fbpx

ჟირონა არ ჩერდება


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საახალწლო დღეებში ინგლისის პრემიერლიგიდან ესტაფეტა ესპანეთის ჩემპიონატს გადაეცა და იქაურმა მატჩებმაც გულგრილად არ დატოვა ფეხბურთის მაყურებლები, რადგან დასამახსოვრებელი უკვე ბევრი რამ „ხეტაფესა“ და „რაიო ვალეკანოს“ შორის პირველივე დაპირისპირებაში მოხდა, სადაც მსაჯმა მასპინძელთა სამი მოთამაშე გააძევა მოედნიდან.

ბუნებრივია, რომ ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლის ფონზე, „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელებს ისღა დარჩენოდათ, რომ მასპინძელთა პროვოკაციებს არ წამოჰგებოდნენ და მშვიდად მიეყვანათ თამაში მოგებამდე, რაც მათ არ გასჭირვებიათ.  

ამ მატჩში ორივე გოლი სერხიო კამელომ გაიტანა, ცოტა ხანში კი „ვალენსიას“ გულშემატკივრების გასახარად მას დუბლით, უკვე პეპელუ გამოეხმაურა, რომელმაც „ვილიარეალის“ კარში ორივე გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. 

„ვალენსიამ“ საკმაოდ იოლად, ანგარიშით 3:1 დაამარცხა მეტოქე, ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი თამაშში თითო-ოროლა ჩარევით, დამაჯერებლობა შემატა ამ გამარჯვებას და მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად შეამზადა თანაგუნდელები მომდევნო ტურში აუტსაიდერ „კადისთან“ შეხვედრაში.

უაღრესად დაძაბულია ვითარება სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში, სადაც გადარჩენისათვის ბრძოლაში „გრანადამ“ შინ სწორედ „კადისი“ დაამარცხა, „სელტამ“ კი „ბეტისთან“ მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე მოპოვებული გამარჯვების წყალობით „ვალენსიას“ მომავალი მეტოქე გასავარდნ ზონაში ჩამოაქვეითა, ხოლო  თავად მე-17 პოზიციაზე განთავსდა. 

პირობითად, სატურნირო ცხრილის ქვედა ათეულის არცერთი გუნდი არაა დაზღვეული გავარდნისგან, ამიტომ განვლილ ტურში აშკარად იგრძნობოდა იქ მყოფი გუნდების მაქსიმალური მცდელობა, თუნდაც ერთი ქულის მოპოვებისა.

„სოსიედადის“ და „ალავესის“ ბასკურ დერბიში სტუმრებმა ამ მიზანს კი მიაღწიეს, მაგრამ მათ მოგებაც შეეძლოთ, რადგან მატჩის 36-ე წუთიდან მოყოლებული, „სოსიედადის“ მეკარე ალექს რემიროს გაძევების შემდეგ, ისინი მოედანზე რიცხობრივი უპირატესობით დარჩნენ და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მსაჯის დამატებულ მე-6 წუთზე დასანანი ბურთი გაუშვეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

„მალიორკა“ ყველანაირად ეცადა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში ამ ქულის მოპოვებას და ისეთი თავდაცვითი ზღუდეები შექმნა, რომ კარლო ანჩელოტიმ თავდამსხმელები – ვინისიუსი და როდრიგო, უსარგებლობის გამო გაიყვანა მოედნიდან. 

მაგრამ მატჩის 75-ე წუთზე მოდრიჩის ჩაწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა მადრიდელთა ცენტრალურმა მცველმა რუდიგერმა დაუხვედრა თავი, „მალიორკას“ მცველებმა მას წინააღმდეგობა ვერც სიმაღლით და ვერც ფიზიკური შებრძოლებით ვერ გაუწიეს და საბოლოოდ ამ დასანანი გოლით დამარცხდნენ მატჩში, რომელშიც თავად ორჯერ ძელს გაარტყეს ბურთი.

თუკი გავიხსენებთ, რომ წინა ტურში „რეალმა“ ასევე გაჭირვებით და თანაც კაცნაკლული შემადგენლობით, ანალოგიური ანგარიშით – 1:0 „ალავესი“ დაამარცხა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პრობლემები ანჩელოტის გუნდში არა მხოლოდ ტრავმებით, არამედ სათამაშო ფანტაზიის გარკვეული დეფიციტითაა გამოწვეული.

იდეური თვალსაზრისით კი განსაკუთრებით მომხიბვლელია „ბილბაო“, რომელმაც კრიზისში მყოფ „სევილიასთან“ დამაჯერებელი მოგებით, სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში შეაბიჯა. 

ლა ლიგის გათამაშების მე-19 ტურში სტადიონებზე ანშლაგი მხოლოდ „ლას პალმასი“ – „ბარსელონასა“ და „ჟირონა“ – „ატლეტიკოს“ მატჩებში აღინიშნა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან პირველ შემთხვევაში წლევანდელ სეზონში შესანიშნავად მოასპარეზე დებიუტანტი მსოფლიო ფეხბურთის მონსტრს, ხოლო მეორეში კი ლა ლიგის გათამაშების სენსაციური ლიდერი უკანასკნელ წლებში ესპანეთის ორგზის ჩემპიონს და ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტს მასპინძლობდა.

„ლას პალმასმა“ გულშემატკივრების გასახარად პირველი ტაიმი მუნირის გოლით ისე მოიგო, რომ ერთი ყვითელი ბარათიც არ მიუღია, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა შესვენების შემდეგ, როცა „ბარსელონა“ „დასახლდა“ მეტოქის ნახევარზე, კაცნაკლული დატოვა იგი და ჯერ ფერან ტორესის, ხოლო შემდეგ მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გიუნდოგანის მიერ გატანილი გოლებით შეძლო კუნძულ გრან-კანარიიდან სამი ქულის წამოღება. 

მთავარი სიამოვნება კი ფეხბურთის მოყვარულებს ტურის ცენტრალურ მატჩში ელოდათ, სადაც წლევანდელი სეზონის აღმოჩენამ – „ჟირონამ“, სასწაულებრივ მოახერხა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მადრიდის „ატლეტიკოს“ ანგარიშით 4:3 დამარცხება.

მასპინძლებმა შეხვედრის დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ „ატლეტიკო“ კატალონიაში მხოლოდ მოგებისთვის იბრძოლებდა. 

„ჟირონას“ რისხვად მოევლინა ალვარო მორატა, რომელმაც „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. განსაკუთრებით მძიმე გათამაშების ლიდერისთვის მეორე ტაიმის პირველი 20 წუთი აღმოჩნდა, როდესაც სტუმრებს, სულ მცირე, 5-ჯერ მაინც უნდა გაეტანათ, მაგრამ მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდნენ და ანგარიში  გაათანაბრეს – 3:3.

„ატლეტიკო“ მესამე გოლის შემდეგაც დომინირებდა მოედანზე, მაგრამ მოხდა ის, რაც ამ გამოცდილი და ბრძოლებში გამობრძმედილი გუნდისთვის უჩვეულოა. 

აშკარა უპირატესობის კიდევ ერთ გოლში გარდასახვის ნაცვლად, „ატლეტიკომ“ საკუთარ კარში მიიღო მეტად უცნაური გოლი, რომელიც მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, ივან მარტინის ინდივიდუალური გარღვევის და რთული შესასრულებელი, იუველირული სიზუსტის დარტყმის შედეგი იყო.

ამ მატჩში 4 ბურთის გატანის შემდეგ „ჟირონა“ ლა ლიგის გათამაშების საუკეთესო გოლეადორია, მაგრამ სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალთან“ თანაბარი ქულების პირობებში მას მეორე ადგილი უკავია „სამეფო კლუბთან“ შედარებით გატანილი და გაშვებული ბურთების უარესი სხვაობის გამო.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის ყველაზე უღიმღამო მატჩი ჩაატარა „ნაპოლიმ“, რომელმაც გასვლაზე მეორეხარისხოვან „ტორინოსთან“ ანგარიშით 0:3 წააგო. 

ამ გამარჯვების შემდეგ „ტორინო“, რომლის შემადგენლობაშიც მატჩის 77-ე წუთზე მოედანზე საბა საზონოვი გამოჩნდა, იტალიის შარშანდელ ჩემპიონს სატურნირო ცხრილის შუაგულში შეუამხანაგდა. ფეხბურთის მოყვარულებმა კი განადგურებასთან ერთად საქმეში „ნაპოლის“ უკანასკნელი სატრანსფერო პროდუქტიც იხილეს. 

„სალერნიტანადან“ ამ რამდენიმე დღის წინათ „ნაპოლიში“ გადასულმა პასკუალე მაცოკიმ შესვენების შემდეგ, მოედანზე შესვლიდან ოთხი წუთში,  სრულიად უწყინარ სიტუაციაში აუტის ხაზთან „ტორინოს“ ერთ-ერთ მოთამაშეს იმდენად უხეშად ჩაარტყა მუხლში, რომ მსაჯმა იგი მყისვე გააძევა მინდვრიდან. 

სტუმრებმა ფარ-ხმალი საბოლოოდ  სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ დაყარეს და თამაშმაც ყოველგვარი აზრი დაკარგა.

სამაგიეროდ, 10 კაცით დარჩენის მიუხედავად, ქულის მოსაპოვებლად საფინალო სასტვენამდე იბრძოლა „ვერონამ“, რომელსაც მსაჯმა უაღრესად საეჭვო თერთმეტმეტრიანი დამატებით მე-10 წუთზე „ინტერის“ კარში თვით „ჯუზეპე მეაცას“ სტადიონზე დაუნიშნა.  

„ვერონამ“ კი ეს შანსი ვერ გამოიყენა, რამაც „იუვენტუსს“ განვლილ ტურში „ინტერის“ დაწევის იმედი გადაუწურა.

თუმცა, აუტსაიდერ „სალერნიტანასთან“ მატჩი „ბებერი ქალბატონისთვის“ იმდენად მძიმე გამოდგა, რომ პირველი ტაიმის ანგარიშით 0:1 წაგების შემდეგ, სტუმრებს შესვენებაზე ნამდვილად აღარ „ეინტერებოდათ.“ 

„იუვენტუსმა“ გარდატეხის შეტანა თამაშში მასპინძლების მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩენის შემდეგ შეძლო. 

გამარჯვების გოლი ვლაოვიჩმა მსაჯის მიერ დამატებულ პირველივე წუთზე გაიტანა, რამაც „იუვენტუსს“ „ინტერთან“ ორქულიანი სხვაობით ჩამორჩენა შეუნარჩუნა და სერია A-ს გათამაშებაში 14-იდან უკვე მე-10 მატჩის მინიმალური ანგარიშით მოგება მოუტანა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.