fbpx

თასი პენალტების სერიის გარეშე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის მატჩები ფეხბურთის მოყვარულთა გამუდმებული ყურადღების ცენტრშია და გასული კვირის ოთხმა მატჩმაც ნეიტრალური გულშემატკივრების ინტერესი სავსებით დააკმაყოფილა, რადგან წინა კვირის დაპირისპირებებისგან განსხვავებით, მეოთხედფინალში გასვლის რეალურ შანსს ბოლო ოთხი წყვილიდან  თითოეული გუნდი ინარჩუნებს. 

უცნაური გამოდგა „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა, რადგან მისი დებიუტის მიხედვით სტუმრებს თითქოს უნდა გაენადგურებინათ ერთი შეხედვით სრულიად მოუმზადებელი და მოუწესრიგებელი იტალიის ჩემპიონი, რომელსაც ესპანური კლუბის მიერ შემოთავაზებული მაღალი პრესინგის წინააღმდეგ ვერაფერი გაეწყო სათამაშო რგოლებს შორის ელემენტარული კავშირის დაუმყარებლობის გამო.

„ნაპოლის“ ახალ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისთვის ურთულეს სადებიუტო მატჩში „ნაპოლიმ“ ორივე ტაიმის დასკვნით ნაწილში მოახერხა სათამაშო ინიციატივის საკუთარ ხელში ჩაგდება, რაც საბოლოოდ ოსიმენის მიერ მატჩის 71-ე წუთზე გატანილ საპასუხო გოლში და მასპინძელთათვის დამაკმაყოფილებელ 1:1-ში გამოიხატა.

იმ დროისათვის ხვიჩა კვარაცხელია უკვე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. თუმცა, ჩვენი მხრიდან ახალი მწვრთნელის მისამართით პირველივე მატჩში საყვედურის გამოთქმა ალბათ უადგილო იქნებოდა, რადგან წინა მწვრთნელ მაცარის ხელში „ნაპოლი“, სავარაუდოდ, დამარცხდებოდა „ბარსელონასთან“, რაზეც იტალიის ჩემპიონის მაღალი რანგის გუნდებთან ჩატარებული წლევანდელი მატჩების სავალალო სტატისტიკა მეტყველებს. 

„ინტერის“ და „ატლეტიკოს“ კიდევ ერთ იტალიურ-ესპანურ დაპირისპირებაში კი მასპინძელთა ანგარიშით 1:0 გამარჯვება შესაძლოა იტალიის სერია A-ს ამჟამინდელ ლიდერს მეტოქესთან შედარებით მეტ შანსს ანიჭებდეს მეოთხედფინალში გასასვლელად, რადგან „ნერაძურის“ წლეულს უკვე არაერთხელ აქვს წარმოდგენილი გაუვალი დაცვითი სისტემის მოდელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კონტრიერიშების მოწყობის მექანიზმში ელვისებრი სისწრაფით გადადის. 

ასევე ანგარიშით 1:0 მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე „პორტომ“ლონდონის „არსენალი“დაამარცხა, რითაც ფეხბურთის მოყვარულებს დროებით დაავიწყა  „მეთოფეების“ ბოლოდროინდელი პრემიერლიგური გამანადგურებელი სტატისტიკა. 

„პსვ-ს“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირება კი ფრედ 1:1 დასრულდა, რაც ბუნდესლიგის წარმომადგენლის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე ხშირად წარუმატებელი ასპარეზობის გათვალისწინებით, ჰოლანდიურ კლუბს მეოთხედფინალში გასვლის საკმარის შანსს უნარჩუნებს.

ევროთასებს დონეცკის „შახტარი“ და ბრატისლავას „სლოვანი“ დაემშვიდობნენ, ხოლო ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ კონფერენსლიგის მერვედფინალში საფრანგეთის „ლილს“ დაუპირისპირდება.

ფრანგულ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ „ლიონთან“ შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა გიორგი მიქაუტაძემ, თუმცა მისმა გუნდმა საბოლოოდ ანგარიშით 1:2 წააგო და მეორე დივიზიონისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

გოლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს შესანიშნავი გამოუვიდა. მან დასწრებაზე აჯობა ცენტრალურ მცველს, უკან ჩამოტოვა კიდევ ორი მეტოქე და კარიდან წინ გამოსულ მეკარეს ეფექტურად გადაატარა ბურთი.

მეორე ბუნდესლიგაში მორიგი ბურთი გაიტანა „კარლსრუეში“ მოთამაშე ბუდუ ზივზივაძემ, რომლის „კარლსრუემაც“ გასვლაზე „კაიზერსლაუტერნი“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

პირველი ბუნდესლიგის გათამაშების 23-ე ტურში კი ერთნაირი ანგარიშით 2:1 „ლევერკუზენმა“ და „ბაიერნმა“ შესაბამისად, „მაინცი“ და „ლაიპციგი“ დაამარცხეს, რის შედეგადაც „ფარმაცევტებმა“ ლიდერის პოზიცია რვაქულიანი უპირატესობით შეინარჩუნეს.

ლევერკუზენელთაგან აღსანიშნავია მატჩის მესამე წუთზე გრანიტ ჯაკას მიერ საშუალო დისტანციიდან  ჩახვეული დარტყმა, რომელზე რეაგირებაც სტუმართა მეკარემ ვერ მოასწრო.

„რეკორდმაისტერს“ კი პირველი ადგილისთვის ბრძოლის შანსი ჰარი კეინმა და მანუელ ნოიერმა შეუნარჩუნეს, რადგან ინგლისელი ფორვარდის დუბლის და გერმანელი მეკარის ორი ფანტასტიკური „სეივის“ გარეშე ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ბაიერნს“ ზედიზედ მეოთხე მატჩიც შეიძლებოდა წაეგო თვით „ალიანს არენაზე“ შემტევი ტაქტიკით მოთამაშე „გათავხედებულ“ სტუმრებთან.

ჰარი კეინმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 27 ბურთი გაიტანა, სეზონის ბოლოს რამდენიმე ბუნდესლიგური რეკორდიც შეიძლება დაამყაროს, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და „ბაიერნის“ ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად და ტიტულის მოსაგებად ეს საკმარისი ვერ იქნება.

მაგრამ რა უნდა მოხდეს „ნაპოლის“ კრიზისიდან გამოსასვლელად? აუტსაიდერ „კალიარის“ იტალიის ჩემპიონმა მატჩის 66-ე წუთზე კი გაუტანა და სუსტი და არაქათგაცლილი მეტოქე თითქოს ბოლომდე მოახრჩო კიდეც, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე სტუმართა ცენტრალურმა მცველმა ჟეზუსმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და „კალიარიმაც“ საჩუქარი ხელიდან არ გაუშვა.

ამ შეხვედრაში კალცონას დადანაშაულება სავსებით შესაძლებელია ზედმეტი თავდაჯერებულობისათვის, რადგან „ნაპოლი“ „ინტერი“ არაა, რომ ერთბურთიანი უპირატესობის გარანტირებულ მოგებად გადაქცევა შეეძლოს. 

მოედანზე კვარაცხელიას და გოლის ავტორ ოსიმენის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში კი იქნებ „ნაპოლის“ მეორე ბურთიც გაეტანა, რაც მას სამ ქულას უკვე აუცილებლად მოუტანდა.

„ინტერმა“ თავის მხრივ „სკუდეტოსკენ“ წარმატებული სვლა სტუმრად „ლეჩეს“ ანგარიშით 4:0 განადგურებით განაგრძო.

ამ მატჩში დუბლით გამოიჩინა თავი ლაუტარო მარტინესმა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელ თავდამსხმელს 2018 წელს მოსვლის დღიდან „ნერაძურიში“ უკვე 101 ბურთი აქვს გატანილი.

სატურნირო ცხრილში „ინტერი“ 9 ქულით და გამოტოვებული თამაშის უპირატესობით უსწრებს „იუვენტუსს“, რომელმაც გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გაუტანა თანდათანობით გასავარდნ ზონასთან მიახლოებულ „ფროზინონეს“.

ჩემპიონთა ლიგაზე „პორტოსთან“ დამარცხებულმა „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ამჯერად უკვე „ნიუკასლი“ ანგარიშით 4:1 გაანადგურა, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ „ბრენტფორდის“ 1:0 დამარცხების შემდეგ, „ბორნმუთსაც“ ანალოგიური ანგარიშით მოუგო.

უიკენდის მთავარ საფეხბურთო მოვლენად კი „ლივერპულის“ და „ჩელსის“ ლიგის თასის ფინალური დაპირისპირება იქცა, რომელშიც 2022 წლის ორივე თასის ფინალის მსგავსად, ამჯერადაც „ლივერპულმა“ იმარჯვა.  

ის შეხვედრები ფრედ 0:0 დასრულდა და ორივე მათგანი მერსისაიდელებმა დრამატული თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს. 

ამჟამინდელი მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო არაერთი საგოლე ეპიზოდით და ვირჯილ ვან დაიკის საეჭვო თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმებული გოლით აღინიშნა.

თერთმეტმეტრიანების სერიის საყურებლად ფეხბურთის მოყვარულები ამჯერადაც მოემზადნენ, მაგრამ დამატებითი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე იმავე ვან დაიკმა თავით უკვე ისეთი ბურთი გაიტანა, რომ მასში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. 

„ლივერპულმა“ მეათეჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი. თეორიული თვალსაზრისით კი იურგენ კლოპის გუნდს მიმდინარე სეზონში ოთხი ტიტულის მოგება შეუძლია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.