fbpx

რეზი კრაწაშვილის არქიტექტურული ვიზუალიზაცია


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

რეზი კრაწაშვილი დღეს საქართველოში  ვიზუალიზაციის ერთ-ერთ წარმატებული  სპეციალისტია, რომელიც ქვეყანაში არსებულ ბევრ ცნობილ არქიტექტურულ პროექტთან არის დაკავშირებული. ის  გიორგი ხმალაძის გუნდის წევრია და სტატიაში გიზიარებთ მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს – საქართველოში დაგეგმილ არქიტექტურულ პროექტებს. 

“ბავშვობიდან აღმომაჩნდა ქანდაკების და ხატვის ნიჭი, დავდიოდი მოსწავლე-ახალგაზრდობის  სასახლეში მოქანდაკე ზაქარია კრაწაშვილთან, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი  გამოფენებშიც, პარალელურად ყოველთვის მაინტერესებდა არქიტექტურა. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩემმა ძალიან ახლო  მეგობარმა ნანა ზაალიშვილმა შემომთავაზა ერთად გაგვეკეთებინა საკუთარი კომპანია, ასე დავაფუძნეთ 2016 წელს „იდააფ არქიტექტორები“,   სადაც ბევრი წარმატებული არქიტექტურული თუ ინტერიერის დიზაინის პროექტი განვახორციელეთ.”

“რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი ინტერესი უფრო არქიტექტურული ვიზუალიზაციისკენ გადაიხარა და უკვე როგორც  ვიზუალურმა არტისტმა განვაგრძე მოღვაწეობა. ამჟამად ვხელმძღვანელობ არქიტექტურული ვიზუალიზაციის გუნდს და ამავდროულად, ვმუშაობ არქიტექტურული კონცეფციის ნაწილზე  „ხმალაძე არქიტექტორებში“.

“არქიტექტორად მუშაობის ხანგრძლივმა პერიოდმა მნიშვნელოვნად ჩამომაშორა ხატვას და ქანდაკებას. ამით გამოწვეული შემოქმედებითი დისკომფორტი კი მუდმივად მახსენებდა თავს პროექტებზე მუშაობის პროცესში.  3დ ვიზუალიზაციის პროცესში კი მივხვდი, რომ ეს  გაცილებით მეტ  სიამოვნებას მანიჭებდა და შემოქმედებით დანაკლისს მივსებდა.”

“ამ სფეროში პროფესიონალიზმის მთავარი განმსაზღვრელი ინდივიდუალური ხედვაა, ის რაც სხვებისგან გამოგარჩევს. ცხადია, არსებობს ამ სფეროში წამყვანი სტუდიები, რომელთა სტილი ხშირად ხდება მიბაძვის საგანი და ვფიქრობ, ამაში არაფერია ცუდი, განსაკუთრებით კი დამწყები არტისტებისთვის.  თუმცა თუ ამ პროცესში იკარგება ინდივიდუალიზმი და ვეღარ ახერხებ საკუთარი სტილის ჩამოყალიბებას, ეს უკვე რეგრესია.  დარგის სპეციალისტს უნდა გააჩნდეს საკუთარი სახასიათო ხელწერა, თუ ამ სფეროში წარმატების მიღწევა სურს.”

“მე ჩემს ნამუშევრებს ვუყურებ, როგორც ფერწერას, სადაც დიდი წილი პოსტფროდაქშენს უკავია, რაც მაძლევს საშუალებას, გავცდე იმ ჩარჩოებს, რომელსაც პროგრამა მიწესებს.”

“დღეს ასევე ძალიან ხშირად განიხილება AI (Artificial Intelligence) ჩვენს სფეროში, რადგან თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ადამიანის შემოქმედებითი პროცესის უნიკალურობა. ცხადია, მომავალი წარმოუდგენელია ხელოვნური ინტელექტის გარეშე – ეს არის ადამიანის განვითარების ახალი და მორიგი საფეხური.”

“იმის გათვალისწინებით, რომ  მსხვილი კორპორაციები  აქტიურად იყენებენ ამ ახალ შესაძლებლობას, არც არქიტექტურული ოფისები და განსაკუთრებით არქიტექტურული ვიზუალიზაციის განხრაა გამონაკლისი.” 

“ბაზარზე რამდენიმე A.I. image based generative პლატფორმა არსებობს, სადაც სიტყვების კომბინაციებით შესაძლებელი გახდა სასურველი სურათების შექმნა.  ბევრი შიშით უყურებს ამ პროცესს, რადგან ჰგონია, მას ჩაანაცვლებენ.  ვფიქრობ, პოზიტიურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს – თუ სწორად გამოვიყენებთ, შესაძლოა ძალიან სასარგებლო კომპანიონიც კი გახდეს მუშაობის პროცესში და ხელი შეგვიწყოს ჩანაფიქრის უფრო სრულყოფილად განხორციელებაში.”

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.