fbpx

“Მექანიკური ტალღები” კლუბ “ხიდში” –  რას სთავაზობს აუდიტორიას ახალიპლატფორმა


გააზიარე სტატია

10 იანვარს კლუბ ხიდში პლატფორმა “Mechanical Waves”-ის მეორე ივენთი გაიმართება, რომლის სტუმრებიც ანდრო გოგიბედაშვილის ჯერ არ გამოცემულ ალბომს მოისმენენ და მუსიკოსთან დიალოგშიც ჩაერთვებიან – ესაა შეხვედრების სერიის ნაწილი, რომელიც ერთდროულად იძლევა მუსიკის მოსმენისა და არტისტებთან საუბრის საშუალებას.

 At.ge მექანიკურ ტალღებზე მის ერთ-ერთ ავტორს, სოფო ებრალიძეს ესაუბრა.

Რამ გადაგაწყვეტინათ ახალი პლატფორმის შექმნა, რა მოხდება მექანიკური ტალღების ივენთებზე ისეთი, რაც სხვა დროს არ ხვდება კლუბში თუ კონცერტზე მისულ ადამიანს?

პლატფორმა Mechanical Waves (მექანიკური ტალღები) ამ სფეროში მომუშავე სამმა ადამიანმა შევქმენით (სოფო ებრალიძე, კუსა ებრალიძე, ნინო ჯინჭარაძე). ესაა იდეის გარშემო გაერთიანებული პლატფორმაა, რომელიც თავს არ იზღუდავს სხვადასხვა ხასიათის პროექტების კეთებაში, თუმცა მისი კონცენტრაცია მაინც ორი მიმართულებით ხდება: ხელოვნება და საუბრები.

AINCENT PAIN.MODERN LOVE. პლატფორმის პირველი პროექტია, ეს არის მოსმენისა და საუბრის სერია, სადაც დიდ ხმაზე, კლუბი KHIDI-ს დიდებულ საუნდ სისტემაზე ვისმენთ უკვე გამოცემულ ან გამოსაცემ ალბომებსა და რელიზებს და შემდეგ ვარჩევთ ავტორთან ან წარმდგენთან ერთად. ეს არის მცდელობა ჩამოვაყალიბოთ ან გავაერთიანოთ ისეთი მუსიკალური კომუნა, რომელიც დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომელთაც რეალურად მოსმენა უყვართ და საუბარი, მსჯელობაც შეუძლიათ. იმის გარდა, რომ ემოციურად ძალიან სასიამოვნოა საერთო ინტერესის მქონე ადამიანების შეკრება, კარგი ხარისხის საუნდ სისტემაზე ჩანაწერების მოსმენა და ლაპარაკი, ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კომუნაში მუსიკალური მიმომხილველების პოვნა ან ჩამოყალიბება, რომლებიც სუბიექტურად, მაგრამ კომპეტენციით შეძლებენ ამა თუ იმ ალბომის მიმოხილვას. პირველი სეზონი სრულად ეთმობა მოსმენებსა და საუბრებს, შემდეგი სეზონი სხვა მედიუმებს გამოიყენებს, მაგრამ მეორე სეზონამდე ჯერ დიდი დროა.

საუბარი ჩვენთვის თვითგამოხატვის საშუალებას, დიალოგის და ახალი იდეების გაჩენის შანსს იძლევა, სრულიად ბანალური თემებიდან შეიძლება გადავიდეთ ისეთ საინტერესო საკითხებზე, რაც ახალ ბიძგს იძლევა და იდეამდე შეიძლება მივიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსჯელობა, აზრების გაცვლა, კამათი – ეს ყველაფერი ჩვენი საუბრების ნაწილია, კითხვის დასმის კულტურა, პასუხის გაცემის კულტურა. ისე გამოდის, რომ ეს ყველაფერი გვაკლია, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საუბარი მნიშვნელოვანია ყოფიერებისთვის და განვითარებისთვის. მუსიკა უდაოდ არის კომუნიკაციის უმაღლესი, უსიტყვო ფორმა, ამის განცდა და შემდეგ უკვე სიტყვებში გადმოთარგმნა დამატებითი კომფორტია, რომელიც დღევანდელ დღეს ძალიან გვჭირდება.

 

Როგორ არჩევთ სტუმარ არტისტებს თქვენი შეხვედრებისთვის? 

ჩვენ მუსიკალურ ინდისტრიაში ათ წელზე მეტია ვტრიალებთ, სხვადასხვა პროექტებში ვართ ჩართულები და ბევრ მუსიკოსს ვიცნობთ, ბევრ მათგანთან ვმეგობრობთ. თუმცა ჩვენი პროექტის მიზანი არ არის მხოლოდ ნაცნობი მუსიკოსების ჩანაწერების მოსმენა, ყველას ვისაც ჩავთვლით, რომ მისი მოსმენა ღირს, ჩვენ კარს ღიას ვუტოვებთ. ჩვენ ასევე მოვიპატიჟებთ ხოლმე მუსიკალურ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ საყვარელ ჩანაწერებს მოგვასმენინებენ და შემდეგ ამაზეც ვისაუბრებთ.

AINCENT PAIN.MODERN LOVE. დავიწყეთ ლადუკა ნინუას მუსიკალური პროექტით OIMACTTA, რომელიც 2014-16 წლებში იყო აქტუალური. მოვუსმინეთ მის 2014 წელს გამოცემულ ორ იპი ალბომს: BAD TRIPS და TRACTARENT. მოსმენის შემდეგ ვისაუბრეთ არტისტთან, მიმოვიხილეთ ალბომში შესული ტრეკები, ის პერიოდი, როცა ეს ალბომები გამოიცა, მუსიკოსის ემოციური დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხების მიმართ, გარემო და მისი გავლენა შემოქმედებით პროცესზე. სასიამოვნო და საინტერესო გამოვიდა პირველი შეხვედრა.

მეორე შეხვედრაზე მოვუსმენთ ანდრო გოგიბედაშვილის იგივე Saphileaum-ის ჯერ არ გამოცემულ ალბომ Banana Leaf Paradise-ს. ეს არის შვიდი ტრეკისგან შემდგარი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი ალბომი, რომელშიც უხვად არის პერკუსიული, ტროპიკული და დამამშვიდებელი ელემენტები. ეს არის ერთგვარი კარი ჯუნგლების სამოთხეში. ალბომი სულ მალე გერმანულ ლეიბლ Slow Life-ზე ციფრული და ფირფიტის სახით გამოვა.

ყოველი შეხვედრა ატმოსფეროს მხრივ არის გამორჩეული, შემოდიხარ ნაცნობი კლუბის ნაცნობ ოთახში, მაგრამ ხვდები განსხვავებულ გარემოში. მუსიკალურ ჟანრებში შეზღუდვა არ გვაქვს, ჩვენი სეგმენტი არის მუსიკის მოყვარული ადამიანები, რომლებიც დადიან ან არ დადიან კლუბში, მაგრამ ზოგადად მუსიკა უყვართ და შეუძლიათ დააფასონ ესთეტიკა, რომელშიც ამ პროექტს ვახორციელებთ. ჩვენ ვცდილობთ გარკვეულწილად გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, გავიცნოთ ახალი ადამიანები, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და საბოლოო ჯამში ისევ კომფორტის ზონაში ამოვყოთ თავები.

 Რა სიხშირით გეგმავთ შეხვედრების გამართვას და როგორ არის მათზე დასწრება შესაძლებელი?

ამ ეტაპზე თვეში ორ შეხვედრას ვფიქრობთ, თუმცა არ გამოვრიცხავთ ინტენსიურობის გაზრდასაც. ჩვენს შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია, თუმცა საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბმული ხელმისაწვდომია კლუბი KHIDI-ს და პლატფორმა: mechanicalwaves ინსტაგრამ გვერდებზე.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.