fbpx

ბარსელონას ნაცვლად ჟირონა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სუპერკლუბები ყველანაირად ცდილობენ, სეზონი ტიტულის გარეშე არ დაასრულონ და შესაძლებლობების მიხედვით გადაანაწილონ ძალები დასახული მიზნების მისაღწევად.

ამ დროს გასათვალისწინებელია ტრავმები, მწვრთნელის ფაქტორი, სანაკრებო ფანჯრები, ლეგიონერების წარმოშობა, გრაფიკის დაძაბულობა და კიდევ სხვა მრავალი საკითხი, რომელთაც შეიძლება პრობლემები შეუქმნან კლუბს.

„ლივერპული“ და „იუვენტუსი“ წლეულს ყველაზე თავისუფალი კლუბებია, რომელთაც საკუთარი ჩემპიონატების მოგებისთვის ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის დაძაბული გრაფიკის გარეშე შეუძლიათ. 

ევროპის ლიგის ტურნირიდან გამოვარდნას კი „ლივერპული“ როგორღაც აიტანს იმის გათვალისწინებითაც, რომ პრემიერლიგის ჩემპიონობის მოპოვებამდე თუ მისი „მანჩესტერ სიტისთვის“ დათმობამდე, იგი ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ჩელსისთან“ დაპირისპირებაში ეცდება წლევანდელი პირველი ტიტულის მოპოვებას. 

გარდა ამისა, „ლივერპულმა“ განვლილ უიკენდზე FA Cup-ის მერვედფინალშიც გაიკვალა გზა.

როგორც „სკუდეტოსთვის“, ისე იტალიის თასისთვის მებრძოლი „იუვენტუსი“ კი, რომელმაც „ემპოლის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მოულოდნელად დაასრულა ხანგრძლივი მოგებების სერია, შარშანდელი ქულების დაკლების გამო, ევროთასებზე საერთოდ არ მონაწილეობს. 

წინდახედულობას ამჟღავნებს „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც განვლილ უიკენდზე დაძაბულ ბრძოლაში „ტოტენჰემის“ დამარცხებით გვამცნო, რომ FA Cup-ის ტურნირს უდიერად არ ეპყრობა და შარშანდელი სეზონის მსგავსად, ჩემპიონთა და პრემიერლიგის გარდა, ამ ტურნირის მოგებას ამჯერადაც ეცდება.

ახლავე შეიძლება ითქვას, რომ „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და შესაძლოა „ბაიერნი“ სწორედ ის კლუბებია, რომლებიც მწვრთნელს სეზონის ბოლომდე ან მის დასრულებამდეც შეიცვლიან.

გასული კვირის ერთგვარ სენსაციად ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონას“ გამოვარდნა იქცა „ბილბაოს“ წინააღმდეგ შეხვედრაში. 

მაგრამ, თუკი სუპერთასზე მისი „ელ კლასიკოში“ განადგურებას შემთხვევითობად არ მივიჩნევთ და ლა ლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილში „ბარსელონასა“ და „ბილბაოს“ მჭიდრო მეზობლობასაც გავითვალისწინებთ, კატალონიური კლუბისთვის არასახარბიელო მკაცრი სინამდვილე წარმოგვიდგება.

არსებული ვითარება კი კიდევ ერთხელ განვლილი უიკენდის ლა ლიგის შეხვედრაშიც გაცხადდა „ვილიარეალთან“, რომელშიც სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილოსანმა გუნდმა კატალონიური გრანდი ორბურთიანი სხვაობით 5:3 გასვლაზე დაამარცხა.

ბუნებრივია, რომ გაკვირვებას იწვევს როგორც მატჩის ანგარიში, ისე მისი მსვლელობა. 

სუპერთასზე მადრიდის „რეალთან“ საკუთარ კარში მიღებული ოთხი ბურთის ჩათვლით კი გამოდის, რომ „ბარსელონამ“ ბოლო ოთხ შეხვედრაში 15 გოლი გაუშვა. 

ფეხბურთის სპეციალისტები ცდილობენ ახსნან კატალონიური გრანდის კრიზისის მიზეზები და ფაბიო კაპელოს ასეთად რობერტ ლევანდოვსკის ფაქტორი მიაჩნია, რომელმაც „გოლების გატანას უკლო“. 

მაგრამ, რაღას იტყვის დიდი იტალიელი მწვრთნელი იმ ფაქტზე, რომ „ბარსელონამ“ „ვილიარეალთან“ შეხვედრაში მოედანზე ლევანდოვსკის ყოფნისას ორი ბურთის გაქვითვა და დაწინაურება შეძლო, ხოლო მისი შეცვლის შემდეგ კი სამი გოლი გაუშვა და სასტიკად დამარცხდა?

„ბარსელონა“ კვლავაც ინარჩუნებს ესპანეთის ჩემპიონის და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვების თეორიულ შანსს, მაგრამ ამისი ყველაზე ნაკლებად ალბათ თვით ამ გუნდის გულშემატკივრებს სჯერათ.

„კატალონიურ საქმეს“ კი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ჟირონა“ ასრულებს, რომელიც არ თმობს ლიდერის პოზიციას მადრიდის „რეალთან“ ჭიდილში.

განვლილ ტურში „ჟირონამ“ გასვლაზე „სელტას“ მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია და ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა „ლას პალმასთან“ ასევე გამარჯვებულ „რეალთან“, რომელსაც  გათამაშების ლიდერზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

„ატლეტიკომ“ მორიგი გამარჯვება „ვალენსიასთან“ იზეიმა. რომელთანაც პირველ წრეში დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა. 

გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ორ ეპიზოდში გოლისგან ვერ იხსნა თანაგუნდელები, რომლებიც პირველი წუთებიდანვე განწირულნი ჩანდნენ ამ მატჩის წასაგებად.

ამ მოგების შემდეგ „ატლეტიკო“ ქულებით „ბარსელონას“ გაუთანაბრდა და მასთან შედარებით გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე განთავსდა.

ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ მეტოქის – „ნაპოლის“ ერთადერთი  მიზანი კი სერია A-ს სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში მოხვედრა იქნება. 

განვლილი ტური იმითაც იყო საინტერესო, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონი მეოთხე ადგილისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურენტს – „ლაციოს“ ეწვია, რომელთანაც პირველ წრეში დასანანი მარცხი იწვნია.

„ლაციოსთან“ შეხვედრაში „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ვიქტორ ოსიმენი და საბო ანგისაც აკლდნენ, რომლებიც შესაბამისად, ნიგერიისა და კამერუნის ნაკრებების შემადგენლობაში ერთმანეთს აფრიკის თასის მერვედფინალურ მატჩში დაუპირისპირდნენ. 

მაყურებლები ამ გუნდებს შორის ტრადიციულად დაძაბულ და უკომპრომისო ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ უკვე ჯგუფურ ეტაპზე გამოჩნდა, რომ კამერუნი ტურნირზე ასპარეზობას მალევე დაასრულებდა. 

მეტიც, ნიგერიის ნაკრებმა ისე გაიმარჯვა ანგარიშით 2:0, რომ მეტოქეს მის კართან მთელი 90 წუთის მანძილზე ერთი საგოლე ეპიზოდიც არ შეუქმნია.

სამაგიეროდ, დრამატულად განვითარდა მოვლენები ეკვატორული გვინეისა და გვინეის ნაკრებების მატჩში, რომლის დამატებულ უკანასკნელ მე-8 წუთზე გვინეის ნაკრებმა მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა იქამდე პენალტის გამნიავებელი კაცნაკლული შემადგენლობით მოასპარეზე მეტოქის კარში და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა.

აფრიკის თასზე მაყურებლებმა პირველი თერთმეტმეტრიანების სერიაც იხილეს, რომელშიც კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ეგვიპტე ანგარიშით 8:7 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სერიამ მეკარეების დარტყმებამდე მიაღწია და მატჩის ანტიგმირად ეგვიპტელთა გოლკიპერი იქცა, რომელმაც პენალტი ხარიხას მოარტყა.

 

„ლაციოს“ და ერთი ქართველის და ორი აფრიკელის გარეშე დარჩენილი „ნაპოლის“ შეხვედრაში კი მაყურებლებმა ძირითადად ორმხრივი ძიძგილაობა და წვრილმანი უხეშობა იხილეს, ფეხბურთელებმა ღირებული ვერაფერი შექმნეს მოედანზე და უღიმღამო მატჩი ასეთივე არაფრისმთქმელი 0:0-ით დაასრულეს.

„ფიორენტინას“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხების შემდეგ, „ინტერმა“ იტალიის სერია A-ს ლიდერის პოზიცია დაიბრუნა, ხოლო გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში კი „ბაიერნმა“ გათამაშების ლიდერ „ლევერკუზენთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.

„ლევერკუზენისა“ და „მიონხენგლადბახის“ მატჩის შემდგომი სტატისტიკის შემხედველი ადამიანი აუცილებლად იტყოდა, რომ ჩაბი ალონსოს გუნდი დიდი ანგარიშით მოიგებდა ამ თამაშს, მაგრამ სინამდვილეში იგი ფრედ 0:0 დასრულდა.

„ბაიერნმა“ კი მიუხედავად იმისა, რომ გასვლაზე „აუგსბურგი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა, ამჯერადაც ვერ დატოვა უმაღლეს დონეზე აწყობილი „რეკორდმაისტერის“ შთაბეჭდილება.

 

 

წარუმატებლობის მიუხედავად, „ლევერკუზენი“ დღემდე რჩება მიმდინარე სეზონში ტოპ-ჩემპიონატებს შორის ერთადერთ წაუგებელ გუნდად, რომელიც იმავდროულად, ევროპის ლიგაზეც დანაკარგის გარეშე განაგრძობს ასპარეზობას. 

 

541 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.