fbpx

“შეხვედრის ადგილი – მთები” – სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის შემაჯამებელი გამოფენა


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

 

“შეხვედრის ადგილი: მთები” მთიან აჭარაში გამართული იმავე სახელწოდების სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის შემაჯამებელი გამოფენაა, რომელიც ცხრა ქართველი და საერთაშორისო ხელოვანის, მკვლევრისა და ანთროპოლოგის ნამუშევრებს აერთიანებს.

გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე მაღალმთიანი რეგიონები მთელ მსოფლიოში განიცდიან ტრანსფორმაციას.  საქართველოს მაღალმთიანეთს ლოკალური გამოწვევებიც ბევრი აქვს. ჩვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურული განვითარება და მდგრადობა არასწორად არის აღქმული და ხშირია ბუნებრივ გარემოში უხეში ჩარევის მაგალითები, უგზოობის და დიდთოვლობის გამო მოსახლეობისთვის ზამთარი იზოლაციის პერიოდად იქცევა ხოლმე, მთა ხალხისგან იცლება და ავთენტურობა იკარგება.  ამ ფონზე მაღალმთიანი სოფლები, თავიანთი  ლანდშაფტებით, სილამაზით, ტრადიციებით, ზეპირსიტყვიერებით, ფოლკლორითა და ინდივიდუალური ისტორიებით თითქოს  დოკუმენტირებას, შესწავლას,  გადააზრებას და შენახვას ითხოვენ.  თითქოს ყოველი წუთი ძვირფასია.  2023 წლის აგვისტოში საზარელი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით, ჩვენ თვალწინ გაქრა კურორტი შოვი. 2024 წლის  თებერვალში ზემო აჭარის რეგიონის სოფელი თხილვანა მძიმედ დაიმეწყრა. 

ამიტომ, კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია დღეს  თბილისის ფოტო ფესტივალის მიერ ინიციირებული სარეზიდენციო პროგრამა, რომელიც მთიან აჭარაში 2023 წელს გაიმართა. პროექტი ევროპული პლატფორმის, Magic Carpets-ის და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა.

რეზიდენციის მონაწილეებმა  იკვლიეს  მთიანი აჭარის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, მეტი გაიგეს ადგილობრივი ხალხის ყოველდღიურობის, ტრადიციებისა და  თანამედროვე გამოწვევების შესახებ, რაც პირადი გამოცდილების გარდა, ხელოვანებისთვის შემოქმედებით ინსპირაციად იქცა. თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ათი ავტორის ნამუშევრებისგან შედგება, მათ შორისაა  გამორჩეული ახალგაზრდა ბათუმელი ფოტოგრაფის,  ანრი ტაბაღუას ნამუშევრები.  ანრი თავად იყო ბათუმის განუყოფელი ნაწილი და ის სხივი, რომელიც დღემდე ათბობს წვიმიან ბათუმს, ავტორი,  რომელსაც უყვარდა თავისი მხარე და ყველას უშურველად გვიზიარებდა ამ სიყვარულს… 

“ანრი ტაბაღუასთვის ფოტოგრაფია სამყაროს აღქმის ხელოვნება იყო. თითოეული ფოტო მისი ავტოპორტრეტია თავისი სიხარულით, მელანქოლიით, მზითა და წვიმით, აისითა და დაისით. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ეს მცირე სელექცია, რომელიც სხვადასხვა წლებში აჭარაშია გადაღებული, ანრი ტაბაღუას ხსოვნას ეძღვნება.

სანდრო სულაბერიძე –  “სურათები სინათლისგან ხუნდება” – მოოქრული ვერცხლის სკულპტურებისგან შემდგარი ინტერაქტიური ინსტალაციაა. ნამუშევარი ადაპტირებულია  უსინათლოდ აღქმისთვის და შესაძლებელია მისი ხელით შეხება. 

“…იქაური რწმენით, თუ გარდაცვლილი ადამიანის სურათს შევხედავთ, იგი საიქიოში დაიტანჯება. სწორედ ამიტომ, იქ მათ ფოტოებს წვავენ, საგულდაგულოდ მალავენ, სახეებს შლიან, ფარავენ კალმით, ფრჩხილის ლაქით ან სულაც კაწრავენ. ამ საზოგადოებაში ფოტოები ნაკლებად ინახავს მეხსიერებას, წინაპრების სახეები მხოლოდ გონებაშია შემორჩენილი”.

როგორც გამოფენის დამთვალიერებელს და ადამიანს, რომელიც  ანრი ტაბაღუას იცნობდა, მეფიქრება: ანრის ფოტოც რომ წაეშალათ და  სანდრო სულაბერიძეს მისი სკულპტურა გაეკეთებინა, ხელით შეხებისას მზეს ვიგრძნობდით

 

ღორჯომი, ხულო, 2024

სანდრო ხუციშვილი – მთიან აჭარაში მოგზაურობის პირველივე დღეებში ცხადად გამოვცადე ბუნების სიმკაცრე, იქაურების ხასიათში ზუსტად რომ იკითხება. ბუნება და ხალხი ყველასგან მოწყვეტილ, თეთრად დაფარულ ღორჯომში, თითქოს ჰარმონიულ და ამავდროულად, კონფლიქტურ მდგომარეობაში არსებობს – ცივი და უხეში გარემო ისე ბუნებრივად შერწყმია მათ ყოველდღიურობას, შეიძლება სულაც გადაგავიწყდეს ის ბრძოლა, მასთან გასამკლავებლად რომ გარდაუვალია.

 

ღორჯომი, ხულო. თებერვალი, 2023

ნესტან აბდუშელიშვილი – “..თითქმის სიურრეალისტურია ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება მუზეუმებისადმი – საკუთარი ენთუზიაზმის ამარა, ყველანაირ ინსტიტუციურ სარგებელს მოკლებულნი, როგორ ინახავენ რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას და წარუდგენენ მას დამთვალიერებელს.”

 

 ვაიო, ქედა. აპრილი, 2023

გიორგი შენგელია – “…ვაიოში ადამიანები თბილები და უშუალოები არიან. მე ასეთი მასპინძლობა სხვაგან არსად მინახავს საქართველოში.”

 

ვაიო, ქედა. მაისი, 2023

 

დავის კანეპე – “მესამე ადგილები” – “ ჩემი ინტერესის სფეროა თავისუფლება, თავისი  ფართო გაგებით, და ურბანული დაგეგმარება. გამოხატვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება…ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო გზა ხულოს მთაზე მდებარე სოფელ თაგოსთან აკავშირებს. თუ პაწაწინა წითელ მფრინავ ობიექტზე მგზავრობა 7 წუთს გრძელდება, თაგომდე მისასვლელად გზიდან მინიმუმ ორმოცი წუთია საჭირო და ჩვეულებრივი მანქანით ვერ ახვალ. ეს „იზოლირება“ სოფლის იდენტობას განსაკუთრებულს ხდის: ეს არის ძალიან ჩაკეტილი საზოგადოება, სადაც ყველა ყველას იცნობს.

 

სოფელი თაგო, 2023 წელი

ნინი ხუროშვილი– ამ კვლევის მთავარი მიზანი ქალების უშუალო მონათხრობის თქვენამდე მოტანა იყო, რათა მოუსმინოთ, შეხედოთ და გაეცნოთ იმ ძლიერ ქალებს ღორჯომიდან, რომლებიც დიდი შრომის, მოთმინების, ურთიერთპატივისცემისა და იუმორის წყალობით ჩამოყალიბდნენ და გაიკვლიეს თავიანთი ცხოვრებისეული გზა.

“…მე მე-9 კლასში როცა ვიყავი, მაშინ დამნიშნეს. ის ბაღვი არ მინდოდა და ამ ჩემს ქმარს გავყევი. მაშინ კაციშვილი გოგოს არ ჰკითხავდა. ნიშანი როცა უნდა მოეტანათ, არ მოვატანინე. ჩემს ბიცოლას ვუთხარი, რომ არ წავყვები მაგას-მეთქი. მამაჩემმა არ ქნა და არ მიმცა ამ ჩემი კაცის ოჯახს სხვაგან მაქვს პირობა მიცემულიო, დაიჩემა. ამ ჩემს კაცს ერთი ძველი სახლი ჰქონდა, სამი ძმანი იყვნენ და ის მეორე ბიჭი კიდე, ვიზეც მაძლევდნენ, ძალიან ლამაზი მაცხოვრებელი და მშვენივრად გაწყობილი. რახან მამაჩემმა ომი ჰქნა, ავდექით ღამეში და მთაზე წავედით ჩუმად. ზორტიყელამდე მანქანით ავედით, ბახმაროს ფეხით გადავედით და მერე ნასაკირალში წავედით ჩემი კაცის დეიდასთან. იქ კიდე ჩაიობა იყო გაქანებული და იმდენი ჩაი მოვკრიფე, რომ ჩემი და კაცის ტანსაცმელი, საინი, კოვზი, სულ ყველაფერი ვიყიდე, რაც მჭირდებოდა. მერე ჩამოვედით შემოდგომაზე და ქორწილიც ვქენით.  .. აქ, ჩემ კაცთან ბევრი წვალება მომიწია, მაგრამ რაცხაფერ მინდოდა, ისე ვიყავ.”

 

 მერიკო, ღორჯომის ხეობა, 2023 წელი

 

თინათინ ბრეგვაძე – “…შეიძლება ფოტოების სამ ძირითად კატეგორიად დახარისხება. ლანდშაფტი და ჯადოსნური ბუნება, რომელმაც მთელი ჩემი ყურადღება ჩაყლაპა; ადამიანები, რომელთაც ამ გარემოსთან ადაპტირება უწევთ – მათი ცხოვრების დინამიკა, ხასიათი, დამოკიდებულებები და აღქმები..”

 

ხულო. მაისი, 2023

თათია დვალი – “…და მოვისმინე მართლაც ეს ამბები, მაგრამ გზაში უცხო ადამიანები შემომეძარცვნენ და იქცნენ ისინი მერი ბებოდ, ბათუდ, ზებოდ… და ვიქეცი მე ყურად, რომელიც ისმენს, თვალად, რომელიც ხედავს, მაგრამ წამერთვა პირი, რომელიც ჰყვება..” 

 

საარქივო ფოტოები საოჯახო ალბომებიდან

ქედა. მარტი, 2023

სანდრო თაყაიშვილიჩემი, როგორც ფოტოგრაფის, მიდგომა საგნების მიმართ სიურრეალისტური და ზღაპრულია. სოფელი ღორჯომიც სწორედ ასე დავინახე – როგორც ზღაპარი, რომელიც აჩქარებული მიგრაციის გამო, უკვე დაცარიელებული სოფლისგან დარჩება. აქ ალაგ-ალაგ შემორჩენილი თოვლი მომავლიდან არეკლილ მითურ არსებებს ჰგავს. ჩემს ჩასვლამდე სოფელი ზამთრის ჩვეულმა დიდთოვლობამ რამდენიმე დღით მოწყვიტა გარე სამყაროს. ჩემი ჩასვლისას ჯერ კიდევ იგრძნობოდა გამოვლილი მარტოობის სიმძიმე.

ღოჯომი, ხულო, 2023 წელი

 

გამოფენა 17 იანვარს გაიხსნა და 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. არ გამოტოვოთ!

მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო “სტამბა”, დ ბლოკი, მეორე სართული


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.