fbpx

სამი მინიატურა რილკებიჭის შესახებ


გააზიარე სტატია
ავტორი: ლუკა ბაქანიძე
შინაური ცხოველების დღე ყოფილა დღეს და აგერ დავდებ სამიოდე პოსტ-მინიატურას, რომელიც სხვადასხვა დროს მივუძვენი ჩემს ცხონებულ მეგობარს, რილკებიჭს, და მოცალეობის ჟამს შეგიძლიათ გადაიკითხოთ ძვირფასო ფრენდებო.
1.
ჯერ თვეების ლეკვა რო იყო ჩემი ძაღლი, რილკებიჭი, ჯერ რო არ მოგვეარნა ორს ერთად მთელი ქვეყანა, ათი წელი რო არ გვეხეტიალა ჯერ მთებზედ და ტრამალებზედ – ავიყვანე ერთხელ მთაწმინდაზე. ვაჩვევ ტყეს. კოცონს. მაშინ ბევრს ვსვამდი. ჰოდა მთვრალი ჩავიჩეხე სადღაც. ფეხი ვიღრძე. ძაღლმა ერთი დამხედა და გაიქცა, გაქრა. მეწყინა ძალიან. მეთქი ეს სად უნდა ვატარო. ამის იმედად როგორ უნდა ვიყო. შუა ტყეში დამაგდო მარტო. გავიდა ხანი და ვხედავ – დაბრუნდა ძაღლი და თან მოიყვანა ჩემი ძმაკაცი. ოთხი თვის ლეკვი მარტო ჩავიდა უბანში, გააგნო, და მშველელი დამაყენა თავზე… ისე მაგრად მენატრება ხოლმე ძმებო. ისე მაგრად.
2.
ესე არს ძაღლი, რომელთან ერთადაც ფეხით შემოვიარე მთელი ქვეყანა, სვანეთის და თუშეთის გარდა. ძაღლი, რომელმაც ორჯერ გადამარჩინა დახრჩობას. ძაღლი, რომელსაც შეეძლო, მე რო დავიძინებდი, კბილებით გაეხსნა კარვის ელვაშესაკრავი, გარეთ, დილისთვის გადანახული ჰერკულესი ამოეჭამა ქვაბიდან და მერე ყველაფერი ტურებისთვის და მელიებისთვის დაებრალებინა. ძაღლი, რომელიც კალიის ჭრიჭინზე ქვეყანას ანგრევდა ყეფით და მგლის ყმუილზე მშვიდად იწვა და იღიმებოდა. ძაღლი, რომელმაც თევზაობა იცოდა. ძაღლი, რომლის ხათრითაც სამართალდამცავი სტრუქტურები შორიდან მივლიდნენ განგრეულ დაბოლილს. ძაღლი, რომლის გამოისობითაც მატარებლის ვაგონში არ მიშვებდნენ და უპრობლემოდ ვეუფლებოდი ყველაზე კომფორტულ ადგილს – ვაგონებშორის მოკლე დერეფანს. ძაღლი, რომელიც, საღამოობით, მინუს ყინვებში საკუთარი ინიციატივით მითბუნებდა ფეხებს კარავში. ძაღლი, რომელიც, კოცონისპირებზე „მესამე ნაპირის“ წერის დროს, მიყურებდა მაჰატმა განდის თვალებით და სიზარმაცის უფლებას არ მაძლევდა. და ბოლოს, ძაღლი, რომელმაც არ გადაუხვია ჩემს ბედისწერას და ესეც, როგორც დანარჩენები, ნაღდი ჩემიანები, მურტალი და საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა.
3.
ოხრად რო იყრება ინფო, როგორ ელის ცუგა პატრონს, რომელიც ან კვტარია ან შორსაა ან რავი, ჰაჩიკოსეული დუხით მოკლედ, ძაღლები ელიან პატრონებს, ხოდა, ზოგი პატრონიც აეგრე უაზროდ ელის ხოლმე თავის ძაღლს, ძმებოვ. მაგალითად მე. და უცნაური ისაა, რო ბევრი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, მეგობრის სიკვდილი მოვარგე ასე თუ ისე სამყაროსეულ კანონზომიერებას, თანაც, როგორც ჭეშმარიტი მეთევზე, შეუძლებელია რო ერთგვარი ფატალისტი არ ვიყო და ვარ კიდეც, მაგრამ, აგერ ახლა, რო მივეხეტები სადმე მარტო, უცებ წამომივლის და ვიქმ ყოვლად იდიოტურ რამეს – წავუსტვენ, მოვუხმობ ჩემს ცხონებულ ძაღლს, თან მეღიმება რო ვიცი რა სისულელეს ვაკეთებ და მაინც, რავი, აი რა იქნებამეთქი, რა იქნებამეთქი ამის დედაც, რო ატყდეს ბუჩქების ლაწუნი და უცეფ რილკებიჭმა გამოყოს ტყიდან თავი, როგორც ადრე, მე და ეგ რო ბევრი წელი დავდიოდით ორნი მთელ ქვეყანაში და სუ ფეხზე გვეკიდა მთელი ცივილიზაცია, წავუსტვენ და თან აქეთიქით ვიხედები შუა ტყეში, ემანდ ვინმეს მამალი გიჟი არ ვეგონომეთქი.
ერთხელ, ბეთანიისკენ, დავუსტვინე და მართლაც ატყდა ბუჩქების ლაწუნი და გამომხედა ძაღლმა, და ინფარქტმა მხია ლამის, სანამ გავიაზრებდი – უცხო, სხვა ცუგა გამომეპასუხა თურმე… მთაწმინდაზე დავმარხე, კლდის თავზე, 50 კილოიანი ძაღლი ვათრიე ტომრით. მოთხრობაც მაქვს მაგ ამბავზე დაწერილი, „მე ვეხებოდი, ჩუმად თქვა ხელმა“. კაი მოთხრობა. აი იმენა ვაჟაფშაველას საფლავივით, ლოდი წამოვადგი ზედ. ძაან ძნელ გზაზეა და იშვიათად ავდიოდი სანახავად. ბოლოს რო ვიყავი, შეტეხილი დამხვდა მთელი მთა და დაბლა კორპუსის საძირკველს ასხამდნენ მუშები. ჩამოანგრიეს მთელი ტყე, ფიჭვნარი, ნაძვნარი, ამ ბოზიშვილებმა და საფლავიც მოაყოლეს. ხოდა, მაგის თქმა მინდოდა, რო დავიარებითთქო დუნიაზე პატრონი-ჰაჩიკოები, და ხანდახან ვეძახით ჩვენს დაღუპულ ძაღლებს… კვტარს როგორ ვუხმობ? აი ეგრე. ყლეზე მკიდია სიკვდილი და ვუხმობ, ჩემიძმა.

642 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.