fbpx

გამარჯვების ფასი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას განსაკუთრებით დატვირთული ინგლისის პრემიერლიგის გათამაშება აღმოჩნდა, სადაც ერთბაშად ორი ტური ჩატარდა, უაღრესად საინტერესო შედეგები დაფიქსირდა და სატურნირო ცხრილის სიმჭიდროვემ გამოავლინა, თუ რაოდენ დიდია წლევანდელ სეზონში მიღწეული თითოეული გამარჯვების ფასი. 

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის დაძაბულობის ერთ-ერთი შემოქმედი მეთხუთმეტე ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითებული „მანჩესტერ სიტია“.

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ და პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს შორის მატჩში ერთადერთი გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა ლეონ ბეილიმ 74-ე წუთზე დაახლოებით 30-მეტრიანი ინდივიდუალური გარღვევის შედეგად გაიტანა.

მასპინძელთა მარჯვენა გარემარბმა მოედნის სიღრმიდან დაიწყო მსვლელობა, თანდათანობით ტემპს უმატა, ცენტრისკენ გადაინაცვლა, გზად რამდენიმე მოწინააღმდეგეს აუარა გვერდი და სოლო რეიდი აუღებელი დარტყმით დააგვირგვინა.  

პეპ გვარდიოლას ბიჭებმა კი ამ გოლს ვერაფრით უპასუხეს და მოედანი ისე დატოვეს, რომ ხიფათი მხოლოდ შესვენებამდე შექმნეს მეტოქის კართან, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონ მეკარე მარტინესს სამჯერ მოუწია საკუთარი გუნდის გადარჩენა. 

შესვენებამდე „მანჩესტერ სიტის“ გოლკიპერმა ედერსონმაც რამდენიმეჯერ იხსნა  გუნდი აშკარა გოლისგან, მეორე ტაიმში კი საგოლე მომენტებს მხოლოდ „ასტონ ვილას“ ფეხბურთელები ქმნიდნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში დუგლას ლუისმა სტუმართა კარის ძელსაც მოარტყა ბურთი. 

უნაი ემერის გუნდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ლიდერის წინააღმდეგ, რომელთანაც ბურთის ფლობის სარეკორდო, 46%-იან მაჩვენებელს მიაღწია ისე, რომ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.  

ამ მოგებით „ასტონ ვილამ“ წლეულს პირველად შეაბიჯა სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში, სადაც „არსენალის“ და „ლივერპულის“ შემდეგ, მესამე ადგილზე განთავსდა.

პარალელურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ „ჩელსის“ ანგარიშით 2:1 ძლევით, ლიდერთა ოთხეულს მიუახლოვდა, მაგრამ უკვე მომდევნო ტურმა გამოავლინა, რომ იქ შეღწევა მას უკიდურესად გაუჭირდება.

აშკარაა, რომ ბოლო ხანს მანჩესტერელთა ლიდერად შოტლანდიელი სკოტ მაკტომინეი ყალიბდება, რომელმაც „ჩელსისთან“ შესრულებული დუბლით „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებს სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდის მებრძოლი სულისკვეთება გაახსენა, მაგრამ ვერც მან და ვერც გუნდის კაპიტანმა ჰარი მაგუაიერმა ვერ იხსნეს ტენ ჰაგის გუნდი მომდევნო ტურში შინ „ბორნმუთთან“ ანგარიშით 0:3 განადგურებისგან.

სანახაობრივი თვალსაზრისით მე-15 ტურის მშვენებად „ტოტენჰემისა“ და „ვესტ ჰემის“ ლონდონური დერბი იქცა, რომელშიც „სტუმრებმა“ მისაბაძი ფსიქოლოგიური წონასწორობა გამოავლინეს, მეორე ტაიმში მატჩის შემოტრიალება შეძლეს, ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს და პრემიერლიგის გათამაშების ხუთი ტურის წინანდელი ლიდერი სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე ჩამოაქვეითეს.

„ტოტენჰემმა“ ჯავრი „ნიუკასლზე“ იყარა, გაანადგურა რა შარშანდელი სეზონის აღმოჩენა ანგარიშით 4:1, ხოლო ათ ქულა დაკლებულმა „ევერტონმა“ ჯერ „ნიუკასლის“ (3:0) და შემდეგ „ჩელსის“ (2:0) დამარცხებით თავი დააღწია გასავარდნ ზონას, რომელშიც მხოლოდ დებიუტანტები „ლუტონი“, „ბარნლი“ და „შეფილდ იუნაიტედი“ იმყოფებიან. 

პრემიერლიგის მათზე გამოცდილი კლუბების ფინანსური კეთილდღეობის  გათვალისწინებით კი მომავალ სეზონში მათ დიდი ალბათობით კვლავ ჩემპიონშიპში ვიხილავთ. 

ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი ლონდონის „არსენალი“ მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე, „ლუტონის“ანგარიშით 4:3 ძლევის შემდეგ, წინა ტურის გმირ „ასტონ ვილას“ ესტუმრა, რომელმაც „მეთოფეები“ „მანჩესტერ სიტის“ მსგავსად, ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით საბოლოოდ დაამსხვრია პრემიერლიგის „დიდი ექვსეულის“ მითი.

სატურნირო ცხრილის სათავეში კი, „შეფილდ იუნაიტედის“ და „კრისტალ პალასის“ დამარცხების შემდეგ, 16 ტურის მერე „ლივერპული“ მოექცა, რომელიც „არსენალს“ ერთი, ხოლო „ასტონ ვილას“ ორი ქულით უსწრებს.

სერია A-ს გათამაშების ლიდერ „ინტერთან“ მარცხის შემდეგ, „ნაპოლიმ“ მეორეადგილოსან „იუვენტუსთანაც“ მშრალი ანგარიშით წააგო და დაცვაში ყოვლად უსუსური თამაშიდან გამომდინარე, გულშემატკივრებს შორის გარკვეული შფოთვაც კი დათესა პორტუგალიურ „ბრაგასთან“ კარსმომდგარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რადგან სერია A-ს მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზეც ზედიზედ ორჯერ წაგება იტალიის ჩემპიონისთვის ამ ტურნირიდან გამოვარდნის ტოლფასი იქნება.

გათამაშების ლიდერი „ინტერი“ შინ იოლად გაუსწორდა „უდინეზეს“, ხოლო „ატალანტას“ შეცვლაზე შესულმა თავდამსხმელმა ლუის მურიელმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე  განვლილი ტურის ულამაზესი და თანაც გამარჯვების მომტანი გოლი „მილანს“ ქუსლით, ნახევარბრუნში გაუტანა.

„ნაპოლის“ პარალელურად და მის მსგავსად, ანგარიშით 0:1 განვლილ უიკენდზე „ვალენსიაც“ დამარცხდა. 

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს „ხეტაფესთან“ მატჩში შესვენებამდე პრაქტიკულად საქმე არ ჰქონია მოედანზე, მაგრამ  54-ე წუთზე პაულისტას გაძევების შემდეგ მას წამდაუწუმ უწევდა თამაშში ჩართვა ეფექტური ქმედებებით და პერიოდული „სეივებით“. 

შეხვედრის მიწურულს კი ბორხა მაიორალის მიერ ახლო მანძილიდან შესრულებული თავური დარტყმის შემდეგ, მას მაინც მოუწია დაცვაში თანაგუნდელთა ინერტული ქმედებების გამო, საკუთარი კარის ბადიდან ბურთის გამოტანა.

ფეხბურთის მოყვარულებმა დიდი სიამოვნება მიიღეს „ბეტისისა“ და „რეალის“ დაპირისპირების ხილვით, რომლის 88-ე წუთზეც ისკოს მიერ შესრულებული თავური დარტყმა მის ყოფილ თანაგუნდელთა კარის ძელს მოხვდა და აქედან გამომდინარე, „რეალი“ ამ მატჩში შესაძლოა მარცხს გადაურჩა.

ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში კი „ბარსელონამ“ „ჟირონას“ უმასპინძლა. 

ამ დაპირისპირებამდე ლა ლიგას არ ახსოვდა ასეთი დონისა და მნიშვნელობის კატალონიური დერბი, რომელმაც სანახაობრივი და დრამატული თვალსაზრისითაც ახალი სიტყვა თქვა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში.

ანგარიში „ჟირონას“ უკრაინული წყვილის, ციგანკოვ-დოვბიკის მიერ გათამაშებული კომბინაციის შედეგად გაიხსნა, ლევანდოვსკიმ თავური გოლით მალევე აღადგინა წონასწორობა, გუტიერესმა კი საშუალო დისტანციიდან შესრულებული უძლიერესი დარტყმით კვლავ დააწინაურა სტუმრები, რომლებმაც ლა ლიგის ერთპიროვნული  ლიდერის პოზიცია უკვე შესვენებამდე დაიბრუნეს. 

მეორე ტაიმში მატჩის გმირად ცვლილებაზე შესული „ჟირონდას“ ცოცხალი ლეგენდა სტუანი იქცა, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კი თავადაც დალაშქრა „ბარსელონას“ მეკარე ინიაკი პენიას კარის ბადე, დააფიქსირა რა საბოლოო შედეგი – 4:2 „ჟირონას“ სასარგებლოდ.

განვლილი უიკენდის მთავარი სენსაცია კი გერმანიის ბუნდესლიგაში დაფიქსირდა, სადაც „აინტრახტმა“ ანგარიშით 5:1 თვით მიუნხენის „ბაიერნი“ გაანადგურა.

„რეკორდმაისტერმა“ ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, ანგარიში 1:3-მდე შეამცირა და შეხვედრის მეორე ნახევარში თითქოს გულშემატკივრებიც სეირისათვის შეამზადა, მაგრამ სატურნირო ცხრილში მიუნხენელთა უახლოესი მდევრების სასიხარულოდ, ასე არ მომხდარა.

სამაგიეროდ, დაძაბულობით გამორჩეული „დორტმუნდის“ და „ლაიპციგის“ დაპირისპირება გამოდგა, რომლის დებიუტშივე, ჰუმელსის გაძევების შემდეგ, მასპინძლები ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ მოედანზე.

„დორტმუნდელთა“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მატჩის ბოლომდე მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ანგარიში 2:3 გახადეს და საფინალო სასტვენამდე დარჩენილ ორიოდე წუთში კიდევ ორჯერ იყვნენ ახლოს ქულის მოპოვებასთან.

თუკი „ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო, ბუნდესლიგის ლიდერი „ლევერკუზენი“ ზოგადად ტოპ ჩემპიონატების ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და „შტუტგარტთან“ გასვლაზე ფრედ ნათამაშევი მატჩის შემდეგ, იგი „რეკორდმაისტერს“ უკვე ოთხი ქულით უსწრებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.