fbpx

ლევერკუზენი საჩემპიონო მარათონზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასული კვირის არაერთი ცენტრალური მოვლენის მიუხედავად, ქართული საფეხბურთო სამყაროს განსაკუთრებული ყურადღება ერთა ლიგის მომავალი ასპარეზობის კენჭისყრამ მიიპყრო, რამაც სოციალურ მედიაში გამოხმაურება ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლის თითქოს უიმედო სახის გამომეტყველების მქონე ფოტოსურათითაც პოვა… 

ცივი გონებით კი შეგვიძლია ახლავე განვაცხადოთ, რომ თუკი საქართველოს ნაკრები მიმდინარე ერთა ლიგის დასკვნითი ეტაპიდან შეძლებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, მაშინ მას განვითარების დიდი პერსპექტივები შეექმნება, რადგან ტურნირზე მონაწილეობის შედეგად მიღებული გამოცდილება სამომავლოდ აუცილებლად წაადგება.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი დიდი ალბათობით B კატეგორიაში ადგილის შენარჩუნება იქნება, რადგან თუკი რამდენიმე წლის წინათ მას თუნდაც შვედეთის ნაკრებთან მოგება შეეძლო, ბოლო შესარჩევ ციკლში მან მხოლოდ აშკარად სუსტი კვიპროსის დამარცხება მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ჯგუფის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ მისმა ორმა მონაწილემ – ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური თანაბარი ქულებით, შესარჩევი ციკლის ერთსა და იმავე ჯგუფიდან მოიპოვეს, ხოლო უკრაინის ნაკრებს კი, თვით ინგლისელებთან და იტალიელებთან ჭიდილში, ცოტაოდენი დააკლდათ ტურნირზე მოსახვედრად.  

ერთა ლიგის მომავალი ტურნირის კენჭისყრა საფეხბურთო მატჩებით ნაკლებად დატვირთულ ხუთშაბათს გაიმართა. 

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ „მილანის“ და „ნაპოლის“ შეხვედრის პარალელურად, აფრიკის თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრები ტურნირის მასპინძელ კოტ-დივუარის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებოდა, ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ დამარცხებით „ბილბაო“ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამდა ფინალისკენ, ხოლო „ლევერკუზენი“ კი „შტუტგარტის“ ძლევით გერმანიის თასის ნახევარფინალში აღმოჩნდებოდა და ბუნდესლიგის გათამაშების 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მიმდინარე სეზონში კვლავ დაუმარცხებელი უმასპინძლებდა „ბაიერნს“.   

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ფრედ 2:2 დასრულდა და სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ ჩაბი ალონსოს გუნდი იმ მატჩის გადარჩენის მსგავსად, წლეულს ჩემპიონობის მოსაპოვებლადაც სეზონის ბოლომდე იბრძოლებდა და ნამდვილი გამოცდის ჩაბარება მას „რეკორდმაისტერთან“ მეორე წრის მატჩში მოუწევდა.

გამოცდა კი ბუნდესლიგის გათამაშების ლიდერმა ისე მარტივად ჩააბარა, თითქოს მეტოქე საშუალო კლასის გუნდი ყოფილიყოს და არა თვით მძვინვარე „რეკორდმაისტერი“, რომელიც ჩაბი ალონსოს დამოძღვრილმა ბიჭებმა მშრალი ანგარიშით 3:0 ისე დაამარცხეს, რომ საკუთარი კარის სიახლოვეს ერთხელაც არ გააკარეს.

აღსანიშნავია, რომ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით, მთელი მატჩის განმავლობაში „ბაიერნი“ დომინირებდა, მაგრამ სიმწვავეს მხოლოდ მასპინძლები ქმნიდნენ. 

ამა თუ იმ ჩანაფიქრის მოქმედებაში მოყვანის სისწრაფით და ფანტაზიით კი ისინი აშკარად აღემატებოდნენ მეტოქეს და დაბნეულობით გამოწვეული შეცდომები „რეკორდმაისტერის“ ბუნებრივ მდგომარეობად იქცა მისთვის ამ ავადსახსენებელ შეხვედრაში.

სტანიშიჩის და გრიმალდოს პირველი ორი გოლი ერთმანეთის მსგავსი, ნამდვილი გერმანული ყაიდისა აღმოჩნდა; თანაც მათში აშკარად იგრძნობოდა ვარჯიშებზე თავდაუზოგავი შრომის შედეგად ფეხბურთელებს შორის სრულყოფილებამდე მიყვანილი შეთამაშება. 

წერტილი კი დაპირისპირებას ფრიმპონგმა მატჩის დამატებულ მე-5 წუთზე დაუსვა, როდესაც სახელგანთქმული მანუელ ნოიერი კუთხურის ჩაწოდებისას პრესტიჟის გოლის გასატანად თანაგუნდელთა მხარდამხარ მეტოქის საჯარიმო მოედანზე შეიჭრა. 

ამ მეტიჩრული საქციელის პასუხად, „რეკორდმაისტერმა“ დიდი ანგარიშით წაგების გამომხატველი გოლი ფლანგიდან, დაახლოებით 30 მეტრის მანძილიდან, ცარიელ კარში მიიღო… 

უმნიშვნელოვანესმა მოგებამ გარდა იმისა, რომ ბუნდესლიგის ხუთგზის მეორე ადგილოსანი „ლევერკუზენი“ საგრძნობლად დააახლოვა გერმანიის ჩემპიონის პირველ ტიტულთან, იგი „ტრიპლეტის“ შესრულების რეალური პრეტენდენტიცაა, რადგან გერმანიის თასის ასპარეზობაზე ჩაბი ალონსოს გუნდი გამოხატული ფავორიტია, ევროპის ლიგაზე კი მან უდანაკარგოდ დაასრულა ჯგუფური ეტაპი და წაგებას შემდგომშიც არ აპირებს.

ბუნდესლიგის მატჩის პარალელურ რეჟიმში მადრიდის „რეალსა“ და „ჟირონას“ შორის ესპანეთის ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრაც მიმდინარეობდა. რომელშიც „რეალმა“ ურჩ მდევარს სასტიკი მასტერკლასი ჩაუტარა, დაასაჩუქრა რა იგი ოთხი ერთიმეორეზე ლამაზი და ეფექტური გოლით. 

სტუმართა რბევის სულისჩამდგმელად ვინისიუსი იქცა, რომელმაც „ვერონასთან“ წინა ტურში ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ჩახვეული დარტყმით მატჩის დებიუტშივე გახსნა ანგარიში, 35-ე და მე-60 წუთებზე კი მან ბელინგემისა და როდრიგოს მისამართით შესრულებული საგოლე გადაცემები მიითვალა. 

კიდევ ერთი გოლი აბსოლუტურად დემორალიზებული „ჟირონას“ კარში ბელინგემმა მოედნის ცენტრიდან დაწყებული ინდივიდუალური მსვლელობის შედეგად გაიტანა. 

ამ მოგების შემდეგ „რეალი“, „ლევერკუზენის“ მსგავსად, უკვე ხუთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, ლა ლიგის მესამე ადგილოსანი „ბარსელონა“ კი აუტსაიდერ „გრანადას“ დამარცხებასაც ვეღარ ახერხებს. 

ინგლისის პრემიერლიგაში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში „ლივერპულმა“, „მანჩესტერ სიტიმ“ და „არსენალმა“, ხოლო იტალიის სერია A-ს განვლილ ტურში კვლავ გაიბრწყინა „ინტერმა“, რომელმაც „იუვენტუსის“ პრაგმატული მოხრჩობის შემდეგ, „რომა“ უკვე დიდად თვალსასეირო დაპირისპირებაში გასვლაზე ანგარიშით 4:2 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ რომაელები სერია A-ს გათამაშების ლიდერს პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 2:1-ს ამარცხებდნენ, მაგრამ წლევანდელი „ინტერი“ ნებისმიერ წინააღმდეგობას წარმატებით რომ აგვარებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა მისთვის ამ ურთულეს მატჩში, რომლის მეორე ნახევარშიც მან სამი გოლი გაიტანა მეოთხე ადგილისათვის მებრძოლი საოცრად მოწადინებული მეტოქის კარში.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის პოსტზე დე როსის მისვლის შემდეგ, ეს იყო „რომას“ პირველი წაგება მიმდინარე სეზონში.

ჩვენ კი უპირველეს ყოვლისა აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალური დაპირისპირების პარალელურად მიმდინარე „მილანის“ და „ნაპოლის“ მატჩი გვაინტერესებდა, რომელიც, სამწუხაროდ, მოქმედი ჩემპიონის მორიგი მარცხით დასრულდა.

წააგო ნიგერიის ნაკრებმაც, რომელიც მართალია, შესვენებაზე მინიმალური ანგარიშის უპირატესობით კი გავიდა კოტ-დივუარელებთან შეხვედრაში, მაგრამ საბოლოოდ ტურნირის მასპინძელმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა და აფრიკის ეროვნებათა თასს 1992 და 2015 წლების ტურნირების შემდეგ, მესამედ დაეუფლა.

საინტერესოა, რომ ნიგერიის ნაკრებს კოტ-დივუართან მოგებული ჰქონდა მატჩი ჯგუფურ ეტაპზე, საიდანაც ტურნირის მასპინძლებმა პლეიოფის ეტაპზე მესამე ადგილით სრულიად შემთხვევით გააღწიეს.

აზიის თასი კი ზედიზედ მეორედ ასევე ტურნირის მასპინძელმა კატარის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სენსაციურად გასული იორდანიის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან სამივე ბურთი პენალტით მარცხენა გარემარბმა აფიფმა გაიტანა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.