fbpx

უკრაინელი არტისტი, მარია ლეონენკო თბილისში პერფორმანსს გამართავს


გააზიარე სტატია

თბილისის პერფორმანსის არტ კვირეულის ფარგლებში Patara Gallery უკრაინელი არტისტის, მარია ლეონენკოს პერფორმანსს წარმოადგენს. Negotiation Table – ასე ჰქვია ინტერაქციულ  პერფორმანსს, რომელიც 26 თებერვალს გაიმართება. პერფორმანსი საღამოს 8 საათზე დაიწყება. მისი მიმდინარეობისას სპეციალურად მოწყობილ მოძრავ მაგიდაზე არტისტი და პოლიტიკური მოძრაობა “მწვანეების” თანადამფუძნებელი თამარ ჯაყელი ერთმანეთის პირისპირ სხდებიან, თითოეული მონაწილეს პირდაპირ წვნიანი დგას, რომელსაც ისინი ინაწილებენ. როგორც პერფორმანსის მნიშვნელობის შესახებ აღწერაში ვკითხულობთ, ეს პროცესი კონფლიქტების გადაჭრის გზაა ემპათიის გზით. 

22 თებერვალს არტისტი თბილისს ეწვია და ე.წ. პრე-პერფორმანსიც გამართა. მარია ლეონენკომ At.ge-სთან პერფორმანსის იდეაზე ისაუბრა. მისი თქმით, პერფორმანსის გამართვის იდეა კონფლიქტების თავისებურებებისაგან დაიბადა. განსაკუთრებით იმ ეტაპისგან, როცა მასში ჩართული ზოგიერთი მხარე ერთმანეთის სახით მოკავშირეს პოულობს. ეს არის მომენტი, როცა სცენაზე ახალ-ახალი მოთამაშეები ჩნდებიან და თითოეულ მათგანს თავისი როლი აქვს. 

მარია ლეონენკო, არტისტი:

“ომი, რომელსაც მოსკოვი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ,  არა აბსტრაქტული ღია საჰაერო ბრძოლის ველია, როგორც ეს შეიძლება სიახლეებიდან ჩანდეს, არამედ რეალური უკრაინული ქალაქები, რომლებიც ყოველდღიურად სწორდება მიწასთან.  ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბახმუტი, ავდიივკა, მარიინკა და სევეროდონეცკი, ჰგავს თბილისის პირას, დიღმის სიახლოვეს მდებარე ადგილს, რომელიც ნანგრევებით და გადაყრილი ნივთებით არის სავსე.”

აღსანიშნავია, რომ არტისტმა პერფორმანსის მთავარი რეკვიზიტის – მაგიდის მოსაწყობად საჭირო მასალა გალერეაში სწორედ ამ ნანგრევებიდან წაიღო და ეს პროცესიც პერფორმანსის ნაწილად აქცია. 

“ნანგრევებში სეირნობისას ვფიქრობდი საქართველოს წარსულზე, უკრაინის მომავალსა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სიახლოვეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც გვაახლოებს, საერთო მტერი არ არის.   არც იმ ტერიტორიების ფაქტორია, რომელიც ორივე ქვეყანას წაგვართვეს.   რაც გვაახლოებს, არის სიყვარული ჩვენი მიწის მიმართ – იმის, რასაც მასზე ვზრდით, რისი შექმნაც მისგან შეგვიძლია. გვაახლოებს  ერთმანეთის პოეზიის კითხვა, ცეკვა და ცოდნის გაზიარება.” – ამბობს მარია ლეონენკო. 

სწორედ ამ იდეასთან სიმბოლურად არის კავშირში ის, რომ Patara Gallery-ში პერფორმანსის გახსნაზე არტისტი და მის პირისპირ მჯდომი ადამიანი უკრაინულ და ქართულ წვნიანს ინაწილებენ.

რაც შეეხება თბილისის პერფორმანსის არტ კვირეულს, მისი სახელწოდებაა THE BLUE OF HIGH ZENITHS. არტ კვირეული Untitled Tbilisi / საბრინა ბელენციერის კურატორობით, 23 თებერვლიდან 29 თებერვლამდე ტარდება. პროგრამა 14 პერფორმანსს და 10 ლოკაციას მოიცავს. არტ კვირეული Goethe Institut Im Exil-ისა და EU4Dialogue-ის კოლაბორაციული პროექტის, ასევე მხარდაჭერით ტარდება. კვირეულის კიდევ ერთი მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.