fbpx

საახალწლო ფეხბურთის შთაბეჭდილებები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საახალწლო ფეხბურთი დროდადრო იტალიისა თუ ესპანეთის ჩემპიონატების თითო ტურის გამოჩენის მიუხედავად, ტრადიციულად  ასოცირებულია ინგლისის პრემიერლიგასთან, სადაც უშუალოდ ახალი წლის პირველ დღესვე დანიშნულია ხოლმე მატჩები.

„ბოქსინგ დეი“ ნამდვილი სახალხო ზეიმია და გუნდებიც ამ დღეებში ქულათა მაქსიმუმის დაგროვებას ცდილობენ ხოლმე, რაც სამომავლოდ კარგ ნიშნად ითვლება.

ფეხბურთის მოყვარულები კი ორკვირიანი შესვენების წინ განსაკუთრებული დაინტერესებით იკვლევენ იმ კლუბების შესაძლებლობებს, რომლებიც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფებიან.

დაახლოებით ამ ორიოდე კვირის წინათ ჟოზე მოურინიოს შეეკითხნენ, თუ ვის უწინასწარმეტყველებდა წლეულს ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონობას. 

პორტუგალიელმა სპეციალისტმა დაფიქრების გარეშე „მანჩესტერ სიტის“ 51% -იანი, ხოლო „ლივერპულს“ 49%-იანი შანსი მიანიჭა. სხვა კლუბები კი, ლონდონის „არსენალის“ ჩათვლით, გამორიცხა. 

მაშინ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ჯერ კიდევ მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ „ბოქსინგ დეიზე“ ორივე მატჩის მოგებით ცხრილში სულ რაღაც ერთი პოზიციით ზემოთ წანაცვლების მიუხედავად, პეპ გვარდიოლას გუნდმა, „ლივერპულის“ გამოკლებით. მასზე წინ მყოფ ყველა გუნდთან შეამცირა ჩამორჩენა. თამაშის ხარისხის მიხედვით კი თითოეულ მათგანს აჯობა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ შინ დაბრუნებულმა „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილის ქვედა საფეხურებზე მყოფი გუნდები – „ევერტონი“ და „შეფილდ იუნაიტედი“ დაამარცხა, მაგრამ იმდენად ლაღი და შთამბეჭდავი ფეხბურთი უჩვენა, რომ თითქოს ახლავე დაადასტურა ჟოზე მოურინიოს ვარაუდი.

გრილიშს, ბერნარდუ სილვას, ფოდენს და როდრის ნებისმიერი თავდაცვითი ზღუდეების წელში გატეხა ძალუძთ, ცოტა ხანში კი გუნდს ტრავმირებული დე ბრიუინე და ჰალანდიც დაუბრუნდებიან და მერე ვინ იქნება გვარდიოლას გუნდის გამჩერებელი?!

მისმა მთავარმა კონკურენტებმა – „ლივერპულმა“ და „არსენალმა“ ჯერ ურთიერთშორისი მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულეს, სადაც მრავალი „არასაჩემპიონო ხარვეზიც“ წარმოაჩინეს. 

საახალწლო მატჩებში „არსენალის“ ზედიზედ ორი ლონდონური დერბის წაგებამ „ვესტ ჰემთან“ და „ფულემთან“ კი კიდევ უფრო გამოააშკარავა მიგელ არტეტას გუნდის ნაკლოვანებები.

„ბოქსინგ დეიზე“ შესანიშნავად იასპარეზა „ნოტინგემ ფორესტმა“, რომელმაც ჯერ „ნიუკასლი“ და შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ „ნოტინგემ ფორესტს“ საკუთარ სტადიონზე უკანასკნელად 30 წლის წინათ ჰქონდა მოგებული და ეს არასახარბიელო ტრადიცია მასპინძლებმა სასწაულებრივ აღმოფხვრეს, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის კარში სულ ორჯერ დაარტყეს და ეს ორივე დარტყმა გოლად აქციეს.

„მანჩესტერ სიტის“ და „ნოტინგემ ფორესტის“ მსგავსად, „ბოქსინგ დეის“ ორივე შეხვედრა მოიგეს „ლივერპულმა“ და „ვესტ ჰემმა“, ხოლო „ვულვერჰემპტონმა“ ზედიზედ სამი მატჩის მოგებით მცირე საკლუბო რეკორდი დაამყარა.

ორივე მატჩის წაგებით კი თავი „არსენალმა“, „ნიუკასლმა“ „შეფილდ იუნაიტედმა“, „ბრენტფორდმა“, ევერტონმა“ და „ბარნლიმ“ გამოიჩინეს, რომელთაგან განსაკუთრებით მოულოდნელი ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტის ასეთი წარუმატებლობაა.

საბოლოოდ, ორკვირიანი შესვენების წინ. პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ლივერპული“ „ასტონ ვილასთან“ სამქულიანი, ხოლო „მანჩესტერ სიტისთან“ და „არსენალთან“ ხუთქულიანი უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გვარდიოლას გუნდს სხვებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ „ბოქსინგ დეის“ 20 მატჩში ერთადერთი ფრე აღინიშნა. მასპინძლებმა 12 შეხვედრაში იმარჯვეს და 41 ბურთი გაიტანეს სტუმართა 34-ის საწინააღმდეგოდ, რამაც ერთ მატჩში საშუალოდ 3.75  გოლი შეადგინა.

მე-18 ტურის შემდეგ მდგომარეობა დაიძაბა იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში, სადაც „იუვენტუსმა“ გათამაშების ლიდერ მილანის „ინტერთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.

„ჯენოა“ – „ინტერის“ მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს დარმიანიმ ზედიზედ ორჯერ ჩააწოდა ბურთი აუტიდან პირდაპირ მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე და მეორე მცდელობას არნაუტოვიჩის გოლი მოჰყვა, რომელსაც „ინტერი“ შესვენებაზე თითქოს კომფორტული უპირატესობით უნდა გაეყვანა.

მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე „ჯენოამ“ წონასწორობა აღადგინა, შესვენების შემდეგ „ინტერს“ არაფრით ჩამორჩა და სენსაციური ქულა მოიპოვა სერია A-ს ლიდერთან შეხვედრაში, რომელიც წლევანდელ სეზონში დაჩვეულია მეტოქეების მეორე ტაიმში ძლევას.

„ინტერის“ წარუმატებლობამ ფრთები შეასხა ტურინის „იუვენტუსს“, რომელთანაც სტუმრობა „რომასთვის“ მგლის ხახაში ჩავარდნას უდრიდა, რადგან „ბებერ ქალბატონთან“ რომაელებს ისედაც ყველაზე არასახარბიელო სტატისტიკა აქვთ სერია A-ს მეტოქეთა შორის.

„რომაელთა“ გამოცდილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარება მატჩის პირველი წუთებიდანვე საკუთარი გუნდის მეტოქის ნახევარზე გადასვლით და სწრაფი გოლის გატანით გადაწყვიტა, მაგრამ ტურინელებმა შეძლეს სადებიუტო ზეწოლის მოგერიება და მართვის სადავეების თანდათანობით ხელში ჩაგდება. 

მატჩის ერთადერთი გოლი კი მასპინძლებმა მეორე ტაიმის მეორე წუთსვე გაიტანეს, როდესაც შეტევაში ჩართულმა რაბიომ „რომაელთა“ გამოცდილ მეკარე რუი პატრისიოს მოულოდნელად ახლო კუთხეში „შეუძვრინა“ ბურთი.

საინტერესოა, რომ „რომამ“ გოლის გაშვების შემდეგ, ვერაფერი გააწყო „იუვენტუსის“ დაცვითი ზღუდეების წინააღმდეგ, რომელმაც ამ მოგებით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

„იუვენტუსმა“ კი მიმდინარე სეზონში მოგებული 13 მატჩიდან 6-ში ანგარიში 1:0 და 3-ში ანგარიში 2:1 დააფიქსირა. ამასთან ერთად, ბოლო 8 გამარჯვება და მათ შორის – „ნაპოლისთანაც“, „ბებერმა ქალბატონმა“ მინიმალური ანგარიშით მოიპოვა.

სამწუხაროდ, ლიდერთა ბრძოლებში ვერ მონაწილეობს   მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“, რომელმაც გასულ ტურში „მონცასთან“ მატჩი ფრედ – 0:0 დაასრულა. 

სანახაობრივი თვალსაზრისით უღიმღამო დაპირისპირებამ ხისტ და რიგ შემთხვევებში უხეშ ორთაბრძოლებში ჩაიარა. ორივე გუნდის მწვრთნელების გაძევების ფონზე კი გაკვირვებას იწვევს ერთი უცნაური ფაქტი. 

მეორე ტაიმში „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა ახლო მანძილიდან სამჯერ დაარტყეს ბურთი მეტოქის კარში და თითოეული მათგანი სტუმართა მეკარემ ადვილად დაიმორჩილა. 

„მონცამ“ კი თავის მხრივ თერთმეტმეტრიანი „ჩააბარა“ პირდაპირ ხელებში ნეაპოლელთა მეკარე ალექს მერეტის. 

ამგვარად, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს გუნდებმა 0:0-ით ერთმანეთს სამახსოვრო საახალწლო საჩუქარი გაუკეთეს. ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კი გვახსენდება შესანიშნავი ქართული ანდაზა – „ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო“. 

ამიტომ, სანამ იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი რახმანის, პოლიტანოს და კიდევ სხვებს დამსგავსებია, სასურველია, რომ 2024 წელს მან კლუბი შეიცვალოს.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.