fbpx

ხვიჩა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა!


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ძნელია გასული კვირის მსგავსად დატვირთული საფეხბურთო მარათონის პოვნა, რადგან წამყვან ევროპულ ჩემპიონატებს აფრიკის და აზიის თასის პლეიოფის მატჩები დაერთო და ფეხბურთის მაყურებლებისთვისაც გართულდა მათთვის პრიორიტეტული თამაშების შერჩევა, რადგან ზოგჯერ ისინი ერთდროულად მიმდინარეობდა ხოლმე.

„ბაიერნსა“ და „მიონხენგლადბახს“ შორის ბუნდესლიგის ცენტრალური მატჩის 35-ე წუთზე სტუმართა გუნდის განაპირა მცველმა ელვედიმ მოედნის ცენტრში თომას მიულერს ორთაბრძოლაში აჯობა, წინ დაიძრა, პარტნიორთან კედელი გაათამაშა და ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა „რეკორდმაისტერის“ ტრადიციულად ყველაზე უხერხული მეტოქე.

გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი „ლევერკუზენი“კი იმ დროისათვის უკვე ამარცხებდა აუტსაიდერ „დარმშტადტს“, რაც „ბაიერნს“ ნამდვილად არ უქმნიდა სახარბიელო პერსპექტივას მომდევნო ტურში სწორედ „ლევერკუზენთან“ გასვლითი შეხვედრის წინ. 

როგორც ჩანს, „ბაიერნის“ ფეხბურთელებს „მიონხენგლადბახთან“ მორიგი ფიასკოს საშიშროება გოლის გაშვებისთანავე თვალწინ წარმოუდგათ და იმავე მიულერის გადაცემით 19 წლის პავლოვიჩმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე აღადგინა წონასწორობა.

მატჩის მეორე ნახევარმა კი „რეკორდმაისტერის“ სრული უპირატესობით განვლო და ჰარი კეინმა და მატიას დე ლიგტმა კიდევ ორჯერ დაამწუხრეს სტუმართა გოლკიპერი ნიკოლასი, რომელმაც შესანიშნავად ჩაატარა მატჩი და 25-ე წუთზე ჰარი კეინს ახლო დისტანციიდან „ცხრიანში“ შესრულებული ისეთი საჯარიმო დარტყმა აუღო, თვით „ბაიერნის“ გოლკიპერ ემანუელ ნოიერს რომ გაუჭირდებოდა…

ტრავმების გამო თითქმის განახევრებული შემადგენლობით მოასპარეზე „ბაიერნმა“ 2016/2017 წლების სეზონის შემდეგ პირველად შეძლო ჩემპიონატში „მიონხენგლადბახის“ ორივეჯერ დამარცხება, რამაც მისი ბრძოლისუნარიანობა სამომავლოდ შეიძლება გააუმჯობესოს კიდეც. 

ბუნდესლიგის მატჩების დასრულებისთანავე მაყურებლებმა აფრიკის თასის ორი მეოთხედფინალური დაპირისპირება იხელეს.

თანდათანობით ძლიერდება და ბრძოლებში იწრთობა ტურნირის მასპინძელი კოტ-დივუარის ნაკრები, რომელსაც მეორე ტაიმიდან მოყოლებული 10 კაცის შემადგენლობით მოუწია თამაში მალის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.

მეტოქე 71-ე წუთზე დაწინაურდა და მასპინძლებისთვისაც ჩემპიონატი თითქოს უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც მოედანზე 86-ე წუთზე შესულმა ინგლისის პრემიერლიგის „ბრაიტონის“ გარემარბმა ადინგრამ საკუთარ თავზე აიღო თამაში, შეიჭრა მეტოქის საჯარიმო მოედანზე და გოლად აქცია მისი გუნდის მიერ მთელი მატჩის განმავლობაში შექმნილი ერთადერთი სახიფათო მომენტი.

დამატებითი დროის დამატებულ მეორე წუთზე კი პენალტების სერიის შესასრულებლად გამზადებული მალის ნაკრების ფეხბურთელთა კარი „რეიმსის“ თავდამსხმელმა დიაკიტემ დალაშქრა, რითაც ჯგუფური ეტაპიდან მესამე ადგილით გასულ კოტ-დივუარის ნაკრებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

ნახევარფინალში კოტ-დივუარის მეტოქე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი იქნება, ხოლო მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს ნიგერიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ასეთი მნიშვნელოვანი სანაკრებო თუ ცენტრალური საკლუბო პაექრობების მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ტრადიციულად „ვალენსიას“ და „ნაპოლის“ მატჩებისადმი იყო მიპყრობილი და ამ მოლოდინმა გაამართლა კიდეც, რადგან „ჩვენმა გუნდებმა“ ერთნაირი ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს.

გიორგი მამარდაშვილს მაინცდამაინც დატვირთული თამაში არ ჰქონია ლა ლიგის აუტსაიდერ „ალმერიას“ წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ კი 86-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან შესრულებული ჩახვეული დარტყმით „ნაპოლის“ სამი ქულა მოუტანა ტრადიციულად ინერტულ მატჩში, სადაც ფანტაზიას მოედანზე მხოლოდ ქართველი ფეხბურთელი ავლენდა. 

ხვიჩამ წლეულს პირველი გოლი გაიტანა სერია A-ს გათამაშებაში და საკუთარი უცვლელი ხელწერით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაშინაც საშიშია მეტოქისთვის, როდესაც თითქოს „სძინავს“.  

„ნაპოლი“ გონს მხოლოდ გოლის გაშვების შემდეგ მოეგო, ხვიჩას წამოწყებული კომბინაციით ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ მეტის გაკეთებას ვეღარ ახერხებდა. 

სწორედ ამ დროს მოევლინა თანაგუნდელებს მხსნელად ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გამარჯვების გოლის გატანამდე ორიოდე წუთით ადრე ორ მეტოქეს აუარა გვერდი და ჯოვანი სიმეონე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით. 

ჯერ კიდევ 0:0-ის დროს კი ხვიჩამ ჯერ დი ლორენცო გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, შემდეგ კი ერთი შეხებით უძლიერესი დარტყმით გაგზავნა მიწიდან ასხლეტილი ბურთი სტუმართა კარის მიმართულებით, მაგრამ მეკარემ შეძლო მისი დამორჩილება.

„ვერონასთან“ მოპოვებული სამი ქულა დამატებითი სტიმული იქნება „ნაპოლისთვის“ მომავალ ტურში „მილანთან“ მატჩის წინ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მთელი იტალიური საფეხბურთო სამყაროს დაკვირვების ცენტრში აღმოჩნდება.

სერია A-ს განვლილი ტურის ცენტრალური მოვლენა კი „ინტერის“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება იყო „ჯუზეპე მეაცას“ სტადიონზე, რომელშიც ერთადერთი ბურთი, და ისიც საკუთარ კარში, „იუვენტუსის“ მცველმა გატიმ გაიტანა.

მასპინძლებმა დარჩენილ დროში პრაგმატული ფეხბურთი ითამაშეს, „ბებერ ქალბატონს“ ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცეს და სატურნირო ცხრილში გამოტოვებული თამაშის უპირატესობით მას უკვე ოთხი ქულით გადაასწრეს. 

ესპანეთის ლა ლიგის გათამაშებაში კი მთავარი ამბები მადრიდულ დერბიში დატრიალდა, რომელშიც „ინტერის“ მსგავსად, მადრიდის „რეალს“ თითქოს პირველ ტაიმში ბრაჰიმ დიასის მიერ გატანილი გოლის წყალობით სამი ქულა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ მატჩის დამატებულ მეექვსე წუთზე „ატლეტიკოს“ ფორვარდმა მემფის დეპაიმ თავით თავზე გადააწოდა ბურთი უეცრად საჯარიმოში გაჩენილ ლორენტეს, რომელმაც აუღებელი დარტყმით აღადგინა წონასწორობა.

„რეალის“ ქულების დაკარგვა „ატლეტიკოს“ გარდა მის ორ კატალონიურ მდევარს გაუხარდა. 

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ორი მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა „ბარსელონამ“, რომელმაც მადრიდის „რეალთან“ ჩამორჩენა რვა ქულამდე შეამცირა.

გასული კვირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად სეზონის ბოლოს „ლივერპულის“ დატოვებასთან დაკავშირებით გერმანელ მწვრთნელ იურგენ კლოპის განცხადება იქცა. 

„ჩელსის“ ანგარიშით – 4:1 განადგურების შემდეგ „ლივერპული“ უკანასკნელ ტურში ლონდონის „არსენალის“ დამარცხებასაც გეგმავდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა „მეთოფეთა“ მწვრთნელი მიკელ არტეტა, რომლის დამოძღვრილმა გუნდმა შეიძლება წლის საუკეთესო მატჩიც კი ჩაატარა მერსისაიდელთა წინააღმდეგ და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა – 3:1.

„არსენალის“ მოგების სიმბოლურ გამოხატულებად მატჩის დამატებით მეორე წუთზე ტროსარის მიერ გატანილი ბურთი იქცა, რომელიც ვირჯილ ვან დაიკთან მცირეოდენი შეხების შემდეგ ფეხებშუა გაუძვრა „ლივერპულის“ სახელოვან მეკარე ალისონს და ისე გადაკვეთა კარის ხაზი.

უმნიშვნელოვანესმა სამმა ქულამ ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დააბრუნა, რომლის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი,  რა თქმა უნდა, დღევანდელი „ფსევდო მესამეადგილოსანი“ „მანჩესტერ სიტია“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.