fbpx

ევროთასები, ჩემპიონატები და კვლავ ევროთასები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას განახლდა ევროთასები და ბუნებრივია, რომ მაყურებლებმაც არაერთი საინტერესო მატჩი იხილეს.

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გასვლაზე „კოპენჰაგენის“ ანგარიშით 3:1 დამარცხების შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ პრაქტიკულად უკვე მეოთხედფინალშია. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კევინ დე ბრიუინე დაასახელეს, რომელმაც გოლის გარდა, ამ დაპირისპირებაში ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. 

საკვირველია „მანჩესტერ სიტის“ საგოლე სტატისტიკა მიმდინარე გათამაშებაში, რადგან გუნდმა აქამდე ჩატარებულ შვიდივე მატჩში სამი ბურთი გაიტანა. ორჯერ 3:2-ის და ერთხელაც 3:0-ის შემდეგ კი ანგარიში 3:1 უკვე მეოთხეჯერ დააფიქსირა.

უცნაურად დაიწყო „ლაიპციგისა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრა, რომლის მეორე წუთსვე მასპინძლებს გოლი არ ჩაეთვალათ უაღრესად საეჭვო თამაშგარე მდგომარეობის გამო, რის შემდეგაც „ხაზები“ ტელეეკრანზე რატომღაც არ გაუვლიათ.

მაგრამ „რეალის“ ფეხბურთელებმა ამბიციურ მასპინძლებს თანდათანობით თავს მოახვიეს მათთვის სასურველი სათამაშო რიტმი და უკვე პირველ ტაიმშივე რამდენიმეჯერ საკმაოდ მწვავედ შეუტიეს მათ.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში კი ბრაჰიმ დიასმა რამდენიმე მოწინააღმდეგეს აუარა გვერდი და აუღებელი დარტყმით გაიტანა ამ მატჩში ერთადერთი გოლი, რომელიც მადრიდის „რეალს“ გაუადვილებს გზას მეოთხედფინალისკენ.

მომდევნო ეტაპზე, სავარაუდოდ, „პარი სენ-ჟერმენსაც“ ვიხილავთ, რომელმაც ჩინებული მეორე ტაიმი ჩაატარა „სოსიედადთან“ შეხვედრაში.

პარიზელთა გოლები ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან თუკი დემბელე-მარკინიოსი-მბაპეს პირველი ბურთი წინასწარ დამუშავებული კუთხურის შედეგი იყო, მეორე გოლი ბარკოლიას მიერ მბაპეს სტილში შესრულებულ ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალებიდან ყველაზე მოულოდნელი სცენარით „ლაციოსა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება წარიმართა, რადგან „რეკორდმაისტერი“ ასეთი ინერტული თვით „ლევერკუზენთან“ ანგარიშით 0:3 წაგებულ შეხვედრაშიც არ ყოფილა.

ნუთუ ჩაბი ალონსოს გუნდმა ისეთ ღრმა ნოკაუტში ჩააგდო ბუნდესლიგის ზედიზედ თერთმეტგზის ჩემპიონი, რომ მას ფეხბურთის თამაშის ყოველგვარი ხალისი დააკარგვინა?

მატჩის ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით იმობილემ გაიტანა, რომელმაც ბურთი მშვიდად, ნოიერის ნახტომის საპირისპირო კუთხეში გაგზავნა.

ბუნებრივია, რომ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი განმეორებით მატჩში გადაწყდება, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ „ბაიერნი“ „ლაციოს“ კატეგორიის გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ტრადიციულად დიდი ანგარიშით უგებდა ხოლმე.

ნუთუ „ბაიერნის“ დღევანდელი უცნაური ყოფა გუნდში ჰარი კეინის მისვლის შედეგია, რომლის მონაწილეობითაც აქამდე ტიტული არცერთ გუნდს არ რგებია თვით ინგლისის ნაკრების ჩათვლით?

სარკაზმი იქით იყოს და სავსებით შესაძლებელია, რომ უკვე უახლოეს მომავალში „რეკორდმაისტერს“ არა თომას ტუხელი, არამედ მისი შემცვლელი უძღვებოდეს, რადგან „ლევერკუზენის“ და „ლაციოს“ შემდეგ გუნდი „ბოხუმთანაც“ დამარცხდა. ასეთი სტატისტიკა კი “ბაიერნისთვის“ ყოვლად დაუშვებელია!

ტუხელის მსგავსად უიღბლო დღე გაუთენდა საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისსაც, რომელსაც გარდა იმისა, რომ გუნდი გაუნადგურეს კონფერენს ლიგის პლეიოფის პირველივე მატჩში, ვაჟიც გაუგდეს მოედანზე შესვლიდან ათ წუთში განზრახ უხეში თამაშის გამო.

ჩვენთვის კი გრაცის „შტურმის“ და ბრატისლავას „სლოვანის“ დაპირისპირება იმით იყო საინტერესო, რომ მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი მოთამაშე გამოჩნდა. 

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ მთელი 90 წუთი შეუცვლელად ითამაშეს, მაგრამ ვერ იხსნეს საკუთარი გუნდი ანგარიშით 1:4 განადგურებისგან.

თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთმა საუკეთესო ოთარ კიტეიშვილმა კი მატჩის 64-ე წუთზე მისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი, იმობილეს მსგავსად, მეკარის მოტყუებით აქცია გოლად და ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა ავსტრიული კლუბი.

უნდა აღინიშნოს, რომ „სლოვანის“ მხრიდან ერთადერთი გოლი პორტუგალიური წარმოშობის ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელმა როდრიგესმა გაიტანა, რომლის შეჩერებაზე ზრუნვაც მალე მის თანაგუნდელ კაშიას და საქართველოს ნაკრების სხვა მცველებს ერთა ლიგის პლეიოფის მატჩში მოუწევთ.

დონეცკის „შახტარსა“ და „მარსელს“ შორის ევროპა ლიგის პლეიოფის დაპირისპირებაში კი უკრაინული კლუბის შემადგენლობაში ჩვენ თანამემამულეთაგან მთელი 90 წუთი დაყო მოედანზე ირაკლი აზაროვმა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა კი შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კონოპლია შეცვალა.

„შახტარმა“ ჰამბურგის „ფოლკპარკსტადიონზე“ „უმასპინძლა“ მეტოქეს და უმძიმეს ბრძოლაში, რომელშიც ორჯერ მარცხდებოდა, საბოლოოდ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და მატჩიც ფრედ – 2:2 დასრულდა.

ევროთასების შემდეგ მოვლენათა ეპიცენტრმა ეროვნულ ჩემპიონატებზე გადაინაცვლა. 

იტალიის სერია A-ს გათამაშების 25-ე ტურში მორიგი უსახური თამაშით დაგვამახსოვრა თავი „ნაპოლიმ“, რომელმაც შინ მატჩის უკანასკნელ წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება „ჯენოასთან“ დაპირისპირებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, სიმწვავე მასპინძელთა შეტევებში ტრადიციულად ქართველ ფეხბურთელს შეჰქონდა და მისი ინდივიდუალური გარღვევების შედეგად შექმნილ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდსა თუ წესის დარღვევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პარტნიორებს  ორჯერ შეეძლოთ ხვიჩას მიერ შესანიშნავად ჩაწოდებული კუთხურის გოლად ქცევა.

„ნაპოლისგან“ განსხვავებით სამი ქულა „სელტასთან“ მატჩის უკანასკნელ წუთზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიის მოქმედი ჩემპიონის მეტოქემ – „ბარსელონამ“ მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, მაგრამ თუკი მისი პირველი გოლი ბრწყინვალე იყო, მეორეზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. 

უკვე დიდი ხანია, რაც პოლონელი თავდამსხმელი თერთმეტმეტრიანებს, რბილად რომ ვთქვათ, ულამაზოდ ასრულებს და დროდადრო აფუჭებს კიდეც მათ. იგი მოკლე გამორბენით და დარტყმამდე დაპაუზებით ცდილობს მეკარე მოატყუოს და ბურთი საწინააღმდეგო კუთხეში გაგზავნოს.

„სელტას“ მეკარე ვისენტე გაიტამ ასეთი პენალტი აუღო ლევანდოვსკის, მაგრამ დარტყმის დაყოვნების გამო, კარის ხაზიდან წინ გადადგა ნაბიჯი. წესის დარღვევის მიზეზით ანალოგიურ სტილში ხელმეორედ შესრულებული პენალტი კი მან ვეღარ მოიგერია.

ერთი მხრივ, ალბათ სასურველი იქნება, თუკი უეფა სამომავლოდ აღადგენს ძველ წესს და დაყოვნებით პენალტის დარტყმა აიკრძალება. მეორე მხრივ კი, ბუნებრივია, რომ გაგვახსენდა „ალავესთან“ მატჩში მსგავს სიტუაციაში გიორგი მამარდაშვილის მიერ ზედიზედ ორჯერ მოგერიებული თერთმეტმეტრიანი.  

„ვალენსიას“ მეტოქე ამჯერად „სევილია“ იყო. მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა და თანაც ისე, რომ სტუმრებს მთელი 90 წუთის განმავლობაში ქართველი გოლკიპერის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამთ.

უიკენდის გამორჩეული დაპირისპირება კი ინგლისის პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის შედგა, რომელიც ლონდონურმა კლუბმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და პირველი ტაიმის მიწურულს სტერლინგის მიერ გატანილი შესანიშნავი გოლით დაწინაურდა კიდეც. მაგრამ საბოლოოდ 83-ე წუთზე როდრიმ ანგარიში გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

„მანჩესტერ სიტისგან“ განსხვავებით „ლივერპულმა“ და“ არსენალმა“ თავ-თავიანთი მეტოქეები გაანადგურეს და საჩემპიონო მარათონში პეპ გვარდიოლას გუნდთან მცირეოდენი უპირატესობა შეიქმნეს.

„არსენალმა“ „ლივერპულის“ ანგარიშით 3:1 დამარცხების შემდეგ „ვესტ ჰემი“ და „ბარნლი“ შესაბამისად, 6:0 და 5:0 გაანადგურა. რას უპირებს მიკელ არტეტას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე „პორტოს“? 

ამ და კიდევ სამ მერვედფინალურ დაპირისპირებას სულ მალე  ვიხილავთ…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.