fbpx

საფეხბურთო მოედნებზე და მათ მიღმა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2023 წელი გამორჩეულ თარიღად შევა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რადგან წლის ბოლოს მოედნის მიღმა მომხდარმა კატაკლიზმებმა სავსებით შესაძლებელია, რომ სამომავლოდ უშუალოდ საფეხბურთო მოედნებზე მიმდინარე პროცესებზეც მოახდინოს ზეგავლენა და ფეხბურთი მხოლოდ ფულის საჭრელ დაზგად აქციოს.

ევროპის სასამართლოს მიერ ფიფას და უეფას დადანაშაულება საფეხბურთო სუპერლიგის მიმართ კონკურენციის კანონის დარღვევაში სწორედ ამ მიზნის განხორციელებას უწყობს ხელს.

თუმცა, უკვე ახლავე ნათელია, რომ თვით ფეხბურთის ფედერაციები არ დაუშვებენ ეროვნული ჩემპიონატების დაკნინებით გამოწვეული გრანდიოზული შემოსავლის წყაროს შემცირებას და მილიონობით გულშემატკივრის საპროტესტო განწყობაზე დაყრდნობით მოახერხებენ მადრიდის „რეალის“, „ბარსელონას“ თუ სამომავლოდ მათი მიმბაძველი სხვა ურჩი კლუბების დაყოლიებას.

მაგრამ ამაზე ფიქრს მომავალშიც მოვასწრებთ, ჯერჯერობით კი უფრო საინტერესო ამბები, საბედნიეროდ, მოედნებზე ხდება, რადგან გასულ კვირას ევროპის წამყვანი ჩემპიონატები, ინგლისის პრემიერლიგის გამოკლებით, მცირე საახალწლო შესვენებაზე გავიდნენ. შვებულების წინ კი ლიდერის პოზიციის მოპოვება ან მისი შენარჩუნება ზოგიერთი გუნდისთვის ძირითად ამოცანად იქცა.

ლა ლიგის გათამაშების მე-18 ტურში, როდესაც  „ბეტისის“ და „ჟირონას“ მატჩის 88-ე წუთზე სევილიელთა არგენტინელმა მცველმა ჟერმან პეცელამ დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, მხოლოდ მაშინ გაახსენდათ სტუმრებს, რომ მათ ერთპიროვნულ ლიდერობას ცოტა ხანში საფრთხე დაემუქრებოდა მადრიდის „რეალის“ „ალავესთან“ გამარჯვების შემთხვევაში და დარჩენილ დროში მთელი ძალით ეკვეთნენ მეტოქეს. 

მაგრამ ამ დროს იმატა მასპინძლების მიერ მათი კონტრშეტევაზე გამოჭერის საშიშროებამაც. წაგება კი „ჟირონას“ მადრიდის „რეალის“ ერთი ქულით წინ გაშვებად შეიძლებოდა დასჯდომოდა. 

საბოლოოდ ამ მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა და მისი დასრულებისთანავე ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება „ალავესისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაზე გადაერთო.

ბასკების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მადრიდელებს მათ ღირსეული დახვედრა მოუწყვეს და ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი სიტუაცია დრამატულად შეიცვალა, როდესაც ისედაც ტრავმებით განახევრებული მადრიდის „რეალი“ მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით დარჩა, რამაც სტუმართა მიერ სამი ქულის მოპოვების შანსი კიდევ უფრო შეამცირა.

„რეალის“ მოგების მცირე ალბათობას უცნაური სტატისტიკაც ამყარებდა, რომლის თანახმადაც მსოფლიო ფეხბურთის ლიდერს ლა ლიგის გათამაშების მე-18 ტურში უკანასკნელად 2015/2016 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული!

„ჟირონას“ ფეხბურთელებიც უკვე სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის შენარჩუნების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, როდესაც „რეალმა“ შეხვედრის დამატებულ მეორე წუთზე ნამდვილი ლიდერის სტატუსი გამოავლინა და ტონი კროოსის მიერ „ალავესის“ საჯარიმოში ჩაკიდებულ მორიგ ბურთს იქ მასპინძელთათვის მოულოდნელად გაჩენილმა ლუკას ვასკესმა დაახვედრა თავი და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ „რეალი“ ქულებით კვლავ გაუთანაბრდა „ჟირონას“, ხოლო ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით მან ლიდერის პოზიციაც აღიდგინა.

„ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ ლიდერებს შვიდი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ამ ბოლო ხანს მათზე შთამბეჭდავ ფეხბურთს „ბილბაო“ უჩვენებს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ამჟამად მეხუთე ადგილოსანი ბასკური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მოხვედრისთვისაც იბრძოლებს. 

ოპტიმისტურ ნოტაზე გავიდა შესვენებაზე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“, რომელმაც მე-18 ტურში გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 1:0 „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილის შუაგულში, მე-10 ადგილზე განთავსდა.

იტალიაში კი ამ ბოლო ხანს გიორგი კვერნაძის სახით, მოედანზე კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე გამოჩნდა. 

ბედის ირონიით, თასის გათამაშებაში მისი გუნდი „ფროზინონე“ სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და იტალიის ჩემპიონი გასვლაზე ანგარიშით 4: 0 გაანადგურა.

ქართველები მოედანზე პირისპირ ერთმანეთს არ შეხვედრიან, რადგან კვერნაძე მოედანზე შესვენებამდე  გამოჩნდა, ხოლო კვარაცხელია კი ოსიმენთან ერთად 63-ე წუთიდან, როდესაც ტაბლოზე ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო.

საინტერესოა, რომ „ფროზინონეს“ მწვრთნელმა დი ფრანჩესკომ კვერნაძე სერია A-ს უკანასკნელი ტურის მატჩში „იუვენტუსის“ წინააღმდეგაც გამოიყვანა მოედანზე და თანაც მაშინ, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 1:1 იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გამარჯვების გოლი ტურინელებმა გაიტანეს და დებიუტანტიც დაამწუხრეს საახალწლო შესვენების წინ.

„ნაპოლიმ“ კი თასიდან გამოვარდნას „რომასთან“ პრინციპულ შეხვედრაში ანგარიშით 0:2 მარცხიც დაურთო.

ამ წაგებამ გუნდის სრული კოლაფსი წარმოაჩინა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე ჩამოაქვეითა იგი.

სერია A-ს გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს მილანის “ინტერი“, რომელმაც გასულ კვირას „ბოლონიასთან“ იტალიის თასიდან გამოვარდნით გვაუწყა, რომ მისი მიზანი წლეულს „სკუდეტოს“ და 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა „მანჩესტერ სიტიმ“ კი გასულ კვირას კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი „ცალი ფეხით“ მოიგო.

გადამწყვეტ მატჩში პეპ გვარდიოლას გუნდმა ლიბერტადორესის თასის მფლობელი „ფლუმინენსე“ მიწასთან გაასწორა ანგარიშით 4:0. 

მანჩესტერელთაგან არ უნდა გაგვიკვირდეს ნახევრად ამხანაგურ ტურნირზე ასეთი ბრაზიანი ასპარეზობა, რადგან როგორც ჩანს, გვარდიოლამ ისარგებლა მომენტით და ჩინებული რეპეტიცია ჩაატარებინა გუნდს პრემიერლიგის „ბოქსინგ დეის“ მატჩების წინ, რომლებშიც, სავარაუდოდ, „მანჩესტერ სიტი“ ქულებს აღარ გაანიავებს და სერიოზულად შეუდგება მეოთხე ადგილიდან ლიდერის პოზიციის დაბრუნებისთვის ბრძოლას.

მანჩესტერელთა არყოფნაში კი პრემიერლიგის განვლილ ტურში ქულები მისმა ყველა მთავარმა კონკურენტმა დაკარგა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ლივერპულმა“ და „არსენალმა“ ფრედ 1:1 ითამაშეს, ხოლო „ასტონ ვილამ“ კი წინა დღით აუტსაიდერ „შეფილდ იუნაიტედთან“ მატჩის ანალოგიური ანგარიშით დასრულების შემდეგ, ხელიდან გაუშვა სეზონში პირველად სატურნირო ცხრილის სათავეში აღზევების შანსი.

„ჩელსის“ ემსგავსება „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც ამჯერად „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა და „ბოქსინგ დეის“ წინ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე ჩამოქვეითდა.

გერმანიის ბუნდესლიგაში კი „ლევერკუზენის“ სახით შესაძლოა, ახალი ჩემპიონი ვიხილოთ.

ამბიციურ კლუბში შარშან მწვრთნელის პოსტზე ჩაბი ალონსოს მისვლის შემდეგ, გუნდმა უკანასკნელად მაისში „რომას“ წინააღმდეგ ევროპის ლიგის ნახევარფინალში წააგო. მას შემდეგ კი „ლევერკუზენი“ დაუმარცხებელია, ბუნდესლიგის გათამაშებაში „ბაიერნს“ ოთხი ქულით უსწრებს და 100%-იანი მოგებების სერიით განაგრძობს ასპარეზობას როგორც ევროარენაზე, ისე გერმანიის თასზეც.

მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბუნდესლიგის ჩემპიონატში „რეკორდმაისტერს“ ერთი მატჩით აქვს გამოტოვებული „უნიონის“ წინააღმდეგ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.