fbpx

ოქროს გლობუსი 2024


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

გასული ზაფხულის Barbenheimer-ის ფენომენმა ამჯერად ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე გადმოინაცვლა, რომელზეც „ბარბი“ კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატებისთვის,  „ოპენჰაიმერი“ საუკეთესო დრამისთვის, ხოლო იორგოს ლანთიმოსის სიურრეალისტური ფილმი, „საბრალო არსებები“ (ვენეციის კინოფესტივალის ტრიუმფატორი) საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის – მიუზიკლი ან კომედია  დაჯილდოვდნენ. 

კრიტიკოსების ფავორიტები: „მემკვიდრეობა“, „დათვი“ და „დაპირისპირება“ კი სატელევიზიო შუების კატეგორიაში ლიდერობდნენ. ბუნებრივია, პრიზის გარეშე არ დარჩენილა კანის კინოფესტივალის გამარჯვებული „დაცემის ანატომია“, რომელმაც საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმის და საუკეთესო სცენარის ნომინაციებში გაიმარჯვა. 

ოქროს გლობუსის დაჯილდოება ბოლო რამდენიმე წელია მუდმივი კრიტიკის საგანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2021 წლის თებერვალში Los Angeles Times-ის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას არ ჰყავდა შავკანიანი წევრები. ამასთან ერთად, ორგანიზაცია მრავალი კორუფციის ბრალდების მსხვერპლიც გახდა, რამაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის სრული რეფორმირება გამოიწვია, რომელიც ახლა უკვე 300 საერთაშორისო წევრისგან შედგება და ისინი 76 ქვეყანას წარმოადგენენ. 

ოქროს გლობუსის ცერემონიას ტრადიციულად ბევერლი ჰილტონმა უმასპინძლა. ფილიპინელ-ამერიკელი კომიკოსი, ჯო კოი, ცერემონიამდე 2 კვირით ადრე გამოცხადდა ოქროს გლობუსის წამყვანად, რომელიც მე-80 ცერემონიის წამყვანთან, ჯეროდ კარმაიკლთან შედარებით, ნაკლებად სკანდალური იყო და პოლიტიკურ განცხადებებს გამიზნულად მოერიდა. 

საღამოს ნომინაციებს „ბარბი“ უძღვებოდა (9 ნომინაცია). საუკეთესო  მსახიობ ქალად – კომედია ან მიუზიკლი, ემა სტოუნი დასახელდა, ფილმისთვის „საბრალო არსებები“. ფილმი სტოუნისა და ლანთიმოსის მეორე კოლაბორაციაა. მსახიობმა და რეჟისორმა პირველად „ფავორიტზე“  ითანამშრომლეს. სტოუნის პერფორმანსს „საბრალო არსებებში“ კრიტიკოსებმა მსახიობის კარიერაში გარდამტეხი უწოდეს. 

81-ე ცერემონიის ტრიუმფატორი „ოპენჰაიმერი“ იყო, რომელმაც 5 ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო დრამა, საუკეთესო მსახიობი კაცი – კილიან მერფი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი – რობერტ დაუნი უმცროსი და საუკეთესო რეჟისორი – კრისტოფერ ნოლანი. 

„ოპენჰაიმერის“ მთავარი კონკურენტი მარტინ სკორსეზეს დრამა „ყვავილის მთვარის მკვლელები“ იყო, რომელსაც ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალი – დრამა (ლილი გლადსტონი) გადაეცა. გლადსტონი ამ კატეგორიაში პირველი ნომინანტი და გამარჯვებული აბორიგენი მსახიობია. მან სამადლობელი სიტყვა ალგონკის ენაზე წარმოთქვა: „მადლიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემს ენაზე ვილაპარაკო.“ 

ალექსანდრ პეინის „The Holdovers“-მა პრიზები ნომინაციებში საუკეთესო მსახიობი – მიუზიკლი ან კომედია (პოლ ჯიამატი) და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი (და’უაინ ჯოი რენდოლფი) მიიღო. საუკეთესო ანიმაციაში ლეგენდარულმა იაპონელმა რეჟისორმა, ჰაიაო მიაძაკიმ ანიმაციური ფილმისთვის „ბიჭი და ყანჩა“ გაიმარჯვა. 

რაც შეეხება სატელევიზიო შოუებს, როგორც მოსალოდნელი იყო, HBO-ს ჰიტი „მემკვიდრეობა“ ოთხი ჯილდოთი დომინირებდა: საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი სატელევიზიო სერიალში – მეთიუ მაკფადენი, საუკეთესო მსახიობი ქალი სერიალში – დრამა – სარა სნუქი და საუკეთესო მსახიობი კაცი სატელევიზიო სერიალში – დრამა – კირან კალკინი. 

ამავდროულად, FX-ის „დათვი“ საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – მიუზიკლი ან კომედიად დასახელდა, საუკეთესო მსახიობ კაცად  მთავარი როლის შემსრულებელი – ჯერემი ალენი უაიტი, ხოლო საუკეთესო მსახიობ ქალად (მიუზიკლი ან კომედია) – აიო ედებირი. 

Netflix-ის „დაპირისპირებამ“- ჯილდო ნომინაციებში: საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი, საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში (სტივენ იუნი) და საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში (ალი ვონგი) მიიღო. ვონგი პირველი აზიელ-ამერიკელი ნომინანტი და გამარჯვებულია ამ კატეგორიაში. 

ოქროს გლობუსის მრავალწლიანმა ფავორიტმა, „გვირგვინმა“ აღიარება მხოლოდ ერთ ნომინაციაში – საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი სატელევიზიო სერიალში მოიპოვა. ეს ჯილდო ავსტრალიელ მსახიობს, ელიზაბეტ დებიცკის გადაეცა პრინცესა დიანას როლის შესრულებისთვის. 

საღამოს დასკვნითი ჯილდო – საუკეთესო ფილმი – დრამა, ოპრამ წარადგინა, რომელიც „ოპენჰაიმერის“ პროდიუსერს და კრისტოფერ ნოლანის მეუღლეს, ემა თომასს გადასცა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.