fbpx

An Exhibition gives birth to another one (literally!)


გააზიარე სტატია

ავტორი: კატო ყარსელიშვილი

 

An Exhibition gives birth to another one (literally!)
(ეს პოსტი ჩემი ლექტორის, ხათუნა ხაბულიანის ვოლზე წავიკითხე საქართველოში დაბრუნებისას  და მივხვდი, ზუსტად ასახავს ჩემი მოგზაურობის შთაბეჭდილებას.)

 

ეს ესეი იმაზე იქნება, თუ როგორ შეიძლება დავინახოთ ერთი და იგივე ნამუშევარი, ერთი და იგივე საკურატორო პროექტი განსხვავებულად სხვადასხვა გამოცდილებით. 

ვენაში უამრავ ახალ გამოფენებთან ერთად ბევრი მუდმივმოქმედი გამოფენაა, რომლებიც ორი წლის შემდეგ სრულიად განსხვავებულად აღვიქვი. თითქოს კოვიდის დროს ყველა საშინელება ნათელი იყო და მის შემდეგ ადამიანი თავისი ნებით აღარ უნდა გადაშვებულიყო უბედურების წრედში, თუმცა პანდემიისა და შეზღუდვების შემდეგ ჩვენ უფრო თავდავიწყებით მივიწევთ მისკენ. შესაბამისად, წარსული გამოცდილების გადააზრების ცნება კარგავს მნიშვნელობას და ყველაფერი გარკვეულ კონტექსტში იძენს ახალ სახეს. მაგრამ კიდევ დახატავენ „გერნიკას“? ისევ დაიწყება გასული საუკუნის ომების პარალელურად და შემდგომ შექმნილი მიმდინარეობები ოღონდ უკვე 21-ე საუკუნის კონტექსტით? ვენის ზოგიერთი მუზეუმის კოლექცია ორი წლის წინ ვნახე, მაგრამ მაშინაც და ახლაც უცვლელი პასუხგაუცემელი კითხვები მაქვს, იმიტომ, რომ არ არსებობს მათზე ერთი სწორი პასუხი: რა წვლილი ჰქონდა ხელოვნებას განვითარებულ მოვლენებში, ამ შემთხვევაში გასული საუკუნის ომებთან? ხელოვანები მხოლოდ ასახავდნენ, წინასწარმეტყველებდნენ თუ ქმნიდნენ კიდეც იმ მოვლენებს? და რა ხდება ახლა? 

დღეს გამოფენილი და უკვე ნანახი ნამუშევრები სრულიად სხვა კონტექსტში ჩანს, წინა საუკუნეში ასახული რეალობა ერთნაირად საშინელი იყო და არის, მაგრამ ახლა თითქოს ჩვენვე ვმონაწილეობთ ამ ყველაფერში. ომი არსად წასულა, არასდროს გაჩერებულა და ის ყოველთვის ერთნაირად საშინელია. და მაშინაც, თუ ომი მსოფლიოს რამდენიმე წერტილში ერთდროულად არ მიმდინარეობს, ჩვენ ომს ვუცხადებთ საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს, მის აღქმას ჩვენს კულტურულ სივრცეში. მაგრამ ბრძოლა ასეთი აუცილებელია? 

ეს კარგად ჩანს ვენაში მიმდინარე გამოფენებით, თითქოს აქ არაფერია ახალი, ომი; პოსტკოლონიალიზმი, როგორც ახალი კოლონიალიზმი სახე; საკუთარი იდენტობა; სხეულის პრობლემები; ხელოვანისა და საზოგადოების ურთიერთობა, ბუნების დაცვა სიახლეს არ წარმოადგენს, უბრალოდ ჩვენ განსხვავებულად ვსაუბრობთ ამ თემებზე, მათი აღქმაც, ალბათ, განსხვავებული გვაქვს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონტექსტში. ხელოვნებას რამის შეცვლა რომ შეეძლოს, თუნდაც ბოლო არტბიენალეს შემდეგ  კიდევ ერთი ომი აღარ უნდა დაწყებულიყო წელს, ბუნების დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, ქალების როლიც კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ უნდა დამდგარიყო. ალბათ, ამიტომ ხელოვნება არა რაღაცის შემცვლელი, არამედ გამოხატვის საშუალებაა, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერარსებობთ. 

თუ ორი წლის წინ, უკრაინის ომამდე, ლეოპოლდ მუზეუმის მუდმივი გამოფენა ავსტრიული ხელოვნების ისტორიის ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელოვანების ამბის თხრობა, საზარელი გარემოსა და ადამიანების ტანჯვის აღწერა მეგონა, დღეს თითოეული ნამუშევარი თითქოს გამაფრთხილებელი ნიშანია. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ ომი თუ აერთიანებს, მათი ტრაგიზმი ინდივიდუალურია, თითქოს გაუზიარებელი, გაუცხოებული, გვიჩნდება გრძნობა, რომ იქ გადმოცემული სევდის ჩვენ არაფერი გვესმის, რადგან ეს არ გამოგვიცდია (და, წესით, არც გვნდომებია ამის გამოცდა) სწორედ ამიტომ ისინი ცალ-ცალკე აქცენტს ქმნიან. 

აღსანიშნავია, რომ აქ გამოფენილი ზოგიერთი ნამუშევარი პროპაგანდისტულია, მათ შორის – ალბინ ეგერ-ლინცის, რომელიც თავად წავიდა ჯარში 1915-ში, ორ წელში კი ის გაათავისუფლეს და მიიწვიეს ხელოვანთა ჯგუფში, რომელსაც ომის ყოველდღიურობის აღწერასა და დოკუმენტაციასთან ერთად პროპაგანდა ევალებოდა. ამ ჯგუფში გაწევრიანება ბევრი ხელოვანის სურვილი იყო. მიუხედავად ამისა, პროპაგანდისტული ელემენტის დანახვა ამ ნამუშევრებში ძალიან ჭირს თითქმის სრულად შევსებული სასურათე სიბრტყის გამო, უხერხული, ერთ კომპოზიციაში მოქცეული სხვადასხვა რაკურსების, არარსებული განათებისა და მუქი ფერებიდან გამომდინარე. ან იქნებ ეს ჩემი შეფასებაა დღევანდელი გამოცდილებით. რა თქმა უნდა, ამ შთაბეჭდილებას ქმნის ექსპოზიცია; კატე კოლვითცის მცირე ქანდაკებების გვერდით რთულია ომზე ამბივალენტური დამოკიდებულება გვქონდეს, როდესაც ვხედავთ გადაფარებული დედების ჯგუფს ან პიეტას, სადაც არა ღვთისმშობელი, არამედ რიგითი ომში დაღუპული ჯარისკაცის დედაა გამოსახული… 

მათთან ერთად თავიდან აღმოვაჩინე ექსპრესიონისტი მაქს ოპენჰაიმერი და გაბრიელე მიუნთერი. 

Aus einem Chaos von Empfindungen loest sich das Werk – Natur ist Vielheit – Kunst ist Einheit. 

უსაგნო ომის (Ernst Barlach, Raecher, 1914), დაშლილი საზოგადოების (Ernst Barlach, Vergnuegtes Einbein, 1934), დაღვენთილი სხეულების (Anton Hanak, Brennender Mensch, 1922) გვერდით, პირველი, რაც ოპენჰაიმერის გამოფენაზე იყო თვალსაჩინო, მრავალფეროვნებაა. მრავალფეროვნება თემების, მედიების, ტექნიკისა და გამოსახვის საშუალებების და რაც ძალიან საინტერესოა, ეს ყველაფერი ერთმანეთის  პარალელურად მიმდინარეობს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის თემას უხამებს ტექნიკას. კიდევ ერთი მთავარი ნიშანი სხვადასხვა კომპოზიციას მორგებული კადრირებაა, კვლავ თემიდან გამომდინარე, მაგალითად, ველოსიპედისტების ექვსდღიან შეჯიბრებაზე ან მოჭადრაკეების თამაშის მოჭრილი ზედხედი რამდენადმე დაძაბულ გარემოს ქმნის; მუსიკოსების დაკოჟრილი თითები, თითქოს იმ დროის ხელოვანების ბედის სიმბოლოა, აღსანიშნავია, რომ ის ძალიან ჰგავს ეგონ შილეს ცივ, გამხდარ დაღარულ ხელებს, ზოგადად, ნათლად ჩანს საერთო გავლენები, ტენდენციები და განწყობები; პორტრეტებშიც სწორი კადრირებით ხაზს უსვამს  ნატურის მზერას.  

Je grosser Verwirrung im Leben, Desto notwendiger die Klarheit in der Kunst.

ძალიან საინტერესო იყო იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იცვლება, თუ იზრდება/ძლიერდება ქალის ხმა მეოცე საუკუნის განმავლობაში: გაბრიელე მიუნთერი, რომელიც თავს „მამაკაცთა სწორად“ თვლის –  ლუის ბურჟუა, რომელიც სრულიად ახლიდან პოულობს და ქმნის თავის სამყაროს – რენატე ბერტლმანი, რომელიც ყველა მიმართულებით კრიტიკულად უყურებს თანამედროვე საზოგადოებაში ქალების კლიშირებულ როლს და ამას სასტიკი ცინიზმით გამოხატავს. მათ ნამუშევრებში ზოგჯერ რთულია პირდაპირი ხაზით ომის დანახვა, თუმცა ნათელია, რომ ესაა შინაგანი გაუცხოება ფართო მასების დამოკიდებულებასთან. ამ ყველაფრის ფონზე იოშიტომო ნარა თავის სახლს დგამს ალბერტინა მოდერნში. მართალია, ამ სახლში შესვლა არავის შეუძლია, თუმცა შეხედვა და არტისტის ფლეილისტის მოსმენა – ყველას, ცეკვაც. მივხვდი, რომ თუ ეს მუსიკა შენც გიყვარს, ეს სახლი შენი თავშესაფარიც იქნება, იმ განსხვავებული სამყაროსგან თავის ასარიდებელი. 

მაგრამ საინტერესოა, ადამიანებს შორის ეს გაუცხოება მუდმივი და დაუსრულებელია? 



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.