მულტიმედიური პლატფორმა “ნაამბობი” ძალადობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
ავტორი: ანო ჭინჭარაული
მულტიმედიური პლატფორმა “ნაამბობი” ძალადობის სხვადასხვა ტიპის შესახებ ინფორმაციას აქტიური ონლაინ კამპანიებისა და კონკრეტული თვალსაჩინო მაგალითების საშუალებით ავრცელებს.
გენდერული ნიშნით ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ინფორმაციის მოძიება დღეს იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში გაიზარდა როგორც ცნობიერება, ასევე იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა საინფორმაციო თუ სამართლებრივ კამპანიებს აწარმოებენ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში დღემდე მწვავედ დგას ოჯახში შშმ პირებზე, ბავშვებსა თუ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებზე ძალადობა, ფემიციდი, სტიგმატიზება და ა.შ.
ხშირად ადამიანებმა არც იციან, რომ ის მახინჯი პრაქტიკა, რაც სხვადასხვა საზოგადოებაში ნორმადაა მიჩნეული, სინამდვილეში არა მხოლოდ უკანონო ქმედება, არამედ შევიწროება და ამა თუ იმ ტიპის ძალადობაა.
არსებულ გამოწვევებთან ბრძოლას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ცნობიერების ზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორედაც რომ ამ ძალადობრივი ნიშნულის შემცირებასა და მსხვერპლთა თავდაცვისათვის.
უკვე სამ წელზე მეტია, რაც მულტიმედიური პლატფორმა “ნაამბობი” ძალადობის სხვადასხვა ტიპის შესახებ ინფორმაციას აქტიური ონლაინ კამპანიებისა და კონკრეტული თვალსაჩინო მაგალითების საშუალებით ავრცელებს.
“გვინდა, რომ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ჩვენი პლატფორმებიდან მიიღებენ, ხმა აიმაღლონ მოძალადეების წინაშე და დაიწყონ ის ბრძოლა, რომელიც ხშირად არ არის მარტივი და შეიძლება მოეჩვენოთ, რომ სრულიად მარტოები არიან, თუმცა დაზარალებულებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ დავეხმარებით, რომ თავი აარიდონ ძალადობას”. – გვიყვება “ნაამბობი”.
დღეს ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხელმისაწვდომი გზა ციფრული მედიაა, შესაბამისად, “ნაამბობი” სწორედ ამ სახის ონლაინ აქტივობებს მართავს.
ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის იქნება ნაცნობი ჰეშტეგი – #მკითხველისნაამბობი, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად უამრავი ქალი ფართო აუდიტორიას საკუთარ ძალადობრივ წარსულს უზიარებდა.
გარდა ინფორმაციის გავრცელებისა, “მკითხველის ნაამბობს” პრაქტიკული შედეგიც მოჰყვა – 17 წლის გოგონამ გაამხილა, რომ მასზე ბიძა სექსუალურად წლების განმავლობაში ძალადობდა და “ნაამბობს” დახმარებისათვის მიმართა. ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი უწყებების ჩართულობის მოთხოვნის შემდეგ, არასრულწლოვან მსხვერპლს სამართლებრივი დახმარება გაეწია, მოძალადეს კი პატიმრობა შეეფარდა.
ასევე, მეგობარ ორგანიზაციასთან ერთად “ნაამბობი” აქტიურად მუშაობდა 13-თვიან კამპანიაზე #მეცშვილივარ, რაც გენდერული ნიშნით ქონების გადანაწილების პრობლემას ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა ცნობიერება და ახლა მოსახლეობა უფრო მეტადაა ინფორმირებული – ქალი და კაცი თანაბარუფლებიანი და თანასწორია.
“ჩვენ ვაწარმოებთ ონლაინ კამპანიებს, რომლებიც სწორედ ძალადობის ამ ფორმების ამოცნობას უწყობს ხელს, ამჟამინდელი მიმდინარე კამპანია #სექსიზმი და სტერეოტიპები iwa georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის განმავლობაში ჩვენ ურთიერთსაპირისპირო ფრაზებს ერთ ქარდად ვაერთიანებთ და ასე ვაჩვენებთ მკითხველს, თუ რაოდენ პარადოქსული შეიძლება იყოს ის სექსისტური და სტერეოტიპული დამოკიდებულება, რაც საზოგადოებაში დღემდე გამჯდარია.
მიუხედავად იმისა, რომ პატარა ორგანიზაცია ვართ, ვცდილობთ, საჭირო ინფორმაციასთან ერთად ჩვენი აქტივობა მრავალფეროვანიც იყოს – ვერთვებით და ვეხმაურებით ყოველდღიურ სოციალურ თემებს. ერთ-ერთი ასეთი იყო #ბავშვიცოლიარარის. ეს ფრაზა საკმაოდ აიტაცა საზოგადოებამ და ვთვლი, რომ სწორედაც იმ სათქმელს ამბობს, რომელი პრობლემის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყნის პატარა გოგონები დგანან. მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად ამავე სახელწოდების მდუმარე აქცია გავმართეთ პარლამენტთან, სადაც მონაწილეები სათამაშოებით, სანთლებითა და ყვავილებით მოდიოდნენ, ეს კი უფრო ნათელს ხდიდა მომხდარ ტრაგედიას”.
სწორედ ეს არის “ნაამბობის” მიზანი – სხვადასხვა სოციალური კამპანიით, მწვავე თემებსა თუ მოვლენებზე აპელირებით ცნობიერების ამაღლება, რომელიც თავის მხრივ საშუალებას მისცემს ძალადობის მსხვერპლ ჩვენს მოქალაქეებს, იბრძოლონ საკუთარი მომავლისა და უფლებებისთვის.
“ნაამბობი” არც სამომავლოდ აპირებს გაჩერებას და სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ კომპანიის მხარდაჭერით გეგმავს, რომ ხმა მიაწვდინოს იმ გოგონებსა და ქალებს, რომლებიც ახლაც საჭიროებენ დახმარებას – ძალადობის მსხვერპლნი არიან, იჩაგრებიან ან საკუთარი ძალებით ცდილობენ გამკლავებას.
აღსანიშნავია, რომ კონკურსზე “მედია თანასწორობისთვის 2023” – კატეგორიაში “საუკეთესო ციფრული პლატფორმა” ქალების გაძლიერებისა და თანასწორობის საკითხების ეთიკურად წარმოჩენისთვის მეორე ადგილი “ნაამბობმა” დაიკავა.