fbpx

სუპერთასი რეალს!


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ესპანეთის სუპერთასი მარტივი, მაგრამ ეფექტური ფორმატის გამო  ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხოლმე ფეხბურთის მოყვარულთა შორის, ხოლო როდესაც ფინალი „ელ კლასიკოა“, მაშინ სათამაშო კვირის სხვა ცენტრალური მოვლენები თითქოს ამ მატჩის ჩრდილქვეშ ექცევა ხოლმე და ყველა იმის მოლოდინშია,  ამჯერად ვინ აჯობებს – მადრიდის „რეალი“  თუ „ბარსელონა“.

უკვე წლებია, რაც საკუთარ ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ამ ტურნირს საუდის არაბეთი მასპინძლობს და კოლოსალური თანხით ამარაგებს როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, ისე მონაწილე კლუბებს, რომლებიც მატჩებიდან დამატებით შემოსავალს სხვადასხვა სარეკლამო გზებითაც იღებენ.

ტურნირი შიდა გარიგებებსაც ითვალისწინებს, რაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნით, „რეალის“, „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ მხრიდან ფინანსურად შედარებით სუსტი „ოსასუნასთვის“ ჯამური 600 000  ევროს გადაცემაში გამოიხატა.

თუმცა, სტადიონის მიღმა მიმდინარე პროცესები ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. მოედანზე კი უკვე „რეალის“ და „ატლეტიკოს“ პირველივე დაპირისპირებაში მაყურებლებმა შესანიშნავი სანახაობრივი ფეხბურთი იხილეს უხვი გოლებითა და 90-წუთიანი თამაშის  შემდგომი დამატებითი დროის დრამატიზმით.

თამაში თითქოს უკვე მატჩის შემდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაში უნდა გადასულიყო, როდესაც 116-ე და 122-ე წუთებზე მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ხოსელუმ და ბრაჰიმმა „სამეფო კლუბის“ მაისურით ორი ბურთი გაიტანეს და საბოლოოდ მსოფლიოს ყველა დროის უძლიერესმა კლუბმა ანგარიშით 5:3 გაიმარჯვა.

საგულისხმოა, რომ ძირითად დროში „რეალის“ შემადგენლობაში სამივე გოლი მცველებმა – რუდიგერმა, მენდიმ და კარვახალმა გაიტანეს. 

კარვახალმა გოლის გარდა, ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა და უკვე ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იქცა. ანტუან გრიზმანი კი ამ შეხვედრაში გატანილი 174-ე გოლით, „ატლეტიკოს“ ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდა.

შეხვედრის დებიუტი „ატლეტიკოს“ უპირატესობით წარიმართა და შეტევაში ჩართულმა მარცხენა მცველმა ერმოსომ დიეგო სიმეონეს გუნდი უკვე მე-6 წუთზე დააწინაურა.

გოლის გაშვების შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს „რეალის“ ფეხბურთელებმა და 30-ე წუთისთვის ისინი დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ გრიზმანმა შესანიშნავი ინდივიდუალური გოლით გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა და თანაგუნდელებს წარმატების იმედიც ჩაუსახა. 

მაგრამ, საბოლოოდ მოვლენები ამ გუნდებს შორის ფლეიოფების ტრადიციული სცენარით წარიმართა და „რეალმა“ იმარჯვა – გნებავთ, უფრო მაღალი კლასის, გნებავთ, უბრალოდ, უფრო მაღალი დონის ფიზიკური მომზადებისა და გრძელი სკამის ხარჯზე.  

მატჩმა უაღრესად კორექტულ ბრძოლაში ჩაიარა და მთელი 120 წუთის მანძილზე მსაჯს მხოლოდ ერთხელ მოუწია ყვითელი ბარათის ჩვენება ბრაჰიმისთვის, რომელმაც უკვე დამატებულ წუთზე გოლის გატანის აღსანიშნავად, მაისური გაიხადა.

აი „ბარსელონასა“ და „ოსასუნას“ შორის მეორე დაპირისპირება, რომელშიც ჩავი ერნანდესის გუნდმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა, კორექტულობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, რადგან „ოსასუნას“ ფეხბურთელები ნებისმიერი ხერხით ცდილობდნენ კატალონიელთა შეტევების შეჩერებას, 21-ჯერ დაჯარიმდნენ და ოთხი ყვითელი ბარათი დაიმსახურეს. 

პირველთან შედარებით, მეორე მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისითაც უსახური გამოდგა, რადგან ფანტაზიას მოედანზე მხოლოდ „ბარსელონას“ ფეხბურთელები და ისიც მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში ავლენდნენ. 

ამრიგად, სხვა გუნდებთან შედარებით, „ოსასუნას“ სისუსტიდან გამომდინარე, ფეხბურთის მოყვარულებისთვის გართულდა „ელ კლასიკოს“ პროგნოზირება. მაგრამ როდის ყოფილა იგი ადვილად პროგნოზირებადი?

წლეულს „რეალი“ თავის უმთავრეს მეტოქესთან შედარებით, უფრო მაღალი დონის ფეხბურთს უჩვენებს, რაზედაც ლა ლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილიც მეტყველებს. მაგრამ „ბარსელონას“ ამ „ელ კლასიკოში“ ხომ ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე წაგებული უკანასკნელი დაპირისპირებაც აიძულებდა შურისძიებას. 

ერთი მხრივ, კატალონიელთათვის ასეთი დამატებითი მოტივატორი გადამწყვეტი შეიძლებოდა გამხდარიყო მორიგ ისტორიულ პაექრობაში.

მეორე მხრივ კი, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს ნამდვილად არ სურდათ, რომ  წინა სუპერთასის გათამაშების მსგავსად, „ბარსელონასთან“ ამჯერადაც  დამარცხებულიყვნენ და საუდის არაბეთიდან სამშობლოში, ზედიზედ მეორედ, პრიზის გარეშე დაბრუნებულიყვნენ. 

როგორც ჩანს, მადრიდის „რეალი“ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ პრინციპულ დაპირისპირებას, რომელშიც უკვე მე-10 წუთისთვის ანგარიშით 2:0-ს იგებდა. 

მართალია, 33-ე წუთზე ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ მრავალსვლიანი კომბინაცია შესანიშნავი გოლით დააგვირგვინა და თამაშსაც თითქოს აზრი დაუბრუნდა, მაგრამ თურმე ეს კატალონიელთა ეპიზოდური გაელვება ყოფილა. 

ტრავმების გამო განახევრებული  შემადგენლობით მყოფმა „ბარსელონამ“ ვერაფერი გააწყო ვინისიუსის წინააღმდეგ, რომელმაც ორბურთიანი სხვაობა მალევე აღადგინა და ისტორიული ჰეთთრიკიც მიითვალა ამ მნიშვნელოვან მატში.

საბოლოო წერტილი კი „ბარსელონას“ რბევას მეორე ტაიმში მადრიდელთა კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ფორვარდმა როდრიგომ დაუსვა, რომლის გოლმაც სუპერთასთან ერთად, შარშან, აპრილში, ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბარსელონას“ ანგარიშით 4:0 განადგურების შემდეგ, „რეალს“ კიდევ ერთ „ელ კლასიკოში“ დიდი ანგარიშით მოგება (4:1) შესძინა. 

იმ მატჩში ვინისიუსი ერთი გოლით შემოიფარგლა, ბენზემამ ჰეთთრიკი კი შეასრულა…

„რეალის“ და „ბარსელონას“ არყოფნაში უქმად არ დარჩენილა „ბილბაო“, რომელმაც ლა ლიგის გათამაშების მორიგ ტურში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ბასკურ დერბიში „სოსიედადის“ ანგარიშით 2:1 ძლევის შემდეგ მოიპოვა. 

ამ გამარჯვებით „ბილბაო“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე განთავსდა, რადგან თანაბარი ქულების პირობებში „ბარსელონას“ გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსის მიხედვით გაუსწრო.

აი „ჟირონამ“ კი აუტსაიდერ „ალმერიასთან“ მოპოვებული ქულით მართალია, ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ სინამდვილეში ეს მადრიდის „რეალთან“ ორქულიან ჩამორჩენასთან უფრო ახლოსაა.

ქართველი გულშემატკივრები შესანიშნავი თამაშით გაახარა გიორგი მამარდაშვილმა, რომლის „ვალენსიამაც“ გასვლაზე დიდი ანგარიშით 4:1 „კადისი“ დაამარცხა. 

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო საქართველოს ნაკრების მეკარის მიერ მატჩის 25-ე წუთზე აკრობატულ ნახტომში ახლო დისტანციიდან თავით დარტყმული ბურთის მოგერიება, რომლის გაშვების შემთხვევაშიც მასპინძლები დაწინაურდებოდნენ და თამაშიც განსხვავებული სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო.

განვლილ უიკენდზე განახლდა გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშება. ლეგენდარულ ფრანც ბეკენბაუერთან დამშვიდობების ფონზე „ბაიერნმა“ შინ „ჰოფენხაიმი“ დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილში ლიდერ „ლევერკუზენს“ ვერ მიუახლოვდა, რადგან ამ უკანასკნელმა „აუგსბურგთან“ შეხვედრაში სამი ქულა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე, პალასიოსის გოლით, მაინც მოახერხა.   

აი პრემიერლიგაში კი ლიდერ „ლივერპულთან“ ორ ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა „მანჩესტერ სიტიმ“, რომლის შემადგენლობაშიც გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა ნორვეგიელმა ლეგიონერმა ოსკარ ბობმა მსაჯის მიერ დამატებულ პირველივე წუთზე გაიტანა. 

აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა დე ბრიუინემ მიითვალა, რომელმაც იქამდე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან მატჩში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.