fbpx

საახალწლო და საშობაო ფილმები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

საახალწლო არდადეგების პერიოდი დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა კიდევ ერთხელ გადავხედოთ საახალწლო და საშობაო ფილმებს, რომლებიც კლასიკად იქცნენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტრიმინგ პლატფორმების განვითარებასთან ერთად, საშობაო ფილმებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ეს მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: სადღესასწაულო განწყობა, ნოსტალგია, ისკეიპიზმი და სხვა. ამ დროს ხშირად მოისმენთ შეკითხვას, მაინც რა არის საახალწლო და საშობაო ფილმი? ზოგჯერ მხოლოდ სადღესასწაულო თემატიკა არ არის საკმარისი და რაღაც განსაკუთრებული ელემენტია საჭირო იმისთვის, რომ საშობაო ფილმებს წელიწადის ამ დროს ტრადიციულად დავუბრუნდეთ. 

 

ეს საოცარი ცხოვრება – It’s a Wonderful Life (1946)

ფრენკ კაპრას 1946 წლის ფილმი საშობაო კლასიკაა. „ეს საოცარი ცხოვრება“ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა და იმედი მისცა ამერიკელთა თაობას, რომელიც გლობალური დესტრუქციის შედეგებს უმკლავდებოდა. ჯეიმს სტიუარტი სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანს განასახიერებს, ის სიცოცხლის სურვილს მას შემდეგ დაიბრუნებს, როდესაც მფარველ ანგელოზს შეხვდება და პერსონაჟს მის გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაზე გავლენას დაანახებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა ოსკარის 5 ნომინაციაში გაიმარჯვა,  ის კომერციულად წარმატებული არ ყოფილა. მეტიც, ფილმმა საშობაო კლასიკის სტატუსი მისი გამოსვლიდან სამი ათწლეულის შემდეგ შეიძინა. კაპრას ფილმი სადღესასწაულო ხალისსა და კომპლექსურ თემებს ეფექტურად აერთიანებს, შედეგად, „ეს საოცარი ცხოვრება“ არა მხოლოდ საშობაო, არამედ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად არის აღიარებული. მისი გრძელვადიანი მემკვიდრეობა კი აუდიტორიას ყველაზე მნიშვნელოვან და მარადიულ საშობაო საჩუქარს ახსენებს – საყვარელ ადამიანებს. 

 

ფანი და ალექსანდრე – Fanny and Alexander (1982)

1907 წელია. უფსალაში  მდინარის ნაპირები თოვლშია ჩაფლული, ლამპიონები ანათებს, ქუჩაში ზარების ხმა ისმის. ეკდალების ოჯახი 43-ე შობას აღნიშნავს – სახლში დიდი სუფრაა გაშლილი და ნაძვისხეც მორთულია. ინგმარ ბერგმანის ეპიკური ოჯახური საგა ამავდროულად ბიოგრაფიული ფილმიცაა, ის 10 წლის ალექსანდრეს თვალით დანახულ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თავად რეჟისორის პროტოტიპია. სახლიც კი, რომელშიც სადღესასწაულო ვახშამი იმართება, ბერგმანის ბებიის სახლით არის შთაგონებული. რეჟისორზე ასევე დიდი გავლენა იქონია ჰოფმანის „მაკნატუნამ“ და ჩარლზ დიკენსმა, რომლის გარეშეც შობა წარმოუდგენელია. ფილმის განსაკუთრებულობა რეალური და მაგიური მომენტების შერწყმაა, რაც ნამდვილ სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის. 

 

ფართოდ დახუჭული თვალები – Eyes Wide Shut (1999)

სტენლი კუბრიკის „ფართოდ დახუჭული თვალები“ კინემატოგრაფიული ოცნებაა, რომელშიც ტომ კრუზის პერსონაჟი, ექიმი, უცნაურ ფსიქოსექსუალურ თავგადასავალს იწყებს მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მისი ცოლი ქორწინების გარეთ რომანზე ფიქრობდა. ფილმი არტურ შნიცლერის 1928 წლის „საოცნებო ისტორიით“ არის შთაგონებული. კუბრიკმა სიუჟეტი 1900-იანი წლების ვენიდან 1990-იანი წლების ნიუ-იორკში, საშობაო პერიოდში გადმოიტანა. კუბრიკის საბოლოო წვლილი კინოს სამყაროში ტრადიციულ საშობაო ფილმად არ მიიჩნევა. ფილმი უფრო ფილოსოფიური კვლევაა იდეალიზმის გარდაუვალი კორუფციის შესახებ. „ფართოდ დახუჭული თვალები“ ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რადგან ის ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ვუაერისტურ მოლოდინებსა და სადღესასწაულო სეზონის ხალისს. კუბრიკი ფილმის ბოლო ფრაგმენტის აღმასრულებლების ჩვენებიდან 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელდა ხმები, რომ რეჟისორს საშინლად არ მოეწონა ფილმი. დღემდე არ ვიცით, რეალურად კუბრიკი ამაყობდა თუ არა კინემატოგრაფიასთან მისი გამოსამშვიდობებელი ფილმით, თუმცა ერთი რამ ცხადია: „ფართოდ დახუჭული თვალები“ სტენლი კუბრიკის მემკვიდრეობის ბნელი, მაგრამ საოცრად ლამაზი დანამატია.  

ჰარი პოტერი – Harry Potter (2001-2011)

კარგი საშობაო ფილმის კვალიფიკაციისთვის ტროპები გასაგები უნდა იყოს: წელიწადის ყველა სეზონი და ზოგადად ცხოვრება რთულია, მაგრამ ახალ წელს სიყვარულის, სიკეთის და თოვლის ძალით ყველაფერი შესაძლებელია. სრულყოფილი სადღესასწაულო ფილმი მნიშვნელოვანია ამ ასპექტებს შეიცავდეს. ჰარი პოტერი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ტრადიციულ საშობაო ფილმად, ეს საკითხი საკამათოა, თუმცა განწყობა, რომელიც ჯოან როულინგის წიგნების ეკრანიზაციას მოაქვს, ამ პერიოდს ძალიან უხდება. კერძოდ,  „ცეცხლოვანი თასი“, რომელშიც შობაზე ჰოგვორსტში მეჯლისიც კი იმართება და „ფენიქსის ორდენი“, რომელიც ბევრი მწუხარებისა და გამოწვევების ფონზე იმედის განსახიერებაა. ჰარის მეგობრების გვერდში დგომა და სიყვარული ზუსტად ის არის, რაც მას სჭირდება სამყაროში სიხარულის დასაბრუნებლად. 

 

რეალური სიყვარული – Love Actually (2003)

 „რეალური სიყვარული“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული კომედიაა, რომელიც ბრიტანული სამსახიობო ტალანტის ნამდვილი ტრიუმფია. ფილმი რამდენიმე სიყვარულის ისტორიას აერთიანებს, თითოეული მათგანი წინასაშობაო პერიოდში ვითარდება და დასკვნით ნაწილში სრულდება.  „რეალური სიყვარულის“ ყველაზე ცნობილი და კომიკური მომენტი ჰიუ გრანტის ცეკვაა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს განასახიერებს. საინტერესოა, რომ მსახიობი ამ  სცენის გადაღების სასტიკი წინააღმდეგი იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ პრემიერ-მინისტრისთვის მსგავსი ქცევა, თუნდაც მარტოობაში, რეალისტური არ იქნებოდა. საბოლოოდ, ცეკვა ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელ სცენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ „რეალური სიყვარული“ ისეთ მხატვრულ ღირებულებებს არ შეიცავს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ფილმები, მისი ყურება საახალწლო პერიოდის განუყოფელ ტრადიციად იქცა. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.