Exodus – ნესტან მიქელაძის სოლო გამოფენა რია ქებურიას რეზიდენციაში
16 დეკემბერს რია ქებურიას რეზიდენციაში ნესტან მიქელაძის სოლო გამოფენა გაიხსნა, რომლის კურატორიც კატი არსენიშვილია.
საზოგადოებასთან სასაუბროდ ნესტან მიქელაძე ყოველთვის ირჩევს ფერწერას. იდეები არის მოძრაობისა და მოქმედების ბიძგი, მაგრამ საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ძიების შემდგომ საჭიროა რწმენა, რომელიც გამოგიყვანს შინაგანი სამყაროდან და რეალიზების შესაძლებლობას მოგცემს.
ექსოდუსი – რწმენა, როგორც პოტენციალის რეალიზების საშუალება ნესტან მიქელაძის გამოფენის მთავარი თემაა. ნამუშევრებში ჭარბობს ცისფერი, ლურჯი, ვარდისფერი და იისფერი ფერები. ცისფერი, როგორც სამეფო, ზე-სიდიადის ფერი რწმენას გამოსახავს, სწორედ მისგან იწყებს განვითარებას პირველ ტილოზე გამოსახული აბსტრაქტული პოტენციალის/ჩანაფიქრის მარცვლები.
საგამოფენო დარბაზში სამი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი ახალი და განსხვავებული ტექნიკის გამოყენებით. ასევე ინსტალაცია, რაც არტისტისთვის სრულიად ახალი სფეროა. “პოტენციალი”, “უდაბნო” და “რძისა და თაფლის მიწა” რწმენის ხაზის სამი ტილოა, რომლებიც განვითარებისა და მოძრაობის გზას აჩვენებს დამთვალიერებლებს.
ნესტანის ნამუშევრები ყოველთვის აბსტრაქტულია, მაგრამ გამოსახული ფიგურები და ფერები მონაცვლეობენ ერთმანეთში, ვიბრირებენ და ყოველთვის ადამიანური გრძნობების ენაზე გელაპარაკებიან. თითოეული მნახველი განსხვავებულად აღიქვამს და ხედავს, მაგრამ ყოველ მათგანს ერთი შთაბეჭდილება, ერთი ემოცია რჩება. შეგრძნებები კი, რომელთა გადმოცემაც სურს მხატვარს, ყოველ ჯერზე განსხვავებულია, სოლო გამოფენისთვის მან ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები გაიხსენა, რომელთაც მიახვედრეს, რომ შეუძლებელი იქნებოდა ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი ცხოვრებაში, თუკი რწმენა არ იარსებებდა. შესაძლოა არ იცოდე, რა გელის ყოველი ამ ნაბიჯის შემდგომ, მაგრამ როდესაც იცი, რომ წინ წაწევის ძალა გაგაჩნია, საშიშია აღარაფერია, გზის დასასრულს აუცილებლად შეძლებ ჩამოჯდომას და საკუთარი მიღწევით ტკბობას. “რძისა და თაფლის მიწა” სწორედ იმ მიღწევას გამოსახავს, რომელიც ჯერ კიდევ პირველ ნამუშევარზე გამოსახულ მარცვლებამდე ადრე, არტისტის თავში ღვივდებოდა და იზრდებოდა, რწმენის საშუალებით კი საბოლოო სახე მიიღო და რეალიზდა.
ფერწერულ სერიას ზეაღმართული, ლურჯი ხელის ინსტალაცია აგვირგვინებს, ნიშანი მოქმედებისა, სხვისთვის კი შესაძლოა შემოქმედისა, რადგან არა აქვს მნიშვნელობა, რისი ან ვისი გწამს, რწმენას ყოველთვის ერთი სასრული შედეგი მოაქვს, მაშინაც კი, როცა განვითარება ბნელ სამყაროში გიწევს, მაგალითად, ისეთში, როგორიც ნესტანის პირველ და მეორე ნამუშევარშია გამოსახული. აბსტრაქცია გაძლევს შესაძლებლობას იხელმძღვანელო საკუთარი აზრებით და შენით განავითარო იდეა, რომელიც არტისტის თავში დაიბადა. ამრიგად, საგამოფენო სივრცის სტუმრობისას ხდება მნახველისა და ავტორის ინტერაქცია.
გამოფენისთვის ნესტანი სამი კვირა რია ქებურიას სახელოსნოში ემზადებოდა. მთავარი, როგორც არტისტი ამბობს, შემოქმედებითი პროცესის დროს ტემპია, მაგრამ პაუზაც ტემპის ნაწილია და აუცილებელია იცოდე საკუთარი თავის ყურადღებითა და გულისყურით მოსმენა.
ახლა, როცა ნამუშევრები მზად არის, დგება ტკბობის, სიამოვნების ჟამიც, რომელიც გიბიძგებს, ისევ რაიმე ახლის შექმნაზე იფიქრო.