინას“.

აღსანიშნავია, რომ უკვე მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მასპინძელთა მეკარე მენიომ კარის ხაზიდან ორ მეტრზე მცირე მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია და ამ ისტორიული „სეივით“ „მილანს“ პირველი გამარჯვება მოუტანა სერია A-ში 7 ოქტომბრის შემდეგ.

„იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის ტურის ცენტრალური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, რამაც „ნერაძურის“ „ნაპოლისთან“ შეხვედრამდე პირველი ადგილი შეუნარჩუნა.

ინგლისის პრემიერლიგის გათამაშებას კი ახალი ლიდერი ჰყავს „არსენალის“ სახით, რომელმაც შეხვედრის ბოლო წუთზე კაი ჰავერცის გოლით ლონდონურ დერბიში ანგარიშით 1:0 „ბრენტფორდი“ დაამარცხა.

„არსენალმა“ სატურნირო მდგომარეობა „მანჩესტერ სიტის“ და „ლივერპულის“ მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ გაიუმჯობესა, ხოლო „ასტონ ვილამ“ გასვლაზე „ტოტენჰემის“ ძლევით წლევანდელ სეზონში პირველად შეაბიჯა საუკეთესო ოთხეულში.

„ევერტონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრაში სტუმართა არგენტინელ ლეგიონერ გარმაჩოს მიერ მაკრატელათი გატანილი უაღრესად ეფექტური გოლი კი სავსებით შესაძლებელია,  წლის ბოლოს პრემიერლიგის საუკეთესო გოლად დაასახელონ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.