fbpx

“ნუ მიყვირი” – ქეთი ნადიბაიძის პერსონალური გამოფენა ახალი ნარატივების გალერეაში


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა დონაძე

25 ნოემბერს, შემოქმედებითი გაერთიანების, “სპექტრის” ორგანიზებით, ახალი ნარატივების გალერეაში ქეთი ნადიბაიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ქეთი ნადიბაიძის შემოქმედებას დამთვალიერებელი თეატრისა და კინოს, ფესტივალების, კონცერტებისა თუ პერფორმანსების მხატვრული გაფორმებისა და დიზაინის სახით იცნობს. 

“ნუ მიყვირი” 2020-2023 წლებში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს, სხვადასხვა ტიპის ქსოვილზე დაქარგულ სიტყვებსა და მოკლე ფრაზებს; უკონტექსტოდ ამონათქვამს, ყოველდღიური ცხოვრების იმპულსურ წამოძახილებს, რომლებიც ავტორისთვის ბიოგრაფიული, ინტიმური ტკივილებისა და ისტორიების მატარებელია.

“უხამსი, უხეში, სასოწარკვეთილი, ტოქსიკური, ყველაზე მეტად კი უხერხული შინაარსების რეპრეზენტირებისთვის არტისტი ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე „ფემინურ“ მედიუმს იყენებს”. – ვკითხულობთ კურატორის, ელენე ფასურის ტექსტში – “ნაქარგის ტრადიციულობა, მისი შექმნის ნელი ტემპი, სიღრმე და დეტალებზე ორიენტირებულობა შეუსაბამოა იმ დამუხტულ, ბასრ რეფლექსიებთან, რომელსაც ადამიანი ძალაუფლებრივ გარემოსთან გამკლავებაში იყენებს.” Პატრიარქატის ენაში წარმოებული დიალოგი სხვადასხვა სათუთ, დეკორატიულ ქსოვილზეა აისახება – ძირითადად ხელსაწმენდებზე, ყაისნაღით გაფორმებულ სალამბაქეებზე, საბნის პირზე თუ ჩაის ტილოზე.

არტისტის თქმით, ეს ცენზურის გარეშე შექმნილი ნამუშევრები არა ტრავმების დავიწყების, არამედ დაგროვილი შეგრძნებების შეულამაზებლად გაზიარებისა და გაშვების ფორმაა – ერთგვარი თვითთერაპია. 

გამოფენის ყველაზე ხმამაღალი ნამუშევარი გალერეის ფასადზეა განთავსებული: არტისტმა მთელს შენობას მწვანე სამშენებლო ბადე შემოაკრა და მასზე ვარდისფერი ძაფით გამოფენის სათური ამოქარგა. გამოფენისთვის საკვანძო მეორე ნამუშევარი “გახსოვდეს” ასევე სამშენებლო ბადეზეა დაქარგული, რაც ინტერიერსა და ექსტერიერს შორის კავშირს ქმნის და ექსპოზიციის სათქმელსა და დრამატურგიას კრავს. 

“Ნუ მიყვირი”  25 ნოემბერს გაიხსნა და მისი ნახვა 24 დეკემბრამდე, ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას, 14:00-დან 21:00 მდე იქნება შესაძლებელი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.