ვიზუალური თხრობის მენტორობის პროგრამა — “ქოლგა თბილისი ფოტოს” უნიკალური შესაძლებლობა ფოტოგრაფებს
“ქოლგა თბილისი ფოტო” ფოტოგრაფებს და ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივი და საერთაშორისო ფოტოგრაფებისგან მოისმინონ ლექციები, მონაწილეობა მიიღონ ვორქშოპებში, დაეუფლონ ფოტოგრაფებისთვის საჭირო ტექნიკურ უნარებს და რაც ყველაზე მთავარია, ვიზუალურად გადმოსცენ მათთვის მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
ვიზუალური თხრობის მენტორობის პროგრამა 16-თვიანია, რისი განხორციელებაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. პროგრამამ სტარტი 2023 წლის ზაფხულში აიღო და პირველი მენტორშიპის ფარგლებში შანსი ახალგაზრდა და გამოუცდელ ფოტოგრაფებს მისცა, რომლებსაც ამბების ასახვა ვიზუალური ხერხებით სურთ და თავიანთ მომავალს სწორედ ამ სფეროს უკავშირებენ.
შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე პროგრამით დაინტერესებული პირები ავსებენ სააპლიკაციო ფორმას, რომელიც მონაწილეზე პირველადი ინფორმაციის, მათი გამოცდილების და მოტივაციის შესახებ წარმოდგენას უქმნის პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს. აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ დამოუკიდებელი ჟიური შერჩეულ კანდიდატებთან ატარებს ინტერვიუებს, რის შემდეგაც მონაწილეების საბოლოო სელექცია ხდება.
ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო მეტი გაგვეგო პროექტის შესახებ და გავესაუბრეთ საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელს – ნინო-ანა სამხარაძეს და პროექტის მენეჯერს – თამთა ახალკაცს.
ნინო-ანა, გვიამბეთ უფრო მეტი თავად პროექტისა და მისი მონაწილეების შესახებ, რამდენად საინტერესო იყო შერჩევის პროცესი და რა თემები იყო წელს პრიორიტეტული?
ნინო-ანა სამხარაძე: პირველ ნაკადში 16 მონაწილე შევარჩიეთ, მიუხედავად იმისა, რომ 15 მონაწილე იყო განსაზღვრული, 5 – თითოეული ქვეყნიდან – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა მოგვცა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ და მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა გვქონდა.
თავად სელექციის პროცესი განსაკუთრებით საინტერესო იყო. ცხადი გახდა, რა თემები აინტერესებთ და ადარდებთ ახალგაზრდებს. მათ მიერ წარმოდგენილი იდეები ძირითადად ეხება მენტალურ ჯანმრთელობას, გენდერულ ძალადობას, როგორ ვექცევით შინაურ ცხოველებს, რას ნიშნავს ახალგაზრდობა, როგორ ხედავენ წარმატებას და რა დამოკიდებულება აქვთ უმცირესობების მიმართ. თან ახალგაზრდული თავზეხელაღებულობა მუშაობის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. თითქოს მათთვის წინაღობა არ არსებობს.
რამდენადაც ვიცით, თქვენი პროექტი გამოცდილ ფოტოგრაფებსაც აძლევს ახალი გამოცდილების და პროფესიული განვითარების საშუალებას, ამავდროულად, დამწყები ფოტოგრაფებიც მონაწილეობენ მენტორობის პროგრამაში, ამ გადაკვეთის წერტილზე გვითხარით უფრო მეტი, და პირველი ნაკადის მონაწილეებთან თუ თანამშრომლობთ კვლავ?
ნინო-ანა სამხარაძე: ახალგაზრდა და გამოუცდელი ფოტოგრაფების გარდა, “ქოლგა თბილისი ფოტოს” ვიზუალური თხრობის მენტორობის პროგრამა გამოცდილ ფოტოგრაფებსაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. სულ რამდენიმე კვირაა სტარტი აიღო პროგრამის მეორე ფაზამ, სადაც შერჩეულ 9 მონაწილეს (3-3 მონაწილე სომხეთიდან საქართველოდან და აზერბაიჯანიდან) ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ, რომლის ფარგლებშიც გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, დარო სულაკაურის მენტორობით საუკეთესო ვიზუალური ხერხებს იპოვიან საკუთარი ჩანაფიქრის და იდეების ვიზუალურად გადმოსაცემად.
სწავლისა და მენტორობის გარდა, პროგრამა ახალგაზრდა, დამწყებ თუ გამოცდილ ფოტოგრაფებს სხვადასხვა სახის უნიკალურ შესაძლებლობასაც აძლევს. მაგალითად, ინდივიდუალური პროექტები, რომლებზეც გამოცდილი ფოტოგრაფები რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებენ, 2024 წლის მაისში “ქოლგა თბილისი ფოტოს” კვირეულზე გამოიფინება. საბოლოო ფოტოპროექტები ციფრულადაც გამოქვეყნდება Chai Khana-ზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის შესახებ ამბის თხრობის ვიზუალური და ექსპერიმენტული პლატფორმაა.
გამოფენის მიღმა არ დარჩებიან არც პირველი ნაკადის ახალგაზრდა და დამწყები ფოტოგრაფები. პროექტებზე მუშაობას ისინიც 2024 წლის მარტში გამოფენით დაასრულებენ. სწორედ გამოფენის სამზადისში გადაიკვეთება ორივე პროგრამის მონაწილეების პროფესიული გზა. თბილისში დაგეგმილ ფიზიკურ შეხვედრებზე გამოცდილი ფოტოგრაფები ახალბედებს ფოტოპროექტებზე და გამოფენაზე მუშაობაში დაეხმარებიან და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამას გარდა, ფიზიკურ სივრცეში დაგეგმილია ერთობლივი ტრენინგები და ლექციები.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია სწავლება, ლექციები, ვორქშოპები, გამოფენებისთვის მომზადება, მაგრამ პროფესიონალად შედგომა კიდევ ბევრ პრაქტიკულ უნართანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით, როცა შემოქმედებით სფეროს ეხება საქმე, ამ თვალსაზრისით რას სთავაზობს პროგრამა მონაწილეებს?
თამთა ახალკაცი: პროგრამა იძლევა ურთიერთობების დამყარების ე.წ. networking-ის განსაკუთრებულ შესაძლებლობას, მონაწილეები სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან ამყარებენ მნიშვნელოვან პროფესიულ და მეგობრულ კავშირებს ერთმანეთთან, თუმცა, ამასთან ერთად, მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თავი გააცნონ ადგილობრივ და საერთაშორისო რედაქტორებს, კურატორებს, გაცვალონ მათთან მოსაზრებები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები, დაგეგმონ პორტფოლიო და გახდნენ აქტუალურები ამ სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენები გაიმართება სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში. როგორც ახალბედა ფოტოგრაფების, ისე გამოცდილი ფოტოგრაფების ნამუშევრები საქართველოს გარდა, იმოგზაურებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს თავის მხრივ, უნიკალური გამოცდილებაა და არა მხოლოდ ზედაპირული კავშირების, არამედ ავთენტური და ღრმა ურთიერთობების საფუძველს ქმნის, რითაც განსაკუთრებულად ვამაყობთ. საბოლოო ჯამში, კომპლექსურად თუ შევხედავთ, ამგვარი მხარდაჭერის შესაძლებლობით, რასაც ქოლგას მენტორობის პროგრამა ფოტოგრაფებს სთავაზობს, რეგიონი განებივრებული ნამდვილად არაა. შესაბამისად, ქოლგას მენტორობის პროგრამა მართლაც მნიშვნელოვან და ღირებულ კონტრიბუციას ქმნის რეგიონის ფოტოგრაფების პროფესიული განვითარებისთვის.









