fbpx

რეალიდან ინტერამდე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთის მატჩები სამუზეუმო ექსპონატების სახით რომ რჩებოდეს ისტორიას, „რეალი“ – „ატლეტიკოს“ ორი უკანასკნელი დაპირისპირება ალბათ შეავსებდა ამ კოლექციას.

ესპანეთის თასის მერვედფინალური შეხვედრა თითქოს გაგრძელება იყო ერთი კვირის წინანდელი სუპერთასის მატჩისა, სადაც მხოლოდ გამარჯვებულის ვინაობა შეიცვალა, თორემ მაყურებლებმა ამ დაპირისპირებაშიც იხილეს სანახაობრივი ფეხბურთი და დამატებით დროში გატანილი გოლები.

შეხვედრის 106-ე წუთზე, როდესაც ტაბლოზე 3:2 იყო ანგარიში „ატლეტიკოს“ სასარგებლოდ, „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მეტოქის დასაბნევად შუა ხაზის მოთამაშე დანი სებალიოსი შეუშვა მოედანზე.

„რეალის“ მე-19 ნომერი მყისვე დიეგო სიმეონეს გუნდის საჯარიმოში გაჩნდა და მალე გოლი გაიტანა კიდეც, მაგრამ მცირეოდენი თამაშგარე მდგომარეობის გამო, მსაჯმა გააუქმა იგი. 

როგორც გაირკვა, „რეალს“ თამაშის პენალტების სერიაში გადაყვანის იმედი სწორედ ამ ეპიზოდში გადაეწურა, რადგან ორიოდე წუთში მემფის დეპაიმ შესანიშნავი გადაცემით მეკარე ლუნინთან პირისპირ გაიყვანა რიკელმე, რომლის დარტყმის შემდეგაც მატჩის საბოლოო შედეგი – მადრიდის „ატლეტიკოს“ სასარგებლოდ – 4:2 დაფიქსირდა. 

„ატლეტიკომ“ ამ მოგებით გარდა იმისა, რომ შური იძია მუდმივ მეტოქეზე სუპერთასის მატჩში მარცხისთვის, უკანასკნელი წლების ფლეიოფებში „რეალს“ პირველად დაასწრო გადამწყვეტ მომენტში გოლის გატანა, რისი გამოცდილებაც მას სამომავლოდაც შეიძლება წაადგეს, თუკი ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.  

ყველაზე საჭირო გოლი კი გრიზმანმა მატჩის დამატებითი დროის მე-10 წუთზე გაიტანა, როდესაც საკუთარი გუნდი დააწინაურა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ვინისიუსს აართვა ბურთი. ბრაზილიელი ფორვარდი უკან კი დაედევნა, მაგრამ ვეღარ დაეწია ფრანგს, რომელმაც თანდათანობით ტემპს უმატა და პირით ხაზთან, საკმაოდ მახვილი კუთხიდან, უძლიერესი დარტყმით დალაშქრა „რეალის“ კარის შორეული ცხრიანი.

„ატლეტიკომ“ ლა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში საკუთარ „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონზეც დაამარცხა მადრიდის „რეალი“. ამ გუნდებს შორის მეორე წრის მატჩი კი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სულ მალე, 4 თებერვალს შედგება.

საუდის არაბეთმა ესპანეთის სუპერთასის შემდეგ იტალიის მსგავსი ფორმატის ტურნირსაც უმასპინძლა,  რომლის პირველ მატჩშიც ერთმანეთს „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ დაუპირისპირდნენ.

მიმდინარეობდა მატჩის 31-ე წუთი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ ორთაბრძოლაში წამით დაასწრო მეტოქეს და ბურთი ჟოან ჟეზუსის მიმართულებით გადაგზავნა. ამ უკანასკნელმა კი მეკარესთან პირისპირ ჯოვანი სიმეონე დატოვა, რომელსაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია.

გაშვებული გოლის შემდეგ „ფიორენტინამ“ რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა და ტაიმის მიწურულს პენალტი ვერ გამოიყენა. 

შესვენების შემდეგ კი მოედანზე გამოსული ძერბინის დუბლით „ნაპოლიმ“ საქმე ბოლომდე მიიყვანა და საბოლოოდ მშრალი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა „ფიორენტინა“, რომელთანაც იტალიის ჩემპიონატში შინ ანგარიშით – 1:3 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი შეხვედრის 72-ე წუთზე დატოვა. მისი თანაგუნდელები ვიქტორ ოსიმენი და ანგისა კი აფრიკის თასზე პარალელურ რეჟიმში შესაბამისად, ნიგერიისა და კამერუნის ნაკრებების ღირსებას იცავდნენ, რომლებიც ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩებს განსხვავებული განწყობით შეხვდნენ.

აფრიკის თასისთვის თანმდევი თვალსასეირო ეგზოტიკა უშუალოდ მატჩებთან ერთად სტადიონების ტრიბუნებზეც ვრცელდება, სადაც შავი კონტინენტის სრულიად განსხვავებული ტიპის ქომაგებს ვხედავთ, რომლებიც საკუთარი გუნდების მხურვალე მხარდაჭერასთან ერთად, მეტოქეების მიმართ არანაირ სიძულვილს არ ავლენენ. 

ასეთი ჰუმანურობა კი მათ ევროპელ და სამხრეთამერიკელ ქომაგებთან შედარებით, უფრო მაღალ კულტურულ დონეზე აყენებს.

ნიგერიის ნაკრებმა უმნიშვნელოვანეს მატჩში ჩემპიონატის მასპინძელი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი კოტ-დივუარი 55-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენის გამომუშავებული თერთმეტმეტრიანით დაამარცხა.

კამერუნის ნაკრები კი სენეგალთან ანგარიშით 1:3 წაგების შემდეგ, ჯგუფში ჩარჩენის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე, ანგისა შეიძლება ნაადრევადაც დაუბრუნდეს „ნაპოლის“ იტალიის სერია A-ს გათამაშებაში.

უიკენდის მშვენებად ესპანეთის ლა ლიგის გათამაშების 21-ე ტური იქცა, რომელშიც სანახაობრივი თვალსაზრისით ყველა ცენტრალურმა დაპირისპირებამ გაამართლა.

ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო გიორგი მამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც „ვალენსიამ“ თვით ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელი „ბილბაო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

არაერთი ესპანური გამოცემის შეფასებით, საქართველოს ნაკრების მეკარე საუკეთესო იყო მოედანზე მყოფ ორივე გუნდის მოთამაშეთა შორის. ჩემპიონატში „ვალენსიას“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრის მოგებასთან და მამარდაშვილის უკვე მეშვიდე „მშრალ“ მატჩთან ერთად კი აღსანიშნავია, რომ მეტოქე გუნდის კარს თვით მრისხანე ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი იცავდა, რომელზეც საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა თავის მხრივ მცირეოდენი რევანში აიღო ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩებში ორი წაგებისთვის…

მამარდაშვილის გარდა, ლა ლიგის 21-ე ტურს კიდევ ორი გამორჩეული გმირი და რამდენიმე ანტიგმირი აღმოაჩნდა.

ანტიგმირები „რეალი“ – „ალმერიას“ მატჩის მთავარი მსაჯი და VAR-ის ბრიგადა იყვნენ, რომელთაც ამ დაპირისპირების გადამწყვეტ სამივე საკვანძო ეპიზოდში ვერდიქტი მადრიდის „რეალის“ სასარგებლოდ გამოიტანეს და ფაქტობრივად აჩუქეს ანჩელოტის გუნდს სამი ქულა ლა ლიგის აუტსაიდერთან შეხვედრაში.

„ბეტისი“– „ბარსელონას“ მატჩში გმირის სტატუსი მადრიდის „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელ ისკოს შეიძლება მიენიჭოს, რომელმაც „ბარსელონას“ მიმართ ისტორიული მეტოქეობა მეორე ტაიმში „ბეტისის“ მაისურით შესრულებული დუბლით გამოხატა. 

ორბურთიანი უპირატესობის განიავებას „ბარსელონას“ ფეხბურთელები ვერ შეეგუვნენ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს.

განვლილი ტურის მთავარი გმირობა კი „ჟირონას“ უკრაინელმა თავდამსხმელმა დოვბიკმა ჩაიდინა, რომელმაც „სევილიას“ კარში ჰეთთრიკის შესრულებას დროის ექვსწუთიანი მონაკვეთი მოანდომა! 

აღსანიშნავია, რომ პირველი და მეორე გოლები მან ორი წუთის განმავლობაში გაიტანა. მაგრამ გოლების აღნიშვნისადმი განკუთვნილი დროც ხომ გასათვალისწინებელია? ფაქტია, რომ დოვბიკის შედეგიანობის ინტენსივობას ნებისმიერი კალათბურთელი ინატრებდა. 

მეოთხე ბურთი „სევილიას“ კარში ასევე უკრაინელმა ფორვარდმა ციგანკოვმა გაიტანა, ხოლო ანდალუზიელთა საშინელ მდგომარეობას წერტილი სტუანიმ დაუსვა, რომელმაც მეხუთე ბურთი მეტოქის კარში ტრადიციულად მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გამოსვლის შემდეგ გაიტანა. 

„ჟირონა“ – „სევილიას“ მატჩში გამარჯვებულთა შემადგენლობაში მამით ქართველი და დედით უნგრელი ფეხბურთელი – ანტალ იაკობიშვილი გამოჩნდა. 19 წლის ცენტრალურ მცველს აქამდე უნგრეთის ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშევი და ამჟამად ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

იტალიის სუპერთასი კი „ინტერმა“ მოიპოვა, რომელმაც მოახერხა მე-60 წუთიდან მოედანზე 10 კაცით მოასპარეზე „ნაპოლის“ კარში მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანა. 

იმ დროისათვის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ერთადერთი იყო თანაგუნდელთა შორის, შეტევაში თამაშს რომ ამწვავებდა, უკვე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.