fbpx

ევროთასების ჯგუფური ეტაპის გამოძახილი


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროთასების ჯგუფური ეტაპის დასრულებასთან ერთად ფეხბურთის მოყვარულებს საკლუბო ფეხბურთის ამჟამინდელი ტენდენციების შეფასების საშუალება მიეცათ.

რა ვიხილეთ ახალი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში? 

დასკვნების გამოსატანად სასურველი იქნება, თუკი თითოეულ ჯგუფს განვიხილავთ ცალ-ცალკე და გავიხსენებთ ზოგიერთ მატჩს.  

A ჯგუფს თავიდანვე „სიკვდილის ჯგუფს“ ვერ დავარქმევდით, მაგრამ „კოპენჰაგენის“ შესანიშნავმა ასპარეზობამ გამოავლინა, რომ პროგნოზი ხშირად არ ამართლებს და სენსაცია ყველგან და ყოველთვის მოსალოდნელია.

დანიის ჩემპიონი წლევანდელი ტურნირის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ექვსივე მატჩში ზღვრული შესაძლებლობები გამოავლინა და თვით „ბაიერნთანაც“ კი შეძლო ქულის მოპოვება.

მაგრამ A ჯგუფმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახით წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სამარცხვინო გუნდიც წარმოაჩინა, რომელმაც ერთადერთი მატჩის მოგება აქ ნახსენებ „კოპენჰაგენთან“ მხოლოდ გამართლების ხარჯზე შეძლო.

მანჩესტერელებს ბოლო ტურში მაინც შეეძლოთ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ოდნავი რეაბილიტირება, მაგრამ მათ „ოლდ ტრაფორდზე“ გასულ კვირას „ბორნმუთთან“ მშრალი ანგარიშით განადგურებას „რეკორდმაისტერთან“ 0:1 მარცხი შემატეს და ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩნენ.

ბოლო ტურში ტურნირიდან გამოვარდნას „პარი სენ-ჟერმენი“ გადაურჩა, თუმცა მერვედფინალში გასული გუნდებიდან იგი უდავოდ ყველაზე ნაკლებ სიმპათიას იმსახურებს.

საფრანგეთის ჩემპიონმა მაღალი დონის სანახაობა მხოლოდ „დორტმუნდის“ და „მილანის“ წინააღმდეგ ჩატარებულ საშინაო შეხვედრებში აჩვენა, ხოლო სხვა დროს მას მსაჯი ან იღბალი მფარველობდა. 

„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელ ლუის ენრიკეს კი ეტყობა, დღემდე აფასებენ როგორც „ბარსელონაში“ 2014/2015 წლების სეზონში მიღწეული საოცარი შედეგების მამოძრავებელ ძალას და არა როგორც გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ფიასკოს მთავარ შემოქმედს…

„ბარსელონამ“ მშვიდად დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი, ხოლო ჩვენ თავი დაგვამახსოვრა „შახტარის“ შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელების – ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის საგოლე გადაცემებით მასთან შეხვედრებში. 

ირაკლი H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა დონეცკელთა მეკარე რიზნიკთან ერთად.

გოჩოლეიშვილი ბოლო ტურში მეორე ადგილოსან „პორტოსთან“ მატჩში ახლოს იყო მეტოქის კარის აღებასთან, მაგრამ პორტუგალიელმა მეკარე დიოგუ კოშტამ მოასწრო მის დარტყმულ ბურთზე რეაგირება.

„შახტარის“ ქართველი ლეგიონერები აწი ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ, სადაც მათ მრავალჯერ მოუწევთ თავის გამოჩენა.

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე კი უკრაინის ჩემპიონთან ერთად „ფეიენოორდს“, „ლანსს“, „გალათასარაის“, „იანგ ბოისს“, „მილანს“, „ბრაგას“ და „ბენფიკას“ ვიხილავთ. 

D ჯგუფში ჩარჩენილ „ზალცბურგთან“ შედარებით პორტუგალიის ჩემპიონის  თამაშის ცქერა რომ უფრო სასიამოვნოა, თუნდაც ანხელ დი მარიას ფაქტორიდან გამომდინარეობს, რომელიც ევროპულ ფეხბურთს სავარაუდოდ, ახლო მომავალში დატოვებს.

„ზალცბურგთან“ მატჩში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი მეტოქის კარში, რითაც ქართველ გულშემატკივრებს 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარებულ ტაშკენტის „ოქროს მატჩში“ თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელ ილია დათუნაშვილის მოსკოვის „ტორპედოსთან“ ანალოგიურად კუთხურიდან ჩახვეული გოლი გაახსენა, რომელიც შეიძლება დღემდე  უმნიშვნელოვანესია ქართული ფეხბურთის ისტორიაში…

„ბენფიკას“ მხოლოდ უკანასკნელ ტურში გაახსენდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა. D ჯგუფის გამარჯვებული კი „სოსიედადი“ გახდა, რომელმაც ბოლო მატჩი ფრედ დაასრულა გასვლაზე „ინტერთან“ და ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე განათავსა სერია A-ს გათამაშების ამჟამინდელი ლიდერი. 

ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმალური რაოდენობით მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ დაასრულეს, მაგრამ მიზნის მისაღწევად ამ გუნდებს ძალების სრული მობილიზაცია არ დასჭირვებიათ.

ამის ნათელი მაგალითებია მათ მიერ ჯგუფში მეორე ადგილოსანი გუნდების, შესაბამისად, „ნაპოლის“ და „ლაიპციგის“ იოლი დამარცხება.

„მანჩესტერ სიტიმ“ ექვსიდან ორ მატჩში მოაწყო „ქამ ბექი“, ხოლო „რეალმა“ კი სამში.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მადრიდელებთან ორივე შეხვედრაში დაწინაურდა, მაგრამ მთლიანობაში იტალიის ჩემპიონმა ისევე უღიმღამოდ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, როგორც საკუთარ ჩემპიონატში და რომელიმე უფრო რთულ ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში ის შეიძლებოდა ვერც გასულიყო მერვედფინალში.

„ინტერის“ და „ნაპოლის“ მსგავსად, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა „ლაციომაც“, თუმცა ამ სამი გუნდიდან დღევანდელი გადასახედით, მხოლოდ პირველს გააჩნია ტურნირის მთავარი ფავორიტებისთვის – „მანჩესტერ სიტისთვის“, „რეალისა“ და „ბაიერნისთვის“ წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

E ჯგუფში „ლაციოს“ მძლეველმა მადრიდის „ატლეტიკომ“ წაუგებლად განვლო ჯგუფური ეტაპი, ხოლო ლონდონის „არსენალმა“ პირველი ადგილი ევროპის ლიგის ყაიდის B ჯგუფში დაიკავა, სადაც „სევილია“ ჩარჩა.

B ჯგუფში გარდატეხა მე-5 ტურში მოხდა, როდესაც ჰოლანდიურმა პსვ-მ გასვლაზე „სევილიას“ დრამატულ ბრძოლაში მოუგო, ცხრილში მეორე ადგილზე განთავსდა და ბოლო ტურში „არსენალთან“ მოპოვებული ქულის მეშვეობით, სამართლიანად მოიპოვა მერვედფინალის საგზური. 

ყველაზე დამაინტრიგებელი კი A და F ჯგუფები აღმოჩნდა, რომლებშიც საბოლოო ცხრილზე თითოეულმა მატჩმა იქონია ზეგავლენა. 

ვინ იფიქრებდა, რომ მეორე ტურში „პარი სენ-ჟერმენის“ ანგარიშით 4:1 განადგურების შემდეგ „ნიუკასლი“ ევროპის ლიგის საგზურსაც ვერ მოიპოვებდა და ჯგუფში პირველ ადგილს ტოპ გუნდების წინააღმდეგ ტრადიციულად სუსტი მეტოქე „დორტმუნდი“ დაიკავებდა? 

მაგრამ „ნიუკასლის“ ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე A ჯგუფის აუტსაიდერ „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ და B ჯგუფის ბოლო ადგილოსან „სევილიასგან“ განსხვავებით, სამარცხვინო ნამდვილად არ ყოფილა.

ჩემპიონთა და ევროპის ლიგის მსგავსად, ჩვენ თანამემამულეებს კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზეც ვიხილავთ, სადაც ბრატისლავას „სლოვანში“ მოასპარეზე გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ევროპის ლიგიდან გამოვარდნილი „აიაქსის“ და „შტურმის“  შემადგენლობაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კიტეიშვილი დაემატებიან. 

ეს კი ნამდვილად კარგი ამბავია საქართველოს ნაკრების ლუქსემბურგთან თამაშის წინ, რადგან ევროთასების პლეიოფის მატჩები მომავალი წლის თებერვლის მეორე ნახევარში, ერთა ლიგის დასკვნით ეტაპამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე განახლდება.

ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს სასურველია, რომ იმ დროისათვის მაქსიმალური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. თანაც, არ უნდა გაგვიკვირდეს გუნდში ჯაბა კანკავას დაბრუნება…

„ბრაგასთან“ მოგების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C ჯგუფის ფინალურ მატჩში თუ შეუერთდება, იტალიის ჩემპიონატის განვლილ ტურში „კალიარის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რომელმაც „ნაპოლის“ სერია A-ს გათამაშებაში საკუთარ კედლებში პირველი გამარჯვება თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ მოუტანა.

განვლილ უიკენდზე თავი გამოიჩინა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმაც, რომელმაც „ბარსელონასთან“ ფრედ 1:1 დასრულებულ მატჩში არაერთ ეპიზოდში გადაარჩინა „ვალენსია“ გაშვებული გოლისაგან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.