fbpx

როგორ მოხდა „დიაცის“ გაცნობა – რას გავიგებთ დღეს ? N16


გააზიარე სტატია

 

„დიაცი“ და დიაცნი

„დიაცის“ გოგოებთან საათნახევრიანი ინტერვიუს ხმოვანი ჩანაწერი არ ჩაირთო. ვაჭირე, ვაჭირე, ვაჭირე „play”-ს, მაგრამ ურეაქციოდ, არცერთ ბრძანებას და მუდარას არ დაემორჩილა. როგორ ვენდე საერთოდ ამ ელექტრონულ მოწყობილობას? (განახლება: მოგვიანებით სარეცხს ვყრიდი მანქანაში და ვლოცავდი!) მთავარი საკვანძო ინფორმაცია მაინც დამეწერა კალმით, ფურცელზე! ოჰ, არადა სტატიის წერის ხასიათზე ვარ. დიაც გვანცას მივწერე და, არა უშავს, მზად ვართ ახლიდან მოგიყვეთო. მაგრამ ვიფიქრე, იქნებ ჩემი მეხსიერებით და კრეატივით გავმკლავებოდი პრობლემას. 


ჰოდა, მაშ ასე:
შესანიშნავი ერთკვირიანი მოგზაურობა იმერეთში უსიამოვნო ამბით დავაგვირგვინე. ბევრს რომ ვიღიმი და თბილად ვესაუბრები ადამიანებს, ეგ ყოველთვის კარგი არ არის. ეს სიბრძნე დღეს არ გამიგია, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ გავიაზრე. ღიმილს და თბილ სიტყვებსაც სწორი ადრესატი სჭირდება. მოკლედ, უსიამოვნო ამბავს მოჰყვა ქუთაისში „დებში“ ტარხუნის ღვეზელის ლოდინი გულის გადაყოლების მიზნით, მაგრამ შფოთვა არ დასრულდა. უცებ გვერდზე სივრცეში კარგი ნაცნობი თავის მეგობრებთან ერთად დავინახე, როგორც ჩანს, საუბარი მესაჭიროებოდა და დაუფიქრებლად მოვყევი ჩემი განცდები. მეგობრებს შორის იჯდა „დიაცი“ გვანცა, რომელმაც ჩემი ამბის მოსმენის შემდეგ მთხოვა, თუ შეიძლებოდა, რომ ჩამხუტებოდა. ჰოდა კი, შეიძლებოდა, აუცილებელიც იყო. ასე მოხდა ჩემი და „დიაცის“ გაცნობა. 

„დიაცი“ ჩემთვის პირველ რიგში ოთხი მეგობარი გოგოა, რომლებმაც ზღვა ენთუზიაზმით გადაწყვიტეს ქართულ მუსიკალურ სივრცეში ქალების აღმოჩენა, პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. 

გვანცა, მართა, სალომე ო. და სალომე ვ. ამ თანმიმდევრობით გავიცანი ოთხი სხვადასხვა პროფესიის, მაგრამ საერთო მიზნის, ღირებულებებისა და ინტერესის მქონე ადამიანი. ისინი კეთილი ნებით პოულობენ ქვეყნის მასშტაბით საინტერესო, უცნობ და ნაცნობ ნიჭიერ  რესპონდენტ ქალებს და შესაბამისი სპეციფიკური ლოკაციებიდან ქმნიან „podcast”-ს, სადაც მუსიკოსები გვიყვებიან მათ პირველ კავშირზე მუსიკასთან, განვლილ გზაზე, მიმდინარე შემოქმედებით პროცესსა და სამომავლო გეგმებზე. გარდა იმისა, რომ ახალ შთამაგონებელ ხელოვნებას გვაცნობენ, მათი ბიოგრაფიის მოსმენა ერთმნიშვნელოვნად მამოტივირებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ვერ ბედავს პატარა ნაბიჯებით სიარულსაც კი თავისი ოცნებების ახდენისკენ, ან საერთოდაც გარემო უქრობს მუღამს. ჰო, ზედმეტად ლირიკულად ჟღერს, მაგრამ რეალობაც ასეთია და ვაჟღერებ. ესეც საინფორმაციო ბმული –  https://linktr.ee/diaci_community 

 

რას წარმოადგენს „დიაცი“ მისი შემქმნელებისთვის?


გვანცა – „თავის მალვა არის კარგვა“ და ჩვენ გვინდა დაკარგულად  არავინ იგრძნოს თავი“. 

მართა – „ჩემთვის ნიშანი და შეხსენებაა, რომ შეგვიძლია ყველამ ის ვაკეთოთ, რაც გვაინტერესებს და მოგვწონს. მთავარია, არსებობდეს სივრცე, სადაც საკუთარ თავს გამოავლენთ და საპასუხოდ მოგისმენენ და გაგიგებენ“.

სალომე ო. – „ცოტა ჟანგბადიც, არსებობის შეხსენებაც, სარკეც. sisterhood-ის დასაწყისი. ჩემთვის „დიაცი“ ემოციურად, ზოგადად, დასაწყისის შეგრძნებაა“. 

სალომე ვ. – „Support სისტემაა, სივრცე, რომელიც თავდაჯერებას მმატებს, რომ უფრო ხმამაღალი ვიყო“.

ოდნავ მეტი „დიაცის“ უკან მდგომებზე.

იმ დღეს გადაცემის ჩაწერაზე ვესტუმრე და შიდა სამზარეულოშიც ჩავაწე თითი. აღმოვაჩინე, რომ „დიაცი“ მათი გატაცებაა, ჰობია, შესაბამისად და სამწუხაროდ, დრო თავზესაყრელად ნამდვილად არ აქვთ. გადაღების დღეს ლაღები და გაერთიანებულები ხვდებიან ერთმანეთს დათქმულ ლოკაციაზე. ცხადზე ცხადია, რომ პროცესით უდიდეს სიამოვნებას იღებენ, მიზანი და მისკენ სწრაფვა, იმედია, ამოუწურავ საწვავად აქვთ ქცეული. მიზანი – ჩამოაყალიბონ ხელოვანი ადამიანების საზოგადოება, სადაც ერთმანეთთან იდეებს, ინსპირაციებს და უნარებს გაცვლიან. თითქოს იარსებებს სივრცე მათთვის, ვისაც გვერდზე დგომა და პატარ-პატარა ბიძგები სჭირდება. თვითორგანიზებულ და კარგად შეთამაშებულ სახასიათო პერსონაჟებს – გვანცას, მართას და ორ სალომეს გადასარევად აქვთ გადანაწილებული მოვალეობები, ერთმანეთის კომპეტენციებში უხეშად არ იჭრებიან, ვისაც რა გამოსდის საუკეთესოდ, იმას აკეთებს, პირველ რიგში მეგობრობენ და გულწრფელად ურთიერთობენ, ასეთი გუნდური მუშაობა კი „დიაცის“ უკვე ოცეპიზოდიანი პოდკასტის საწინდარი გახდა. მათი ინტერვიუს სტანდარტისამებრ დიაცებს გამოვკითხე სამომავლო გეგმებზე, საკმაოდ თანმიმდევრული და მტკიცე ნაბიჯები აქვთ გადაწყვეტილი: მეტი კავშირები, კომუნიკაცია და ახალ-ახალი საშუალებები მეტი შემოქმედებითობისა და ხელოვნებისთვის!

ყველა ეპიზოდის დასაწყისში ხმა რომ გესმით, ეგ საავტოროა და სპეციალურად დიაცისთვის შეიქმნა.

დიაცებს თავისი ერთგული მეგობრებიც ჰყავთ, მაგალითად: ასევე ენთუზიასტების შექმნილი „ Tempo radio”, რომელიც ბევრი ასპექტით უჭერს მხარს პოდკასტს. ასევე მარიკო თურმან-მიქელაძე, რომლის საავტორო ინტრო ჟღერს „დიაცის“ ყოველი ეპიზოდის დასაწყისში.

ძალიან მომწონს, რომ ჩემი „დიაცთან“ ურთიერთობაც დიდი სითბოთი და მხარდაჭერით დაიწყო. სასიამოვნოა, როცა ადამიანებს ბუნებრივად გამოსდით გვერდში დგომა და ძალიან „ჭყინტად“ თუ არ გავაჟღერებ, იმასაც ვიტყვი, რომ „დიაცი“ ის ჩახუტებაა, რომელიც ყველას გვჭირდება ხანდახან. 

P.S. გიზიარებთ დიაცების რჩეული ქართველი და უცხოელი  მუსიკოსი ქალების კომპოზიციებს, რომლებითაც ამ ეტაპზე საზრდოობენ, შთაგონებას იღებენ,  იზრდებიან, ტკბებიან და სევდიანობენ. 

 

გვანცა
1. Eleon – შენია ხე და სააქაო  

 

2. My Lands · Anushka Chkheidze 

 

3.გიული ჩოხელი – მზე ჩემი კარგი მეგობარია

 

მართა

1. Aine Merme – All you have to do

 

2. Creams – Need To Talk 

 

3. Patti Smith – Summer Cannibals

 

სალომე ო.

1. ემბრიონი – Spaceball 

 

2. ნატალი ბერიძე – No gravity, no thoughts

 

3. Myra Davies, Gudrun Gut – No Time 


სალომე ვ.
1. Tamo Nasidze – Emil Aus Berlin 

 

2. მანანა მენაბდე – რა გული დავაგე შენად სარებლად

 

3. SOPHIE LIVESTREAM HEAV3N SUSPENDED 

 

ეს ბონუსადო – Caroline Polachek screaming at geese


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.