fbpx

ანუშკა ჩხეიძე — მუსიკა და ტექნიკა


გააზიარე სტატია

„ტექნიკამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ შექმნა შესაძლებლობებით სავსე სამყარო. სამყარო, რომელშიც ნათლად გამოჩნდა, რომ სინამდვილეში, ყველას თანაბრად შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარი თავი მუსიკაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. ტექნოლოგიამ შეცვალა მუსიკალური ინდუსტრია, მისცა ბიძგი  კომპოზიტორი ქალების სიმრავლეს და წარმოჩენას. ქალების, რომლებიც სინამდვილეში, ყოველთვის ქმნიდნენ მუსიკას და არ ჩანდნენ”.

ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორს და ჩვენი კამპანიის ამბასადორს, ანუშკა ჩხეიძეს მუსიკალურ წრეებში სასცენო სახელით — Halfie იცნობენ. ახალგაზრდა არტისტმა მუსიკის შექმნა 6 წლის წინ დაიწყო, დღეს კი მის შემოქმედებაში უკვე 4 ალბომი და არაერთი საერთაშორისო აღიარებაა. 

 

პირველად იყო მუსიკა

მუსიკასთან შეხება ცხოვრების ყველა ეტაპზე ჰქონდა. ადრეული ასაკიდანვე მღეროდა, ცეკვავდა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა. იცოდა, რომ მუსიკაზე უარს არასდროს იტყოდა, მაგრამ გარკვეულ ასაკამდე წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ტექნიკის მეშვეობით თავად შეძლებდა შეექმნა კომპოზიციები, მუსიკის წერა კი მის ძირითად საქმიანობად და ცხოვრების მთავარ სიყვარულად იქცეოდა. 

მუსიკასთან რაღაც ყოველთვის მაკავშირებდა. ბავშვობიდან ვმღეროდი, ვუკრავდი და ვცეკვავდი, თუმცა, პროფესიულად ამ კუთხით განვითარების შესაძლებლობას ვერ ვხედავდი. ახალ პროფესიებზე ბევრი არაფერი ვიცოდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ არსებობდა საქმე, რომელიც ციფრულ მუსიკასთან დამაკავშირებდა. საბოლოოდ, თავისუფალ უნივერსიტეტში, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩავაბარე. მალევე მივხვდი, რომ საჩემო პროფესია არ იყო, თუმცა საქმის შუა გზაში მიტოვება არ მიყვარს და გადავწყვიტე, სწავლა ბოლომდე გამეგრძელებინა. ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ არსებობდა კრეატიული განათლების სტუდია (CES), სადაც ადამიანები მუსიკის და დიზაინის მიმართულებით შემოქმედებით პროფესიებს ეუფლებოდნენ. ძალიან დავინტერესდი და ერთ-ერთ კურსზე სწავლა დავიწყე. მახსოვს, იმდენად გამიტაცა ამ საქმემ, უნივერსიტეტის მე-2 სართულზე ვიჯექი ხოლმე და უწყვეტად ვმუშაობდი. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ციფრული მუსიკის სამყაროსთან”.

 

პირველი ბარიერი

როგორც ამბობს, მაშინვე მიხვდა, რომ ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. პირველი სირთულეები კი, რაც ამ გზაზე შეხვდა, სფეროში გარკვევა და ტექნიკური მხარის სწავლა იყო. 

„პროგრამის შესწავლის პირველივე ეტაპზე მივხვდი, რომ საჩემო საქმიანობა ვიპოვე. თუმცა, მუდმივად მქონდა განცდა, რომ სხვები ძალიან წინ არიან და მე მათ უნდა დავეწიო. ხარაგაულში გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რომ სახლში ლეპტოპიც გვქონდა და ინტერნეტიც, ტექნიკას სწავლის პროცესში არ ვიყენებდით. ელექტრონულ მუსიკაში პირველი ნაბიჯები კი თავიდან ბოლომდე ტექნიკის და ტექნოლოგიის ათვისებაა. ამ კუთხით ძალიან ბევრის სწავლა მჭირდებოდა. ამასთან ერთად,  ელექტრონულ მუსიკას აქტიურად არ ვუსმენდი, არ ვიცოდი არტისტები, მოკლედ, მსმენელი არ ვიყავი. ეს კი დიდი ბარიერი იყო. ისე არ ხდება, რომ უბრალოდ დაჯდე, რამდენიმე კომპოზიციას მოუსმინო და შემდეგ ასე, მარტივად, შენი შექმნა. თუმცა, მუსიკის წერის იდეა ჩემთვის იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ ამ ბარიერებს არ შევუჩერებივარ და დავიწყე. პირველ რიგში, ტექნიკური მხარე მოვაგვარე და პროგრამა ავითვისე. ზოგადად, მოუთმენელი ვარ – ერთი სული მქონდა, უშუალოდ შექმნაზე როდის გადავიდოდი და მეგონა, ტექნიკური პროცესი მოსაწყენი იქნებოდა, მაგრამ რეალურად, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შემდეგ, გზადაგზა, სფეროს სპეციფიკაშიც გავერკვიე”.

 

მუსიკა, ტექნიკა და სტერეოტიპები

„სტერეოტიპები იყო. მაგრამ არა ოჯახიდან. სახლში რომ ვთქვი, მუსიკა უნდა ვწერო-მეთქი, ჩემს მშობლებს ძალიან გაუხარდათ. უყვართ მუსიკა, უსმენენ, პირველად ფესტივალზეც ერთად წავედით. ახლა ჩემს ლაივებზე ყოველთვის დადიან. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სტერეოტიპებს უფრო გარშემომყოფებისგან გადავაწყდი. როცა დავიწყე, მაშინ ამ სფეროში ძალიან ცოტა გოგო იყო. რატომღაც ჯერ კიდევ არსებობს ეს უცნაური მოსაზრება, რომ ქალები და ტექნოლოგიები ვერ მეგობრობენ. ელექტრონული მუსიკა ხომ ტექნოლოგიებთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. სტანდარტული ტექნიკის, კომპიუტერის და ლეპტოპის გარდა, სხვა, უფრო რთული სპეციფიკა შემოდის — მოდულარი, სინთეზატორი… ფიქრობდნენ, რომ ამ ყველაფრის ათვისება გოგოსთვის რთული იყო. სულ ვგრძნობდი, რომ ეჭვის თვალით მიყურებდნენ, აკვირდებოდნენ, რამდენად მესმოდა, რასაც ვაკეთებდი. უფრო მეტად უკირკიტებდნენ ჩემს საქმიანობას და მოლოდინი ჰქონდათ, რომ რაღაც შეცდომა უნდა დამეშვა. შემდეგ, როცა სხვა საფეხურზე გადავედი, ახალი სექსისტური სტერეოტიპები გაჟღერდა. მაგალითად, ერთხელ ჩემზე ასეთი შეფასება გააკეთეს — „გოგოებში კარგია”. ისეც მომხდარა, ლაივსესიის შემდეგ დიდი წერილი რომ მიმიღია, ყველა არტისტს რომ ძალიან ესიამოვნება, ისეთი ტექსტით, რომელსაც გაღიმებული ვკითხულობდი და ბოლოს ასე დამთავრდა: „რა კარგი იყო, გოგო ასეთ ლაივს უკრავდეს, არ ვიციო”. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. მერე ვეღარ ხვდები, ამ ადამიანს შენი მუსიკა მოეწონა თუ გოგო რომ ხარ, ამან გააკვირვა. ზოგადად, თავდაჯერებული ისედაც არ ვარ და შეფასებები ჩემზე ადვილად მოქმედებს. თუმცა, მაინც ვცდილობ, ასეთ შემთხვევებს ყურადღება არ მივაქციო და ჩემი საქმის კეთება მშვიდად განვაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტერეოტიპი ჯერ კიდევ მძლავრობს, ტექნოლოგიამ მაინც ბევრი რამ შეცვალა. მჯერა, რომ ტექნიკამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ შექმნა შესაძლებლობებით სავსე სამყარო. სამყარო, რომელშიც ნათლად გამოჩნდა, რომ სინამდვილეში, ყველას თანაბრად შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარი თავი მუსიკაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. ტექნოლოგიამ შეცვალა მუსიკალური ინდუსტრია, მისცა ბიძგი  კომპოზიტორი ქალების სიმრავლეს და წარმოჩენას. ქალების, რომლებიც სინამდვილეში, ყოველთვის ჩვენ გარშემო იყვნენ, თუმცა, მათ ვერ ამჩნევდნენ”. 

 

საერთაშორისო აღიარება

კითხვაზე, როდის მიხვდი, რომ გამოგივიდა, დარწმუნებით ამბობს: „ჯერ ვერ მივხვდი”. თუმცა, მუსიკალურმა სამყარომ ანუშკას განსაკუთრებულობა ჯერ კიდევ 2020 წელს შეამჩნია. მისი სადებიუტო ალბომი — ”Halfie” Impala-ს (ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური ასოციაციის) 20 საუკეთესოს შორის დასახელდა. ამსტერდამში ანუშკას საყვარელმა ვინილების მაღაზიამ კი “Halfie” ფავორიტების სიაში განათავსა და ნამუშევრის შესახებ პროფესიონალური  ანალიზიც  გაუგზავნა.

„ზოგადად, აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი არ მგონია. იმას ვგულისხმობ, რომ ჩემი საბოლოო მიზანი აღიარება არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციაა. ჰოლანდიაში წასვლა, რაღაც მხრივ, შინაგანი სურვილი უფრო იყო, ვიდრე კონკრეტული მიზანი. პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ იქაური ლეიბლებისა თუ Vinyl Store-ებისგან ბევრი კარგი უკუკავშირი მივიღე. “Rush Hour” ამსტერდამში ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ვინილების მაღაზიაა, რომელიც თავისი ფავორიტების სიაში ჩემს ალბომებს ათავსებს ხოლმე. არა მხოლოდ ამ ფაქტმა, არამედ მათ მიერ გამოგზავნილმა აღწერამ — ჩემი მუსიკის პროფესიონალურმა შეფასებამ და გაანალიზებამ მიბიძგა, რომ სწავლა ამ ქვეყანაში გამეგრძელებინა”.

 

თბილისის და ამსტერდამის სცენა

„საქართველოში და ჰოლანდიაში მუსიკალური სამყარო ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. იქ მუდმივად ახალ არტისტებს ეძებენ, აინტერესებთ, უსმენენ. ჩვენთან კი უფრო გარკვეული რეგალიის მქონე არტისტებს აფასებენ. ზოგადად, ქართველი მსმენელი ძალიან კრიტიკული, გემოვნებიანი და განსაკუთრებულია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, არტისტებს შემოქმედებაში ბოლომდე არ მიჰყვებიან. შესაძლოა, მუსიკოსს რაიმე სახელი, რეგალია სწრაფად მიანიჭონ, თუმცა მალევე დაივიწყონ. თითქოს მუდმივად საჭიროა, ვინმემ დაადასტუროს, რომ საინტერესო ხარ. ჰოლანდიაში კი სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ, ძალიან აინტერესებთ, რას აკეთებ. მარტივად ვერავის აღაფრთოვანებ, თუმცა საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად უამრავ შესაძლებლობას მოგცემენ”. 

ტექნიკა და კითხვის ნიშნები

„ეს პროფესია მაინც ძალიან ახალია, მუდმივად ვითარდება და ზოგჯერ ადამიანები სერიოზულად არ აღიქვამენ. უფრო მეტად კი ვერ ხვდებიან, რას აკეთებ. უამრავ კითხვას მისვამენ ხოლმე: დიჯეი ხარ? ლაივი რა არის? ლეპტოპით დაკვრა რას ნიშნავს? ეს შენი მუსიკაა თუ სხვისას უკრავ? რა თქმა უნდა, ეს კითხვები ბუნებრივია. როცა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავ, ადამიანი ხედავს, როგორ მოქმედებ, როგორ მოძრაობ. ელექტრონულ მუსიკაზე მუშაობისას კი არ ჩანს, ლეპტოპს მიღმა რას აკეთებ. რეალურად, ეს საქმიანობა ძალიან რთულია. მუდმივად კომპიუტერთან ხარ, ეკრანს უყურებ, უამრავი ტექნიკური დეტალი უნდა გაითვალისწინო. ცოტა ფიზიკაც კი უნდა იცოდე. ეგ სირთულე აქვს ელექტრონულ მუსიკას — იმდენად ბევრი შესაძლებლობა, იმდენად ბევრი ხმაა, ტექნიკურად თუ რაღაც ვერ გათვალე, შეიძლება სხვადასხვა სივრცეში სულ სხვადასხვანაირად გაჟღერდეს და ადამიანმა, უბრალოდ, ვერ მოისმინოს. არადა, გინდა, შენ რაც გულში გქონდა, რითაც შექმნის პროცესში ისიამოვნე, სხვამაც გაიგოს. თუმცა, ზოგადად, პროცესში ზედმეტად პერფექციონისტული მიდგომა არ მიყვარს. შეიძლება დაინახო, რომ პროგრამამ რაღაც გაგიწითლა, გაჩვენა, რომ შეცდომაა, თუმცა, შეიძლება დაუშვა და აპატიო შენს თავს. ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით, იდეალურად გათვალისწინება ზოგჯერ შთაგონებას კეტავს და შეიძლება მუსიკა საერთოდ ვერ დაასრულო. მოკლედ, საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა, ჩემი საქმე იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებს, არ ვწუწუნებ. ლაივის შემდეგაც ხშირად უკითხავთ, რამ დაგღალაო. არადა, შედეგის მიღმა ბევრი რამ გავაკეთე. ჯერ ის მართმევს ენერგიას, რომ ყოველი ლაივის წინ ძალიან ვნერვიულობ და ემოციურად ვიფიტები. ამავდროულად, ბევრს ვმოძრაობ და ფიზიკურად ვიღლები. ზოგადად, ლაივი ჩემთვის დღემდე გამოწვევაა. უამრავი რამ უნდა აკონტროლო — სისწრაფე გჭირდება, ორი ხელი გაქვს, მაგრამ შეიძლება ოთხი ინსტრუმენტი გქონდეს. ნოტებს უნდა უყურო, ხალხს ეკონტაქტო, ტექნიკური მხარე გააკონტროლო… სხვისთვის რომ უკრავ, დიდი პასუხისმგებლობაა. თან მუსიკა ისეთი რამეა, ყურს ვერაფერს გამოაპარებ”. 

 

ტექნიკა და შესაძლებლობები 

„მარტივად რომ ვთქვა, რომ არ ყოფილიყო ტექნიკა, ვერ ვიქნებოდი მუსიკოსი, ანუ ვერ ვიპოვიდი საკუთარ თავს და ვერ ვიქნებოდი Halfie. ვიცი, რომ მუსიკის გარეშე მაინც ვერ მოვისვენებდი და რამეს გავაკეთებდი – თუნდაც ვიცეკვებდი, ვიმღერებდი, თუმცა ეს უბრალოდ ჰობი იქნებოდა და არა პროფესია. „ცოტას ვცეკვავ, ხანდახან ვუკრავ, ხანდახან ვმღერი” — ეს იქნებოდა ჩემი და მუსიკის ურთიერთობა. მართალია, ცოტა ახლაც მერიდება, საკუთარ თავს კომპოზიტორს რომ ვუწოდებ, მაგრამ ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი საქმიანობა. ტექნიკასთან ერთად ძალიან დამეხმარა ციფრული სივრცე. ჩემი მუსიკა სხვადასხვა პლატფორმაზე რომ არ განმეთავსებინა, მხოლოდ სამეგობროს ან ვიწრო Facebook აუდიტორიის სივრცეში დარჩებოდა”. 

ანუშკას პროფესიასთან ტექნოლოგიები მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ეს, ერთი მხრივ, საქმიანობას ართულებს, თუმცა, ამავდროულად, ძალიან საინტერესო გამოწვევაა და როგორც ამბობს, მისი მუდმივი კვლევის და დაკვირვების საგანია. 

„ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად ჩემი საქმიანობაც იცვლება. მუდმივად გჭირდება, რომ განავითარო, ახალი პროგრამა გამოცადო, ტექნიკა გააუმჯობესო, ახალი ხმა, ინსტრუმენტები დაამატო, რომ მოსაწყენი არ გახდეს, რომ ახალი შექმნა. ჩემი საქმიანობა სულ პრაქტიკაა. ყოველი ახალი მოწყობილობა მუსიკალურ ჟანრსაც კი განაპირობებს. მაგალითად, თავიდან Ambient მუსიკით დავიწყე, ცოტა ხნის წინ კი ლაივზე ძალიან დინამიკური, საცეკვაო მუსიკა დავუკარი. ამ კომპოზიციამდე ახალმა ინსტრუმენტმა მიმიყვანა. ამას მუდმივად ვტესტავ, ვიკვლევ და ვაკვირდები”. 

ყოველდღიურ ცხოვრებაში Apple-ის ტექნიკას იყენებს. ახლახან აგენტთან ერთად დაიწყო მუშაობა და მენეჯმენტის, დამკვეთებთან ურთიერთობის პროცესში აქტიურად უწევს ჩართვა. 

„მაკბუქი და ყურსასმენი სულ თან დამაქვს, უცებ რომ მომინდეს რამის გაკეთება, მინდა, მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. თან, თავისუფალ დროს ახალ ალბომებს ვუსმენ და პარალელურად ჩანახატებს ვწერ. ასევე, ყოველდღიურად მიწევს ფაილების მოწესრიგება, ექსელის გამოყენება, ინვოისების გაკეთება… მოკლედ, ტექნიკის გარეშე ვერ ვძლებ, მთელი ჩემი ცხოვრება ციფრულ ტექნოლოგიებთანაა მიბმული. მართლა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ადამიანი ვერ მატკენს ისე გულს, როგორც ტექნიკას შეუძლია მატკინოს, თუ მიღალატა. ამიტომ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევ”. 

როგორც ანუშკა ამბობს, გამოცდილების გაზიარება მისთვის ძალიან სასიამოვნოა და ძალიან გაახარებს, თუ მისი ამბავი თუნდაც ერთი ადამიანისთვის იქცევა შთაგონების წყაროდ. 

„დღეს სამყაროში ტექნიკის მეშვეობით მართლაც განუსაზღვრელი  შესაძლებლობებია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორობა აინტერესებს, უამრავი პროგრამაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც ერთი დაწკაპუნებით  ჩამოტვირთავ. მართალია, ტექნიკურად ძალიან ბევრი რამის სწავლაა საჭირო, მაგრამ, მინიმუმ, იმისთვის, რომ გაიგო, მოგწონს თუ არა, შეგიძლია, უბრალოდ, 1-2 ტუტორიალით სცადო და თუ სიამოვნებას მოგანიჭებს, უკან არ დაიხიო, სწავლა დაიწყო. ჩემს გონებაში გარდამტეხი ეტაპი მაშინ დადგა,  როცა Song Writing-ის და Music Production-ის კურსი დავიწყე, პირველი დავალება გავგზავნე და კარგი შეფასება მოვისმინე. მაშინ ვთქვი, რომ კიდევ ბევრჯერ ვცდი. მაშინ ვთქვი, რომ აღარ გავჩერდები. და არც გავჩერებულვარ”. 

 

კრედიტები:

  • ბრენდი: iTechnics
  • მარკეტინგის მენეჯერი: ნანა ფრიდონაშვილი
  • ბრენდის სტრატეგი: ნინო კუპრაშვილი, ვატო ნინუა
  • კრეატიული დირექტორი: პავლე გაბრიჭიძე
  • კრეატივ სტრატეგი და კოპირაიტერი: ელენე დანელია
  • წარმოების კომპანია: ენკენი ფილმის
  • აღმასრულებელი პროდიუსერი: ბაჩო მებურიშვილი
  • ლაინ პროდიუსერი: სოფო ბენდიაშვილი
  • წარმოების მენეჯერები: ბექა კირტავა, სოფო ორჯონიკიძე
  • წარმოების ასისტენტი: სანდრო მებურიშვილი
  • წარმოების სტაჟიორი: ლიზა წოწორია
  • წარმოების ოფისის მენეჯერი: მარიამ ხიდირბეგიშვილი
  • წარმოების ოფისის ასისტენტი: ინგა დოლიძე
  • წარმოების ფინანსური მენეჯერი: ელენე სადუნიშვილი
  • წარმოების იურისტი: ნანუკა ჭკუასელი
  • რეჟისორი/დამდგმელი ოპერატორი: მახო ყიფშიძე
  • რეჟისორის ასისტენტი: ქეთი ისაკაძე
  • კამერის ასისტენტი: ლევანი ბახტურიძე
  • კამერის მეორე ასისტენტი: ნიკა ბერაძე
  • ფლეიბექ ოპერატორი: ლაშა გულაშვილი 
  • განათების ასისტენტები: ედუარდ შახნაზაროვი, ბექა აფაქიძე
  • დამდგმელი მხატვარი: ნატო ბაგრატიონი
  • დამდგმელი მხატვრის ასისტენტები: ილია მახარაძე, ივანე იაკობიძე
  • კოსტიუმების მხატვარი/სტილისტი: ელენე ბახტაძე
  • გრიმიორი: თეონა ღლონტი
  • თმის სტილისტი: ნინო დაშნიანი
  • მონაწილეობენ: მარიამ სიჭინავა, ბაიკო ფირცხალაიშვილი, ანუკი კონიაშვილი, დიმიტრი რჩეულიშვილი, ანუშკა ჩხეიძე, ლევან გიორგაძე
  • სეტი და ქეითერინგი: ფიესტა
  • მძღოლები: კახა გუგუშვილი, გიორგი არეშიძე
  • კადრირების მხატვარი: ირაკლი თოიძე
  • ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
  • ლეთერინგი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
  • მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე
  • ხმის დიზაინი: გვაჯი (ლენო რექორდს)
  • V.O. ჩაწერა: არტურ სტეპანიანი (voices.ge)
  • V.O. არტისტი: ქეთა შათირიშვილი



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.