fbpx

გრემის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი პერფორმანსი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

დაჯილდოებების ციებ-ცხელებაში, ცხადია,  არ უნდა დაგვავიწყდეს მუსიკა, კერძოდ, ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება მუსიკალურ ინდუსტრიაში – გრემი. გრემის  66-ე ცერემონია 2024 წლის 5 თებერვალს ჩატარდება, რომლის ნომინანტთა სიაც 10 ნოემბერს გახდა ცნობილი. წამყვან ნომინაციებში: წლის ალბომი, საუკეთესო ახალი არტისტი, წლის სიმღერა და წლის ჩანაწერი, წელს მომღერალი SZA, ტეილორ სვიფტი, მაილი საირუსი და ოლივია როდრიგო ლიდერობენ. 

მიუხედავად მუსიკის გავლენისა და მნიშვნელობისა, გრემის დაჯილდოება დიდი ოთხეულიდან – ოსკარი, ტონი და ემი – ყველაზე ბოლოს დაარსდა. გრემი Hollywood Walk of Fame-ის პროექტიდან იღებს სათავეს, როდესაც  მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს Hollywood Walk of Fame-ისთვის მუსიკაში მნიშვნელოვანი სახელების სია უნდა შეედგინათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ბევრი გავლენიანი არტისტი ჰოლივუდ ბულვარზე ვარსკვლავის გარეშე დარჩებოდა, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ოსკარის და ემის მსგავსი ჯილდო შეექმნათ. 

ის, რაც 1959 წელს უბრალო ვახშმით დაიწყო, დღეს მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, გრემის ჯილდო კი ყველაზე სასურველ პრიზი. 

სანამ 5 თებერვალი დადგება და გრემის გამარჯვებულები გამოვლინდებიან, მანამდე დაჯილდოების ისტორიაში 10 ყველაზე დასამახსოვრებელი პერფორმანსი გავიხსენოთ. 

 

  1. ემი უაინჰაუსი 

სანამ ბრიტანელი მომღერალი 2008 წლის გრემიზე „წლის ჩანაწერისთვის“ მიიღებდა ჯილდოს, უაინჰაუსმა მისი საკულტო ჰიტები: “You Know I’m No Good” და “Rehab” გრემის ოფიციალური სცენის მიღმა შეასრულა. ლონდონიდან პირდაპირი  ტრანსლაციით მისი ვოკალური მონაცემები იმდენად შთამბეჭდავი იყო,  გასაკვირი არ არის ის პატივი, რომელიც მას გარდაცვალების შემდეგ ერგო. უაინჰაუსის უნიკალურობა ყოველთვის მის ავთენტურობაში იყო, თუმცა მიმზიდველმა კოსტიუმებმა და ჯაზის ესთეტიკამ მისი პერფორმანსი კიდევ უფრო გაამდიდრა. როგორც ჩანს, ლეგენდარულ მომღერალს სულაც არ სჭირდებოდა გრემის აუდიტორიის ოვაციები. მისი საუცხოო ნიჭის გათვალისწინებით, უაინჰაუსისგან ნაკლებს არც არავინ ელოდა. 

 

  1. ბიონსე 

ბიონსეს 2017 წლის გრემის პერფორმანსისთვის მხოლოდ სიტყვა დასამახსოვრებელი არ არის საკმარისი. მომღერალმა იმდენი დაუვიწყარი მომენტი შექმნა გრემიზე, მათთვის ცალკე სიაც კი შეიძლება გაკეთდეს: მაგალითად, 2004 წელს პრინცთან, ან თუნდაც 2014 წელს Jay-Z-სთან დუეტი. ცოტა არტისტი შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომელსაც ამდენი საკულტო პერფორმანსი შემოუთავაზებია გრემიზე, რაც ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ბიონსე ყველაზე მეტი გრემის მფლობელია. თუმცა, მან გრემის პიკს 2017 წელს კონცეპტუალურ “Lemonade” ექსტრავაგანზაში მიაღწია, როდესაც “Love Dought” და “Sandcastles” შეასრულა და თავზე შარავანდედით წარდგა სცენაზე. კოსტიუმები, რეჟისურა და ბიონსეს შეუდარებელი ვოკალი პერფორმანსის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა. მთავარი ის კინემატოგრაფიული ხარისხია, რომლითაც მომღერალმა მუსიკალური პერფორმანსის ზღვარი კიდევ უფრო აამაღლა. თუკი ეს ყველაფერი საკმარისად შთამბეჭდავი არ არის, ბიონსე ამ დროს ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. 

 

  1. ბრუს სპრინგსტინი, დეივ გროლი და ელვის კოსტელო

გავლენიანი არტისტის გარდაცვალება ხშირად ამა თუ იმ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს. The Clash-ის ჯო სტრამერის გარდაცვალება პანკის სამყაროსთვის დიდი დანაკლისი იყო, თუმცა მისთვის პატივის მიგება კი ნამდვილი მუსიკალური ტრიუმფი. თანამემამულე ბრიტანელი ელვის კოსტელო, დეივ გროლი და ბრიუს სპრინგსტინი სცენაზე მგზნებარე ენერგიით ღირსეულად გამოემშვიდობნენ მუსიკოსს. სპრინგსტინის სცენაზე გამოჩენა განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან სტრამერზე მისმა მუსიკამ დიდი გავლენა იქონია.  

 

  1. არეტა ფრანკლინი

სოულის დედოფალი გრემიზე 1971 წლიდან დომინირებდა, როდესაც  პირველად “Bridge Over Troubled Water” შეასრულა. თუმცა, “Nessun Dorma” მომღერლის ყველაზე დასამახსოვრებელ პერფორმანსად მიიჩნევა და უნდა ითქვას, რომ სრულიად სამართლიანად. ოპერის ლეგენდას, ლუჩიანო პავაროტის 1998 წლის ცერემონიაზე პუჩინის არია უნდა შეესრულებინა, მაგრამ ყელის ტკივილის გამო სცენაზე გამოსვლა ვერ შეძლო, ამიტომ ბოლო წუთს არეტა ფრანკლინმა ჩაანაცვლა. მომღერალმა რეპეტიციის გავლაც კი ვერ მოასწრო, მან უბრალოდ მოისმინა პავაროტის ჩანაწერი ბუმბოქსზე, შემდეგ კი პროდიუსერს უთხრა: „მე შემიძლია ამის გაკეთება.“ სწორედ ასე ავიდა სოულის დედოფალი გრემის სცენაზე და ისტორია დაწერა. 

 

  1. კანიე უესტი და დაფთ პანკი

რაც არ უნდა ვთქვათ მის ეგოზე, როდესაც საქმე მუსიკალურ პერფორმანსს ეხება, კანიე უესტი უკონკურენტოა. 2008 წლის გრემის პერფორმანსი რეპერმა მისი ახლად გარდაცვლილი დედის პატივსაცემად “Hey Mama”-ს რეპერტუარით დაიწყო და მისი ყველაზე ცნობილი ჰიტით, “Stronger”-ით განაგრძო, თუმცა ამ ვერსიას სიურპრიზი ახლდა თან. ორიგინალ ვერსიაში  რეპის ნაცვლად, უესტმა სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი დაფთ პანკი გამოიყვანა. პერფორმანსით, განათებითა და დეკორაციით შოუმ გრემის დასამახსოვრებელ მომენტებში ღირსეული ადგილი დაიკავა. 

 

  1. რედიოჰედი

შთამბეჭდავია, ზოგიერთ ჯგუფს რამხელა ემოციის გადმოცემის უნარი აქვს პომპეზური პერფორმანსის გარეშეც. “15 Step”-ის შესრულების დროს რედიოჰედმა თეატრალური ხრიკების ნაცვლად, კოლეჯის მარშის ჯგუფი დრამინგის, ბრასინგისა და დამატებითი ვოკალისთვის დაიხმარა, რითაც უბრალო სიმღერა განსაკუთრებულად აქცია. თომ იორკის მოძრაობებით, შთამბეჭდავი ქორეოგრაფიითა და მუსიკოსების კომპლექტით, რომლებიც ხმის ჟღერადობას ანიჭებდნენ უპირატესობას, რედიოჰედი ამ პერფორმანსით გრემის ისტორიაში შევიდა. 

 

  1. ემინემი და ელტონ ჯონი

ზოგიერთი კოლაბორაცია შესაძლოა ლოგიკურად შეუთავსებელი გვეჩვენოს, მაგრამ პრაქტიკაში დაუვიწყარ შედეგს იძლევა. ემინემის “Stan”-ს საკმარისი სიუჟეტი და ტექსტი ჰქონდა იმისთვის, რომ გამორჩეული ყოფილიყო, მაგრამ ზოგიერთი არტისტი ყოველთვის უფრო მეტის ძიებაშია. 2001 წლის გრემის ცერემონიამდე ემინემს არაერთხელ დასდეს ბრალი ჰომოფობიაში. საპასუხოდ რეპერმა გრემის პერფორმანსის დროს, რომელიც მუსიკალური ვიდეოს თეატრალურ ვერსიას წარმოადგენდა, პირველ მისამღერში, სწორედ იმ ნაწილში, რომელსაც მომღერალი დიდო ასრულებდა, ფორტეპიანოზე ელტონ ჯონი მოიხმო, რომელმაც დიდოს ვოკალი შეითავსა. ეს ერთი სიტყვით show-stopping მომენტი და კოლაბორაცია იყო, რომელმაც ორიგინალ ვერსიასაც კი აჯობა. 

 

  1. კენდრიკ ლამარი

კენდრიკ ლამარისთვის შოკისმომგვრელი გრემის პერფორმანსები უცხო არ არის. ასე რომ, როდესაც მას პოლიტიკური განაცხადის გაკეთება სურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზუსტად იცოდა ეს სად უნდა მომხდარიყო. როდესაც ლამარი პატიმრის სამოსში გამოწყობილი გამოვიდა სცენაზე, აშკარა იყო, რომ რაღაც განსხვავებული ხდებოდა. რეპერი პერფორმანსს ციხის გარემოში, პატიმრების ჯგუფთან ერთად იწყებს, რომლებიც საკნებიდან უკრავენ და ხმამაღლა და ნათლად უსვამენ ხაზს თავიანთ სათქმელს. ლამარი აფრიკულ-ამერიკული ამბავს ციხიდან ტომის კოცონამდე ავრცობს. შოუს ყოველი სტრიქონი თითქოს რეპერის შინაგან ტკივილს გამოხატავს, რომელიც აფრიკის რუკაზე კომპტონის წარწერით იხურება, რითაც ის აუდიტორიას ბევრ საფიქრალს უტოვებს. 

 

  1. უიტნი ჰიუსტონი 

ისევე როგორც ბიონსეს, უიტნი ჰიუსტონის გრემის პერფორმანსების ცალკე სია შეიძლება გაკეთდეს. თუმცა, მომღერლის “I Will Always Love You”-ს ეს ვერსია და მისი ცეცხლოვანი ხმის ძალა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სიმღერა ჰიუსტონისთვის არის დაწერილი. სწორედ მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ ის ვოკალური დიაპაზონის ზღვარზეა, მომღერალი ყველანაირი ძალისხმევის გარეშე ზრდის მას. ამდენი წლის შემდეგაც კი, სიმღერის ფინალური ფრაგმენტის მოსმენა ისეთივე ემოციურია, როგორიც პირველად. აღსანიშნავია, რომ ჰიუსტონმა იმავე ღამეს „წლის ჩანაწერისთვის“ გრემი მიიღო. დოლი პარტონმა, რომელსაც სიმღერის ორიგინალი ვერსია ეკუთვნის, განაცხადა: „როდესაც ეს სიმღერა 22 წლის წინ დავწერე, გული მქონდა ნატკენი. მაგრამ გასაოცარია, როგორ შეუძლია გულს ადამიანი განკურნოს.“ 

 

  1. მაიკლ ჯექსონი

გრემის ისტორიაში საუკეთესო პერფორმანსი პოპის მეფეს მივანდოთ. შეუძლებელია მუსიკალურ მომენტებზე ვისაუბროთ და სია მაიკლ ჯექსონის გარეშე დავასრულოთ. მომღერალმა 1988 წლის პერფორმანსი მისი ცნობილი ცეკვის ილეთებით გახსნა, რომელიც “The Way You Make Me Feel”-ის სვინგ ვერსიაზე გადადის. Moonwalking-ის სოლოს შემდეგ, ჯექსონი “Man In The Mirror”-ის ერთი შეხედვით მინიმალისტურ სტილში შესრულებას იწყებს, მაგრამ როდესაც სიმღერა  კულმინაციას აღწევს, მომღერალს გოსპელის გუნდი უერთდება და ჯექსონი მუხლებზე დამხობით ბოლო დასამახსოვრებელ მომენტს გვთავაზობს. ეს 10-წუთიანი ეპოსი სამუდამოდ არის დაშრევებული გრემის ისტორიაში. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.