fbpx

ზამთრის საკითხავი – ლიტერატურა სიცივეებში გადასარჩენად


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

უეჭველია, წელიწადის ყველა დროს თავისი შესაფერისი ლიტერატურა აქვს. საახალწლო განწყობა, ცხელი ჩაი და ორჰან ფამუქის წარმოსახვა, – თბილისში, ალბათ, ახლა თოვსო, – ლიტერატურას ძალიან უხდება. ზამთარზე ან რომანტიკული განცდებით საუბრობენ, ან გალაკტიონს ესესხებიან და ფიქრობენ: როგორმე ზამთარს თუ გადავურჩიო? ამიტომ, როგორც ჰარმონიულ განწყობაზე დასადგომად, ისე ზამთარში „გადასარჩენად“ სპეციალური მხატვრული ლიტერატურა შეგირჩიეთ.

 

  • რეზო ჭეიშვილი – „მუსიკა ქარში“

XX საუკუნის ქართული ლიტერატურა რეზო ჭეიშვილის გარეშე წარმოუდგენელია. გამომცემლობა „დიოგენემ“ ქართველ მკითხველს ბრწყინვალე საჩუქარი გაუკეთა და „მუსიკა ქარში“ გამოსცა. რომანი ომისა და ომისშემდგომ ქუთაისს შეეხება და სხვადასხვა პერსონაჟთა ისტორიების მიღმა ქალაქის მრავალფეროვნებასა და სევდას წარმოგვიჩენს. როგორც აკა მორჩილაძე ამბობს, წარმოუდგენელია, წაიკითხო წიგნი, ჩახვიდე ქუთაისში და ქალაქმა რეზო ჭეიშვილის ისტორიები არ გაგახსენოს. რომანი ნამდვილად აღძრავს მძაფრ და დაუვიწყარ შეგრძნებებს, შეგრძნებებს, რომლებიც ერთხელ გსტუმრობს და აღარსად მიდის. 

 

  • ირაჯ ფეზეშქზადი – „ბიძაჩემი ნაპოლეონი“

თანამედროვე თუ მეოცე საუკუნის ირანულ ლიტერატურაზე მსჯელობა ირაჯ ფეზეშქზადის გარეშე წარმოუდგენელია. „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ მწერლის გამორჩეული რომანია, რომელიც ირანში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება, რასაც პარალელურად გასდევს განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“, რომელიც ერთ დიდ ოჯახს მართავს. ნაწარმოები სოციალურ სატირად მიიჩნევა და ომს, სიყვარულსა და პიროვნულ ტრაგედიას ერთმანეთში ხლართავს. „დიოგენეს“ გამოცემული ეს ნაწარმოები ქართულ ენაზე ბრწყინვალედ თარგმნა თეა შურღაიამ. 

 

  • ზაალ სამადაშვილი – „რასაც ყველა ვერ ხედავს“

თუ თანამედროვე ქართული ლიტერატურის მისამართით სიტყვა „თბილი“ შეგვიძლია გამოვიყენოთ, – ეს ზაალ სამადაშვილის დამსახურებაა. ქართველი მკითხველი მწერლის არაერთ მოთხრობას შესანიშნავად იცნობს და მისი გადაკითხვა არასდროს სწყინდება. კრებული მწერლის ემოციათა ნაყოფია, იმ განცდების, რომელთა გაზიარებაც საზოგადოებისათვის მხოლოდ ფურცელზე გადმოტანით შეიძლება. ზაალ სამადაშვილმა ბრწყინვალედ იცის მკითხველთან ურთიერთობა, რასაც მისი ფანტასტიკური თხრობის ხერხებით შესანიშნავად ვხვდებით. „რასაც ყველა ვერ ხედავს“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა და ლიტერატურის მოყვარულებს ბრწყინვალე საჩუქარი გაუკეთა. 

 

  • ნაჯიბ მაჰფუზი – „გზა“

ძალიან დიდი ეგვიპტელი მწერალი, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ნაჯიბ მაჰფუზი კვლავ ჩვენ წინაშეა. ქართველი მკითხველი მას არაერთი რომანით იცნობს, იქნება ეს „მირამარი“, „როდოპისი“ თუ „ჩვენი უბნის შვილები“. ეს უკანასკნელი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მაჰფუზს დაუწერია და არც მსოფლიოში მეოცე საუკუნის აღიარებულ რომანებს ჩამოუვარდება რამით. „სულაკაურის“ გამომცემლობამ სულ ცოტა ხნის წინ გოჩა კუჭუხიძის ძალიან კარგი თარგმანი გამოსცა. მაჰფუზი კიდევ ერთხელ ჩადის ადამიანის ურთულეს ფილოსოფიურ და ძალიან ღრმა შრეებში. ეგვიპტელმა გენიოსმა შეინარჩუნა თავისი ხელწერა და მიუხედავად იმისა, რომ რომანის მთავარ თემად  რთული საკითხი აირჩია, თხრობის საოცარი ხერხებით მისი მკითხველამდე მიტანა ძალიან ლაღად შეძლო. 

 

  • ჯონ სტაინბეკი – „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“

ამერიკული ლიტერატურის კლასიკოს ჯონ სტაინბეკს საქართველო ბრწყინვალედ იცნობს. სტაინბეკი ჩვენს ქვეყანასაც სწვევია სტუმრად და ქართველ მკითხველს მისი არაერთი რომანი უქცევია სამაგიდო წიგნად. ავტორის ვრცელი თუ მცირე ზომის რომანები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ერთ-ერთი, რაც შეგვიძლია ზამთრის საკითხავებს თვალის დაუხამხამებლად მივაკუთვნოთ, მისი „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ გახლავთ, რომელიც ამჯერად უკვე „სულაკაურის“ გამომცემლობამ გამოსცა. ნიუ-იორკში გაშლილი სიუჟეტი, ოდესღაც მდიდარი და მაღალი საზოგადოების ოჯახის შთამომავალი და ახლა დაცემული ითენ ჰოული. მთავარი პერსონაჟი ძველი დიდების დაბრუნებისთვის ბრძოლაში გამოწვევას იღებს და ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების ხიბლში ვარდება. ვახტანგ ჭელიძის შედევრად ქცეული თარგმანი და ჯონ სტაინბეკის უმაღლესი ლიტერატურული კლასი მკითხველს დაუვიწყარ სამყაროს გადაუშლის თვალწინ.

არ გამოგრჩეთ წიგნები, რომლებიც საახალწლო განწყობასაც უხდება და ზამთრის გადაგორებაშიც ირგებს დამხმარის როლს და დაიწყეთ ახალი წელი საოცარი თავგადასავლებით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.