fbpx

ლიტერატურული პასაჟები “ჩემი ცოლის დაქალებში”


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

2011 წელს საქართველოში ტელეეკრანებზე სატირულ-იუმორისტული ჟანრის სერიალი, „ჩემი ცოლის დაქალები“  გამოჩნდა. სერიალი უკვე მრავალი წლის განმავლობაში ასახავს ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ რეალობას. „ჩემი ცოლის დაქალები“ პირველი სერიიდან უკანასკნელამდე არ კარგავს პოპულარობას, მაყურებელს კი სერიალის სიუჟეტში განვითარებული მოვლენები უკვე პარალელურ ცხოვრებისეულ ხაზად ექცა. გარდა სიუჟეტისა და უნიკალური მხატვრული სახეებისა, რომლებიც  შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა, სერიალში მთელი რიგი ლიტერატურული პასაჟებია, რომლებზეც შეიძლება, აქამდე არ გვიფიქრია, მაგრამ, სასურველია, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს.

 

  • ხულიო კორტასარის „სამხრეთის გზატკეცილი“ სერიალში

 

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-12 სეზონის 41-ე სერიაში კატოს ახალი თაყვანისმცემელი კატოსავე სამეგობროს გაცნობას და მცხეთაში დაპატიჟებას გადაწყვეტს, მაგრამ ქალაქის გასასვლელში რამდენიმესაათიანი საცობი წარმოიქმნება და გასვლითი ღონისძიებაც უქმდება. მიუხედავად იმისა, რომ საცობში ყოფნა ერთ-ერთი გამორჩეულად გამაღიზიანებელი თავგადასავალია, პერსონაჟები უმეგობრდებიან უცხო ადამიანებს და მანქანებზე შლიან სუფრას, სერიაში შესანიშნავად იკვეთება ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თვისებები. 

მსგავს სცენას ვხვდებით არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის, მოთხრობაში „სამხრეთის გზატკეცილი“. პარიზის მახლობლად წარმოქმნილი საავტომობილო საცობი მოქალაქეებს ჯგუფებად ყოფს და გადარჩენის გზების პოვნისკენ უბიძგებს. საცობში ახალ-ახალი საინტერესო ურთიერთობები წარმოიქმნება, მაგრამ სიტუაციას უმალვე გზის გათავისუფლება ცვლის და ადამიანები ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან. 

სერიალში ნაჩვენები სიუჟეტი და კორტასარის მოთხრობა ერთსა და იმავე პრობლემასთან შეჭიდებულ ადამიანებსა და მათ განწყობებსა თუ თავისებურებებზე გვიამბობს. 

 

  • ნორა გაბისკირიას საყვარელი წიგნი – თომას მანის „ჯადოსნური მთა“

ფოტოზე ფილოსოფოსი ჰანა არენდტია გამოსახული, მაგრამ მას ქართველი მაყურებელი ნორა გაბისკირიად იცნობს.  სერიალის მე-11 სეზონის პირველი სერია გრიშა კაკაჩიას გამზრდელი ბიცოლას, ნორა გაბისკირიას პანაშვიდს ეხება. ნორას შვილი, კრიმჰილდა, წუხს იმის გამო, რომ დედამისს საყვარელ წიგნს ვერ ატანს უკანასკნელ გზაზე, რადგან თომას მანის „ჯადოსნური მთის“ ნორას საყვარელი გამოცემა ორტომეულია და თავქვეშ დადების შემთხვევაში მიცვალებულს „თავი ექნება აყინჩული“. პრობლემა იმით გვარდება, რომ თითოეულ ტომს სხვადასხვა მხარეს ჩაუდებენ. მოგეხსენებათ, ნორა გრიშასთვის სიბრძნის სიმბოლოა და მისი გარდაცვალების შემდეგ გრიშა კაკაჩია წიგნსაც კი აწერინებს დაქირავებულ მწერალს. 

 

  • ბიზნესმენთა ცოლების კლუბის ლიტერატურული კონკურსი

 

ჩიკა მეძმარიაშვილისა და თამუნების თაოსნობით მე-11 სეზონში ბიზნესმენების ცოლების კლუბი იხსნება. ისინი გადაწყვეტენ, რომ ლიტერატურული კონკურსი ჩაატარონ და დამწყები მწერლების საუკეთესო მოთხრობები გამოავლინონ. კონკურსში ერთ-ერთი მონაწილე ვაჟა-ფშაველას „ხმელ წიფელს“ გააგზავნის, ჟიური ვერ იცნობს ამ პოპულარულ მოთხრობას და შეცდომით გამარჯვებულადაც გამოაცხადებს. მოცემულ ეპიზოდში ძალიან დიდი სარკაზმია, ვაკის ელიტა, რომელსაც მთელი ცხოვრებისეული კამპანია საკუთარ გამორჩეულობაზე, სითამამესა და სიბრძნეზე აქვს აგებული, ვაჟა-ფშაველას მოთხრობას ვერ ცნობს და შეშინებული ვერც მაკა ანჯაფარიძეს ეხმარება საზიზღარ ბადრი კოლიასთან ბრძოლაში. 

 

  • არც „სიმღერა ნიბელუნგებზე“ დარჩა უყურადღებოდ…

 

ნიბელუნგების საგის მიხედვით, ბურგუნდიის სატახტო ქალაქ ვორმსში მშვენიერი კრიმჰილდე ცხოვრობდა. ერთხელ კრიმჰილდემ სიზმარი ნახა, რომელიც, დედის აზრით, მისი რჩეული მამაკაცის დაღუპვას მოასწავებდა. კრიმჰილდემ გადაწყვიტა, არავინ შეჰყვარებოდა, მაგრამ გაიგო თუ არა მისი მშვენიერების შესახებ, ქალაქ ქსანტეტნის პრინცმა, ზიგფრიდმა, უმალ გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა და ვორმსისკენ გაემართა.

სერიალში გრიშა კაკაჩიას ბიძაშვილია კრიმჰილდე. ის უსიყვარულოდ დარჩენილი ქალია, მაგრამ ერთი მძიმე სასიყვარულო ისტორია მას ბავშვობაში მაინც გადახდა. კრიმჰილდე მშობლებმა მასზე ძალიან შეყვარებულ თანასოფლელს არ გააყოლეს და ასე დაანგრიეს მათი გულწრფელი და ლამაზი სიყვარულის ისტორია. სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა პერსონაჟისთვის კრიმჰილდეს დარქმევით კიდევ ერთხელ დაგვაბრუნა XII საუკუნის გერმანულ ეპოსთან. 

ცხადია, ჩემი ცოლის დაქალებში ლიტერატურული პასაჟები ძალიან ბევრია, ბაჩო კელაპტრიშვილის გამოთქმები, ბაქარის გალაშქრება ჯეინ ოსტინის წინააღმდეგ, როგორ წმინდა საკითხად აცნობს მასწავლებელი ბავშვებს რუს მწერლებს და ა.შ. ამ სერიალის ირგვლივ საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, რაც იმითაა განპირობებული, რომ “ჩემი ცოლის დაქალებმა” საქართველოში არსებული ყველა ტიპის საზოგადოება და სიტუაცია შესანიშნავად ასახა. მართლაც, ჩიკა მეძმარიაშვილის თქმისა არ იყოს, „ბორხესი, რომ არ მომკვდარიყო, ამ სერიალზე წიგნს დაწერდა, ოღონდ მართლა“! 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.