fbpx

“საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ნიჭიერებასაც უნდა იცნობდეს მსოფლიო” – შტეფან შულცი, IPOA-ს დირექტორი


გააზიარე სტატია

Universal Mobile-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, შტეფან შულცი, რომელიც წლების განმავლობაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კონსულტაციას უწევდა ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: Deutsche Telekom, Vodafone, Nokia, Verisign, Apple, NTT DoCoMo, Deezer და Spotify, საქართველოში ახალ ასოციაციას – IPOA-ს უხელმძღვანელებს.

IPOA – ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციაა, რომელმაც საქართველოს ხელოვანები საკუთარი უფლებების დასაცავად გააერთიანა. უფრო მეტს კი ამ სფეროს შესახებ  თავად შტეფან შულცი მოგვიყვება.

 

როდის და რატომ დაინტერესდით მუსიკის ინდუსტრიითა და საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებით,  მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში? 

მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობა ჯერ კიდევ 1997 წელს დავიწყე Rammstein-თან, Muse Stüssy-სთან და No Fear-თან. მობილური ბიზნესისა და ციფრული სამყაროს განვითარების საწყისი ეტაპიდანვე  ვზრუნავ მუსიკის ინდუსტრიაში ავტორთა და შემსრულებელთა უფლებებზე,  მათი შემოქმედების მონეტიზაციაზე ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა –   T-Mobile, Orange, Telefonica, VimpelCom და ა.შ.

მოგვიანებით გავხდი Universal Music-ის აღმასრულებელი დირექტორი და Vivendi-ის მთავარი ციფრული ოფიცერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შესაბამისად, შევძელი, რომ ავტორ-შემსრულებელთა შემოქმედება მიმეყიდა ისეთი დიდი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Apple, Spotify, Google, Facebook და სხვა მსგავსი.

Nelly Furdato, 50 Cent, U2, Rihanna, Dennis Graham… – მოგვიყევით თქვენს თანამშრომლობაზე მსოფლიო ვარსკვლავებთან.

ჩემი მთავარი მისიაა, არტისტებს დავეხმარო თავიანთი უფლებების დაცვასა და პროდუქტების ციფრულ სამყაროში გადატანაში, რომელსაც აქცევენ რეალურ შემოსავლად. 

ვარსკვლავებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ აუდიტორიაზე. გულშემატკივრების არმია კი თავისთავად დიდ როლს თამაშობს  ინტელექტუალური საკუთრების მონეტიზაციის პროცესში. 

ისეთ რეალობაში, როცა ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, ხელოვან ადამიანებს არ შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი ძალებით ებრძოლონ იმ პრობლემებს, რომლებსაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში ვაწყდებით. ამ ყველაფერს სჭირდება ცოდნა, გამოცდილება და სპეციალური მატერიალური აღჭურვილობაც. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ შემოქმედს ესაჭიროება  დახმარება, რათა სრულყოფილად  შეძლოს თავისი  ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. ამიტომ აქვს ასოციაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ეყოლება გამოცდილი გუნდი, რათა დაიცვას და მართოს მათი უფლებები. 

როდის ან რატომ დაინტერესდით საქართველოთი და ქართული ასოციაციით?

საქართველო თავისი  შთამბეჭდავი ისტორიით, კერძებით, ულამაზესი ქალაქებით,  და ძალიან ნიჭიერი ხალხით ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის. შესწავლილი მაქვს საქართველოს მუსიკალური ბაზარი და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ქართველი ერის მრავალფეროვანი ნიჭით. შესაბამისად, როდესაც მივიღე შემოთავაზება ავტორ-შემსრულებლებისგან, რომ ქართულ ბაზარზე ასოციაციას დავხმარებოდი ევროპული სტანდარტების დანერგვაში  – ამას დიდი სიხარულითა და ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი. 

როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღებენ ქართველ არტისტებს გლობალურ მუსიკალურ ინდუსტრიაში?

ვფიქრობ, საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს გლობალური ლანდშაფტის განვითარების თვალსაზრისით. ეს არის დიდი შესაძლებლობა ქართველი არტისტებისთვის, რათა აღმოაჩინონ ისინი, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, რაც ჩვენ, გერმანელებსაც გვაქვს. გარდა ამისა, ქართველი არტისტების კონტენტის ჩვენებისა და აღმოჩენის უპრეცედენტო შესაძლებლობებს გვთავაზობს სოციალური პლატფორმებიც. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა დიდი გავლენა მსოფლიოს კულტურულ ცენტრებზე და დარწმუნებული ვარ ამ სფეროშიც ასე გაგრძელდება. ხელოვანები საქართველოდან უნდა აღმოვაჩენინოთ მსოფლიოს.

საავტორო უფლებების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რას ჰპირდება ამ კუთხით IPOA თავის წევრებს?

ამ სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინოვაციას და გამჭვირვალობას – ვგულისხმობ ჰონორარების განკარგვას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ავტორებს შეეძლოთ ინფორმაციის მიღება ასოციაციის საქმიანობაზე – ამიტომაც არის IPOA-ში ავტორთა საბჭო, რომ  მუდმივად აკვირდებოდეს  მმართველობის პროცესს და ყველა ქმედება იყოს გამჭვირვალე.

ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქართველი არტისტების შემოქმედების აღრიცხვა ხდება თანამედროვე ტექნოლოგიით, რომელიც გამჭვირვალეობისა და სანდოობის ხარისხს ზრდის.

ინტელექტუალური საკუთრების კონტროლის პროცესში რა არის ის მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს ასოციაციას?

ნდობა – ციფრული ბაზრის გარდაქმნა 20 წელია მიმდინარეობს, სხვადასხვა ეტაპია ამ პროცესში, თუმცა ძირითადი მექანიკა იგივე რჩება. ამ სფეროში მთავარია სანდო პარტნიორები და ამასთანავე დიდი გამოცდილება, კონტაქტები, რაც გვეხმარება  საუკეთესო შედეგების მიღწევაში. მთავარი მაინც ისაა, რომ  ყველა ტრანსფორმაციულ პერიოდში, იქნება ეს ფიზიკურში, web2-ი თუ web3-ში, AI-სა და Metaverse-ში და მის ფარგლებს გარეთ ჩვენ უნდა ვენდობოდეთ  ერთმანეთს.

ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარების შემგროვებელი ასოციაციები ყველა ქვეყანაში არსებობს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი არსებობა ხელოვანთა უფლებების დასაცავად. IPOA-მ გააერთიანა ყველა ავტორი აქამდე არსებული სხვადასხვა ასოციაციიდან და ეს ნდობა მათი მხრიდან  ძალიან დასაფასებელია. გარდა ამისა, მართვის ის სისტემა, რაც ახალ ასოციაციას აქვს,  არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი. ახლა უკვე ერთად უნდა ვეცადოთ  ჩვენი ასოციაცია ადაპტირდეს იმ თანამედროვე გამოწვევებსა  და შესაძლებლობებთან, რაც ტექნოლოგიურ განვითარებას მოაქვს.

ამ ასოციაციას აქვს ის მთავარი, რაც ზემოთ უკვე გითხარით –  ხელოვანთა უდიდესი წრის ნდობა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, აკრედიტაციას სწორედ  IPOA აიღებს, სადაც ყველა ხელოვანის უფლება იქნება დაცული და სამართლიანობაც არ დაირღვევა. მთავარია, გამჭვირვალობა, თანმიმდევრულობა და ანგარიშვალდებულება იმ ხელოვანების მიმართ, ვინც იქნებიან ასოციაციის წევრები.  

სამომავლო გეგმები… 

საქართველო უნდა იყოს კულტურული მრავალფეროვნების, შემოქმედი ეკონომიკის და გამჭვირვალობის ძლიერი მამოძრავებელი. იდეალურ შემთხვევაში, IPOA გახდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექციონერი მსოფლიოში. ჩემი მიზანია, არა მხოლოდ აქ მცხოვრები არტისტები გავაძლიეროთ, არამედ უცხოეთიდან ჩამოსული შემოქმედებიც. საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ნიჭიერებასაც უნდა იცნობდეს მსოფლიო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.