fbpx

ლიგაზე ესპანელები დომინირებენ


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის პირველ სათამაშო დღეს დონეცკის „შახტარის“ სასტარტო შემადგენლობაში ბელგიური „ანტვერპენის“ წინააღმდეგ მატჩში, მოედანზე ერთბაშად ორი ქართველი ფეხბურთელი – გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი გამოჩნდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინული კლუბის ფლანგები დაამშვენეს და სრულად ჩაატარეს მნიშვნელოვანი მატჩი, რომლის მოგების შემდეგაც „შახტარმა“ ბოლო ტურში გასვლაზე „პორტოსთან“ გამარჯვების შემთხვევაში, მერვედფინალში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

„შახტარმა“ ბელგიის ჩემპიონს – ჰამბურგის „ფოლკპარკსტადიონზე“ უმასპინძლა და მეტოქეს გამარჯვების გოლი მატჩის დებიუტში გაუტანა, ხოლო პარალელურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ „პორტოს“ ანგარიშით 2:1 დამარცხებით მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.

აი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ კი მადრიდის „რეალმა“ ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა, როგორც ბავშვებს ისე მოუგო და ჩვენც გაგვახსენა შარშანდელი ამავე პერიოდის იტალიის სერია A-ს მომავალი გამარჯვებული, რომელიც „ლივერპულს“ დიდი ანგარიშით ამარცხებდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. 

ხვიჩამ მთელი 90 წუთი დაყო მოედანზე და პირველ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დაცვაში ყოვლად უსისტემო თამაშის კვალობაზე, ვერც ის და ვერც მეორე ტაიმში მოედანზე გამოსული ოსიმენი თამაშში გარდატეხას ვერ შეიტანდნენ.

„რეალს“ გოლები საკუთარი სურვილისამებრ გაჰქონდა, საბოლოოდ ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა და ხუთი ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მსგავსად, წაუგებელია ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.

„მანჩესტერ სიტიმ“ პირველი 45 წუთი ანგარიშით 0:2 დათმო „ლაიპციგთან“, მაგრამ ბოლომდე პატივი სცა სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს, მეორე ტაიმში „უმოტივაციო მატჩი“ შემოატრიალა და საბოლოოდ ანგარიშით 3:2 მოიგო.

ასევე წარმატებულად იასპარეზა ჯგუფურ ტურნირზე ლონდონის „არსენალმა“, რომელმაც მეხუთე ტურში „ლანსზე“ პირველ წრეში მინიმალური ანგარიშით წაგებაზე სასტიკი რევანში აიღო და ფრანგები უხერხული ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

საგულისხმოა, რომ ექვსივე ბურთი სხვადასხვა ფეხბურთელებმა გაიტანეს, რაც უმაღლესი დონის გუნდურ თამაშზე მეტყველებს.

აი სხვა ინგლისური კლუბების – „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ნიუკასლის“ მერვედფინალში გასვლა კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან პირველი საკუთარმა თამაშის ხარისხმა, ხოლო მეორე კი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე მისი კარის მიმართულებით უსამართლოდ დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა გაწირა.

რკინის ნერვების მქონე კილიან მბაპემ პენალტი უნაკლოდ შეასრულა და „ნიუკასლთან“ ნათამაშევი ფრით საკუთარი გუნდი ტურნირიდან გავარდნისაგან  იხსნა.

საინტერესოა, რომ მერვედფინალში გასვლის თეორიულ შანსს აუტსაიდერი „მილანიც“ ინარჩუნებს, თუმცა მისი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კი მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება მერვედფინალში, თუკი ბოლო ტურში „რეკორდმაისტერს“ დაამარცხებს, ხოლო ჯგუფის პარალელური შეხვედრა „კოპენჰაგენსა“ და „გალათასარაის“ შორის ფრედ დასრულდება.  

„მანჩესტერ სიტისა“ და „ლაიპციგის“ მატჩის სცენარის მიხედვით წარიმართა „სევილიას“ და „პსვ“-ს დაპირისპირება და მის მსგავსად ანგარიშით 3:2 დასრულდა, ოღონდ სტუმართა გამარჯვებით.

სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ანგარიში ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულმა სერხიო რამოსმა გახსნა და თანაგუნდელები კიდევ ერთი გოლის გასატანადაც მომართა, რაც „სევილიამ“ მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეძლო.

მასპინძლები აშკარა უპირატესობას ფლობდნენ და მათთვის პირველ მოგებას და მერვედფინალში გასვლაზე ფიქრის დაწყებას თითქოს ხელს არაფერი უშლიდა, მაგრამ მატჩის 66-ე წუთზე მოედნიდან ყველგანმყოფი ოკამპოსი გააძევეს და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

დარჩენილ დროში „პსვ“-ს ფეხბურთელებმა ერთი კაცის უპირატესობა სამ გოლში გარდასახეს, ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი მოიპოვეს და გარდა ამისა, „სევილია“ დიდი ალბათობით „მისივე სახელობის ტურნირზე“ ასპარეზობასაც გამოაკლეს.

დანარჩენი ესპანური კლუბები – „რეალი“, „ბარსელონა“, „სოსიედადი“ და „ატლეტიკო“ კი მერვედფინალში საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურ წარმომადგენლობას შექმნიან.

ოთხივე მათგანი საკუთარ ჯგუფში პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე ჩამოქვეითების საშიშროება მხოლოდ „სოსიედადს“ აქვს, რომელიც ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში მილანში „ინტერთან“ არ უნდა დამარცხდეს. 

სახალისოა „ფეიენოორდისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ მატჩის საგოლე სტატისტიკა, რომელიც მართალია, ესპანელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში მათ მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანეს, ხოლო ჰოლანდიელებმა კი სამი, ოღონდ აქედან ორი საკუთარ კარში…

ესპანელთა ერთადერთი გოლი კი უფრო საფრენბურთო გამოდგა. მიმდინარეობდა მატჩის 57-ე წუთი, როდესაც პაბლო ბარიოსმა მარცხენა ფლანგზე ჩაკიდული გადაცემა განახორციელა მარიო ერმოსოს მისამართით, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად, ერთი შეხებით გადაგზავნა „ფეიენოორდის“ კარის ბადეში. 

E ჯგუფიდან მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ ერთად რომის „ლაციოსაც“ ვიხილავთ, რომელმაც განვლილ ტურში „სელტიკი“ ჩირო იმობილეს დუბლით დაამარცხა.

ვნებათაღელვით აღსავსე გამოდგა „ბენფიკას“ და „ინტერის“ დაპირისპირება, რომლის პირველი ტაიმიც ჯგუფური ეტაპის მიწურულს გამოღვიძებულმა პორტუგალიის ჩემპიონმა ჟოაო მარიოს ჰეთთრიკით – ანგარიშით 3:0 მოიგო. 

მაგრამ მეორე ნახევარში „ნერაძურიმ“ მეტოქე მისთვის დამახასიათებელ სტილში მოახრჩო, სამბურთიანი უპირატესობა გაუნიავა, მატჩის მიწურულს კაცნაკლული დატოვა და კინაღამ მოუგო კიდეც, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში „ძელი ჩამოუღო“.

მილანის „ინტერმა“ სამი გოლი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში „ნაპოლისაც“ გაუტანა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ მატჩში მიმდინარე გათამაშების ლიდერმა საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

„ნაპოლი“ აშკარად ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეს ნებისმიერ სათამაშო ასპექტში,  მთელი მატჩის განმავლობაში სულ ორჯერ იყო ახლოს გოლის გატანასთან და ორივე შემთხვევაში იმარჯვა სტუმართა მეკარე იან ზომერმა.

შარშანდელი ჩემპიონის წაგებით „რომამ“ ისარგებლა, რომელმაც „სასუოლოს“ დამარცხების შემდეგ, უკეთესი ბურთების სხვაობის წყალობით, სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულიდან ამოაგდო იგი.

კონფერენს ლიგის გათამაშების მომდევნო ეტაპზე კი ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში ორ ჩვენ თანამემამულეს – გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ვიხილავთ.

„სლოვანმა“ მეხუთე ტურში ფარერის კუნძულების წარმომადგენელი „კლაკსვიკი“ პირველი მატჩის ანალოგიური ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამ გუნდთან დაკავშირებით ქართველ გულშემატკივრებს მწარე მოგონებები აკავშირებთ, რადგან „მეთევზეების და მასწავლებლების“ გუნდმა სამი წლის წინათ ანგარიშით 6:1 გაანადგურა თბილისის „დინამო“. 

მარცხის მიუხედავად, მაშინ თვალზე ცრემლმომდგარმა ერთ-ერთმა ნორჩმა დინამოელმა ქომაგმა განაცხადა, რომ ჩვენი ერთადერთი გოლი კუნძულელების ერთად აღებულ ექვსივე გოლზე ბევრად მშვენიერი იყოო…   

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.