David Koma-ს ახალ კამპანიაზე ქართულმა შემოქმედებითმა გუნდმა იმუშავა
ქართველი დიზაინერი დევიდ კომა უკვე მრავალი წელია მოდის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მან თავისი ბრენდი David Koma 2009 წელს ლონდონში დააფუძნა და მას შემდეგ აქტუალობას არ კარგავს. დიზაინერის სამოსი არაერთხელ ვიხილეთ ცნობილ ადამიანებზე, მათ შორის ისეთ ვარსკვლავებზე, როგორებიც არიან: ბიონსე, ადელი, დუა ლიპა, სელენა გომესი, კაილი ჯენერი და სხვები.
ახლახან David Koma-მ ჩანთებისა და ფეხსაცმლის კამპანია წარადგინა, რომელზეც სრულად ქართველი პროფესიონალების გუნდმა იმუშავა. გადაღებებში ქართული ფროდაქშენ სააგენტო NOIZY იყო ჩართული, რომლის სახელთანაც არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიაა დაკავშირებული.
View this post on Instagram
გადაღების ინიციატივა თავად დევიდ კომასთან გაჩნდა მას შემდეგ, რაც მან ფოტოგრაფ თორნიკე აივაზიშვილთან ითანამშრომლა. ერთი წლის წინ კომა საქართველოში იყო ჩამოსული. ამ პერიოდში მან “ბორჯომის“ ქილის ლიმიტირებული შეფუთვის დიზაინი შექმნა. კომას და “ბორჯომის” კოლაბორაციული კამპანია სწორედ თორნიკემ გადაიღო. ამის შემდეგ დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ თავისი კამპანია საქართველოში გადაღებულიყო და კომამ არჩევანი კვლავ ფოტოგრაფ თორნიკე აივაზიშვილზე შეაჩერა, რის შემდეგაც იმ შემოქმედებითი გუნდის შერჩევა დაიწყო, რომლებიც პროექტს განახორციელებდნენ. ასე ჩაერთო NOIZY გადაღებებში, რომელიც წარმატებული შედეგით დასრულდა.
At.ge სააგენტო NOIZY-ის გუნდის წევრს, მარიამ იანვარაშვილს ესაუბრა, რომელმაც კამპანიის იდეის, კონცეფციის და სამუშაო პროცესის შესახებ ისაუბრა.
მარიამ იანვარაშვილი, პროდიუსერი: “დევიდ კომა კამპანიის შექმნის ყველა დეტალში იყო ჩართული. თავდაპირველად სტილისტი შეირჩა. თორნიკემ მას ორი სტილისტის მუდბორდი გაუგზავნა, რომელთაგანაც კომამ არჩევანი სალომე ცაბუტაშვილზე შეაჩერა. ამის შემდეგ დაიწყო მოდელის, თმის სტილისტის შერჩევა და სხვადასხვა ტექნიკური დეტალის დაგეგმვის პროცესი. ჩვენ კომას მოდელების რამდენიმე კანდიდატურა შევთავაზეთ, რომელთაგანაც თიკო ჯეჯელავა შეირჩა.”
David Koma-ს ეს პროექტი გამორჩეულია იმით, რომ ბრენდის ისტორიაში პირველად კამპანია მხოლოდ ფეხსაცმელს და ჩანთებს მიეძღვნა. ამ დრომდე მოდის სახლს აქსესუარებისთვის ცალკე გადაღება არ ჰქონია. ასევე აღსანიშნავია ის, რომ გადაღებებზე დიზაინერი ერთსა და იმავე შემოქმედებით გუნდთან თანამშრომლობს. ამ შემთხვევაში კამპანია მთლიანად საქართველოში მომზადდა და ამ პროცესს კომა ფიზიკურად არ ესწრებოდა.
“ბრიფი, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, ის მუდბორდი იყო, რომელიც სტილისტმა კომას შესთავაზა და მან დაამტკიცა. გარდა ამისა, აქცენტი ცხადია, აქსესუარებზე უნდა ყოფილიყო და ამასთან ერთად, ბრენდის ესთეტიკა დაგვეცვა. კოლექციის ინსპირაციაა მარლენ დიტრიხი და მისი სტილის განვითარება 1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე. ეს ინსპირაცია კამპანიაზე მომუშავე გუნდმა ცხადია, გავითვალისწინეთ.
მიუხედავად იმისა, რომ კომა ჩართული იყო კამპანიაში და გარკვეული მითითებები გვქონდა, ის ამავდროულად, შემოქმედებით თავისუფლებას გვაძლევდა, რამაც მუშაობის პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოცდილებად აქცია. მისი სურვილი იყო, რომ ქართულ შემოქმედებით გუნდს მაქსიმალურად გამოევლინა საკუთარი ხედვა და შესაძლებლობები. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დამკვეთისაგან მსგავსი მიდგომა კომერციული გადაღებების დროს ძალიან იშვიათია.”
ისეთი მოდის სახლის კამპანიაზე მუშაობა, როგორიცაა David Koma, ცხადია, დიდ გამოცდილებასთან ერთად, გამოწვევაც არის. ამ შემთხვევაში კი გადაღების სირთულეს ისიც ემატებოდა, რომ დიზაინერი პროცესს ფიზიკურად ვერ ესწრებოდა. თუმცა, როგორც მარიამ იანვარაშვილი გვიყვება, კომამ თავისი დამოკიდებულებით, იდეების მაქსიმალურად კონკრეტულად გადმოცემითა და შეთავაზებული კრეატიული ხედვების გათვალისწინებით, კამპანიაზე მომუშავე გუნდს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა.
“ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის კომას და ბრენდის ნდობის გამართლება იყო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომა კამპანიის დაგეგმვისა და აღსრულების დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, ეს ამ პროექტს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ამოცანად აქცევდა. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ დაკისრებული სამუშაოსათვის თავი ღირსეულად გაგვერთმია. საბოლოო ჯამში ბრენდი კმაყოფილი დარჩა და ჩვენ ეს ფაქტი ძალიან გვახარებს. მეორე მხრივ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა გუნდმაც კომასთან თანამშრომლობით ბევრი რამ ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბრენდებთან თუ გამოცემებთან მუშაობის გამოცდილება NOIZY-ის აქვს, მასშტაბების გათვალისწინებით, ეს კამპანია ნამდვილად განსაკუთრებული იყო. თითოეული ასეთი პროექტი ჩვენს გუნდს ძალიან ზრდის.” – ამბობს მარიამ იანვარაშვილი.
გარდა იმისა, რომ David Koma-ს ეს კამპანია დიზაინერის წარმომავლობის გათვალისწინებით სიმბოლურია, მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული სარეკლამო და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისათვის, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას განაპირობებს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ქართველ პროფესიონალებს საერთაშორისო სტანდარტების წარმატებული პროდუქტის შექმნა შეუძლიათ.
კამპანიაზე იმუშავეს:
- ფოტოგრაფი – თორნიკე აივაზიშვილი (tornikeaivazishvili)
- სტილისტი/არტ დირექტორი – სალომე ცაბუტაშვილი (spookyfrau)
- Makeup – ანა თოდუა (atodua)
- თმა – ვიქტორია გიგიაშვილი (viktoria gigiashvili)
- მოდელი – თიკო ჯეჯელავა
- Production – Noizy (თორნიკე აფრიდონიძე @tornikeapridonidze, მარიამ იანვარაშვილი @mariam.ianvarashvili, სალომე მიქაშავიძე @salomemikashavidze)