fbpx

2024 წელს ახლად დაფუძნებული კინოინსტიტუტი “ბერლინალეზე” ქართული სტენდით წარსდგება


გააზიარე სტატია

2024 წლის ბერლინალეზე დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების დაფუძნებული კინოინსტიტუტი ქართული სტენდით წარდგება. “საქართველოს კინოინსტიტუტი” წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება რეჟისორებს როგორც ევროპულ კინოწარმოებებთან თანამშრომლობის კუთხით, ამავდროულად, ემსახურება საქართველოში კინოს დარგის განვითარებასა და წინსვლას საჭირო მიმართულებით. 

კინოცენტრში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების კვალდაკვალ, რამაც გამოიწვია კინოს სფეროში დასაქმებული ადამიანების პოლარიზაცია, აუცილებელი გახდა გარკვეული ალტერნატივის შექმნა, რომლის შედეგსაც წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაცია –  კინოინსტიტუტი. 

28 დეკემბერს “ეზოტოპიაში” ჩატარდა კინოინსტიტუტის პრესკონფერენცია, სადაც მომხსენებლებმა ისაუბრეს ორგანიზაციის შემდგომ მიზნებზე და ამავდროულად, აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ კონიუნქტურასთან დაკავშირებით. მომხსენებლები იყვნენ  კინოს სფეროს წარმომადგენლები: ნინო კირთაძე, დავით ვაშაძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, სალომე ჯაში, უტა ბერია, ნინო კუხალაშვილი.

ორგანიზაცია დაეხმარება ქართველ რეჟისორებს, რომლებიც თანადაფინანსების მოძიების პროცესში არიან, ან უკვე დასრულებული პროექტის წარდგენა სურთ, სრულად ჩაერთონ საფესტივალო აქტივობებში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბერლინის კინოფესტივალი ნებას რთავს დამოუკიდებელ ორგანიზაციას მოახდინოს ქვეყნის რეპრეზენტაცია საერთაშორისო ასპარეზზე. შარშან ბერლინის კინოფესტივალმა, ქვეყნის პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე, აგრეთვე ნება დართო ბელორუსიის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის კინოსფერო წარედგინათ დამოუკიდებელი ორგანიზაციის სახით. 

კინოინსტიტუტის წარმომადგენლების განცხადებით, ბერლინალეზე „საქართველოს კინოინსტიტუტის“ სტენდის წარდგენა საქმიან მიზანს ემსახურება, რომლის მეშვეობითაც ინსტიტუცია ხელს შეუწყობს ქართულ დამოუკიდებელ კინოს, გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ევროპული კინობაზრობის გახსნის ღონისძიებას, რომელიც ყოველწლიურად ბერლინალესთან ერთად იმართება, წელს „საქართველოს კინოინსტიტუტი“ უმასპინძლებს, რაც ინსტიტუციის წარმომადგენლების განცხადებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგანაც ევროპულ კინობაზრობას აქამდე არცერთ ორგანიზაციასთან არ უთანამშრომლია. „საქართველოს კინოინსტიტუტმა“ ასევე დღეს გამოაცხადა პროექტების მიღება 2024 წლის ბერლინალესთვის. 

მომხსენებლებმა აგრეთვე აქცენტი გააკეთეს კინოცენტრის მხრიდან კინოინსტიტუტის წევრების მიმართ ფინანსურ, ბიუროკრატიულ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რასაც თავის მხრივ უპირისპირებენ საკუთარი ცოდნის გაზიარებას ახალგაზრდებისთვის და მეორე მხრივ, მათ ხელშეწყობას, რათა გაუხსნან კარი, ითანამშრომლონ საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან.

წლევანდელი ბერლინალე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში შერჩეულია ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი.“ ფილმი ასახავს შვილისა და დედის, რეპრესირებული პირველი ქართველი  რეჟისორი ქალის, ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძის ურთიერთობას. სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ ამ ფილმის მთავარი გმირი საქართველოს რეპრესირებული წარსულიდან, თანამედროვე ქართულ კინოს უკვლევს გზას ევროპისაკენ და გამოხატავს ქართული კულტურის ნამდვილ მისწრაფებას და სულისკვეთებას: ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.