fbpx

რას გავიგებ დღეს 17 – ქეთი ბზიკაძე


გააზიარე სტატია

ბოლო რამდენიმე სტატია ინტერვიუებს დავუთმე, ვისაუბრე ხელოვანთან, მეღვინესთან, პოდკასტის ავტორებთან. ამასობაში სტატიის წერის მეორე მეთოდი მომნატრებია – ენთუზიაზმით სავსე უსასრულო ღამეს ერთი საიტიდან მეორეზე გადასვლა და „open in new tab” ბრძანების საშუალებით ზებუნებრივი ძალების შეგრძნება. ამ ინფორმაციულ ჯაჭვზე დაკვირვება ძალიან მსიამოვნებს, ჯანსაღ და სასურველ ეიფორიას მმართებს, განსაკუთრებით – ისტორიაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში თუ ვარ ჩამძვრალი. ვერ ვხსნი გვიან ღამის საათებში ამ ტიპის შემეცნებისგან მიღებულ სასიამოვნო განცდებს ზუსტად, თითქოს პატარ-პატარა მოვიბრირე ვარსკვლავები მიჩნდება თმის ბოლოებში, რომლებიც აწმყოს სიმშვიდით მივსებს. 

ჰოდა, როგორც იქნა, მეწვია სანატრელი გვიანი საათების შემეცნება. იაპონურ ხელოვნებას ხშირად ვუბრუნდები ხოლმე და არ მიკვირს, რომ ამ სტატიას რამე იაპონურზე დავწერ. უამრავი დრო შემიძლია დავუთმო ჩუმ, სადა, სახასიათო პეიზაჟებს, საქმიან ადამიანებს, აყვავებულ მცენარეებს, კარალიოკებს და კატებს, რომლებიც თავისი დეკორატიულობით, სტატიკურობით, ყოველდღიურობით და ბუნებრივზე უფრო ბუნებრივი კოლორიტით თავს არ მაბეზრებს და კიდევ უფრო ძლიერად მაწებებს იაპონურ ესთეტიკას. 

ძალიან დიდი ხანია, რაც ამ შეუდარებელი იმიჯებით ვტკბები, ჯერ კიდევ როდის ვიყენებდი Facebook-ის cover-ად სადა, მშვიდ ნახატებს, მაგრამ სულ ახლახან, ამ კვირის ღამის ძიებებში აღმოვაჩინე, რომ ამ ჩემთვის მიმზიდველ და მოუბეზრებელ სტილს თავისი სახელი – ნიჰონგა ჰქონია. 

არქიპელაგზე განლაგებული ქვეყნისათვის თვითმყოფადობის, უნიკალურობის და ავთენტურობის გარანტი ალბათ წყლის საზღვარი იყო. თუმცა მეცხრამეტე საუკუნეში სიახლეებისა და გარე სამყაროს შესამეცნებლად საზღვრებში შემოღწეულმა დასავლურმა გავლენებმა რამდენიმე ადგილობრივ განმანათლებელს  ხელოვანს იაპონური ტრადიციული მხატვრობის პრეზერვაციისკენ უბიძგა, რამაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მეიჯის პერიოდის იაპონიაში ტერმინი ნიჰონგა წარმოშვა – ტრადიციული იაპონური მხატვრობის სტილი, რომელიც დღემდე აქტუალური და აქტიურია, იგი ჩინური და კორეული კულტურების გავლენითაა შექმნილი, ანუ ცხადია, რომ იაპონელებს სულ ჩაკეტილი არ ჰქონდათ საზღვრები. 

მოკლედ ნიჰონგას შესახებ: 

თავდაპირველად ნიჰონგას სტილის მხატვრობა შირმებისთვის (Byōbu), იაპონური მოძრავი ხისა და ქაღალდის პანელებიანი კარებისა (Shoji) და გრაგნილებისთვის გამოიყენებოდა. მგონი, ნიჰონგას ამოცნობა რთული არაა: ტრადიციული ბუნებრივი მასალებით (დაფხვნილი ნიჟარები, ძვირფასი მეტალები, მინერალები) და ტექნიკით აბრეშუმსა ან ქაღალდზე შესრულებული, ბუნების სილამაზეზე ფოკუსირებული ჰარმონიული, უპერსპექტივო, ეროვნული სიმბოლოებით და ხასიათით შევსებული  კომპოზიციები, რომლებიც საუცხოო, გამორჩეული ვიზუალით უეჭველად მიიზიდავს  თქვენს ყურადღებას.

  1. ნაკლებად რეალისტური გამოსახულება
  2. უჩრდილო
  3. კონტურებიანი
  4. მკრთალი ტონები
  5. მარტივი გამომხატველობა

ეს ხუთი პუნქტი ამერიკელმა ხელოვნების მკვლევარმა ერნესტ ფენოლოსამ 1882 წელს ნიჰონგას დასახასიათებლად გამოიყენა.

როცა მეიჯის პერიოდის იაპონიის პორტები დასავლეთთან სავაჭროდ გაიხსნა, კულტურული ასიმილაცია გარდაუვალი იყო. ჰოდა, როცა დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს, გავლენა ორმხრივია. წარმოიდგინეთ, როგორი შთაგონება ეწვიათ დასავლელ ხელოვანებს ევროპაში იმპორტირებული იაპონური მარაოების, აბრეშუმის, კერამიკის, ლაქირებული ხის, კიმონოების დანახვისას. ევროპელი იმპრესიონისტები და პოსტიმპრესიონისტები თვითგამოხატვის საშუალებებს იაპონური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში პოულობდნენ და შესაბამისად, ამ ტენდენციას თავისი სახელიც დაერქვა – იაპონიზმი – ფრანგული ტერმინი, რომელიც გულისხმობს იაპონური ხელოვნების პოპულარობასა და გავლენას დასავლეთში. ედგარ დეგას, ტულუზ-ლოტრეკის, პოლ გოგენის, ვან გოგის და სხვა უდიდესი მხატვრების შემოქმედებაში შევხვდებით აღმოსავლური ხელოვნების მკაფიო ინსპირაციებს.

ძალიან მომნუსხველია, რომ ეს მომავლის ქვეყანა ტრადიციებთან იმდენად მჭიდროდაა გადაბმული, რომ ტექნოლოგიების და ინოვაციების ჰაბთან ერთად არსებობს პატარ-პატარა სოფლები, სადაც საგვარეულო საქმე, კერამიკა, ფუნჯების და ნიღბების დამზადება, უდიდესი მოწიწებით და ტრადიციების უზუსტესი დაცვით გრძელდება. მიუხედავად ქუჩაში მოსეირნე ირმებისა და რობოტების კოჰაბიტაციისა, იაპონიაზე მძიმე, დამზაფვრელი, ტრაგიკული ასოციაციები მაქვს, ეგეც ალბათ ისევ მათი გეოგრაფიიდან გამომდინარე. ცუნამი (იაპონურიდან ითარგმნება, როგორც ნავსაყუდლის ტალღა), ტაიფუნი (ჩინურიდან ითარგმნება, როგორც ხანგრძლივი ქარი), მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ატომური ბომბები, მილიტარისტული ქვეყნისთვის სახასიათო ომები, სოციალური პრობლემები, ჰიკიკომორი. 

ბუნებრივია, რომ ამ სირთულეებზე იაპონელი ხელოვანები ოდითგანვე რეფლექსირებდნენ, წარსულის მარტივ მაგალითს – ჰოკუსაის დაუვიწყარ ტალღას მოვიყვან, თუმცა ამჯერად თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს გაგაცნობთ. პირველი იყოს ჰოლანდიურ-ფრანგულ-იაპონური, საკმაოდ ფილოსოფიური, ალეგორიული ანიმაციური ფილმი – „The Red Turtle”, რომელსაც თავისი ოდნავ მონიჰონგო ანიმე ნახატით, ფანტასტიკური ტრანსფორმაციებით, მოულოდნელი ცუნამით და ამავდროულად, კუნძულის მშვიდი, აუჩქარებელი ამბიენსით ასკეტურ, ბუნებით გარემოცულ და ქალაქებში გამომწყვდეულებისთვის სანატრელ მისტიკურ გარემოში გამყოფებს. ეს იყო სულ მცირე, რაც ამ ულამაზეს ნამუშევარზე შემეძლო მეთქვა.

მეორე მაგალითი კი უნიკალური გამოფენა იყოს. „Kaku no Kai: Mission Peace“ – ნიჰონგას მხატვრების, მეტალზე, ხესა და ნაჭერზე მომუშავე ხელოვანების კოლაბორაციით ჩატარებული უპრეცედენტო ჯგუფური გამოფენა. 

სახელწოდებაშიც ჩანს, რომ ათივე მონაწილე უნიკალური ხედვით სანატრელ მსოფლიო მშვიდობაზე ქმნის ინსტალაციებს. ინსტალაციები ძირითადად ხის ბალისტიკურ რაკეტებს წარმოადგენს, ხელოვანების ინტერპრეტაციით ისინი მშვიდობის იარაღად გარდაიქმნენ. 

სხვადასხვა ტრადიციული ტექნიკის, მასალების (ბუნებრივი პიგმენტები, ძვირფასი მეტალები, ხე) და სიმბოლოების (იმპერატორის კიმონოს ორნამენტები, საკრავი ბივას დეტალები, უამრავი მცენარე და ა.შ.) გამოყენებით იკვეთება ნიჰონგას სტილის ძირეული ვიზუალური მახასიათებლები, რომლებიც მე-20 და 21-ე საუკუნის უმძიმეს, მკაფიო სიმბოლოსთან ერთად ოპტიმისტურ განწყობას ქმნის. www.artsy.net/show/seizan-gallery-seizan-gallery-at-art-fair-tokyo-2019 

 

ასეთი ტრანსფორმაცია სიკვდილისა და შიშის სიცოცხლის მცირე დეტალებით ტკბობაში ჩემს მსოფლმხედველობასთან ძალიან ახლოსაა, მიზანი კი, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალური, ცხელი და წითელია.

რა თქმა უნდა, ასე მარტივად ჩემი ღამის შემეცნება არ დასრულებულა – ხის ლაქირებული, მოსადაფებული ნაკეთობები იცით რა ფენომენია?  გარდა ამისა, ბრაუზერის გახსნილ ფანჯრებში უამრავი საინტერესო ინფორმაციაა იაპონურ კერამიკაზე, კინემატოგრაფიაზე, კალიგრაფიაზე, ფოტოგრაფიაზე. შემიძლია მათ პროფესიონალიზმსა და თავის მიძღვნაზე ვისაუბრო შემდეგ სტატიაშიც, მაგრამ ვერაფერს შეგპირდებით, მოულოდნელი ადამიანებით, ფილმებით, მოგზაურობებით და შეგრძნებებით არის ხოლმე ღამეები სავსე, არადა როგორ ვიბრძვი უკეთესი რეჟიმისთვის… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.