fbpx

Reckless-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორი წარადგინა


გააზიარე სტატია

2020 წელს ქართველმა მომხმარებელმა  ტანსაცმლის ბრენდი Reckless გაიცნო. თავისი იდეური დატვირთვით ის მალევე იქცა გამოკვეთილი იდენტობის ბრენდად, რომელიც ახალი თაობის ცხოვრების სტილისა და ღირებულებების შესახებ ჰყვება ამბავს.  დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ Reckless-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აფრიდონიძე წარადგინა. 

მრავალი წელია თორნიკე აფრიდონიძე მოდის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მის სახელთან არაერთი წარმატებული პროექტია დაკავშირებული.  თორნიკეს პროფესიული საქმიანობა მოიცავს H&M-ში მერჩენდაიზის მიმართულებით მოღვაწეობას, ასევე, მოდის ბიზნესის საკონსულტაციო სააგენტოდან ქართული და უცხოური ტანსაცმლის ბრენდების საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტულ პოზიციონირებას. 

როგორც Reckless-ის დამფუძნებელი სალომე გველესიანი At.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, თორნიკეს გუნდში მოსვლა ბრენდის ახალ სტრატეგიას და მეტად მასშტაბურ გეგმებს უკავშირდება.

სალომე გველესიანი:  “სამი წელი სტარტაპის კლასიკურ გზას მივყვებოდით, ისეთ სტრუქტურას, სადაც ბრენდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ერთი და იგივე ადამიანები ვაკეთებდით. ვიყავით ოთხი კაცისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყველა ფუნქციას ითავსებდა. ბრენდის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა საქმის მოცულობა, შესაბამისად, პასუხისმგებლობებიც. Შეუძლებელი გახდა ბრენდთან დაკავშირებული ყველა საკითხის დაფარვა – იქნებოდა ეს ლოჯისტიკა, საოპერაციო ნაწილი, მარკეტინგი, გაყიდვები თუ სხვა. Მითუმეტეს, რომ Reckless ორ, თანაბარმნიშვნელოვან  გზაზე იბრძვის – ესაა საცალო და საბითუმო გაყიდვები, რომელიც თავის მხრივ დამოუკიდებელი ბიზნესია. აქტიურ ფაზაში შევიდა საერთაშორისო შოურუმებთან თუ მომწოდებლებთან თანამშრომლობა. მივხვდით, რომ ჩვენი კომპეტენცია და  რესურსი აღარ ჰყოფნიდა ამ ყველაფერს და გვჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც შესაბამისი უნარები და გამოცდილება ექნებოდა. ასე გახდა თორნიკე აფრიდონიძე ჩვენი გუნდის წევრი. აღმასრულებელი ხელმძღვანელის გუნდში მოსვლის შემდეგ,  დიზაინერები კრეატიულ ნაწილზე იქნებიან პასუხისმგებელი, ხოლო ბრენდის, როგორც ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებს სათავეში თორნიკე ჩაუდგება.” 

თორნიკე აფრიდონიძესთან Reckless-ის საქმიანი გადაკვეთა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბრენდი სააგენტო Noizy-ისთან თანამშრომლობდა. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამდე თორნიკე უკვე კარგად იცნობდა Reckless-ის იდენტობას, მის ღირებულებებს, სამუშაო სპეციფიკას და საჭიროებებს. სწორედ ამის გათვალისწინებით, თანამშრომლობის ახალი ეტაპი ბუნებრივად და გააზრებულად დაიწყო. 

თორნიკე აფრიდონიძე: “მრავალი წელი ქართული ბრენდების საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებაზე  ვმუშაობდი. ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებდი ქართული და უცხოური ბრენდებისთვის ვიზუალურ ფროდაქშენს, ორგანიზებას ვუწევდი  და ვახორციელებდი ევროპული  ჟურნალებისთვის გადაღებებს. სულ რამდენიმე თვეა, სააგენტოდან გამოსვლის შემდეგ, ჩემი დიდი ინტერესი და სიყვარული ხელოვნების სფეროს მიმართ გავაძლიერე, ამჟამად ვხელმძღვანელობ გალერეას და ვზრუნავ ქართველი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი არტისტების პოპულარიზაციაზე საზღვრებს გარეთ და მათი ნამუშევრების კომერციალიზაციაზე. პარალელურად კი  Reckless-ის გუნდს შევუერთდი.”

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Reckless-მა გამოჩენისთანავე მოიპოვა ცნობადობა. მისი, როგორც ბრენდის იდენტობა იმდენად გამოკვეთილია, რომ კოლექციებისა თუ სარეკლამო კამპანიების დანახვისთანავე შეუძლებელია გამორჩეული ესთეტიკა ვერ იცნოთ. 2022 წელს Reckless-მა პირველი მაღაზია გახსნა, რამაც ბრენდი მომხმარებელთან კიდევ უფრო დააახლოვა.

რაც შეეხება ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციას, სალომე გველესიანის თქმით, თორნიკეს ბრენდში კონკრეტული გამოწვევები დახვდა. 

სალომე გველესიანი:  “აქამდე ბევრ რამეს იმპულსურად ვაკეთებდით, თორნიკეს ამოცანა კი  გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება იქნება, რაც ბრენდის, როგორც ბიზნესისათვის ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ეს ერთი დიდი პროცესია, რაც მოიცავს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას, ლოჯისტიკური დეტალების ორგანიზებას და აღსრულებას და კომერციული განვითარების ხედვის განსაზღვრას.” 

ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელის წარდგენით Reckless-ისათვის, შეიძლება ითქვას, რომ  ახალი ეტაპი იწყება. როგორც თორნიკე აფრიდონიძე ამბობს, თავის მრავალმხრივ გამოცდილებას  სამუშაო პროცესში სრული მოცულობით გამოიყენებს, რათა ქართული მოდის სფეროში Reckless-ის სახით კიდევ უფრო საინტერესო და ხარისხიანი სიტყვა ითქვას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.